არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იეჰოვაა ჩემი ძალა“

„იეჰოვაა ჩემი ძალა“

„იეჰოვაა ჩემი ძალა“

მოგვითხრო ჯოან კოუვილმა

დავიბადე 1925 წლის ივლისში ქალაქ ჰადერზფილდში (ინგლისი). დედისერთა ვიყავი, საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობა მქონდა. მამაჩემი ჩემზე ამბობდა ხოლმე, როგორც კი ნიავი მოხვდება, მაშინვე ცუდად ხდებაო. მართლა ასე იყო.

მახსოვს, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა მღვდლები მშვიდობისთვის ლოცულობდნენ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გამარჯვებისთვის დაიწყეს ლოცვა. საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი, ეჭვები არ მასვენებდა. სწორედ იმ დროს ჩვენთან მოვიდა ენი რატკლიფი, ერთადერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც ჩვენს მხარეში ცხოვრობდა.

როცა პირველად გავიგე ჭეშმარიტება

ენიმ წიგნი „გადარჩენა“ დაგვიტოვა. შემდეგ დედა სახლში დაპატიჟა, სადაც ბიბლიურ საკითხებს განიხილავდნენ ხოლმე *. დედამ მთხოვა, წავყოლოდი. დღემდე არ მავიწყდება ის დღე. ვისაუბრეთ გამოსასყიდზე და, ჩემდა გასაკვირად, ეს თემა სულ არ იყო მოსაწყენი. იმ დღეს ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი. ბიბლიური საკითხების განხილვას მომდევნო კვირასაც დავესწარით. იქ ახსნეს იესოს წინასწარმეტყველება, რომელიც ბოლო დღეების ნიშანს ეხება. იმ დროს მთელ მსოფლიოში იმდენად დაძაბული ვითარება იყო, რომ მე და დედა მაშინვე მივხვდით, სად იყო ჭეშმარიტება. იმავე დღეს სამეფო დარბაზში დაგვპატიჟეს.

სამეფო დარბაზში ახალგაზრდა პიონერები გავიცანი. მათ შორის იყო ჯოის ბარბერი (ამჟამად ელისი), რომელიც დღემდე ლონდონის ბეთელში მსახურობს თავის მეუღლესთან, პიტერთან ერთად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ყველა პიონერი უნდა ყოფილიყო. ამიტომ მალევე დავიწყე ქადაგება. ყოველთვე 60 საათს ვქადაგებდი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი.

ხუთი თვის შემდეგ, 1940 წლის 11 თებერვალს, მე და დედა სარაიონო კონგრესზე მოვინათლეთ ბრადფორდში. მამა არ გვეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ჭეშმარიტებით არასდროს დაინტერესებულა. იმ დროისთვის, როცა მოვინათლე, იეჰოვას მოწმეებმა ქუჩაში ქადაგების მეთოდი შემოიღეს. ამ სახის მსახურებაში მეც ვიღებდი მონაწილეობას; დამქონდა პლაკატები და ჩანთით ჟურნალები. ერთ შაბათ დღეს დამავალეს, რომ ხალხმრავალ ქუჩაში მექადაგა. მაშინ ჯერ კიდევ მერიდებოდა საჯაროდ ქადაგება; მეგონა, რომ სადაც ვიდექი, სწორედ იქ გამოივლიდნენ ჩემი თანაკლასელები.

1940 წელს ჩვენი კრება გაიყო. ყველა ჩემი თანატოლი მეორე განაყოფში მოხვდა. ერთხელ ამის შესახებ კრების თავჯდომარე ზედამხედველთან დავიჩივლე. მან მითხრა: „თუ გინდა, გვერდით თანატოლები გყავდეს, იქადაგე და იპოვი“. მეც ასე მოვიქეცი. ერთ დღეს ვუქადაგე ერთ გოგონას, ელსი ნოუბელს, რომელმაც მიიღო ჭეშმარიტება და ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა.

პიონერულმა მსახურებამ კურთხევები მომიტანა

სკოლის დამთავრების შემდეგ ბუღალტრად დავიწყე მუშაობა. ვხედავდი, რამხელა სიხარულს განიცდიდნენ სრული დროით მსახურები და უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ პიონერად მეც მემსახურა. 1945 წლის მაისში გამოვცადე სპეციალურ პიონერად მსახურების სიხარული. პირველ დღეს დილიდან საღამომდე კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ იმდენად მიხაროდა ქადაგება, რომ წვიმა სულ არ მაწუხებდა. ველოსიპედით ყოველდღე სიარულმა ჩემს ჯანმრთელობაზე კარგად იმოქმედა. თუმცა არასოდეს ვყოფილვარ 42 კილოგრამზე მეტი, აზრადაც არ მომსვლია სრული დროით მსახურების შეწყვეტა. მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ „იეჰოვაა ჩემი ძალა“ (ფსალმ. 28:7).

