არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა“

„მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა“

„მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა“

«იგავებით [„მაგალითებით“, აქ] ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის [„მაგალითის“, აქ] გარეშე არაფერს ეუბნებოდა» (მათე 13:34).

1, 2. ა) რატომ გვრჩება დიდხანს მეხსიერებაში ეფექტური მაგალითები? ბ) როგორ მაგალითებს იყენებდა იესო და რა კითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით? (იხილეთ სქოლიო).

გახსენდებათ რომელიმე მაგალითი, რომელიც, შესაძლოა, მრავალი წლის წინათ, საჯარო მოხსენების დროს მოისმინეთ? ეფექტური მაგალითი მალევე არ გვავიწყდება. ერთი მწერალი აღნიშნავდა, რომ მაგალითები „მოსმენილის წარმოდგენაში ეხმარება მსმენელს“. რადგან მაშინ უფრო კარგად ვფიქრობთ, როდესაც რაიმეს წარმოვისახავთ გონებაში, მათი საშუალებით უფრო ადვილად ვხვდებით აზრს. ისინი სიტყვებს ძალას ჰმატებს და ნასწავლს გონებაში კარგად გვიბეჭდავს.

2 იესო ქრისტეზე ოსტატურად მაგალითებს ვერავინ ვერ იყენებდა. მის მიერ მოყვანილი მრავალი იგავი დღესაც ცოცხლობს ხალხის გონებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმიდან დაახლოებით ორი ათასი წელი გავიდა *. რატომ ანიჭებდა იესო ასეთ დიდ მნიშვნელობას სწავლების ამ მეთოდს? რა ხდიდა მის მაგალითებს ასე ეფექტურს?

რატომ ასწავლიდა იესო მაგალითებით

3. ა) მათეს 13:34, 35–ის თანახმად, რა იყო იმის ერთ–ერთი მიზეზი, რომ იესო მაგალითებს იყენებდა? ბ) რა ცხადყოფს იმას, რომ იეჰოვა აფასებს სწავლების ამ მეთოდს?

3 ბიბლია გვამცნობს იმ ორ მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ იყენებდა იესო მაგალითებს. პირველ რიგში, ამით წინასწარმეტყველება სრულდებოდა. მოციქული მათე წერდა: «იგავებით [„მაგალითებით“, აქ] ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის [„მაგალითის“, აქ] გარეშე არაფერს ეუბნებოდა. რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით [„მაგალითებით“, აქ] გავხსნი ჩემს პირს“» (მათე 13:34, 35). „წინასწარმეტყველი“, რომლის სიტყვებიც მათემ მოიყვანა, ფსალმუნის 77:2-ის (აქ) დამწერი იყო. ეს ფსალმუნმომღერალი ამ სიტყვებს იესოს დაბადებამდე საუკუნეებით ადრე, ღვთის სულიწმიდის შთაგონებით წერდა. მართლაც საოცარია — იეჰოვას ასწლეულებით ადრე ჰქონდა განსაზღვრული, რომ მისი ძე მაგალითების მეშვეობით ასწავლიდა სხვებს? უდავოა, იეჰოვა ძალიან აფასებს სწავლების ამ მეთოდს!

4. როგორ ახსნა იესომ, თუ რატომ იყენებდა მაგალითებს?

4 მეორე: როგორც თავად იესომაც განმარტა, მაგალითებს იმისთვის იყენებდა, რომ მათი საშუალებით ერთგული მსმენელები გამოეყო მათგან, რომლებიც მის ცნობას არ გამოეხმაურებოდნენ. მას შემდეგ, რაც „დიდძალ ხალხს“ მოუყვა იგავი მთესველის შესახებ, მოწაფეებმა ჰკითხეს იესოს: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“. იესოს პასუხი ასეთი იყო: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: ‘სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული“ (მათე 13:2, 10, 11, 13—15; ესაია 6:9, 10).

5. როგორ განარჩევდა იესო მაგალითებით თავმდაბალ და ამაყ ადამიანებს?

5 როგორ განირჩეოდნენ მსმენელები იესოს მაგალითების შედეგად? ზოგ შემთხვევაში, იესოს სიტყვების მნიშვნელობას რომ მიმხვდარიყვნენ, მის მსმენელებს უფრო ღრმად უნდა გამოეკვლიათ ისინი. მსმენელთა შორის თავმდაბლები უფრო მეტის გაგებას ცდილობდნენ (მათე 13:36; მარკოზი 4:34). იესო მაგალითების მეშვეობით უმჟღავნებდა ჭეშმარიტებას სულიერად დამშეულ ხალხს, ამაყი ადამიანებისთვის კი იგივე ჭეშმარიტება დაფარული რჩებოდა. რა შესანიშნავი მასწავლებელი იყო იესო! მოდი განვიხილოთ ის ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც მისი მაგალითების ეფექტურობას უწყობდა ხელს.

