არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გეუფლება ისეთი გრძნობა, რომ არასწორად გიგებენ?

გეუფლება ისეთი გრძნობა, რომ არასწორად გიგებენ?

გეუფლება ისეთი გრძნობა, რომ არასწორად გიგებენ?

ანტონიო შეშფოთებული იყო. მოულოდნელად და გაუგებარი მიზეზის გამო მისი კარგი მეგობარი, ლეონარდო, გულგრილი გახდა მასთან ურთიერთობაში a. სხვადასხვა ვითარებაში ყოფნისას ლეონარდო ანტონიოს მისალმებაზე არ პასუხობდა და როდესაც ერთად იყვნენ, იგრძნობოდა, რომ მათ შორის კედელი იყო აღმართული. ანტონიო შიშობდა, ისეთი ხომ არაფერი გააკეთა ან თქვა, რომ მისმა მეგობარმა არასწორად გაიგო. მაგრამ ასეთი რა გააკეთა ან რა თქვა?

გაუგებრობები ჩვეულებრივი მოვლენაა. ხშირ შემთხვევაში ისინი უმნიშვნელო და ადვილი მოსაგვარებელია. ზოგჯერ გაუგებრობებმა შეიძლება დიდი გულისტკივილი გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენზე შექმნილი არასწორი შთაბეჭდილებები, ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, არ ქარწყლდება. რა იწვევს გაუგებრობებს? როგორ მოქმედებს ისინი მათზე, რომელთა შორისაც ხდება გაუგებრობა? რის გაკეთება შეგიძლია, თუ სხვები არასწორად იგებენ შენს საქციელს? ნამდვილად აქვს იმას მნიშვნელობა, თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე?

გარდაუვალი სინამდვილე

რადგან სხვებს არ შეუძლიათ ჩვენი ფიქრებისა და ზრახვების ამოცნობა, ადრე თუ გვიან, ვიღაც არასწორად გაიგებს ჩვენს ნათქვამს ან მოქმედებას. გაუგებრობების მოხდენის ალბათობა საკმაოდ დიდია. ხანდახან ჩვენ, უბრალოდ, არ გამოგვდის საკუთარი აზრების სურვილისამებრ ზუსტად და გასაგებად გამოთქმა. ჩვენ გარშემო ატეხილმა ხმაურმა და სხვა ხელის შემშლელმა ფაქტორებმა შეიძლება გაუძნელოს სხვებს ჩვენი მოსმენა.

გარკვეული ზნე-ჩვეულებები და შეხედულებები ადამიანს რაღაცის არასწორად გაგებისკენ უბიძგებს. მაგალითად, მორცხვი ადამიანი შეიძლება არასწორად შეაფასონ უგულო, გულგრილ ან ამაყ პიროვნებად. შესაძლოა ადამიანის წარსულმაც იმოქმედოს იმაზე, რომ გარკვეულ სიტუაციებში მისი რეაქცია უფრო ემოციებით გამოწვეული და უსაფუძვლო იყოს. სხვადასხვა კულტურისა და ენის გამო ადამიანები ისე ვერ უგებენ ერთმანეთს, როგორც ეს თავად სურთ. ამ ყველაფერს სხვების მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაცია და მითქმა-მოთქმაც ემატება; და ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ზოგჯერ ის შეფასება, რომელიც ვინმეს ნათქვამს ან საქციელს უკეთდება, სინამდვილისგან განსხვავდება. რასაკვირველია, ყოველივე ამის ცოდნა ვერ მოუტანს ნამდვილ ნუგეშს მათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ არასწორი მოტივები მიაწერეს.

მაგალითად, ერთხელ ანამ სხვებთან გულუბრყვილოდ აღნიშნა იმ მეგობრის პოპულარობა, რომელიც მათ შორის არ იმყოფებოდა. მათ კი მისი სიტყვები და ის, თუ რა ვითარებაში იყო ეს ყველაფერი ნათქვამი, ზუსტად ვერ გადმოსცეს. ამას კი ის მოჰყვა, რომ მოგვიანებით ანა გაოცდა და შეშფოთდა, როცა მისმა გულმოსულმა მეგობარმა რამდენიმე ადამიანის წინაშე დაადანაშაულა; მისი თქმით, ანას შურდა მისი იმის გამო, რომ ახლობელი მამაკაცი დიდ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. ანას ნათქვამი სრულიად სხვაგვარად გაიგეს. ის ყველანაირად ეცადა, დაერწმუნებინა თავისი მეგობარი იმაში, რომ არ უნდოდა მისი წყენინება, მაგრამ უშედეგოდ. შექმნილმა მდგომარეობამ დიდი ტკივილი გამოიწვია და დიდი დრო გავიდა, სანამ ანა სიტუაციის გამოსწორებას შესძლებდა.

