არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნოეს რწმენა მსჯავრს სდებს მსოფლიოს

ნოეს რწმენა მსჯავრს სდებს მსოფლიოს

ნოეს რწმენა მსჯავრს სდებს მსოფლიოს

გსმენიათ ღვთისმოშიში კაცის, ნოეს შესახებ, რომელმაც მსოფლიო წარღვნისგან თავის გადასარჩენად კიდობანი ააგო? მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ათასწლეულების წინ მოხდა, ის მილიონებისთვისაა ცნობილი. მაგრამ ბევრი ვერ ხვდება, რომ ნოეს ცხოვრება მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის.

რატომ უნდა დავინტერესდეთ ათასწლეულების წინ მომხდარი მოვლენით? არის რაიმე მსგავსება ნოესა და ჩვენ მდგომარეობას შორის? თუ დიახ, მაშ როგორ შეიძლება მისი მაგალითი სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის?

მსოფლიო ნოეს დღეებში

ბიბლიური ქრონოლოგიით ნოე ძვ. წ. 2970 წელს, ადამის სიკვდილიდან 126 წლის შემდეგ, დაიბადა. ნოეს დღეებში დედამიწა ძალადობით იყო სავსე, რადგან ადამის შთამომავლების უმრავლესობამ წინაპრის მსგავსად თვითნებობა ირჩია. ამიტომაც „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბადება 6:5, 11, 12).

იეჰოვას გულისტკივილის მიზეზი მხოლოდ ადამიანთა ამბოხება არ ყოფილა. წიგნი „დაბადება“ განაგრძობს: «დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა... ბუმბერაზები [„ნეფილიმები“, აქ] იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი» (დაბადება 6:2—4). ამ მუხლების შედარება მოციქულ პეტრეს სიტყვებთან ცხადყოფს, რომ „ღვთისშვილები“ ურჩი ანგელოზები იყვნენ, ხოლო ნეფილიმები — მიწიერ ქალებსა და განდგომილ, ხორცშესხმულ ანგელოზებს შორის დამყარებული უკანონო სქესობრივი კავშირის შედეგად გაჩენილი ჰიბრიდები (1 პეტრე 3:19, 20).

„ნეფილიმი“ ნიშნავს „დამქცევს“ ანუ დამაქცევარს. ისინი ტირანები და ჩხუბისთავები იყვნენ, ხოლო მათი ავხორცი მამების ცოდვა სოდომისა და გომორის უკუღმართობასაა შედარებული (იუდა 6, 7). მათ დედამიწაზე აუტანელი ბოროტების აღზევებას შეუწყეს ხელი.

„მართალი თავის თაობაში“

ბოროტება იმდენად იყო გავრცელებული, რომ ღმერთმა კაცობრიობის მოსპობა გადაწყვიტა. მაგრამ ღვთის მიერ შთაგონებული ჩანაწერები ამბობს: „ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში... მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე“ (დაბადება 6:8, 9). როგორ იყო შესაძლებელი ‘ღმერთთან სიარული’ უღვთო წუთისოფელში, რომელიც მხოლოდ განადგურებას იმსახურებდა?

უეჭველია, ნოემ ბევრი რამ ისწავლა თავისი მამის, ლამექისგან, რომელიც ადამის თანამედროვე და ღვთის მორწმუნე იყო. როდესაც თავის ვაჟს ნოეს არქმევდა (რაც ნიშნავს „დასვენებას“ ან „ნუგეშს“), ლამექმა იწინასწარმეტყველა: „ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა“. ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როდესაც ღმერთმა თქვა, რომ აღარასოდეს დასწყევლიდა დედამიწას (დაბადება 5:29; 8:21).

ღვთისმოშიში მშობლების ყოლა იმას არ ნიშნავს, რომ შვილებიც სულიერი ადამიანები იქნებიან. თითოეულმა პირადად უნდა განავითაროს ურთიერთობა იეჰოვასთან. ნოე „ღმერთთან დადიოდა“, რადგან ცდილობდა ღვთისმოსაწონი გზით ევლო. იმ ცოდნამ, რაც მას ღვთის შესახებ ჰქონდა, ნოე ღვთის მსახურებისკენ აღძრა. ნოეს რწმენა მაშინაც არ შერყეულა, როდესაც ღმერთმა თავის განზრახვა გაუმხილა, რომ ‘ყოველ ხორციელს წარღვნით მოსპობდა’ (დაბადება 6:13, 17).

