არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გამოჯანმრთელდება“ სიცხისგან გავარვარებული დედამიწა?

„გამოჯანმრთელდება“ სიცხისგან გავარვარებული დედამიწა?

„გამოჯანმრთელდება“ სიცხისგან გავარვარებული დედამიწა?

ერთ-ერთი სიმპტომი გამოვლინდა — დედამიწაზე ტემპერატურა მატულობს. ამას ადასტურებს ალასკის ერთი სოფლის, ნიუ-ტოკის შემთხვევა, რომელიც სუბარქტიკულ ზონაში მდებარეობს. ყინულის მარადი საფარი, რომელზეც ეს სოფელია გაშენებული, დნება. „აღარ მსურს ამ ყინულებში ცხოვრება“, — წუხილით თქვა იქ მცხოვრებმა ფრენკმა. — გარშემო ყველაფერი ატალახდა“. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ათ წელში ეს სანაპირო სოფელი შეიძლება საერთოდ წაილეკოს.

„აშკარაა, რომ დედამიწაზე გლობალური დათბობა მიმდინარეობს“, — აღნიშნულია ერთ-ერთი ორგანიზაციის მონაცემში, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს იკვლევს. ამაზე მეტყველებს ის, რომ მთელ მსოფლიოში ტემპერატურა მატულობს. დედამიწაზე ამინდის რადიკალურ ცვლილებას, რაშიც შედის გვალვები, დიდი რაოდენობით ნალექები, ტემპერატურის ზრდა და ქარიშხლები, მეცნიერები კლიმატურ ცვლილებებს უწოდებენ. რა მომავალი ელის ჩვენს პლანეტას? „გამოჯანმრთელდება“ ის? („Intergovernmental Panel on Climate Change“).

დიაგნოზის დასმა

ისევე, როგორც ექიმი სინჯავს პაციენტს და იგებს, თუ რა სიმპტომები აქვს მას, სინოპტიკოსებმაც, ასე ვთქვათ, დაადგინეს დედამიწის „სიმპტომები“. სატელიტებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მყინვარები პატარავდება, მეტეოროლოგიური სადგურები კი ნალექების ზრდას იუწყებიან. გარდა ამისა, გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ოკეანის სიღრმეში ტემპერატურა მატულობს, ხოლო ატმოსფეროში აირების შემცველობა იზრდება. კლიმატის შესახებ ყველა ეს მონაცემი მძლავრ კომპიუტერებში შეაქვთ. კომპიუტერებში მუშავდება ეს ინფორმაცია და წინასწარ დგინდება, თუ როგორი კლიმატური პირობები იქნება ათეულობითა თუ ასეულობით წლის შემდეგაც კი.

როგორია დიაგნოზი? ზოგის აზრით, ატმოსფეროში ჭარბობს სათბურის აირები. მხოლოდ 2006 წელს მთელ მსოფლიოში წარმოქმნილი ნახშირორჟანგის რაოდენობა „დაახლოებით 32 მილიარდ ტონას შეადგენდა“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმში“. სათბურის საფარი მინის მსგავსად სათბურის აირები დედამიწიდან სითბოს კოსმოსში აღარ უშვებს, რაც გლობალურ დათბობას იწვევს. რას განაპირობებს ეს მომავალში? ზემოთ მოხსენიებულ წყაროში აღნიშნულია, რომ აირების რაოდენობა თუ ისეთივე ინტენსივობით მოიმატებს, როგორც ახლა ხდება, „მთელ მსოფლიოში კლიმატი შეიცვლება“. ეს კი სავარაუდოდ იმაზე უარყოფით შედეგებს გამოიღებს, რაც ახლა გვაქვს. დღეს ბევრი გამოსავალს იმაში ხედავს, რომ შემცირდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა ატმოსფეროში. მაგრამ, მაშინაც კი, თუ ეს ასე მოხდება, კომპიუტერული გამოთვლის თანახმად, „დათბობა და [შედეგად] ზღვის დონის აწევა საუკუნეების მანძილზე გაგრძელდება“.

სად ვეძებოთ პასუხები?

კლიმატოლოგია რთული მეცნიერებაა. ინტერნეტში განთავსებულ ერთ-ერთ პუბლიკაციაში შემდეგი კითხვებია დასმული: „როგორ იმოქმედებს ღრუბლებზე გლობალური დათბობა? ხომ არ გაიზრდება იმ ღრუბლების რაოდენობა, რომლებიც ძალიან მაღლაა და სითბოს შთანთქავს (რაც თავის მხრივ უფრო შეუწყობდა ხელს დედამიწაზე ტემპერატურის მომატებას), იმ ღრუბლებთან შედარებით, რომლებიც მზის შუქს აკავებს?“ ამის შემდეგ ამ წყაროში ნათქვამი იყო: „დღეისათვის მეცნიერებს ამ კითხვებზე პასუხები არა აქვთ“.