კარგად შერჩეული დეტალები

6–8. ა) რის გამოყენების საშუალება არ ჰქონდათ იესოს მსმენელებს პირველ საუკუნეში? ბ) რომელი მაგალითები ცხადყოფს იმას, რომ იესო ზოგჯერ მოიხსენიებდა დეტალებს, ზოგჯერ კი — არა?

6 გიფიქრიათ ოდესმე, რას ნიშნავდა იესოს მაგალითები პირველ საუკუნეში მცხოვრები მოწაფეებისთვის, რომლებიც უშუალოდ ისმენდნენ მის სიტყვებს? თუმცა იესოს მოსმენის პატივი ხვდათ წილად, მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მისი სიტყვები წერილობითი სახით, რომ მისი საშუალებით გაეხსენებინათ ხოლმე. ამიტომ მათ იესოს სიტყვები გულსა და გონებაში უნდა ჩაებეჭდათ. მაგალითების ოსტატურად გამოყენებით, იესო ნასწავლის დამახსოვრებას უადვილებდა მოწაფეებს. როგორ?

7 იესო რიგ შემთხვევაში მოიხსენიებდა გარკვეულ დეტალებს, რიგ შემთხვევაში — არა. თუ თხრობისას რომელიმე აზრის ხაზგასასმელად რაიმეს დაკონკრეტება იყო საჭირო, იესო აუცილებლად აკეთებდა ამას. მაგალითად, მან ზუსტად დაასახელა, რამდენი ცხვარი დატოვა კაცმა, რომელიც ერთი დაკარგულის საძებნელად წავიდა, რამდენი საათი მუშაობდნენ მუშაკები ვენახში და რამდენი ტალანტი მიაბარეს მონებს (მათე 18:12—14; 20:1—16; 25:14—30).

8 ამავე დროს, იესო გვერდს უვლიდა ზედმეტ დეტალებს, რასაც შეიძლება ხელი შეეშალა ჩვენთვის იმაში, რომ მაგალითების მთავარ აზრს მივმხვდარიყავით. მაგალითად, იგავში უწყალო მონის შესახებ, იესოს არ განუმარტია, თუ როგორ დაედო ამ მონას ვალად 60000000 დინარი. იესოს მიტევების აუცილებლობის ხაზგასმა სურდა. ამიტომ მთავარი ის კი არ იყო, თუ როგორ ჩავარდა მონა ვალებში, არამედ როგორ აპატიეს მას ეს ვალი, და ის, თავის მხრივ, როგორ მოეპყრო სხვა მონას, რომელსაც მისი გაცილებით ნაკლები თანხა ემართა (მათე 18:23—35). ასევე, იგავში უძღებ ძეზე იესოს არ აუხსნია, რატომ მოინდომა მოულოდნელად უმცროსმა ვაჟმა თავისი წილი ქონებიდან და რატომ გაფლანგა ის. მაგრამ იესომ დეტალურად აღწერა, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა მამას, როდესაც მისმა ძემ აზროვნება შეიცვალა და სახლში დაბრუნდა. მამის რეაქციასთან დაკავშირებული დეტალების მოხსენიება მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასასმელად, რისი თქმაც ამ იგავით უნდოდა იესოს; კერძოდ, რომ იეჰოვა „მრავალგზის მიმტევებელია“ (ესაია 55:7; ლუკა 15:11—32).

9, 10. ა) პერსონაჟთა აღწერისას, რაზე ამახვილებდა იესო ყურადღებას? ბ) რას აკეთებდა იესო იმისათვის, რომ მის მიერ მოყოლილი მაგალითები ადვილად გასახსენებელი ყოფილიყო?

