არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სისუსტის მიუხედავად ძლიერი

სისუსტის მიუხედავად ძლიერი

ბიოგრაფია

სისუსტის მიუხედავად ძლიერი

მოგვითხრო ლეოპოლდ ენგლაიტნერმა

ესესელების ოფიცერმა პისტოლეტი ამოიღო, თავზე მომადო და მკითხა: „მზად ხარ სიკვდილისთვის? უნდა გესროლო, შენ უკვე განწირული ხარ“! „მზად ვარ“, — ვუპასუხე ისე, რომ ვცდილობდი, ხმაში სიმტკიცე შემენარჩუნებინა. დავიძაბე, თვალები დავხუჭე და ჩახმახის დასხლეტას დაველოდე, მაგრამ არაფერი მომხდარა. „შენ ისეთი სულელი ხარ, რომ სიკვდილის ღირსიც არა ხარ“, დამიყვირა და საფეთქელზე მოდებული იარაღი დაუშვა. როგორ აღმოვჩნდი ასეთ სახიფათო მდგომარეობაში?

დავიბადე 1905 წლის 23 ივლისს, ავსტრიის ალპებში მდებარე, ქალაქ აიგენ–ფოგლჰუბში. ოჯახში ყველაზე უფროსი ვაჟი ვიყავი. მამა სახერხ ქარხანაში მუშაობდა, დედა კი ადგილობრივი ფერმერის შვილი იყო. ჩემი მშობლები ღარიბები, მაგრამ შრომისმოყვარენი იყვნენ. ბავშვობა, ზალცბურგის მახლობლად მდებარე ბად–იშლში გავატარე, რომელიც თვალწარმტაც ტბებსა და ენით აუწერელ მთებში მდებარეობდა.

ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი უსამართლობაზე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი ღარიბი იყო, არამედ იმ ტანჯვის გამოც, რასაც ხერხემლის თანდაყოლილი გამრუდების გამო განვიცდიდი. ამ დაავადებით გამოწვეული ზურგის ტკივილის შედეგად, წელში გასწორება ჩემთვის თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილისგან გამათავისუფლეს, რის გამოც თანაკლასელები დამცინოდნენ.

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, ის–ის იყო 14 წლის უნდა გავმხდარიყავი, რომ გადავწყვიტე, სამუშაო მომეძებნა, რათა სიღარიბისთვის თავი დამეღწია. შიმშილის გრძნობა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო; აგრეთვე დავსუსტდი იმის გამოც, რომ ესპანური გრიპის შედეგად მაღალი სიცხეები მქონდა ხოლმე. ამ გრიპმა მილიონების სიცოცხლე შეიწირა. „შენისთანა სუსტმა რა უნდა გამიკეთოს?“ ასეთი იყო უმეტესი ფერმერების პასუხი, რომლებსაც სამუშაოზე მიღებას ვთხოვდი. მაგრამ ერთმა კეთილმა ფერმერმა მიმიღო.

ღვთის სიყვარულით აღფრთოვანებული

მიუხედავად იმისა, რომ დედა თავგამოდებული კათოლიკე იყო, მე იშვიათად დავდიოდი ეკლესიაში, უმთავრესად იმის გამო, რომ მამას რელიგიური საკითხები მაინცდამაინც არ აღელვებდა. ძალიან არ მომწონდა გამოსახულებების თაყვანისცემა, რაც ასე ფართოდ იყო გავრცელებული რომის კათოლიკურ ეკლესიაში.

ერთ დღეს, 1931 წლის ოქტომბერში, მეგობარმა მთხოვა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი რელიგიურ შეხვედრაზე, რომელსაც ბიბლიის მკვლევარები (ასე ერქვათ იმ დროს იეჰოვას მოწმეებს) ატარებდნენ. ამ შეხვედრაზე ისეთ მნიშნვნელოვან ბიბლიურ კითხვებზე მივიღე პასუხები, როგორიცაა: იწონებს ღმერთი გამოსახულებების თაყვანისცემას? (გამოსვლა 20:4, 5). არსებობს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი? (ეკლესიასტე 9:5). აღდგებიან მკვდრები? (იოანე 5:28, 29).

ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმის მოსმენამ, რომ ღმერთი არ იწონებს სისხლისმღვრელ ომებს, მაშინაც კი, თუ ამას ღვთის სახელით აკეთებენ. გავიგე, რომ „ღმერთი სიყვარულია“, და მას აქვს დიდებული სახელი — იეჰოვა (1 იოანე 4:8; ფსალმუნები 83:18, აქ [82:19]). ძალიან აღმაფრთოვანა იმის გაგებამ, რომ იეჰოვას სამეფოს საშუალებით ადამიანებს შეეძლებათ, იცხოვრონ მარადიულად და ბედნიერად სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. აგრეთვე გავიგე იმ გასაოცარი პერსპექტივის შესახებ, რომ არასრულყოფილი ადამიანები, რომლებსაც ღმერთი ამოირჩევს, იესოსთან ერთად იმსახურებენ ზეციერ სამეფოში. მზად ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა ამ სამეფოს ინტერესებისთვის. ასე რომ, 1932 წლის მაისში მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. ამ ნაბიჯის გადადგმა დიდ სიმამაცეს მოითხოვდა, რადგან იმ დროს ავსტრიაში გაბატონებული იყო კათოლიკური რელიგია, რომელიც სხვა რელიგიებისადმი შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა.

სიძულვილისა და წინააღმდეგობის პირისპირ

ჩემი მშობლები ძალიან იყვნენ გულნატკენები იმის გამო, რომ ეკლესია დავტოვე. მღვდელმა ჩემი ეკლესიიდან წასვლის ამბავი სწრაფად გაავრცელა. მეზობლები ზიზღის გამოსახატავად ჩემი დანახვისას იფურთხებოდნენ. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, სრული დროით მსახურება დამეწყო, ამიტომ 1934 წლის იანვარში პიონერულ მსახურებას შევუდექი.

ჩვენს პროვინციაში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან დაიძაბა, რადგან ნაცისტური რეჟიმი უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს. ენსის სანაპიროზე მდებარე შტირიის ხეობაში პიონერად მსახურებისას პოლიცია ფეხდაფეხ დამდევდა, რის გამოც ‘გველივით ვფრთხილობდი’ (მათე 10:16). 1934—1938 წლებში დევნა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა უმუშევარი ვიყავი, მთავრობა არ მინაზღაურებდა იმას, რაც უმუშევრებს კანონით ეკუთვნოდათ. ამ პერიოდში ქადაგების გამო მოკლე დროით ბევრჯერ დამაპატიმრეს, ხანგრძლივი დროით კი — ოთხჯერ.

ჰიტლერის ჯარები ავსტრიას იკავებენ

1938 წლის მარტში ჰიტლერის ჯარები ავსტრიაში შემოვიდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში, 90 000–ზე მეტი ადამიანი — ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 2 პროცენტი — რომლებსაც ნაცისტური რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დასდეს ბრალი, ციხეებსა თუ საკონცენტრაციო ბანაკებში ჩასვეს. იეჰოვას მოწმეები გარკვეულწილად მზად იყვნენ იმისთვის, რაც ამას უნდა მოჰყოლოდა. 1937 წლის ზაფხულში ჩემი კრების რამდენიმე წევრი საერთაშორისო კონგრესზე დასასწრებად ველოსიპედით წავიდა პრაღაში, რომელიც 350 კილომეტრით იყო დაშორებული. იქ მათ მოისმინეს, თუ რა მხეცურად ეპყრობოდნენ ჩვენს თანამორწმუნეებს გერმანიაში. კარგად გვესმოდა, რომ ახლა ჩვენი ჯერი დადგა.