ამის საპირისპიროდ, ბიბლია გვამცნობს, რომ იეჰოვა ღმერთი „ზეცისა და დედამიწის“, მათ შორის „ღრუბლების“ შემქმნელია (დაბადება 14:19; იგავები 8:28). იეჰოვა საკუთარ თავზე პოეტური ენით ამბობს, რომ მან „ჩადო სიბრძნე ღრუბლებში“. იეჰოვამ საფუძვლიანად იცის ის, რაზეც მეცნიერებს პასუხები არა აქვთ (იობი 38:36).

ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა ღმერთმა დედამიწის ატმოსფეროსთან დაკავშირებით 2 700 წლის წინ ბიბლიაში: „შხაპუნა წვიმა ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ გაჟღინთა მიწა“ (ესაია 55:10). ამ სიტყვებში მოკლედ და ნათლადაა აღწერილი წყლის წრებრუნვა. აორთქლებული წყალი კონდენსირდება, დედამიწაზე წვიმის სახით ბრუნდება და ‘ჟღენთს მიწას’. მზის სითბო წყლის აორთქლებას იწვევს და ‘უკან ბრუნდება’, ანუ ადის ატმოსფეროში. შემდეგ ეს ციკლი თავიდან იწყება. ბიბლიაში იეჰოვას მიერ დედამიწის კლიმატის შესახებ ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე მანამ, სანამ რაიმე ნაშრომი გამოქვეყნდებოდა, გასაოცარი წვრილმანები იყო ჩაწერილი. განა ეს ყოველივე არ გინერგავთ შემოქმედისადმი რწმენას?! დედამიწის მომავლისა და იმის გასაგებად, თუ რა შეიძლება განაპირობოს დღევანდელმა კლიმატურმა ცვლილებებმა, განა გონივრული არ იქნებოდა მიგვემართა „ქარის შემოქმედისა“ და „წვიმის მამისთვის“, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს პლანეტაზე?! (ამოსი 4:13; იობი 38:28).

ღმერთმა დედამიწა კონკრეტული განზრახვით შექმნა

მართალია, მრავალს სხვადასხვა აზრი აქვს ჩვენი პლანეტის მომავალზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია: დედამიწა უნიკალურადაა შექმნილი. სხვა პლანეტებისგან განსხვავებით დედამიწაზე ცოცხალი ქმნილებების საოცარი მრავალფეროვნებაა. რის წყალობით გახდა ყოველივე ეს შესაძლებელი? მეცნიერები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. მათი აზრით, დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებას ხელს უწყობს წყლის სიუხვე, აგრეთვე ის, რომ დედამიწა მზიდან სათანადო მანძილითაა დაშორებული. გარდა ამისა, დედამიწაზე ატმოსფერული აირები, მათ შორის ჟანგბადი, საჭირო თანაფარდობითაა ერთმანეთში გაჯერებული.

თქვენ შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებზე ყურადღება მახვილდება ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“, სადაც შემოქმედებაზე მიდის საუბარი. მაგალითად, დაბადების 1:10-ში აღწერილია, რომ ღმერთმა ‘შეგროვილ წყლებს უწოდა ზღვები’, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთმა წყლის დიდი მარაგი შექმნა. დაბადების 1:3-ში ვკითხულობთ: «თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს სინათლე“». ჩვენი პლანეტა ისეთი მანძილითაა დაშორებული მზისგან, რომ წყლების უმეტესი ნაწილი არ ორთქლდება. დედამიწა უფრო ახლოს რომ ყოფილიყო მზესთან, მასზე არსებული წყალი მთლიანად აორთქლდებოდა.

დაბადების 1:6-ში ნათქვამია, რომ ღმერთმა შექმნა „სივრცე“ ანუ ატმოსფერო. მე-11 და მე-12 მუხლებში აღწერილია, როგორ ქმნიდა ღმერთი ბალახს, თესლოვან მცენარეებსა და ხეებს. ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ ატმოსფეროში უკვე არსებობდა ჟანგბადი, რომლის მეშვეობითაც მოგვიანებით შესაძლებელი გახდა, ყველა ცოცხალ ქმნილებას, მათ შორის ადამიანს, ეარსება დედამიწაზე.

რა შეგვიძლია დავასკვნათ აქედან? ცხადია, რომ როდესაც ღმერთმა დედამიწაზე დიდი რაოდენობით წყლები შექმნა, დედამიწა მზიდან სათანადო მანძილით დააშორა და მასზე ატმოსფერული აირები საჭირო თანაფარდობით გააჯერა, მას გარკვეული განზრახვა უნდა ჰქონოდა. ბიბლიაში ნათქვამია: „[ღმერთს] ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია [დედამიწა], [ის] დასასახლებლად შექმნა!“ (ესაია 45:18). „იეჰოვასია ზეცა, — ვკითხულობთ ფსალმუნის 115:16-ში. — დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“. აშკარაა, რომ დედამიწა ადამიანთა დასასახლებლად შეიქმნა.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანთა პირველი წყვილი და დაასახლა ედემის ბაღში, ულამაზეს სამოთხეში. მათ უნდა „დაემუშავებინათ იგი და ეზრუნათ მასზე“ (დაბადება 2:15). ღმერთმა აგრეთვე უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბადება 1:28). წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი ცხოვრება ელოდათ წინ! ადამსა და ევას სამოთხის საზღვრები მთელ დედამიწაზე უნდა გაეფართოებინათ და მარადიულად ეცხოვრათ მასზე. მათ მართლაც რომ შესანიშნავი მომავალი ჰქონდათ!

სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანთა პირველი წყვილი იეჰოვას დამორჩილებოდა, მათ დამოუკიდებლად ცხოვრება არჩიეს. მათ მიერ არჩეულ ცხოვრების კურსს დღემდე მიჰყვება ადამიანთა უმრავლესობა (დაბადება 3:1—6). რა არის ამის შედეგი? ადამიანი დედამიწაზე კი არ ზრუნავს, არამედ ‘სპობს’ მას ისე, როგორც არასდროს (გამოცხადება 11:18). მაგრამ, ჩვენ გვანუგეშებს ის, რომ დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა არ შეცვლილა. ბიბლია გვარწმუნებს: „[ღმერთმა] მყარ საფუძველზე დააფუძნა დედამიწა, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5). როგორ შესრულდება ღვთის განზრახვა?

წინ შესანიშნავი მომავალი გველის

„კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა“, — თქვა შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა. განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ მსოფლიო გამოუვალ მდგომარეობაშია? იესო ქრისტემ აღნიშნა, რომ ამ მდგომარეობიდან კაცობრიობის გამოყვანა მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია. მან თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათე 6:9, 10). ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ეს ზეციერი ხელისუფლება, რომელიც მალე მთელ მსოფლიოში იმმართველებს, „დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა სამეფოს [დღეს არსებულ მთავრობებს]“ (დანიელი 2:44). უფრო მეტიც, ის ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18). აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ისინი, ვინც აჩანაგებენ დედამიწას და ბოროტად იყენებენ მის რესურსებს, პასუხს აგებენ ღვთის წინაშე და განადგურდებიან.

რა შეიძლება ითქვას ჩვენი პლანეტის მომავალზე, რომელიც დღეს დაბინძურებულია? აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს ემორჩილებოდა ბუნების ძალები. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა მან სასწაულებრივად ჩააცხრო ქარი და ზღვა დააწყნარა. მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა და საშინელი ქარიშხალი ჩაწყნარდა (მარკოზი 4:35—41). ზეცაში გამეფებული იესო, რომელიც „უფალთა უფალი და მეფეთა მეფეა“, გაცილებით დიდი მასშტაბით გამოავლენს თავის ძალას დედამიწაზე და გააკონტროლებს ბუნების ძალებს (გამოცხადება 17:14). ფაქტობრივად, იესომ თავისი მმართველობის პერიოდი „ხელახლა შექმნის“ დროდ მოიხსენია (მათე 19:28). სხვა თარგმანში ამ ადგილას გამოყენებულია ფრაზა „ყოველივეს განახლებისას“ („ახალი საერთაშორისო თარგმანი“). იესო მომავალში გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს დედამიწაზე — აღდგენილი იქნება ისეთივე სამოთხე, როგორიც ედემის ბაღში იყო (ლუკა 23:43). დედამიწას ღვთის სამეფო „გამოაჯანმრთელებს“.

ღვთის სამეფოს დღესვე შეუძლია თქვენთვის სარგებლობის მოტანა. როგორაა ეს შესაძლებელი? იესომ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათე 24:14). ქადაგების შედეგად მილიონები დადებითად ეხმაურებიან ამ სასიხარულო ცნობას. ისინი თავიანთ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიან, ტოვებენ მავნე ჩვევებს, აუმჯობესებენ ოჯახურ ურთიერთობებს და რასობრივ სიძულვილს სიყვარულით ამარცხებენ. ფაქტობრივად, ღვთის სამეფო აღწევს იმას, რისი გაკეთებაც არც ერთ მთავრობას არ შეუძლია. ღვთის სამეფო 235-ზე მეტ ქვეყანაში თითქმის შვიდ მილიონ ადამიანს აერთიანებს მსოფლიო საძმოში. ისინი, როგორც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები, ემზადებიან იმისთვის, რომ მარადიულად იცხოვრონ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე.

დედამიწას შესანიშნავი მომავალი აქვს. დაე, თქვენი მომავალიც ასეთი იყოს!

[სურათი 27 გვერდზე]

ბიბლიაში წყლის წრებრუნვის შესახებ ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე ეწერა მანამ, სანამ რაიმე ნაშრომი გამოქვეყნდებოდა

[სურათი 28 გვერდზე]

იესომ «ქარი შერისხა და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა»

[სურათი 29 გვერდზე]

როდესაც სამოთხე აღდგება, სიცხისგან გავარვარებული დედამიწა „გამოჯანმრთელდება“

[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]

Godo-Foto