დარწმუნებული იმაში, რომ ეს არნახული განადგურება მოხდებოდა, ნოე დაემორჩილა იეჰოვას მითითებას: „გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს. შიგნით და გარეთ ფისით შეფისე“ (დაბადება 6:14). კიდობნის მშენებლობასთან დაკავშირებული ღვთის მითითებების შესრულება იოლი როდი იყო. მიუხედავად ამისა „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა“. (დაბადება 6:22). ნოეს ამაში ცოლი, შვილები — სემი, ქამი, იაფეთი — და რძლები ეხმარებოდნენ. იეჰოვამ აკურთხა ასეთი რწმენა. რა შესანიშნავი მაგალითია დღევანდელი ოჯახებისთვის!

რა მოითხოვებოდა კიდობნის ასაშენებლად? იეჰოვამ ნოეს უბრძანა უზარმაზარი, წყალგაუმტარი, სამსართულიანი ხის ყუთის აგება, რომელიც სიგრძით — 133, სიგანით — 22 და სიმაღლით 13 მეტრი უნდა ყოფილიყო (დაბადება 6:15, 16). ასეთი ხომალდი თანამედროვე სატვირთო გემის მოცულობის უნდა ყოფილიყო.

რა გრანდიოზული წამოწყება იყო! უეჭველია, რომ ეს ათასობით ხის მოჭრას, სამშენებლო ობიექტამდე მიზიდვას და მათ კოჭებად და ფიცრებად დახერხვას მოითხოვდა. საჭირო იქნებოდა ხარაჩოების აგება, ლურსმნების ან პალოების, აგრეთვე ფისის დამზადება კიდობნის წყალგაუმტარობისთვის; აგრეთვე ჭურჭლის შეძენა სურსათისა და წყლის მოსამარაგებლად, სამუშაო იარაღების შოვნა და სხვა მრავალი რამ. ეს საქმე ალბათ ვაჭრებთან მოლაპარაკებას, საქონლისა და მომსახურებისთვის საზღაურის გადახდას მოითხოვდა. როგორც ჩანს, დურგლის ოსტატობაც საჭირო იყო საჭირო ზომის ფიცრების დასახერხად და საკმაოდ მყარი კონსტრუქციის კიდობნის ასაგებად. წარმოიდგინეთ, მშენებლობა დაახლოებით 50—60 წელი გრძელდებოდა.

შემდეგ ნოეს საკმარისი საკვების მომარაგებაზე უნდა ეზრუნა (დაბადება 6:21). მას უამრავი ცხოველი უნდა შეეკრიბა და კიდობანში შეეყვანა. ნოემ ყველაფერი შეასრულა, რაც ღმერთმა დაავალა; და ამასობაში სამუშაოც დასრულდა (დაბადება 6:22). იეჰოვასგან კურთხევა სრული წარმატების გარანტია იყო.

„სიმართლის მქადაგებელი“

ნოე არა მხოლოდ აშენებდა, არამედ აფრთხილებდა ხალხს და ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს, როგორც „სიმართლის მქადაგებელი“. მაგრამ ადამიანები „არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი“ (2 პეტრე 2:5; მათე 24:38 39, სსგ).

თუ მხედველობაში მივიღებთ იმდროინდელ სავალალო სულიერ მდგომარეობას, ადვილი წარმოსადგენია, როგორი დაცინვისა და ცუდად მოპყრობის ატანა უწევდა ნოეს ოჯახს ურწმუნო მეზობლებისგან. ხალხს, ალბათ, ისინი ჭკუიდან შეშლილებად მიაჩნდათ. მაგრამ ნოემ შეძლო თავისი სახლეულის სულიერად გამხნევება და დახმარება; რადგან ისინი არასოდეს დასდგომიან გარყვნილების, უზნეობისა და ურჩობის იმ გზას, რომელსაც მათი თანამედროვე უღვთო ხალხი ადგა. თავისი სიტყვითა და საქციელით, რაც მის რწმენაზე მეტყველებდა, ნოემ მსჯავრი დასდო მაშინდელ წუთისოფელს (ებრაელთა 11:7).

