არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ გამოიყენებთ ბიბლიას ცრურწმენით

ნუ გამოიყენებთ ბიბლიას ცრურწმენით

„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრ. 4:12). ამ სიტყვებით მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ღვთის სიტყვას აქვს ძალა, შეეხოს ადამიანის გულს და შეცვალოს მისი ცხოვრება.

მაგრამ მოციქულების სიკვდილის შემდეგ, როდესაც ნაწინასწარმეტყველებმა განდგომილებამ მოიკიდა ფეხი, ბიბლიის ძალის შესახებ არასწორი წარმოდგენა გავრცელდა (2 პეტ. 2:1—3). დროთა განმავლობაში ეკლესიის წინამძღოლებმა დაიწყეს ღვთის სიტყვისთვის მაგიური ძალის მიწერა. პროფესორმა ჰარი გამბელმა დაწერა, რომ ქრისტიანულ ტექსტებს მაგიური მიზნით იყენებდნენ. მას მოჰყავს მესამე საუკუნეში მცხოვრები ეკლესიის მამის, ორიგენეს, ციტატა: „როცა გესმის წმინდა სიტყვები, ეს გარკვეულწილად, სასარგებლოა; თუ წარმართულ მაგიაში სიტყვებს ძალა აქვთ, რამდენად მეტი ძალა ექნება წმინდა წერილებში ჩაწერილ ჭეშმარიტად ღვთიურ სიტყვებს“. მეოთხე საუკუნის მიწურულს იოანე ოქროპირი წერდა: „სატანა ახლოსაც ვერ გაეკარება იმ სახლს, სადაც სახარება დევს“. მისი თქმით, ზოგი კისერზე იკიდებდა სახარების ზოგიერთ ნაწილს ამულეტის სახით. პროფესორმა გამბელმა ასევე დაწერა, რომ კათოლიკე თეოლოგი ავგუსტინე დასაშვებად მიიჩნევდა თავის ტკივილის დროს, ძილის წინ, „იოანეს სახარების“ ბალიშის ქვეშ ამოდებას. ამგვარად, ბიბლიას მაგიური დანიშნულებით იყენებდნენ. თქვენც მიგაჩნიათ ბიბლია თილისმად, რომელსაც ბოროტისგან თქვენი დაცვა შეუძლია?

შესაძლოა, ბიბლიის არასწორად გამოყენების ყველაზე გავრცელებული ფორმა ბიბლიომანტია ანუ წიგნით მკითხაობაა. როგორ მკითხაობენ წიგნით? ალალბედზე შლიან წიგნს, ხშირად ბიბლიას, და სჯერათ, რომ ტექსტი, რომელსაც პირველად წაიკითხავენ, მათ საჭირო ხელმძღვანელობას გაუწევს. მაგალითად, პროფესორი გამბელი წერს, თუ როგორ მოიქცა ავგუსტინე, როდესაც სამეზობლოში ბავშვის ხმა გაიგო. ბავშვი ამბობდა: „აიღე და წაიკითხე, აიღე და წაიკითხე“. ავგუსტინემ ეს მიიჩნია ღვთიურ მითითებად, რომ გადაეშალა ბიბლია და წაეკითხა პირველივე მუხლი, რომელსაც დაინახავდა.

შეიძლება თქვენც გსმენიათ იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც პრობლემების დროს ულოციათ და ალალბედზე გადაუშლიათ ბიბლია იმ იმედით, რომ პირველივე წაკითხული მუხლი მათ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარებოდა. თუმცა მიზანი არ არის ცუდი, ქრისტიანებმა ასეთი სახით არ უნდა ეძებონ ხელმძღვანელობა ბიბლიაში.

იესო დაჰპირდა თავის მოწაფეებს, რომ გაუგზავნიდა „დამხმარეს“ ანუ წმინდა სულს. შემდეგ მან დასძინა: „ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“ (იოან. 14:26). ამის საპირისპიროდ, ბიბლიომანტია არ მოითხოვს წმინდა წერილების ცოდნას.

დღეს ბიბლიომანტია და ცრურწმენის სხვა ფორმებით ბიბლიის გამოყენება ძალიან გავრცელებულია. მაგრამ ღვთის სიტყვა გმობს მკითხაობას (ლევ. 19:26; კან. 18:9—12; საქ. 19:19). „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი“, მაგრამ უნდა დავხელოვნდეთ მის გამოყენებაში. ადამიანების ცხოვრებას ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნა და არა მისი ცრურწმენით გამოყენება აუმჯობესებს. ასეთი ცოდნის მიღება მრავალს დაეხმარა, განევითარებინა ზნეობრივი ნორმები, მიეტოვებინა არასწორი ცხოვრების წესი, განემტკიცებინა ოჯახური კვანძები და ჰქონოდა ახლო ურთიერთობა ბიბლიის ავტორთან.