სპეციალურ პიონერად დანიშვნის შემდეგ ახალი კრებების ჩამოყალიბების მიზნით იმ ქალაქებში უნდა მექადაგა, სადაც მოწმეები ჯერ არ იყვნენ. პირველი სამი წელი ინგლისში ვიმსახურე, მომდევნო სამი კი — ირლანდიაში. ლიზბერნში (ირლანდია) შესწავლა დავიწყე პროტესტანტული ეკლესიის სასულიერო პირთან. მან ბიბლიიდან ნასწავლი ჭეშმარიტება თავის მრევლს გაუზიარა. ზოგმა მათგანმა ეკლესიის მესვეურებთან იჩივლა. რა თქმა უნდა, ამაზე მას პასუხი მოსთხოვეს. მან ეკლესიის მესვეურებს განუმარტა, რომ თავს ვალდებულად გრძნობდა, აეხსნა სამწყსოსთვის, რომ რასაც მანამდე ასწავლიდა, სიცრუე იყო. მართალია, მას თავისი ოჯახიც დაუპირისპირდა, მაგრამ მაინც მიუძღვნა თავი იეჰოვას, და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდა.

შემდეგ ლარნში გავაგრძელე მსახურება. იქ ექვსი კვირა მარტო ვმსახურობდი, რადგან ჩემი პარტნიორი ნიუ-იორკში გაემგზავრა კონგრესზე. ეს კონგრესი, სახელწოდებით „თეოკრატიის ზრდა“, 1950 წელს ჩატარდა. გული დამწყდა, რომ მე ვერ წავედი კონგრესზე. მიუხედავად ამისა, იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი გამამხნევებელი შემთხვევა მქონდა. შევხვდი ერთ ხანდაზმულ კაცს, რომლისთვისაც 20 წლის წინ მიეცათ ერთ-ერთი ჩვენი პუბლიკაცია. იმდენჯერ ჰქონდა წაკითხული, რომ თითქმის ზეპირად იცოდა. მან და მისმა შვილებმა ჭეშმარიტება მიიღეს.

გალაადის სკოლა

1951 წელს ათ ინგლისელ პიონერთან ერთად სკოლა გალაადის მე-17 კლასში მიმიწვიეს, რომელიც იმ დროს საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკი) ტარდებოდა. ძალიან მომეწონა სწავლების კურსი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გავიარეთ. იმ დროს კრებებში დები ჯერ არ გამოდიოდნენ დავალებებით თეოკრატიული მსახურების სკოლაში, სკოლა „გალაადში“ კი მოგვეცა ეს უპირატესობა. ძალიან ვღელავდით. პირველი გამოსვლის დროს ხელები ისე მიკანკალებდა, რომ ჩანაწერების ფურცლები ძლივს მეჭირა. ინსტრუქტორმა, ძმა მაქსველ ფრენდმა იუმორით მითხრა: „ყველა კარგი მომხსენებელი მხოლოდ დასაწყისში ღელავს, შენ კი ბოლო წუთამდე ცახცახებდი“. კლასის წინაშე გამოსვლებს ნელ-ნელა ვაუმჯობესებდით. დრომ უცბად გაირბინა და სწავლაც დავამთავრეთ. კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყანაში დაგვნიშნეს. მე ტაილანდში გამგზავნეს.

„ღიმილის ქვეყანა“

ჩემთან ერთად მისიონერად ტაილანდში ასტრიდ ანდერსონიც დანიშნეს. ეს ჩემთვის დიდი საჩუქარი იყო იეჰოვასგან. ტაილანდში ჩასასვლელად შვიდი კვირა სატვირთო გემით ვიმგზავრეთ. როდესაც დედაქალაქ ბანგკოკში ჩავედით, პირველ რიგში, თვალში მოგვხვდა ხალხმრავალი ბაზრები და არხები, რომლებიც გადაადგილების ძირითადი საშუალება იყო. 1952 წელს ტაილანდში 150-მდე სამეფოს მაუწყებელი იყო.

პირველად რომ ვნახეთ „საგუშაგო კოშკი“ ტაილანდურ ენაზე, გაკვირვებულები ერთმანეთს ვეუბნებოდით, ამ ენაზე როგორ უნდა ვილაპარაკოთო. განსაკუთრებით რთული იყო სიტყვების წარმოთქმა ზუსტი ინტონაციით. მაგალითად, ავიღოთ სიტყვა „კაოუ“. თუ მის პირველ ბგერას მაღალი ტონით წარმოთქვამ, ხოლო დანარჩენს — დაბალი ტონით, ამ სიტყვის მნიშვნელობა იქნება „ბრინჯი“, მაგრამ თუ პირიქით, მაშინ — „ცნობა“. თავიდან სულ შეცდომებს ვუშვებდით, ხალხს სასიხარულო ცნობის მაგივრად სასიხარულო ბრინჯს ვთავაზობდით. სიცილ-სიცილში თანდათანობით შემოგვესწავლა ენა.

ტაილანდელები თბილი ხალხია. ამიტომაც ეძახიან ტაილანდს „ღიმილის ქვეყანას“. პირველად კორატში (ამჟამად ნაქონრატჩასიმა) დავიწყეთ მსახურება. იქ ორი წელი დავყავით. ამის შემდეგ ჩიანგმაიში გადავედით. ტაილანდელების უმეტესობა ბუდისტია და ბიბლიას არ იცნობს. კორატში ფოსტის უფროსთან დავიწყე შესწავლა. ერთხელ აბრაამის შესახებ ვესაუბრე. ეს სახელი მას ადრე გაგონილი ჰქონდა და საუბრის დროს თავს მიქნევდა თანხმობის ნიშნად. მალე მივხვდი, რომ მისთვის უცნობ აბრაამზე ველაპარაკებოდი. მას ეგონა, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი მყავდა მხედველობაში.

გულწრფელ ტაილანდელებს ბიბლიას ვასწავლიდით, მათგან კი ვსწავლობდით, თუ როგორ გვეცხოვრა უბრალოდ და ამით ბედნიერები ვყოფილიყავით. უბრალოდ ცხოვრება მსახურების დროს გამოგვადგა. იქ არც ელექტროენერგია იყო და არც წყალი. სწორედ მაშინ ვისწავლეთ, „რა არის სიუხვე და რა არის სიდუხჭირე“. პავლე მოციქულის სიტყვების ჭეშმარიტება საკუთარ თავზე გამოვცადეთ: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:12, 13).

ახალი დავალება ახალ პარტნიორთან ერთად

1945 წელს ლონდონში პიონერებთან და ბეთელელებთან ერთად ბრიტანეთის მუზეუმის დასათვალიერებლად წავედი. ერთ-ერთი მათგანი იყო ალან კოუვილი, რომელმაც „გალაადის“ მე-11 კლასი დაამთავრა. იგი ჯერ საფრანგეთში დანიშნეს, ხოლო შემდეგ — ბელგიაში *. ჯერ კიდევ მისიონერად ვმსახურობდი ტაილანდში, როდესაც ალანმა ხელი მთხოვა, და მეც დავთანხმდი.

1955 წლის 9 ივლისს ბრიუსელში (ბელგია) დავქორწინდით. ჩემი ოცნება იყო, რომ თაფლობის თვე პარიზში გამეტარებინა. ალანმა ყველაფერი ისე დაგეგმა, რომ ქორწილის მომდევნო კვირას პარიზში დავსწრებოდით კონგრესს. მაგრამ ჩავედით თუ არა, ალანს სთხოვეს, რომ მთელი კონგრესის პროგრამა ეთარგმნა. ყოველდღე დილით ადრე გადიოდა სახლიდან, უკან კი გვიან ღამით ერთად ვბრუნდებოდით. ასე გავატარე თაფლობის თვე პარიზში, ალანს უმეტესწილად სცენაზე ვხედავდი. მაგრამ მიხაროდა, რომ ჩემი ქმარი და-ძმებს ემსახურებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ თუ ჩვენთვის მთავარი იეჰოვას მსახურება იქნებოდა, ბედნიერი ოჯახი გვექნებოდა.

დაქორწინების შემდეგ ჩემი ახალი სამქადაგებლო ტერიტორია ბელგია გახდა. ამ ქვეყნის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რამდენიმე ომში საომარი ტერიტორია იყო, თუმცა მალე დავინახე, რომ ბელგიელების უმეტესობა მშვიდობისმოყვარე ხალხი ყოფილა. კიდევ ერთი სიახლე ჩემთვის ის იყო, რომ ფრანგულიც უნდა მესწავლა. ამ ენაზე ბელგიის სამხრეთ ნაწილში ლაპარაკობენ.