9 იესო იგავების პერსონაჟების აღწერისას განსჯის უნარსაც ავლენდა. ხშირად ის ამ პერსონაჟთა გარეგნობას კი არ აღწერდა, არამედ ყურადღებას მათ მოქმედებებსა და იმაზე ამახვილებდა, როგორ რეაგირებდნენ ისინი მის მიერ აღწერილ შემთხვევებში. მაგალითად, იესოს კეთილი სამარიელის გარეგნობა კი არ აღუწერია, არამედ ყურადღება გაამახვილა უფრო მნიშვნელოვანზე — როგორი თანაგრძნობა გამოავლინა მან გზაზე დაგდებული დაჭრილი იუდეველის მიმართ. იესომ ის დეტალები მოიხსენია, რომლებიც იმისთვის იყო საჭირო, რომ ხალხისთვის ერთი მნიშვნელოვანი რამ ესწავლებინა: მოყვასისადმი სიყვარული იმასაც გულისხმობს, რომ ის სხვა რასისა თუ ერის წარმომადგენლების მიმართაც გამოვავლინოთ (ლუკა 10:29, 33—37).

10 რადგან იესო გულდასმით არჩევდა დეტალებს, მისი მაგალითებიც, შესაბამისად, მოკლე იყო და არც ზედმეტი წვრილმანებით იყო გადატვირთული. ამგვარად, მისი მსმენელებისთვისა და, აგრეთვე, იმ უამრავი ადამიანისთვის, რომლებიც მოგვიანებით წაიკითხავდნენ სახარებებს, ადვილი იქნებოდა ამ მაგალითების და მათში ჩადებული ძვირფასი გაკვეთილების გახსენება.

ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული მაგალითები

11. აღნიშნეთ, როგორ ირეკლებოდა იესოს იგავებში ის, რასაც, როგორც ჩანს, გალილეაში გატარებული ბავშვობის წლებში აკვირდებოდა.

11 იესო ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული მაგალითების გამოყენებაშიც იყო დახელოვნებული. მრავალ იგავში ისეთ სიტაუციებს აღწერდა, რომლებსაც, როგორც ჩანს, აკვირდებოდა გალილეაში, როდესაც იქ იზრდებოდა. მაგალითად, დავფიქრდეთ მისი ბავშვობის წლებზე. ის, ალბათ, ხშირად ხედავდა, როგორ ზელდა დედამისი პურისთვის ცომს, საფუვრის მაგივრობას კი წინა ცხობიდან მორჩენილი გაფუებული ცომის პატარა ნაგლეჯი უწევდა (მათე 13:33). ალბათ, რა ხშირად აკვირდებოდა, როგორ ისროდნენ გალილეის ზღვის კამკამა ცისფერ წყალში მეთევზეები ბადეებს (მათე 13:47). ხედავდა სავაჭრო მოედანზე მოთამაშე ბავშვებს (მათე 11:16). იესო, მაგალითებისთვის იყენებდა თესლის თესვას, საქორწილო ნადიმს, მზეზე მობიბინე ყანებს, — რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აკვირდებოდა (მათე 13:3—8; 25:1—12; მარკოზი 4:26—29).

12, 13. როგორ ცხადყოფს იესოს იგავი ხორბალსა და ღვარძლზე, რომ ის კარგად იცნობდა ადგილობრივ ყოფაცხოვრებას?

12 ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იესოს მრავალ მაგალითში ყოველდღიური ცხოვრებისეული სიტუაციებია აღწერილი. უკეთ რომ გავიგოთ, რამდენად ოსტატურად იყენებდა ის სწავლების ამ მეთოდს, მოდი ორი მაგალითის დახმარებით განვიხილოთ, რას ნიშნავდა მისი სიტყვები იუდეველი მსმენელებისთვის.

13 პირველად განვიხილოთ იგავი ხორბლისა და ღვარძლის შესახებ. აქ იესომ მოიყვანა მამკაცის შემთხვევა, რომელმაც ხორბალი დათესა, მაგრამ „მტერმა“ მის ყანაში ღვარძლი ჩათესა. რატომ აირჩია იესომ ეს სიტუაცია? ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტი, რომ იესომ ეს მაგალითი გალილეის ზღვის პირას მოიყვანა. გალილეველები კი, ძირითადად, სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. წარმოიდგინეთ, რამხელა ზარალს მოუტანდა მიწათმოქმედს მტერი, რომელიც შეიპარებოდა მის ყანაში და ღვარძლს ჩათესავდა. როგორც მაშინდელი სახელმწიფო კანონები ცხადყოფს, ასეთი შემთხვევებიც ხდებოდა ხოლმე. განა ნათელი არ არის, რომ იესომ ისეთი სიტუაცია გამოიყენა, რომელიც მსმენელებისთვის ადვილი გასაგები იყო? (მათე 13:1, 2, 24—30).