ის, თუ როგორ შეგაფასებენ სხვები, ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ფიქრობენ შენს მოტივებზე. ამიტომ, ბუნებრივია, უხასიათოდ იყო, როცა არასწორ მოტივებს გაწერენ. შესაძლოა აღშფოთებული ხარ იმის გამო, თუ რატომ უნდა გაეგო ვინმეს შენთვის არასწორად, მაშინ როცა ამის მიზეზი არავისთვის მიგიცია. შენი აზრით, ასეთი შეფასება წინასწარშექმნილი, კრიტიკული ან სრულიად არასწორია; მათ შეუძლიათ ღრმა ჭრილობა მოგაყენონ, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატივს სცემ მათ თვალსაზრისს, ვინც არასწორი შეფასება გააკეთა.

თუმცა შეიძლება გაგაღიზიანოს იმან, თუ რას ფიქრობენ შენზე ადამიანები, მაინც მიზანშეწონილია, პატივი სცე სხვების თვალსაზრისს. ქრისტიანი არ უნდა მოეკიდოს უპატივცემულოდ იმას, თუ რას ფიქრობენ სხვები. ჩვენ არასდროს ვისურვებდით, რომ ჩვენმა სიტყვებმა ან საქციელმა ზიანი მიაყენოს ადამიანებს (მათე 7:12; 1 კორინთელთა 8:12). ამიტომ დროდადრო შეიძლება საჭირო გახდეს, გარკვეული ზომები მიიღო შენზე სხვისი არასწორი წარმოდგენის გასაქარწყლებლად. მაგრამ სხვების მოწონების დასამსახურებლად გადამეტებულმა წუხილმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს და ადამიანმა საკუთარი თავისადმი პატივისცემა დაკარგოს ან თავი უარყოფილად იგრძნოს. ბოლოს და ბოლოს შენი ნამდვილი ღირსებები იმით არ განისაზღვრება, თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე.

მეორე მხრივ, შესაძლოა მიხვდე, რომ იმას, ვინც გაკრიტიკებს, აქვს ამის საფუძველი. შესაძლოა შენთვის ესეც გულსატკენი იყოს, მაგრამ, თუ საკუთარ ნაკლოვანებებს მზადყოფნით და გულწრფელად აღიარებ, ეს კეთილსასურველად იმოქმედებს შენზე და საჭირო ცვლილებების მოსახდენად აღგძრავს.

არასასურველი შედეგები

გაუგებრობას ან მოჰყვება სერიოზული შედეგები, ან არა. მაგალითად, თუ გესმის, რომ ვიღაც მამაკაცი ხმამაღლა ლაპარაკობს რესტორანში, შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდე, რომ ის ან თავშეუკავებელი ადამიანია, ან ყურადღების მიქცევა სურს. ამ დროს შეიძლება შეცდომაში შეხვიდე. შესაძლოა ადამიანი, რომელსაც ის ელაპარაკება, სმენადაქვეითებულია. ან შეიძლება გეჩვენება, რომ მაღაზიაში არასასიამოვნო და უტაქტო გამყიდველია, მაგრამ შესაძლოა ამის მიზეზი ის არის, რომ ის თავს არ გრძნობს კარგად. თუმცა ასეთი გაუგებრობები უარყოფით შთაბეჭდილებას გვიქმნის სხვებზე, შესაძლებელია ამან არ გამოიწვიოს სერიოზული ან ხანგრძლივი პრობლემები. მაგრამ ზოგჯერ გაუგებრობა შეიძლება უბედურების მომტანი იყოს. განვიხილოთ ორი შემთხვევა ძველი ისრაელის ისტორიიდან.

როდესაც ყამონიანთა მეფე, ნახაში, მოკვდა, დავითმა მოციქულები გაგზავნა მისი შვილის, ხანუნის, სანუგეშებლად, რომელიც თავისი მამის ნაცვლად გამეფდა. მაგრამ მათი ვიზიტი არასწორად შეაფასეს; თითქოს ისინი ყამონიანთა მიწა-წყალზე შემოსული მტრულად განწყობილი მზვერავები იყვნენ, რამაც ხანუნს უბიძგა, ჯერ დაემცირებინა ეს მოციქულები, შემდეგ კი ომი გამოეცხადებინა ისრაელისთვის. შედეგად, სულ მცირე, 47 000 ადამიანი დაიღუპა და ეს ყველაფერი იმით იყო გამოწვეული, რომ კეთილი განზრახვები არასწორად გაიგეს (პირველი ნეშტთა 19:1—19).

