არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის სიცოცხლის აზრი?

რა არის სიცოცხლის აზრი?

რა არის სიცოცხლის აზრი?

რატომ ღირს ამ კითხვაზე პასუხის მიღება? არც ისე ბევრი რამ აგდებს ადამიანს საგონებელში ისე, როგორც უმიზნო ცხოვრება და ფიქრი იმაზე, რომ სიცოცხლეს არა აქვს აზრი. ასეთი ადამიანისგან განსხვავებით ის, ვისაც ცხოვრებაში აქვს გარკვეული მიზანი, არასოდეს კარგავს ცხოვრების ხალისს. ნევროლოგი ვიქტორ ე. ფრანკლი, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, წერს: „გავბედავ და ვიტყვი, რომ თვით ყველაზე საშინელი პირობების ატანაშიც კი ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ეხმარება ისე, როგორც იმის ცოდნა, რომ მის სიცოცხლეს აქვს აზრი“.

თუმცა, ამ საკითხის ირგვლივ დღეს უამრავი, ერთმანეთის საპირისპირო აზრია გავრცელებული. ბევრი თვლის, რომ ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს, რა არის მისი სიცოცხლის აზრი. ისინი კი, ვისაც სწამთ ევოლუციის, ამბობენ, რომ სიცოცხლეს არა აქვს აზრი.

მაგრამ თუ გვსურს გავიგოთ, რა არის სინამდვილეში სიცოცხლის აზრი, ლოგიკურია, რომ პასუხისთვის მივმართოთ მას, ვინც სიცოცხლე მოგვცა — იეჰოვა ღმერთს. ვნახოთ, რა არის მის სიტყვაში ნათქვამი ამის შესახებ.

რას ამბობს ბიბლია?

ბიბლია გვასწავლის, რომ იეჰოვა ღმერთმა განსაზღვრული მიზნით შექმნა ქალი და კაცი. იეჰოვამ შემდეგი რამ უთხრა ჩვენს პირველ მშობლებს:

დაბადება 1:28. „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“.

ღმერთის განზრახვა იყო, რომ ადამს, ევას და მათ შთამომავლებს მთელი დედამიწა სამოთხედ ექციათ. ღვთის განზრახვა არ ყოფილა, რომ ადამიანები დაბერებულიყვნენ და მომკვდარიყვნენ; მას არც ის სურდა, რომ ადამიანებს გარემოსთვის ზიანი მიეყენებინათ. მაგრამ, იმის გამო, რომ ადამმა და ევამ არასწორი არჩევანი გააკეთეს, ჩვენ მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი მივიღეთ (დაბადება 3:2—6; რომაელები 5:12). ამის მიუხედავად, იეჰოვას განზრახვა არ შეცვლილა. მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (ესაია 55:10, 11).

იეჰოვამ დაგვაჯილდოვა ისეთი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით, რომლებიც შეგვაძლებინებდა მისი ნების შესრულებას. მას ისე არ შევუქმნივართ, რომ მისგან დამოუკიდებლად გვეცხოვრა. ყურადღება მიაქციეთ, რას მოელის ღმერთი ადამიანებისგან, როგორც ამას ბიბლიის შემდეგი მუხლებიდან ვიგებთ.

ეკლესიასტე 12:13. „ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“.

მიქა 6:8. „რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“

მათე 22:37—39. «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“».

როგორ მოაქვს ბიბლიიდან მიღებულ პასუხებს სულის სიმშვიდე?

ვერც ერთი რთული მექანიზმი წესიერად ვერ იმუშავებს, თუ დანიშნულებისა და მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით არ იქნება გამოყენებული. მსგავსადვე, თუ არ გვინდა, რომ საკუთარ თავს — ჩვენს სულიერ, ემოციურ, ფსიქიკურ თუ ფიზიკურ მდგომარეობას — ზიანი მივაყენოთ, ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ჩვენს შემოქმედს სურს. ღვთის განზრახვის ცოდნას შეუძლია სულის სიმშვიდე მოგვანიჭოს. განვიხილოთ, პრაქტიკულად რას ნიშნავს ეს.