ავსტრიაში ჰიტლერის ჯარების შემოსვლის დღიდან, იეჰოვას მოწმეების შეხვედრები და სამქადაგებლო საქმიანობა მალულად მიმდინარეობდა. მართალია ბიბლიური ლიტერატურა შვეიცარიიდან ფარულად შემოდიოდა, მაგრამ ყველას არ ყოფნიდა. ასე რომ, ვენაში მცხოვრებ თანაქრისტიანებს ლიტერატურის საიდუმლოდ გამოცემა უწევდათ. მე ხშირად ვმსახურობდი ლიტერატურის მიმწოდებლად.

საკონცენტრაციო ბანაკისკენ

ბად–იშლში 1939 წლის 4 აპრილს გესტაპომ მე და სამი თანაქრისტიანი იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ჩატარებისას დაგვაპატიმრა. ყველანი მანქანით ლინცის პოლიიციის მთავარ სამმართველოში წაგვიყვანეს. მანქანაში პირველად ვიჯექი, მაგრამ მგზავრობით ვერ ვისიამოვნე, რადგან ძალიან ვნერვიულობდი. ლინცში დაკითხვისას საშინელ მეთოდებს მიმართავდნენ, მაგრამ რწმენაზე უარი არ მითქვამს. ხუთი თვის შემდეგ ზემო ავსტრიის მოსამართლის წინაშე უნდა წარვმდგარიყავი. მოულოდნელად ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეჩერდა, მაგრამ ეს განსაცდელების დასასრული არ იყო. დროთა განმავლობაში ის სამი თანაქრისტიანი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, სადაც ისინი დაიხოცნენ. სამივე სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული დარჩა.

მე ისევ პატიმარი ვიყავი და 1939 წლის 5 ოქტომბერს შემატყობინეს, რომ გერმანიაში, ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში უნდა გადავეყვანეთ. სპეციალურად ჩვენთვის განკუთვნილი მატარებელი პატიმრებს ლინცის რკინიგზის სადგურზე გველოდებოდა. სატვირთო მატარებლის ვაგონებში ორკაციანი კამერები იყო გაკეთებული. მეორე პიროვნება, რომელიც ჩემს კამერაში ჩასვეს, თვით ზემო ავსტრიის ყოფილი მმართველი ჰაინრიხ გლაისნერი იყო.

გლაისნერსა და ჩემ შორის საინტერესო საუბარი გაიმართა. ის გულწრფელად დაინტერესდა ჩემი გასაჭირით და წუხდა იმის გამო, რომ თვით ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდშიც კი, იეჰოვას მოწმეები მის რეგიონში უამრავ იურიდიულ პრობლემებს ხვდებოდნენ. მან სინანულით მითხრა: „მისტერ ენგლაიტნერ, რაც მოხდა, იმას ვერაფერს ვუშველი, მაგრამ მინდა ბოდიში მოგიხადოთ. როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობა დამნაშავეა, რომ თქვენთან მიმართებაში უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. თუ რაიმე დაგჭირდებათ, ყველანაირად მზად ვიქნები, რაც შემიძლია ყველაფერი გავაკეთო თქვენს დასახმარებლად“. ომის შემდეგ ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ის დამეხმარა მთავრობისგან მიმეღო დახმარება, რომელსაც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთ აძლევდნენ.