1955 წელს ბელგიაში დაახლოებით 4 500 მაუწყებელი იყო. მთლიანობაში მე და ალანმა თითქმის ორმოცდაათი წელი გავატარეთ როგორც მიმოსვლით მსახურებაში, ისე ბეთელში. თავიდან, დარსა თუ ავდარში, აღმართსა თუ დაღმართში, ორწელიწადნახევარი ველოსიპედით დავდიოდით. წლების მანძილზე თანამორწმუნეთა სახლებში ვჩერდებოდით. სულ 2 000-ზე მეტ სახლში გვიცხოვრია. კრებების მონახულების დროს ხშირად ვხვდებოდით ისეთ და-ძმებს, რომლებიც სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, მაინც თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ იეჰოვას. მათ შემხედვარეს ენთუზიაზმი მემატებოდა. ყოველი კრების მონახულების ბოლოს იქიდან გამხნევებულები მოვდიოდით (რომ. 1:11, 12). ალანი ჩემთვის მართლაც უერთგულესი მეგობარი იყო. არაერთხელ დავრწმუნებულვარ ეკლესიასტეს 4:9, 10-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას . . . თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს“.

„იეჰოვას ძალით“ მსახურებამ კურთხევები მომიტანა

მე და ალანი დიდ სიხარულს განვიცდიდით იმის გამო, რომ ჩვენი ძალისხმევა ფუჭი არ იყო. ერთხელ, 1983 წელს ფრანგულ კრებას ვინახულებდით ანტვერპენში. ის ოჯახი, სადაც დაგვაბინავეს, ჩვენ გარდა მასპინძლობდა კიდევ ერთ ახალგაზრდა ძმას, ბენჯამინ ბანდივილას ზაირიდან (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). ბენჯამინი ბელგიაში უმაღლესი განათლების მისაღებად იყო ჩამოსული. ერთხელ ასეთი რამ გვითხრა: „მშურს თქვენი. მეც მინდა, ისე ვცხოვრობდე, რომ მთელ დროს იეჰოვას მსახურებას ვუძღვნიდე“. შემდეგ ალანმა უთხრა: „ამბობ, თქვენი მშურსო, თან კარიერას იკეთებ. როგორ ფიქრობ, ერთი მეორეს ხომ არ გამორიცხავს?!“ ალანის პირდაპირობამ ბენჯამინი თავის ცხოვრებაზე დააფიქრა. მოგვიანებით, მან ზაირში პიონერად დაიწყო მსახურება. ამჟამად იგი ფილიალის კომიტეტის წევრია.

1999 წელს ოპერაცია გამიკეთეს, რადგან წყლული მქონდა საყლაპავ მილზე. მას შემდეგ სულ რაღაც 30 კილოგრამს ვიწონი. „თიხის ჭურჭელივით“ მყიფე ვარ, მაგრამ ვემადლიერები იეჰოვას იმ „ძალისთვის, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“. ოპერაციის შემდეგ იეჰოვას წყალობით კვლავ შევუერთდი ალანს მიმოსვლით მსახურებაში (2 კორ. 4:7). სამწუხაროდ, 2004 წლის მარტში ალანი გარდაიცვალა. ეს ჩემთვის უდიდესი დანაკლისია, თუმცა მანუგეშებს ის, რომ იგი იეჰოვას მეხსიერებაშია.

ახლა 83 წლისა ვარ. სრული დროით მსახურებაში სულ 63 წელი გავატარე. დღემდე აქტიურად ვმსახურობ, ერთ ბიბლიის შესწავლასაც ვატარებ ჩემთან სახლში, და ვცდილობ, რომ იეჰოვას არაჩვეულებრივი განზრახვის შესახებ ქადაგების არც ერთი შესაძლებლობა არ გავუშვა ხელიდან. ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტავ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, 1945 წელს სრული დროით მსახურება რომ არ დამეწყო-მეთქი. მაშინ ეს ჩემი სუსტი ჯანმრთელობის გამო თითქოს შეუძლებელი ჩანდა. მაგრამ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ახალგაზრდობიდანვე შევუდექი სრული დროით მსახურებას. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ თუ იეჰოვას მსახურებას პირველ ადგილს დავუთმობთ, ის ჩვენი ძალა იქნება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 წიგნი „გადარჩენა“ გამოიცა 1939 წელს. ამჟამად აღარ იბეჭდება.

^ აბზ. 22 ძმა კოუვილის ბიოგრაფია იხილეთ 1961 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.).

[სურათი 18 გვერდზე]

მე და ასტრიდ ანდერსონი (მარჯვნივ) ერთად ვმსახურობდით მისიონერებად

[სურათი 18 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე მიმოსვლითი მსახურების დროს, 1956 წელი

[სურათი 20 გვერდზე]

მე და ალანი, 2000 წელი