უფრო ადრე ისრაელის ისტორიაში მომხდარი სხვა გაუგებრობა სრულიად სხვანაირად მოგვარდა. რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა მდინარე იორდანესთან თვალშისაცემი სამსხვერპლო ააგეს. დანარჩენმა ისრაელებმა ეს ორგულობად და იეჰოვას წინააღმდეგ აჯანყებად მიიღეს. ამიტომ ისინი მათზე გასალაშქრებლად შეიკრიბნენ. სანამ გადამწყვეტ ზომებს მიიღებდნენ, მაცნეები გაგზავნეს მათთან ორგულობის თაობაზე თავიანთი აღშფოთების გამოსახატავად. ისინი სწორად მოიქცნენ, რადგან მათ, ვინც სამსხვერპლო ააგო, შესაძლებლობა მიეცათ, აეხსნათ მათთვის, რომ აზრადაც არ მოსვლიათ წმინდა თაყვანისმცემლობიდან გადახვევა. პირიქით, ეს სამსხვერპლო იეჰოვასადმი მათი ერთგულების ნიშანი იყო. ამ გაუგებრობის გამო შეიძლებოდა ხოცვა-ჟლეტა გამართულიყო, მაგრამ გონივრულმა მოქმედებამ მათ თავიდან ააცილა ასეთი საშინელი შედეგები (იესო ნავეს ძე 22:10—34).

სიყვარულის სულით გაარკვიე გაუგებრობა

ამ ბიბლიური ცნობების ერთმანეთთან შედარება სასარგებლოა და ბევრ რამეს გვასწავლის. ცხადია, ყოველთვის გონივრული იქნება, საკითხს ნათელი მოვფინოთ. ვინ იცის, რამდენი გადაურჩა სიკვდილს ჩვენ მიერ განხილული ბოლო შემთხვევის დროს მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე მხარემ ერთმანეთთან მოლაპარაკება გადაწყვიტა? ხშირ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმეს ნამდვილი მოტივები არასწორად გაიგეს, მაგრამ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება კი საეჭვო გახდება. ამიტომ, თუ ფიქრობ, რომ ვინმე არასწორად მოგექცა, ხარ თუ არა დარწმუნებული, რომ ნამდვილად ჩასწვდი საქმის ვითარებას ან რამე არასწორად არ აღიქვი? ჰკითხე, თუ რა მოტივები ამოძრავებდა მას. გეჩვენება, რომ არასწორად გაგიგეს? დაელაპარაკე მას ამის შესახებ; ხელს ნუ შეაშლევინებ სიამაყეს ამის გაკეთებაში.

იესომ გაუგებრობის გასარკვევად შესანიშნავი სტიმული მოგვცა: „ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24). აქედან გამომდინარე, სწორი იქნება, მიხვიდე ამ ადამიანთან და სხვების ჩაურევლად პირისპირ ესაუბრო. საქმეს გააუარესებს, თუ ნაწყენი ადამიანი პირველად ვიღაცისგან გაიგებს შენ მიერ გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ (იგავნი 17:9). შენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ სიყვარულის სულით თქვენ შორის მშვიდობის დასადგურებას შეუწყო ხელი. გასაგებად, მარტივი სიტყვებით და დადანაშაულების გარეშე წყნარად აუხსენი, რაში მდგომარეობს პრობლემა. უთხარი, როგორ მოქმედებს ეს სიტუაცია შენს გრძნობებზე. შემდეგ მიუკერძოებლად მოისმინე მისი თვალსაზრისი. ნაჩქარევად ნუ მიაწერ მას არასწორ მოტივებს. ენდე მას, რომ არ ამოძრავებდა ცუდი მოტივები. გახსოვდეს, სიყვარულს „ყველაფერი სწამს“ (1 კორინთელთა 13:7).

რა თქმა უნდა, მაშინაც კი, როცა გაუგებრობა ირკვევა, ვინმე შეიძლება ჯერ კიდევ გულისტკივილს გრძნობდეს ან არასასურველი შედეგების გამო დიდხანს იტანჯებოდეს. რის გაკეთება შეიძლება? თუ აუცილებელია, რასაკვირველია, მართებული იქნებოდა გულწრფელი მობოდიშება და სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმა მდგომარეობის გამოსასწორებლად. ყველა ასეთ სიტუაციაში, განაწყენებული ადამიანის საქციელი სწორი იქნება, თუ ღვთივსულიერი რჩევის თანახმად მოიქცევა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია“ (კოლასელთა 3:13, 14; 1 პეტრე 4:8).