„მე შენს მოკვლას ვაპირებ“

ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში 1939 წლის 9 ოქტომბერს მიმიყვანეს. ამის შემდეგ, მალევე, ბანაკის ციხის მეთვალყურემ გაიგო, რომ ახალმოსულებს შორის იეჰოვას მოწმე იყო და მე მისი სამიზნე გავხდი. მან სასტიკად მცემა. შემდეგ კი, როცა მიხვდა, რომ ასეთი მეთოდით რწმენაზე უარს ვერ მათქმევინებდა, მითხრა: „ენგლაიტნერ მე შენს მოკვლას ვაპირებ, მაგრამ ვიდრე ამას გავაკეთებდე, შეგიძლია მშობლებისთვის გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერო“. დავფიქრდი, თუ რა მანუგეშებელი სიტყვები დამეწერა, მაგრამ როგორც კი კალმის წვერს ფურცელს შევახებდი, ის მაშინვე მარჯვენა იდაყვში წამკრავდა და ნაწერი იჩხაპნებოდა. შემდეგ კი დამცინა: „როგორი იდიოტია! ნორმალურად ორი სიტყვის დაწერაც კი არ შეუძლია, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ ეს ბიბლიის კითხვაში ხელს სულაც არ უშლის!“

მან პისტოლეტი ამოიღო და თავზე მომადო; დარწმუნებული ვიყავი, რომ მომკლავდა, რაც უკვე დასაწყისშიც მოვიხსენიე. შემდეგ პატიმრებით გაჭედილ პატარა კამერაში ჩამსვა. იძულებული ვიყავი მთელი ღამე ფეხზე ვმდგარიყავი. მაგრამ დაძინება მაინც არ შემეძლო, რადგან მთელი სხეული მტკიოდა. „რაღაც უაზრო რელიგიისთვის სიკვდილი, ნამდვილად არ ღირს!“ ასე „მანუგეშებდნენ“ პატიმრები. გლაისნერი მეზობელ კამერაში იყო და როდესაც მან ამის შესახებ გაიგო, ჩაფიქრებულმა თქვა: „ქრისტიანების დევნა კიდევ ერთხელ დაუბრუნდა სამარცხვინო რეალობას“.

1940 წლის ზაფხულში ყველა პატიმარს დაგვავალეს, რომ კვირაობით, რომელიც ადრე დასვენების დღედ გვქონდა, ქვის სამტეხლოში გვემუშავა. ეს იყო საპასუხო მოქმედება ზოგიერთი პატიმრის „ცუდი საქციელისთვის“. გვიბრძანეს, რომ ლოდები სამტეხლოდან ბანაკში გადაგვეზიდა. ერთხელაც ორმა პატიმარმა საკმაოდ დიდი ქვა ამკიდა ბეჭებზე, რომლის სიმძიმის გამოც კინაღამ გავიჭყლიტე. მაგრამ არტურ რედლმა, „ლაგერფიურერმა“ (ბანაკის უფროსმა), მოულოდნელად მიხსნა ამ გასაჭირისგან. როდესაც დაინახა, თუ რა დღეში ვიყავი ამ ქვის გამო, მითხრა: „შენ ასე ბანაკამდე სულს ვერ მიიტან! დააგდე ახლავე!“ ეს იყო ბრძანება, რომლის დამორჩილებამაც შვება მომგვარა. შემდეგ რედლმა გაცილებით პატარა ქვაზე მიმითითა და მითხრა: „აიღე და წაიღე, ეს უფრო ადვილი სატარებელია“. ამის შემდეგ, კი ჩვენს ზედამხედველს მიუბრუნდა და უბრძანა: „ბიბლიის მკვლევარები თავიანთ ბარაკებში დაბრუნდნენ, მათ დღეისათვის საკმარისი იმუშავეს“.

ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სიამოვნებას მანიჭებდა სულიერ ოჯახთან ურთიერთობა. მოვიფიქრეთ, თუ როგორ გაგვენაწილებინა სულიერი საზრდო. ძმა ხის პატარა ნაჭერზე ბიბლიურ მუხლს წერდა და სხვებს აძლევდა. ერთხელ ბიბლია ბანაკში საიდუმლოდ შემოიტანეს. ის ცალ–ცალკე წიგნებად დავშალეთ. სამი თვის განმავლობაში წიგნ „იობს“ მე ვინახავდი. მას წინდებში ვმალავდი. იობის წიგნში ჩაწერილი ცნობა დამეხმარა, ერთგული დავრჩენილიყავი.