წარღვნას გადარჩენილები

წარღვნამდე ცოტა ხნით ადრე ღმერთმა უთხრა ნოეს, რომ უკვე დასრულებულ კიდობანში შესულიყო. როდესაც მისი ოჯახის წევრები და ცხოველები შიგნით შევიდნენ, ყველა დამცინავს „დაუგმანა კარი უფალმა“. როგორც ჩანს, წარღვნისას ურჩმა ანგელოზებმა მოიშორეს ადამიანური სხეულები და ამგვარად გადაურჩნენ განადგურებას. მაგრამ რა მოუვიდათ დანარჩენებს? კიდობნის გარეთ დარჩენილი ყოველი ცოცხალი ქმნილება, ნეფილიმების ჩათვლით, განადგურდა. გადარჩა მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი (დაბადება 7:1—23).

ნოემ და მისმა ოჯახის წევრებმა კიდობანში, მთვარის კალენდრის მიხედვით, წელიწადი და ათი დღე დაჰყვეს. ისინი კვებავდნენ და არწყულებდნენ ცხოველებს, ცხოველთა სადგომებიდან გაჰქონდათ ნაგავი, აღრიცხავდნენ დროს. წიგნი „დაბადება“ სავახტო ჟურნალივით წარღვნის ყველა ეტაპს ზუსტად ათარიღებს და ზუსტად გადმოგვცემს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები (დაბადება 7:11, 17, 24; 8:3—14).

უეჭველია, კიდობანში ყოფნისას ნოე თავის ოჯახის წევრებთან სულიერ საკითხებზე მსჯელობდა და ღმერთს მადლობას სწირავდა. როგორც ჩანს, ნოესა და მისი ოჯახის წყალობით ჩვენამდე მოაღწია წარღვნამდელმა ისტორიამ. საიმედო ზეპირ გადმოცემებსა და მათთვის ხელთ არსებულ ისტორიულ საბუთებზე დაფიქრება ნოეს ოჯახისთვის სასარგებლო იქნებოდა წარღვნის დროს.

როგორ გაიხარებდნენ ნოე და მისი ოჯახის წევრები, როდესაც კვლავ მშრალ მიწაზე დაადგამდნენ ფეხს! პირველ რიგში ნოემ სამსხვერპლო ააგო; მან მღვდლის მოვალეობა შეასრულა და მსხვერპლი შესწირა მას, ვინც მათი სიცოცხლე იხსნა (დაბადება 8:18—20).

„როგორც იყო ნოეს დღეები“

„როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“,— თქვა იესო ქრისტემ (მათე 24:37). დღეს ქრისტიანებიც სიმართლის მქადაგებლები არიან, რომლებიც მონანიებისკენ მოუწოდებენ ხალხს (2 პეტრე 3:5—9). როდესაც ასეთ მსგავსებას ვხედავთ, ალბათ გვაინტერესებს, თუ რაზე ფიქრობდა ნოე წარღვნამდე. ხომ არ დაუფლებია ოდესმე ისეთი გრძნობა, რომ მისი ქადაგება ფუჭი იყო? დროდადრო ხომ არ იღლებოდა? ბიბლია ამის შესახებ არაფერს ამბობს. მასში უბრალოდ ნათქვამია, რომ ნოე დაემორჩილა ღმერთს.

ხედავთ რაიმე საერთოს ნოესა და ჩვენს სიტუაციას შორის? წინააღმდეგობებისა და სირთულეების მიუხედავად ის დაემორჩილა იეჰოვას. ამიტომაც იეჰოვამ ის მართლად მიიჩნია. ნოეს ოჯახმა არ იცოდა ზუსტად როდის მოვიდოდა წარღვნა, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. ღვთის სიტყვისადმი რწმენა აძლებინებდა ნოეს მძიმედ შრომის წლებში და, ერთი შეხედვით, უშედეგოდ ქადაგების დროს. ამიტომაც, ბიბლიაში ნათქვამია: „რწმენით იყო, რომ მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად. ამით მსჯავრი დასდო წუთისოფელს და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის ძალით“ (ებრაელთა 11:7).

საიდან ჰქონდა ნოეს ასეთი რწმენა? როგორც ჩანს, ის დროს უთმობდა ყოველივე იმაზე ფიქრს, რაც იეჰოვას შესახებ იცოდა და ამ შემეცნებით ხელმძღვანელობდა. უეჭველია, ნოე ლოცვით ესაუბრებოდა ღმერთს. ფაქტობრივად, მან ისე ახლოს გაიცნო იეჰოვა, რომ ის „ღმერთთან დადიოდა“. როგორც ოჯახის თავი, ნოე სიხარულით უთმობდა დროს ოჯახს და სიყვარულით ზრუნავდა თითოეულ წევრზე — ცოლის, სამი ვაჟისა და რძლების სულიერ მოთხოვნილებებზე.

ნოეს მსგავსად, დღეს ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ მალე იეჰოვა გაანადგურებს ამ უღვთო წუთისოფელს. ჩვენ არ ვიცით დღე და საათი, მაგრამ გვესმის, რომ თუ რწმენასა და მორჩილებაში მივბაძავთ ამ „სიმართლის მქადაგებელს“,“სულს ვიხსნით“ (ებრაელთა 10:36—39).

[ჩარჩო 29 გვერდზე]

ნამდვილად მოხდა წარღვნა?

ანთროპოლოგებმა წარღვნის შესახებ 270-ზე მეტი ლეგენდა შეკრიბეს მსოფლიოს თითქმის ყველა ერიდან და ტომიდან. „მთელ მსოფლიოში ყველგან არსებობს ცნობები წარღვნის შესახებ, — ამბობს მეცნიერი კლაუს ვესტერმანი, — შემოქმედების შესახებ ცნობების მსგავსად, ის ჩვენი ძირითადი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ნამდვილად გასაოცარია, რომ დედამიწის ყოველ კუთხეში მოიპოვება ცნობები უძველესი მსოფლიო წარღვნის შესახებ“. რით აიხსნება ეს? კომენტატორი ენრიკო გალბიატი ამბობს: „სხვადასხვა ხალხებში წარღვნის შესახებ გადმოცემების არსებობა იმ ისტორიული ფაქტის რეალობაზე მეტყველებს, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადმოცემებს“. მაგრამ ქრისტიანებისთვის სწავლულთა შენიშვნებზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ იესო წარღვნას კაცობრიობის ისტორიაში ნამდვილად მომხდარ მოვლენად მიიჩნევდა (ლუკა 17:26).

[ჩარჩო 30 გვერდზე]

ნეფილიმები მითოლოგიაში?

ღმერთებსა და ადამიანებს შორის სასიყვარულო კავშირისა და ამ კავშირის შედეგად დაბადებული „გმირების“ ან „ღმერთკაცების“ შესახებ თქმულებები გავრცელებული იყო ბერძნების, ეგვიპტელების, უგარითების, ხურიტებისა და მესოპოტამელების თეოლოგიაში. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთებს ადამიანის მსგავსი სხეულები ჰქონდათ და ძალიან ლამაზები იყვნენ. ისინი ჭამდნენ, სვამდნენ, იძინებდნენ, ამყარებდნენ სქესობრივ კავშირს, ჩხუბობდნენ, იბრძოდნენ, აცდუნებდნენ და აუპატიურებდნენ; თუმცა წმინდებად იყვნენ მიჩნეული, ისინი ტყუილსაც კადრულობდნენ და დანაშაულის ჩადენასაც. აქილევსის მსგავსი გმირები ღმერთებისა და ადამიანების შთამომავლებად იყვნენ ცნობილი. თუმცა ზეადამიანური უნარით იყვნენ დაჯილდოებული, უკვდავნი არ ყოფილან. ასე რომ, ის რასაც დაბადება ამბობს ნეფილიმების შესახებ, ნათელს ჰფენს ასეთი მითების შესაძლო ან სავარაუდო საწყისს.