სანამ არასრულყოფილები ვართ, გაუგებრობებიც მოხდება და გულისტკივილსაც ვიგრძნობთ. ვინმე შეიძლება შეცდეს ან ისე ილაპარაკოს, რომ ეს გულგრილად და არაკეთილსასურველად ჩანდეს. ბიბლია მიგვითითებს: „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“ (იაკობი 3:2). რადგან იეჰოვა ღმერთმა ეს კარგად იცის, ის შემდეგ მითითებებს გვაძლევს: „გულისწყრომად ნუ იჩქარი, რადგან გულისწყრომა უგუნურთა მკერდში ბუდობს. ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ, რათა არ გესმოდეს, შენი მონა როგორ გაგინებს. რადგან ბევრჯერ გამოგიცდია, შენც რომ აგინებდი სხვებს“ (ეკლესიასტე 7:9, 21, 22).

„გულებს უფალი წონის“

როგორ უნდა მოიქცე, თუ გეჩვენება, რომ შეუძლებელია ვინმეს შენზე შექმნილი არასწორი წარმოდგენა გაუქარწყლო? გულს ნუ გაიტეხ! ყოველი ღონე იხმარე, რომ განაგრძო ქრისტიანული თვისებების გამომუშავება და გამოვლენა. სთხოვე იეჰოვას, დაგეხმაროს იმაში, რაშიც გაუმჯობესებას საჭიროებ. შენი ნამდვილი ღირსებები და პიროვნება, საბოლოო ჯამში, სხვა ადამიანების შეფასებებით არ განისაზღვრება. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ზუსტად ‘აწონოს გულები’ (იგავნი 21:2). იესოსაც კი არაფრად აგდებდნენ და მოძულებული ჰყავდათ, მაგრამ ამას არ უმოქმედია იმაზე, თუ როგორი თვალსაზრისი ექნებოდა მასზე იეჰოვას (ესაია 53:3). თუმცა ზოგს შესაძლოა მცდარი შეხედულება ჰქონდეს შენზე, შეგიძლია ‘გული გადმოუღვარო’ იეჰოვას იმაში დარწმუნებულმა, რომ ის გაგიგებს, „რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (ფსალმუნი 61:9; პირველი მეფეთა 16:7). თუ დაჟინებით განაგრძობ იმის კეთებას, რაც კარგია, ისინი, რომლებსაც ცუდი შთაბეჭდილება შეექმნათ შენზე, დროთა განმავლობაში შეიძლება მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და შეიცვალონ თვალსაზრისი (გალატელთა 6:9; 2 ტიმოთე 2:15).

გახსოვს სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ანტონიო? მან გამბედაობა მოიკრიბა, რათა ბიბლიური რჩევის თანახმად მოქცეულიყო, დაელაპარა თავის მეგობარ ლეონარდოს და ჰკითხა, თუ რით ატკინა გული. როგორი იყო შედეგი? ლეონარდო სახტად დარჩა. მან მიუგო, რომ ანტონიოს საერთოდ არაფერი გაუკეთებია საწყენი და დაარწმუნა, რომ მისადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია; თუ ის გულგრილის შთაბეჭდილებას ტოვებდა, შესაძლოა ეს მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ ის ფიქრებში იყო გართული. ლეონარდომ მოუბოდიშა, რომ უნებლიეთ გული ატკინა თავის მეგობარს და მადლობა გადაუხადა, რომ დაელაპარაკა ამის შესახებ. მან დასძინა, რომ მომავალში უფრო ყურადღებიანი იქნებოდა, რათა ასეთივე შთაბეჭდილება არ დაეტოვებინა სხვებზეც. მათ შორის დაძაბულობა ადვილად გაქრა და უწინდელი ახლო მეგობრობა შეინარჩუნეს.

არასდროს არ არის სასიამოვნო, გრძნობდე, რომ ვიღაცამ არასწორად გაგიგო. მაგრამ, თუ შეძლებისდაგვარად ყველა ნაბიჯს გადადგამ საქმის გასარკვევად და სიყვარულსა და პატიებასთან დაკავშირებულ ბიბლიურ პრინციპებს გამოიყენებ, სავსებით მოსალოდნელია, რომ შენც კარგ შედეგებს მიაღწევ.

[სქოლიოები]

a ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათები 23 გვერდზე]

სიყვარულისა და მიტევების სულით საქმის გარკვევა საუკეთესო შედეგებს გამოიღებს.