ბოლოს, 1941 წლის 7 მარტს ბევრ სხვა პატიმართან ერთად ნიდერჰაგენის საკონცენტრაციო ბანაკში გადამიყვანეს. ჩემი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. ერთ დღეს მე და ორ ძმას გვიბრძანეს, რომ სამუშაო იარაღები ხის ყუთში ჩაგველაგებინა. შემდეგ კი ბარაკების უკან გაგვიყვანეს. ესესელების ერთმა ჯარისკაცმა შეამჩნია, რომ ისე სწრაფად ვერ მივდიოდი, როგორც სხვები. ამის გამო ისე გაშმაგდა, რომ მოულოდნელად უკნიდან ფეხებში უმოწყალოდ დამარტყა. აუტანელი ტკივილი მქონდა, მაგრამ მეორე დღეს სამუშაოზე მაინც წავედი.

მოულოდნელი გათავისუფლება

1943 წლის აპრილში ნიდერჰაგენის ბანაკი საბოლოოდ ევაკუირებულ იქნა. იქიდან რავენსბრიუკის სასიკვდილო ბანაკში გადამიყვანეს. მოგვიანებით, 1943 წლის ივნისში, მოულოდნელად საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლება შემომთავაზეს. ამჯერად გათავისუფლების სანაცვლოდ, რწმენაზე არ უნდა მეთქვა უარი. იმ პირობით მიშვებდნენ, თუ მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ფერმაში ხელფასის გარეშე ვიმუშავებდი. მზად ვიყავი მიმეღო ეს წინადადება ოღონდ კი ამ საშინელი ბანაკიდან თავი დამეღწია. ბანაკის ექიმთან საბოლოო შემოწმებაზე მივედი. ექიმი ჩემი დანახვისას გაოცდა. „შენ ისევ იეჰოვას მოწმე ხარ?! წამოიძახა მან!“. „თქვენ მართალი ხართ პატივცემულო დოქტორო!“ ვუპასუხე მე. „თუ ასეა, არ მესმის, რატომ უნდა გაგათავისუფლოთ. მეორე მხრივ კი თქვენისთანა საცოდავი არსების მოშორება ნამდვილად რომ კარგია“.

დიახ, ეს არ იყო გაზვიადებული ნათქვამი. ჩემი ჯანმრთელობა მართლაც კრიტიკული იყო. კანი ტილებისგან ნაწილობრივ შეჭმული მქონდა; ცემის შედეგად ცალ ყურში სმენა დავკარგე და მთელი სხეული ჩირქოვანი წყლულებით მქონდა დაფარული. 46 თვის მანძილზე საკვების უკმარისობისა და იძულებითი სამუშაოს გამო მხოლოდ 28 კილო დავრჩი. ასეთ მდგომარეობაში გამათავისუფლეს რავენსბრიუკიდან 1943 წლის 15 ივლისს.

მშობლიურ ქალაქში მატარებლით, მცველების მეთვალყურეობის გარეშე, გამგზავნეს. ლინცში გესტაპოს მთავარ სამმართველოში გამოვცხადდი. გესტაპოს ოფიცერმა გათავისუფლების დოკუმენტი მომცა და თან გამაფრთხილა: „თუ ფიქრობ, რომ იმიტომ გათავისუფლებთ, რათა ისევ განაგრძო შენი საიდუმლო მოღვაწეობა, სამწუხაროდ ძალიან ცდები. ღმერთმა დაგიფაროს, რომ ისევ ხელში ჩაგვივარდე“.

ბოლოს და ბოლოს სახლში მივედი! მას შემდეგ, რაც პირველად 1939 წლის 4 აპრილს დამაპატიმრეს, დედაჩემს ჩემს ოთახში არაფერი შეუცვლია. საწოლის გვერდზე მდგარ მაგიდაზეც კი, ბიბლია ისევ ისე იყო გადაშლილი, როგორც დავტოვე. მუხლი მოვიყარე და გულწრფელი სამადლობელი ლოცვა წარმოვთქვი.

მალე მთაში მდებარე ფერმაში გამამწესეს. ფერმერი ჩემი ბავშვობის ამხანაგი იყო და ცოტა ხელფასსაც მიხდიდა, თუმცა ის ვალდებული არ იყო, ჩემთვის ფული ეხადა. ომის დაწყებამდე მან ნება მომცა ზოგი ბიბლიური ლიტერატურა მის სათავსოებში დამემალა. კმაყოფილი ვარ, რომ ის მცირეოდენი ლიტერატურა სულიერად გაძლიერებისთვის გამოვიყენე. ყველა ჩემი მოთხოვნილება დაკმაყოფილებული იყო და ვფიქრობდი, რომ ომის დასრულებამდე ფერმაში დავრჩებოდი.

მთებში დამალვა

მაგრამ თავისუფლება და მშვიდი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1943 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში შემატყობინეს, რომ სამხედრო ექიმი სამედიცინო შემოწმებაზე მიბარებდა. თავიდან ექიმმა თქვა, რომ ჩემი დაავადებული ზურგის გამო აქტიური საქმიანობისთვის არ გამოვდგებოდი. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ იმავე ექიმმა თვითონვე შეცვალა ცნობის შინაარსი: „ფიზიკური ჯანმრთელობა შესაძლებლობას აძლევს, რომ ფრონტის ხაზზე იბრძოლოს“. იმ დროს ვერ მიპოვეს, მაგრამ 1945 წლის 17 აპრილს, ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ბოლოს და ბოლოს ჩემს გზა–კვალს მოაგნეს. მაშინვე ფრონტის ხაზზე საბრძოლველად გამიწვიეს.

ავიღე ცოტაოდენი საკვები, ტანსაცმელი, ბიბლია და თავი ახლომდებარე მთას შევაფარე. თავიდან ღია ცის ქვეშ დაძინება არ მიჭირდა, მაგრამ ამინდი გაფუჭდა და თოვლი დაახლოებით ნახევარ მეტრზე დადო. თავიდან ფეხებადმე დავსველდი. მთაში ერთ ქოხს მივაგენი, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 1 200 მეტრზე მდებარეობდა. აკანკალებულმა ცეცხლი დავანთე; როგორც იქნა გავთბი და ტანსაცმელიც გამიშრა. დაქანცულს ძილი მომერია და გვერდზე მდგარ გრძელ სკამზე ჩამეძინა. მალევე, ძლიერმა ტკივილმა გამაღვიძა. ტანსაცმელზე ცეცხლი წამკიდებია. მის ჩასაქრობად მაშივე გორაობა დავიწყე. დამწვრობისგან მთელ ზურგზე ბუშტულები გამიჩნდა.

თავი დიდ საფრთხეში ჩავიგდე და გარიჟრაჟამდე მთაში მდებარე ფერმაში ჩავედი, მაგრამ ფერმერის ცოლი ისე იყო შეშინებული, რომ არ მიმიღო. მან მითხრა, რომ ჩემზე ძებნა იყო გამოცხადებული. ასე რომ, სახლში წავედი. თავიდან ჩემი მშობლებიც ყოყმანობდნენ მივეღე თუ არა, მაგრამ ბოლოს ნება მომცეს, სათივეში დამეძინა, დედამ ჭრილობები შემიხვია. რადგანაც მშობლები ჩემი იქ ყოფნით ძალიან შეწუხებულები იყვნენ, ორი დღის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უკეთესი იქნებოდა ისევ მთაში დავბრუნებულიყავი.

1945 წლის 5 მაისს გრუხუნმა გამაღვიძა. დავინახე, რომ მოკავშირეთა თვითმფრინავები დაბლა დაფრინავდა. მივხვდი, რომ ჰიტლერის რეჟიმი დაემხო. იეჰოვას სული დამეხმარა, ამეტანა ენით აუწერელი განსაცდელები. გამოვცადე ფსალმუნების 54:23-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება, რომლებიც განსაცდელების დაწყებიდანვე მანუგეშებდა. ‘მივანდე ღმერთს ჩემი საზრუნავი’, და თუმცა ფიზიკურად სუსტი ვიყავი, იეჰოვამ გამაძლებინა „შავეთის ველზე“ სიარულის დროს (ფსალმუნები 22:4).

იეჰოვას ძალა „სისუსტეში ხდება სრულყოფილი“

ომის შემდეგ ცხოვრება ნელა–ნელა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა. თავიდან მთაში ჩემი მეგობრის ფერმაში ვმუშაობდი. მხოლოდ შეერთებული შტატების ჯარების შემოსვლის შემდეგ, 1946 წლის აპრილში, გავთავისუფლდი იძულებითი სამუშაოდან, რომელშიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ფერმაში მუშაობა შედიოდა.

ომის დამთავრების შემდეგ ძმებმა ბად–იშლში და მის რაიონებში რეგულარულად დაიწყეს კრების შეხვედრების ჩატარება. ისინი ქადაგებას განახლებული ძალებით შეუდგნენ. მე ქარხანაში ღამის დარაჯად მუშაობა შემომთავაზეს, რამაც პიონერული საქმიანობის გაგრძელების საშუალება მომცა. საბოლოოდ სანქტ–ვოლფგანგის მხარეში დავსახლდი და 1949 წელს ცოლად შევირთე ტერეზა კურცი, რომელსაც წინა ქორწინებიდან გოგო ჰყავდა. ჩვენ ერთად დაახლოებით 32 წელი ვიცხოვრეთ. ჩემი ძვირფასი მეუღლე 1981 წელს გარდაიცვალა. მას შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვუვლიდი.

ტერეზას სიკვდილის შემდეგ პიონერული მსახურება დავიწყე, რაც მძიმე დანაკლისის გრძნობასთან გამკლავებაში დამეხმარა. ახლა პიონერად და უხუცესად ვმსახურობ ბად–იშლის კრებაში. რადგანაც ინვალიდების სავარძელში ვზივარ და სიარული არ შემიძლია, ხალხს ბიბლიურ ლიტერატურასა და სამეფოს იმედს პარკში ან ჩემი სახლის მახლობლად ვთავაზობ. ბიბლიურ თემებზე საუბარი დიდ სიხარულს მანიჭებს.

წარსულს როცა ვიხსენებ, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ იმ საშინელმა განსაცდელებმა არ გამაბოროტა. ცხადია, მათი ატანა დროდარო მიჭირდა. მაგრამ იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობა დამეხმარა ასეთი რთული მომენტების ატანაში. ღვთის მიერ პავლეს მიმართ ნათქვამი, რომ „სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“, ჩემს ცხოვრებაშიც გამართლდა. ახლა, თითქმის 100 წლის ასაკში, მეც ვიზიარებ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომელმაც თქვა: „სიამოვნებას მანიჭებს სისუსტეები, შეურაცხყოფა, ხელმოკლეობა, დევნა და სიძნელეები ქრისტეს გულისთვის, რადგან, როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელები 12:9, 10).

[სურათები 25 გვერდზე]

1939 წლის აპრილში გესტაპოს მიერ დაპატიმრებული.

გესტაპოს დოკუმენტი, რომელშიც 1939 წლის მაისში ჩემთვის გამოტანილი განაჩენია მოცემული.

[საავტორო უფლება]

Both images: Privatarchiv; B. Rammerstorfer

[სურათი 26 გვერდზე]

თავი ახლო მდებარე მთებს შევაფარე.

[საავტორო უფლებები დაცულია 23 გვერდზე]

Foto Hofer, Bad Ischi, Austria