14. რატომ არის აღსანიშნავი, რომ იგავში კეთილ სამარიელზე იესომ მთავარი აზრის ხაზგასასმელად „იერუსალიმიდან იერიხონისკენ“ მიმავალი გზა მოიხსენია?

14 მეორე იგავი კეთილ სამარიელს ეხება. მისი თხრობა იესომ ასე დაიწყო: „ვინმე კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხონს, დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალ–მკვდარი მიატოვეს“ (ლუკა 10:30). აღსანიშნავია, რომ იესომ მთავარი აზრის ხაზგასასმელად „იერუსალიმიდან იერიხონისკენ“ მიმავალი გზა მოიხსენია. ეს იგავი მან იუდეაში, იერუსალიმთან ახლოს წარმოთქვა; ამიტომ მისი მსმენელებისთვის ცნობილი იყო იგავში მოხსენიებული გზა. ყველამ იცოდა, რომ ამ გზაზე გავლა სახიფათო იყო, განსაკუთრებით მისთვის, ვისაც მარტო უწევდა მგზავრობა. ეს გზა მიხვეულ–მოხვეულ და მიყრუებულ ადგილებზე გადიოდა, რაც ყაჩაღებისთვის მოსახერხებელი იყო ჩასასაფრებლად.

15. რატომ ვერ გავამართლებთ ვერანაირად კეთილ სამარიელზე მოყვანილ იგავში მოხსენიებული მღვდლისა და ლევიანის გულგრილობას?

15 კიდევ ერთი რამ არის აღსანიშნავი იესოს მიერ „იერუსალიმიდან იერიხონისკენ“ მიმავალი გზის მოხსენიებასთან დაკავშირებით. იგავის თანახმად, ჯერ მღვდელმა, შემდეგ კი ლევიანმა ჩაიარა ამ გზაზე, მაგრამ დაჭრილს არც ერთი მათგანი დახმარებია (ლუკა 10:31, 32). მღვდლები იერუსალიმის ტაძარში მსახურობდნენ, ლევიანები კი მათ ეხმარებოდნენ. იმ დროს, როდესაც ტაძარში არ მსახურობდნენ, ბევრი მღვდელი და ლევიანი იერიხონში ცხოვრობდა, რადგან ის იერუსალიმიდან 23–იოდე კილომეტრით იყო დაშორებული. უეჭველია, ისინი ამ გზით დადიოდნენ ხოლმე. აღსანიშნავია ისიც, რომ მღვდლები და ლევიანები „იერუსალიმიდან“ ანუ ტაძრიდან მოემართებოდნენ. ასე რომ, მათ გულგრილობას ვერ გავამართლებთ შემდეგი სიტყვებით: მათ იმიტომ აუარეს გვერდი დაჭრილ მამაკაცს, რომ მკვდრად ჩათვალეს, ხოლო გვამს რომ შეხებოდნენ დროებით გაუწმინდურდებოდნენ ტაძარში მსახურებისთვის (ლევიანნი 21:1; რიცხვნი 19:11, 16). განა ნათელი არაა, რომ იესო მისი მსმენელებისთვის ნაცნობ სიტუაციებს იყენებდა მაგალითებად?

იეჰოვას ქმნილებები, როგორც მაგალითები

16. რატომ არ არის გასაკვირი, რომ იესომ ბევრი რამ იცოდა ქმნილებების შესახებ?

16 იესოს ზოგიერთი თვალსაჩინო მაგალითი და იგავი იმასაც ცხადყოფს, რომ მან ბევრი რამ იცოდა მცენარეებზე, ცხოველებსა და ამინდზე (მათე 6:26, 28—30; 16:2, 3). საიდან იცოდა მან ყოველივე? გალილეაში გატარებული ბავშვობის განმავლობაში, მას, უეჭველია, ხშირად ექნებოდა იეჰოვას ქმნილებებზე დაკვირვების საშუალება. გარდა ამისა, იესო იყო ‘ყოველი ქმნილების პირმშო’, რომელიც იეჰოვამ „ოსტატად“ გამოიყენა ყველაფრის შესაქმნელად (კოლასელთა 1:15, 16; იგავნი 8:30, 31). განა გასაკვირია, რომ იესომ ამდენი რამ იცოდა ქმნილებების შესახებ? ვნახოთ, სხვების სასწავლებლად რა ოსტატურად იყენებდა ის ამ ცოდნას.