როდესაც საქმე ცხოვრებაში პრიორიტეტების დადგენას ეხება, მრავალი ადამიანი დღეს პირველ ადგილზე სიმდიდრეს აყენებს. მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში“ (1 ტიმოთე 6:9, 10).

მათ კი, ვისთვისაც ღვთის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, კარგად ესმით, რას ნიშნავს იყო კმაყოფილი იმით, რაც გაქვს (1 ტიმოთე 6:7, 8). მათ იციან შრომის ფასი და ესმით, რომ თავად უნდა იზრუნონ საკუთარ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე (ეფესოელები 4:28). მაგრამ, ამავე დროს, ისინი სერიოზულად ეკიდებიან იესოს სიტყვებს: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათე 6:24).

აქედან გამომდინარე, ღვთის მოყვარული ადამიანებისთვის ცხოვრებაში უმთავრესი ღმერთის ნების შესრულებაა და არა სამუშაო ან სიმდიდრის დაგროვება. მათ იციან: თუ ისინი ღვთის ნების შესრულებას მიანიჭებენ უპირატესობას, თავად იეჰოვა ღმერთი იზრუნებს მათზე. იეჰოვა თავს ვალდებულადაც კი თვლის, რომ ასე მოიქცეს (მათე 6:25—33).

როდესაც სხვებთან აქვთ ურთიერთობა, ბევრი ეგოიზმს ავლენს. დღეს მსოფლიოში მრავალ ადამიანს ძალიან უჭირს მშვიდობიანი ურთიერთობა, რისი მიზეზიც უმეტესწილად ისაა, რომ ისინი „საკუთარი თავის მოყვარულები . . . [და] თბილ გრძნობებს მოკლებულები“ არიან (2 ტიმოთე 3:2, 3). როდესაც მათ ვინმეს საქციელი არ მოსწონთ ან სხვის აზრს არ ეთანხმებიან, ადვილად ერევათ ‘ბრაზი და რისხვა და ყვირილსა და ლანძღვაზე’ გადადიან (ეფესოელები 4:31). ასეთ თავშეუკავებლობას სულის სიმშვიდე არ მოაქვს, ის მხოლოდ „შუღლს აღვივებს“ (იგავები 15:18).

ხოლო ისინი, ვინც ღვთის მითითებისამებრ მოყვასის სიყვარულს სწავლობენ, ‘კეთილად ექცევიან ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნობენ და მთელი გულით პატიობენ ერთმანეთს’ (ეფესოელები 4:32; კოლოსელები 3:13). სხვები ცუდადაც რომ მოექცნენ მათ, ისინი ცდილობენ, მიჰბაძონ იესოს, რომელიც მლანძღველებს „ლანძღვით არ პასუხობდა“ (1 პეტრე 2:23). იესოს მსგავსად მათ ესმით, რომ ადამიანი მაშინ არის კმაყოფილი, როცა სხვებს სიკეთეს უკეთებს, თუნდაც ისინი ვერ აფასებდნენ ამას (მათე 20:25—28; იოანე 13:14, 15; საქმეები 20:35). იეჰოვა ღმერთი თავის სულს არ უკავებს მათ, ვინც ცდილობს, მისი ძის ნაკვალევს მიჰყვეს. სწორედ ამ სულის წყალობით აქვთ მათ მშვიდობა (გალატელები 5:22).

მაგრამ ისმის კითხვა: როგორ შეიძლება სულის სიმშვიდე მოგანიჭოთ იმის ცოდნამ, თუ რას მოგიტანთ მომავალი?

[ჩანართი 6 გვერდზე]

ადამიანს ცხოვრებაში გარკვეული მიზანი უნდა ჰქონდეს.

[სურათი 7 გვერდზე]

იესო გვასწავლის, თუ როგორ მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე