არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„არაფერს შევცვლიდი!“

„არაფერს შევცვლიდი!“

ბიოგრაფია

„არაფერს შევცვლიდი!“

მოგვითხრო გლედის ალენმა

„ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდე, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?“ — მეკითხებიან ზოგჯერ. მე კი გულახდილად ვპასუხობ: „არაფერს შევცვლიდი!“. ნება მომეცით, აგიხსნათ, რატომ ვფიქრობ ასე.

როდესაც ორი წლის ვიყავი, 1929 წლის ზაფხულში, მამაჩემის, მეთიუ ალენის, ცხოვრებაში სასიამოვნო რამ მოხდა. მაშინ მამაჩემმა შეიძინა ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარების მიერ (ასე ერქვათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) გამოქვეყნებული ბროშურა „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. დაუყოვნებლივ რამდენიმე გვერდი წაიკითხა და შემდეგი სიტყვები თქვა: „ასეთი შესანიშნავი რამ არასოდეს წამიკითხავს!“.

მალე მამაჩემმა ბიბლიის მკვლევართა სხვა პუბლიკაციებიც იშოვა. მას დრო არ დაუკარგავს და მეზობლებთან მაშინვე დაიწყო წაკითხულის თაობაზე საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენს სოფელში იეჰოვას მოწმეთა კრება არ იყო. მამაჩემი ხვდებოდა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო ქრისტიანებთან რეგულარული ურთიერთობა და ამიტომ 1935 წელს ონტარიოს ერთ პატარა ქალაქში, ორენვილში (კანადა), გადავსახლდით, რადგან იქ იეჰოვას მოწმეთა კრება იყო.

იმ დროს კრების შეხვედრებზე ბავშვების დასწრებას დიდი ყურადღება არ ეთმობოდა და ისინიც, სანამ მშობლები კრების შეხვედრებზე იყვნენ, ეზოში თამაშობდნენ ხოლმე. მამაჩემს ეს არ მოსწონდა და ამას ასე ასაბუთებდა: „შეხვედრებზე დასწრება თუ ჩემთვისაა კარგი, მაშინ ჩემი შვილებისთვისაც კარგი უნდა იყოს“. თუმცა კრებაში ჯერ ახლები ვიყავით, მამაჩემმა ჩემს ძმა ბობს, ჩემს დებს, ელას და რუბის, და ასევე მეც გვითხრა, რომ შეხვედრებს დავსწრებოდით. ასეც მოვიქეცით და მოგვიანებით სხვა ბავშვებმაც დაიწყეს მშობლებთან ერთად შეხვედრებზე დასწრება. მალე კრების შეხვედრებზე დასწრება და კომენტარებში მონაწილეობა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

მამას ძალიან უყვარდა ბიბლია და საოცარი ოსტატობით წარმოგვიდგენდა ხოლმე ბიბლიური ისტორიების ინსცენირებას. სწორედ ამის მეშვეობით ჩაგვინერგა ჯერ კიდევ პატარა გულებში ის მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომლებსაც დღესაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ ხოლმე. ერთ-ერთი, რაც ამ წუთში მომდის თავში, ის არის, რომ იეჰოვა თავის მორჩილ ადამიანებს კურთხევებს არ აკლებს.

მამა იმასაც გვასწავლიდა, რომ ჩვენი მრწამსის ასახსნელად და დასაცავად ბიბლია გამოგვეყენებინა. ამას თამაშებით ვაკეთებდით. მამა იტყოდა ხოლმე: „მჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში წავალ. მოდი და დამიმტკიცეთ, რომ ეს ასე არ იქნება“. რუბი და მე ბიბლიის სიმფონიაში ამ სწავლების გამაბათილებელ მუხლებს ვეძებდით. მუხლებს რომ წავუკითხავდით, მამა გვეტყოდა: „საინტერესოა, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვდგავარ“. ასე რომ, კვლავ სიმფონიას ვუბრუნდებოდით. ასე საათობით გრძელდებოდა მანამ, სანამ მამა ჩვენი პასუხებით დაკმაყოფილდებოდა. ამის წყალობით რუბი და მე ჩვენი მრწამსის ახსნასა და რწმენის დაცვაში დავხელოვნდით.

კაცთმოშიშების დაძლევა

მიუხედავად იმისა, რომ სახლში და კრებაში კარგი მომზადება მქონდა მიღებული, საერთო ჯამში, იყო ისეთი რამაც, რაც მიძნელდებოდა. ბევრი ახალგაზრდის მსგავსად, არც მე მსურდა სხვებისგან განსხვავებული ვყოფილიყავი, განსაკუთრებით კი კლასელებისგან. ჩემი რწმენის პირველი გამოცდა დაკავშირებული იყო „საინფორმაციო მსვლელობასთან“.

რას ნიშნავდა ეს? ძმებისა და დებისგან შემდგარი ჯგუფი ქალაქის მთავარ ქუჩებზე პლაკატებით ჩაივლიდა ხოლმე. ჩვენს ქალაქში 3000 კაცი ცხოვრობდა და ერთმანეთს თითქმის ყველა იცნობდა. ერთ-ერთი ასეთი საინფორმაციო მსვლელობისას, მე ბოლოში მივდიოდი და მიმქონდა პლაკატი, რომელზეც ეწერა: „რელიგია სატყუარა და თაღლითობაა“. რამდენიმე ჩემმა თანასკოლელმა თვალი მომკრა, მაშინვე უკან ამომიდგნენ და თანაც ეროვნულ ჰიმნს მღეროდნენ: „უფალო გადაარჩინე მეფე“. როგორ მოვიქეცი? მაშინვე მგზნებარედ დავიწყე ლოცვა, რომ გზა გამეგრძელებინა. როგორც იქნა, მსვლელობა დავამთავრეთ და მაშინვე სამეფო დარბაზში გავიქეცი, პლაკატი დავტოვე და სახლს მივაშურე. მაგრამ ერთმა ხელმძღვანელმა ძმამ მითხრა, რომ მეორე მსვლელობა იწყებოდა და კიდევ ერთი კაცი იყო საჭირო პლაკატის სატარებლად. კვლავ გავედით ქუჩაში, მაგრამ ახლა ისე მხურვალედ ვლოცულობდი, როგორც არასდროს. ამასობაში ჩემი სკოლელები დაღლილიყვნენ და სახლში წასულიყვნენ. ახლა იეჰოვას გაძლიერებას კი აღარ ვთხოვდი, მადლობას ვუხდიდი (იგავნი 3:5).

ჩვენი ოჯახის კარი სრული დროით მსახურებისთვის მუდამ ღია იყო. ისინი ყოველთვის მხიარულები იყვნენ და ჩვენც ძალიან გვსიამოვნებდა მათი მასპინძლობა. პატარაობიდანვე მშობლები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ სრული დროით მსახურების დაწყება მომავლისათვის საუკეთესო მიზანი იქნებოდა.

მეც, წახალისებულმა, 1945 წელს სრული დროით მსახურება დავიწყე. მოგვიანებით კი ჩემს და ელას შევუერთდი, რომელიც პიონერად მსახურობდა ლონდონში (ონტარიო). აქ გამაცნეს მსახურების ახალი ფორმა, რომელზეც ვფიქრობდი, რომ ვერასდროს შევძლებდი ასე მსახურებას — ძმები ბარებში დადიოდნენ და კლიენტებს „საგუშაგო კოშკს“ და „ნუგეშს“ (ახლა „გამოიღვიძეთ!“) სთავაზობდნენ. საბედნიეროდ, ამას შაბათობით ნაშუადღევს აკეთებდნენ ხოლმე და მე მთელი კვირა მქონდა წინ, რომ ლოცვებში იეჰოვასთვის გამბედაობა მეთხოვა! ამის გაკეთება ადვილი არ იყო, მაგრამ იეჰოვას კურთხევები არ მოუკლია ჩემთვის.

მეორე მხრივ, ისიც ვისწავლე, როგორ შემეთავაზებინა „ნუგეშის“ სპეციალური გამოშვება, რომელიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ჩვენი ძმების დევნას ეხებოდა, კანადელი მსხვილი ბიზნესმენებისთვის, მათ შორის დიდი კორპორაციების პრეზიდენტებისთვის. წლებმა დამანახვა, რომ იეჰოვა ყოველთვის გვიდგას მხარში, თუკი მას ვენდობით. როგორც მამაჩემი იტყოდა ხოლმე, იეჰოვა მათ აკურთხებს, ვინც მას ემორჩილება.

ვეხმაურები კვებეკში მსახურების მოწვევას

1940 წლის 4 ივლისს კანადაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა. მოგვიანებით აკრძალვა მოიხსნა, მაგრამ ჩვენ კვლავ გვდევნიდნენ კვებეკის პროვინციაში, სადაც რომის კათოლიკური ეკლესია ბატონობდა. ჩატარდა სპეციალური კამპანია ტრაქტატით „ღვთის, იესოსა და თავისუფლებისადმი კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი მთელ კანადას არცხვენს“, რომელიც იმაზე მიუთითებდა, თუ რა არაადამიანურად ექცეოდნენ ჩვენს ძმებს იქ. კამპანიის ჩატარების წინ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ნეითან ნორი მონრეალში ასობით პიონერს შეხვდა, რომ აეხსნა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმ საქმიანობას, რის წამოწყებასაც ვაპირებდით. ძმა ნორმა ისიც გვითხრა, რომ კამპანიაში მონაწილეობის მიღების გამო შესაძლებელი იყო, დავეპატიმრებინეთ და ციხეშიც კი ჩავესვით. ეს მართლაც ასე მოხდა! გარკვეული დროის მონაკვეთში უკვე 15 ჯერ ვიყავი დაპატიმრებული. მსახურებაში გასვლის წინ კბილის ჯაგრისსა და სავარცხელს ყოველთვის ჩანთაში ვდებდით იმ შემთხვევისთვის, თუ ღამის გათენება სატუსაღოში მოგვიხდებოდა.

თავდაპირველად ძირითად საქმეს საღამოობით ვაკეთებდით, რომ ყურადღება რაც შეიძლება ნაკლებად მიგვეპყრო. მე ტრაქტატები სხვა ჩანთაშიც მქონდა, რომელიც პალტოს შიგნით ყელზე მქონდა ჩამოკიდებული. ტრაქტატებით სავსე ჩანთა გაბერილი იყო და ამიტომ ფეხმძიმეს ვგავდი. ეს ძალიან მეხმარებოდა, როდესაც ჩემს ტერიტორიაზე ტრამვაით მივდიოდი ხოლმე. ბევრჯერ ამდგარან თავაზიანი მამაკაცები და „ფეხმძიმე“ ქალბატონისთვის ადგილი დაუთმიათ.

დროთა განმავლობაში, დღისითაც დავიწყეთ პუბლიკაციების გავრცელება. სამ-ოთხ ბინაში დავუტოვებდით ხოლმე ტრაქტატებს, შემდეგ კი სხვა ტერიტორიაზე მივდიოდით. ეს კარგად გამოგვდიოდა. მაგრამ, თუ რომელიმე კათოლიკე მღვდელი გაიგებდა, სად ვიყავით, განსაცდელი გველოდა. ერთხელ, ერთმა მღვდელმა 50-60 კაცი და ბავშვი შეკრიბა, რომ ჩვენთვის პომიდორი და კვერცხი დაეშინათ. იმ დღეს ერთ-ერთი დის სახლს შევაფარეთ თავი და ღამეც იქვე, იატაკზე, გავათენეთ.

კვებეკში ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის რომ ექადაგათ, პიონერებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ასე რომ, 1958 წლის დეკემბერში მე და ჩემმა დამ, რუბიმ, ფრანგულის სწავლა დავიწყეთ. მას შემდეგ რამდენიმე ფრანგულენოვან პროვინციულ ტერიტორიაზე დაგვნიშნეს. თითოეული დანიშნულებისას უნიკალური შემთხვევები გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეში რვა საათი დავდიოდით კარდაკარ, ერთგან მთელი ორი წლის განმავლობაში არავინ გამოგვხმაურებია! მობინადრეები უბრალოდ მოდიოდნენ კართან, იხედებოდნენ და, როდესაც გვხედავდნენ, უკან ბრუნდებოდნენ. ჩვენ ფარ-ხმალს არ ვყრიდით. დღეისათვის ამ პატარა ქალაქში ორი შესანიშნავი კრებაა.

იეჰოვა ყოველმხრივ გვიჭერდა მხარს

1965 წელს სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს. სწორედ ამ სახის მსახურებამ დაგვანახვა 1 ტიმოთეს 6:8-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვების სრული არსი: „თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“. ცხოვრება ხელმომჭირნედ გვიწევდა. გადადებული გვქონდა გათბობის, ქირის, სინათლისა და საჭმლის ფული. ყველა დანარჩენისთვის კი მთელი თვის განმავლობაში სულ 25 ცენტიღა გვრჩებოდა.

რადგან ფული ცოტა გვქონდა, სახლს სულ რამდენიმე საათით ვათბობდით ღამღამობით, რის გამოც ჩვენს საძინებელ ოთახში 15 გრადუსზე მეტი სითბო არასდროს ყოფილა. ხშირად უფრო ციოდა კიდეც. ერთ დღეს მათი ვაჟი გვესტუმრა, ვისაც რუბი ბიბლიას ასწავლიდა. ალბათ, სახლში რომ დაბრუნდა, დედას უთხრა, რომ ვიყინებოდით. მას შემდეგ ის ქალი ყოველთვიურად 10 კანადურ დოლარს გვიგზავნიდა, საწვავი რომ გვეყიდა და გავმთბარიყავით. ასე რომ, სიღატაკე არასგზით გვიგრძვნია. მდიდრები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ყოველთვის გვქონდა ის, რაც აუცილებელი იყო. ვფიქრობდით, რომ თუ რაიმე ზედმეტი გვქონდა, ეს კურთხევა იყო. მართლაცდა, რა ჭეშმარიტია ფსალმუნის 36:25-ში ჩაწერილი სიტყვები: „არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი“!

მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობებს ვხვდებოდი, სიამოვნებას მგვრიდა ის ფაქტი, რომ ისინი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდი, ჭეშმარიტების შესახებ შემეცნებას ითავისებდნენ. ზოგიერთმა მათგანმა სრული დროით მსახურება ცხოვრებაში მთავარ საქმედ გაიხადა და ეს განსაკუთრებით მახარებს.

ახალი განსაცდელების დაძლევა

1970 წელს კორნუოლში (ონტარიო) გაგვაგზავნეს სპეციალური პიონერული მსახურების გასაგრძელებლად. ერთი წლის შემდეგ დედაჩემი გახდა ცუდად. მამა უკვე 1957 წელს დაგვეღუპა. დედას მე და ჩემი ორი და ვუვლიდით მონაცვლეობით, სანამ 1972 წელს ისიც არ გარდაიცვალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ელა ლისიზა და ანა კოვალენკო, რომლებთან ერთადაც პიონერებად ვმსახურობდით, გვერდში გვედგნენ და დიდად გვეხმარებოდნენ. როდესაც ჩვენ ვერ ვახერხებდით, ისინი ატარებდნენ ჩვენს შესწავლებს და ასრულებდნენ სხვა მოვალეობებს. მართლაცდა, რა ჭეშმარიტია იგავნის 18:24-ში ჩაწერილი სიტყვები: „ზოგი მეგობარი... ძმაზე მოყვარულია“!

ცხოვრება სავსეა სიძნელეებით. იეჰოვას მოსიყვარულე დახმარებით მივარღვევ ცხოვრების გზას და კვლავ სიხარულით ვმსახურობ სრული დროით. ბობმა, რომელიც 1993 წელს დაიღუპა, 20 წელზე მეტი ხანი იმსახურა პიონერად, აქედან 10 წელი თავის მეუღლე დოლისთან ერთად. ჩემი უფროსი და ელა, რომელიც 1998 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, 30 წელზე მეტხანს მსახურობდა პიონერად და, ყოველთვის პიონერულ სულს ინარჩუნებდა. რუბის კი 1991 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მაინც ქადაგებდა. მან იუმორის გრძნობა სიკვდილამდე შეინარჩუნა. სამწუხაროდ, რუბი 1999 წლის 26 სექტემბრის დილას გარდაიცვალა. მართალია აღარ მყავს და, მაგრამ მაქვს და-ძმებისგან შემდგარი სულიერი ოჯახი, რომელიც იუმორის გრძნობის შენარჩუნებაში მეხმარება.

როდესაც ჩემს წარსულს ვიხსენებ, ვფიქრობ: რას შევცვლიდი? არასდროს გავთხოვილვარ, მაგრამ ჩემთვის კურთხევა იყო მოსიყვარულე მშობლების, ძმისა და დების ყოლა, რომლებმაც ცხოვრებაში პირველ ადგილზე ჭეშმარიტება დააყენეს. მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ეს იმედი ჩემთვის იმდენად რეალურია, რომ ვგრძნობ, როგორ ჩამეხუტება მამა, როგორ ჩამოუგორდება დედას ლოყებზე ცრემლი და როგორ გადავეხვევით ყველა ერთმანეთს. ელა, რუბი და ბობი აღტაცებისგან ხტუნვას დაიწყებენ.

მანამდე კი გადავწყვიტე, რომ ის ჯანმრთელობა და ენერგია, რომელიც ჯერ კიდევ მაქვს, იეჰოვას ქებასა და განდიდებას მოვახმარო. სრული დროით პიონერად მსახურებაში ცხოვრების გატარება შესანიშნავი, კურთხევებით აღსავსე ცხოვრებაა. ეს სწორედ ისეა, როგორც ფსალმუნმომღერალმა თქვა მათ შესახებ, ვინც იეჰოვას გზებით დადის: „ნეტარება შენ და სიკეთე შენ!“ (ფსალმუნი 127:1, 2).

[სურათები 26 გვერდზე]

მამაჩემს ბიბლია ძალიან უყვარდა და გვასწავლიდა, რომ ჩვენი რწმენის დასაცავად გამოგვეყენებინა.

[სურათი 28 გვერდზე]

მარცხნიდან მარჯვნივ: რუბი, მე, ბობი, ელა, დედა და მამა 1947 წელს

[სურათი 28 გვერდზე]

წინა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: მე, რუბი და ელა 1998 წელს გამართულ საოლქო კონგრესზე.