17, 18. ა) როგორ ცხადყოფს იოანეს მე–10 თავში ჩაწერილი იესოს სიტყვები, რომ მისთვის ცნობილი იყო ცხვრისთვის დამახასიათებელი თავისებურებები? ბ) რისი თვითმხილველები გახდნენ ბიბლიური ქვეყნების სტუმრები მწყემსებთან და ცხვრებთან დაკავშირებით?

17 იოანეს მე–10 თავში იესოს ერთ–ერთი ყველაზე გულში ჩამწვდომი მაგალითია მოყვანილი, სადაც ის მოწაფეებთან თავის ახლო ურთიერთობას მწყემსსა და ცხვარს შორის დამოკიდებულებას ადარებს. იესოს სიტყვები ცხადყოფს, რომ მისთვის ცნობილი იყო ცხვრის თავისებურებები. მან აღნიშნა, რომ ცხვრებს ვიღაც უნდა მიუძღოდეთ წინ და ისინიც, თავის მხრივ, მორჩილად მიჰყვებიან მწყემსს (იოანე 10:2—4). ამ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მეცხვარესა და მის ცხვრებს შორის ბიბლიური ქვეყნების სტუმრებიც ამჩნევენ. მე–19 საუკუნის ნატურალისტი, ტრისტრამი, აღნიშნავდა: „ერთხელ თვალყურს ვადევნებდი მეცხვარეს, რომელიც თავის ფარას ეთამაშებოდა. ის ცხვრებს თავს ისე აჩვენებდა, თითქოს გარბოდა; ცხვრები კი გამოეკიდნენ და გარს შემოეხვივნენ ... მთელმა ფარამ წრე შეკრა მის გარშემო და აკუნტრუშდა“.

18 რატომ მისდევს ცხვარი მწყემსს უკან? „რადგან იცნობს მის ხმას“, — თქვა იესომ (იოანე 10:4). მართლა ცნობს ცხვარი მწყემსის ხმას? წიგნში „წმინდა მიწის ისტორიული გეოგრაფია“ ჯორჯ სმითმა საკუთარი დაკვირვების საფუძველზე დაწერა: „ხანდახან შუადღისას იუდეის რომელიმე ჭასთან ვისვენებდით, სადაც სამ–ოთხ მწყემსს ფარები მოჰყავდათ. ეს ფარები ერთმანეთს შეერეოდნენ ხოლმე; ჩვენ კი გვაინტერესებდა, როგორ შეძლებდნენ მწყემსები ერთმანეთისგან მათ გამორჩევას. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ცხვრები დარწყულდებოდნენ და კუნტრუშით გულს იჯერებდნენ, მწყემსები ერთიმეორის მიყოლებით სხვადასხვა მიმართულებით გაემართებოდნენ, თავიანთ ფარას კი თითოეული თავისებური შეძახილით მოუხმობდა. ერთი ფარის ცხვრები ერთმანეთს შეუერთდებოდნენ და როგორც ჭასთან მოსვლისას იყვნენ, ასევე ორგანიზებულად გაუყვებოდნენ ხოლმე თავიანთ გზას“. იესომ თავისი აზრის გადმოსაცემად მართლაც საუკეთესო თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა. თუ ვაღიარებთ და ვემორჩილებით იესოს სწავლებებსა და ხელმძღვანელობას, „მწყემსი კეთილი“ სიყვარულით იზრუნებს ჩვენზე (იოანე 10:11).

მსმენელთათვის ნაცნობ მოვლენებთან დაკავშირებული მაგალითები

19. როგორ გამოიყენა იესომ ეფექტურად ადგილობრივ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ცრუ შეხედულების გასაბათილებლად?

19 ეფექტური მაგალითები შეიძლება დამრიგებლური შემთხვევების ან თვალსაჩინო მაგალითების სახით იყოს მოცემული. ერთ შემთხვევაში იესომ მოიხსენია ახლო წარსულში მომხდარი მოვლენა, რათა გაებათილებინა ცრუ შეხედულება, თითქოს ამ უბედური შემთხვევის მსხვერლნი ამას იმსახურებდნენ. მან თქვა: „რა გგონიათ, ის თვრამეტი კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი [ცოდვილები] იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანები, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობენ?“ (ლუკა 13:4). იესომ ბედისწერასთან დაკავშირებული ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ მტკიცებები მოიყვანა. ეს თვრამეტი ადამიანი არ დაღუპულა გარკვეული ცოდვის გამო, რამაც თითქოსდა ღვთის რისხვა დაატეხა მათ თავზე. სინამდვილეში, მათი ტრაგიკული დაღუპვა დროისა და მოულოდნელი შემთხვევის შედეგი იყო (ეკლესიასტე 9:11). ამგვარად, თავისი მსმენელებისთვის კარგად ცნობილი შემთხვევის მოხსენიებით, იესომ ცრუ შეხედულება გააბათილა.

20, 21. ა) რატომ გაკიცხეს ფარისევლებმა იესოს მოწაფეები? ბ) წმინდა წერილებიდან რომელი შემთხვევა მოიყვანა იესომ იმის თვალსაჩინოდ დასანახვებლად, რომ იეჰოვა არასდროს მოითხოვდა შაბათის კანონისადმი უკიდურესად მკაცრ მიდგომას? გ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

20 სწავლებისას იესო წმინდა წერილებიდანაც იყენებდა მაგალითებს. გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ფარისევლებმა იესოს მოწაფეები შაბათ დღეს თავთავების მოკრეფისა და ჭამისათვის დაგმეს. სინამდვილეში, მოწაფეებმა ღვთის რჯული კი არა, ფარისევლების მიერ დადგენილი ის მკაცრი წესები დაარღვიეს, რომლითაც ადგენდნენ, თუ რისი კეთება ითვლებოდა შაბათს უკანონოდ. იმის თვალსაჩინოდ დასანახვებლად, რომ ღმერთი არასდროს მოითხოვდა შაბათთან დაკავშირებული კანონებისადმი ასეთი უკიდურესი სიმკაცრით მიდგომას, იესომ 1მეფეთა 21:4—7–ში ჩაწერილი შემთხვევა მოიშველია. მოშიებულმა დავითმა და მისმა თანმხლებმა პირებმა, რომლებიც კარავთან შეჩერდნენ, ნაკურთხი პური შეჭამეს, რომელიც მალე უნდა შეეცვალათ. ძველ პურებს, ჩვეულებრივ, მღვდლები ჭამდნენ. მიუხედავად ამისა, დავითი და მისი თანმხლები კაცები ამ შემთხვევაში პურების ჭამისათვის არ გაკიცხულან. აღსანიშნავია, რომ ეს ბიბლიაში ჩაწერილი ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მღვდლების ნაცვლად სხვებმა ჭამეს ნაკურთხი პურები. იესომ იცოდა, ზუსტად რომელი შემთხვევა უნდა მოეყვანა; გარდა ამისა, მისი იუდეველი მსმენელებისთვისაც ცნობილი იყო ეს ისტორია (მათე 12:1—8).

21 იესო მართლაც დიდებული მასწავლებელი იყო! ჩვენ ძალიან გვაოცებს ჭეშმარიტების გადმოცემის მისი შეუდარებელი უნარი, რომლის გამოყენებითაც მსმენელთა გულებს სწვდებოდა. მაგრამ, როგორ მივბაძოთ მას მასწავლებლობაში? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 იესო მრავალგვარ მაგალითს იყენებდა. ეს შეიძლება ყოფილიყო თვალსაჩინო მაგალითი, შედარება ან მეტაფორა. ის აგრეთვე ცნობილი იყო იგავების გამოყენებით. იგავი კი, განმარტების თანახმად, „ზნეობრივ-დამრიგებლური შინაარსის მოკლე ალეგორიული მოთხრობაა“.

გახსოვთ თუ არა?

• რატომ ასწავლიდა იესო მაგალითებით?

• რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ იესოს მსმენელებს შეეძლოთ ადვილად მიმხვდარიყვნენ მის მიერ მოყვანილი მაგალითების აზრს?

• როგორ იყენებდა იესო ოსტატურად მაგალითებში ქმნილებების შესახებ ცოდნას?

• როგორ იყენებდა იესო იმ შემთხვევებს, რომლებიც მისი მსმენელებისთვის იყო ცნობილი?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 15 გვერდზე]

იესომ მაგალითად მოიყვანა მონის შემთხვევა, რომელმაც შედარებით პატარა ვალიც კი არ აპატია თანამოძმეს, აგრეთვე — თუ როგორ მიუტევა მამამ თავის ძეს, რომელმაც მთელი ქონება გაფლანგა.

[სურათი 16 გვერდზე]

რა აზრი იყო ჩადებული იესოს იგავში კეთილ სამარიელზე?

[სურათი 17 გვერდზე]

ნამდვილად სცნობს ცხვარი თავისი მწყემსის ხმას?