არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

გაწონასწორებული შეხედულება ფულზე

გაწონასწორებული შეხედულება ფულზე

არსებობს გამოთქმა: „ქვეყანას ფული განაგებს“. ამ სიტყვებში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უფულოდ ვერც საკვებს ვიყიდით, ვერც ტანსაცმელს, ვერც სახლს და ვერც გადასახადებს გადავიხდით. „ფულის როლი საზოგადოებაში უაღრესად მნიშვნელოვანია, — წერს ერთი გაზეთის საფინანსო გვერდის რედაქტორი. — ფულმა რომ გაცვლის ფუნქცია დაკარგოს, ხალხს პანიკა მოიცავს და ერთ თვეში ომი დაიწყება“.

თუმცაღა, ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. ერთმა ნორვეგიელმა მწერალმა არნე გარბორგმა დაწერა: „ფულით საჭმელს იყიდი, მაგრამ მადას ვერა; წამალს იყიდი, მაგრამ ჯანმრთელობას ვერა; რბილ ლოგინს იყიდი, მაგრამ ძილს ვერა; ცოდნას შეიძენ, მაგრამ სიბრძნეს ვერა; თვალისმომჭრელ ნივთებს იყიდი, მაგრამ სილამაზეს ვერა; მომხიბვლელობას შეიძენ, მაგრამ ხალხის სიყვარულს ვერა; გართობასა და მხიარულებას იყიდი, მაგრამ სიხარულს ვერა, ნაცნობებს შეიძენ, მაგრამ მეგობრებს ვერა; მსახურებს შეიძენ, მაგრამ ერთგულებას ვერა“.

ვინც ფულთან დაკავშირებით გაწონასწორებულ შეხედულებას ინარჩუნებს, ფულს მიზნის მიღწევის საშუალებად მიიჩნევს და არა ცხოვრების მთავარ მიზნად. სწორედ ფულისადმი ასეთი დამოკიდებულება ანიჭებს ასეთ ადამიანს კმაყოფილებას. ბიბლიაში ნათქვამია: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთებმა, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს . . . მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:10).

დაუკვირდით, რომ ზიანი თავად ფულს კი არ მოაქვს, არამედ ფულის სიყვარულს. მართლაც, ფულის სიყვარულმა შეიძლება მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის უფსკრული გააჩინოს. განვიხილოთ ამის რამდენიმე რეალური შემთხვევა.

დანიელი: * „ჩემს მეგობარ ტომასს ყოველთვის პატიოსან და სასიამოვნო ადამიანად მივიჩნევდი. მასთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა მანამ, სანამ ერთ დღესაც ჩემი მანქანა არ იყიდა. არ ვიცოდი, თუ მანქანას რამე პრობლემა ჰქონდა. ტომასმა მანქანის შეძენისას ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომ თუ მას რაიმე პრობლემა აღმოაჩნდებოდა, ჩემთან პრეტენზია არ ექნებოდა. სამი თვის შემდეგ მანქანა მწყობრიდან გამოვიდა. ტომასმა თავი მოტყუებულად იგრძნო და გაბრაზებული დაჟინებით მოითხოვდა, ფული დამებრუნებინა. შოკში ჩავვარდი. მასთან დალაპარაკებას შევეცადე, მაგრამ ძალიან უხეშად და აგრესიულად მომექცა. როცა საქმე ფულზე მიდგა, ის უკვე აღარ იყო ის ტომასი, რომელსაც მე ვიცნობდი“.

ესინი: „ნესრიმი ჩემი ერთადერთი დედმამიშვილია. ჩვენ ყოველთვის კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფული ჩვენს ურთიერთობას რამეს დააკლებდა. მაგრამ სწორედ რომ ასე მოხდა. სიკვდილის შემდეგ მშობლებმა მემკვიდრეობით ცოტა ფული დაგვიტოვეს, რომელიც მათი სურვილით მე და ჩემს დას შუაზე უნდა გაგვეყო. ჩემმა დამ უფრო მეტი მოითხოვა. მე კი მინდოდა, რომ მშობლების ანდერძი პირნათლად შემესრულებინა, რაზეც ის ძალიან გაბრაზდა და დამემუქრა. იმ დღის მერე ღვიძლი და მტრად გადამეკიდა“.

ფული და წინასწარშექმნილი აზრი

ფულზე არასწორმა წარმოდგენამ ადამიანი შეიძლება კრიტიკული გახადოს. მაგალითად, მდიდარმა შეიძლება დაასკვნას, რომ ადამიანი სიზარმაცის გამოა ღარიბი, ან პირიქით, გაჭირვებულმა ჩათვალოს, რომ ვისაც ბევრი ფული აქვს, მატერიალისტი ან ხარბია. სწორედ ასეთი წინასწარშექმნილი აზრის მსხვერპლი გახდა მოზარდი ლინი, რომელსაც შეძლებული მშობლები ჰყავდა. ის გვიზიარებს:

ფულთან დაკავშირებული ბიბლიური რჩევები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც უწინ — მისი დაწერისას

«ყველა ფულიანი მამიკოს გოგოდ მიცნობდა. ამიტომ ხშირად მეუბნებოდნენ: „შენ რა გიჭირს, თუ რამე მოგინდება, მამიკოს ეტყვი და მაშინვე გაგიჩენს“; „ბოდიში, მაგრამ ჩვენ შენსავით მდიდრები არა ვართ, რომ ისეთი მანქანებით ვიაროთ, როგორებითაც თქვენ დადიხართ“. ბოლოს ჩემს მეგობრებს ვთხოვე, ასე აღარ ელაპარაკათ, რადგან მათი სიტყვები გულს მტკენდა. მინდოდა, რომ მეგობრების თვალში მდიდარი გოგოს სახელი კი არ მქონოდა, არამედ გოგონასი, რომელიც სხვებს სიკეთეს უკეთებს».

რას ამბობს ბიბლია

ბიბლია უარყოფითად არ საუბრობს ფულზე და არც მათ აკრიტიკებს, ვისაც ფული აქვს, თუნდაც ბევრი. პრობლემა ფულის რაოდენობაში კი არა, ადამიანის ფულისადმი დამოკიდებულებაშია. ბიბლიას გაწონასწორებული თვალსაზრისი აქვს ფულზე და მასში ჩაწერილი რჩევები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც უწინ — მისი დაწერისას. განვიხილოთ შემდეგი მაგალითები.

ბიბლია ამბობს: „სიმდიდრის შეძენას ძალ-ღონეს ნუ შეალევ“ (იგავები 23:4).

წიგნში „ნარცისიზმის ეპიდემია“ მათ შესახებ, ვისი მთავარი საზრუნავიც სიმდიდრის დაგროვებაა, წერია, რომ „ძალიან სუსტი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვთ, ხშირად აწუხებთ ყელის, ზურგისა თუ თავის ტკივილი; მიდრეკილნი არიან ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გადამეტებული მიღებისკენ. აშკარაა, რომ გამდიდრებისკენ სწრაფვა ადამიანს გაბედნიერების ნაცვლად აუბედურებს“.

ბიბლია ამბობს: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“ (ებრაელები 13:5).

ფულზე საწუხარი დროდადრო შეიძლება მასაც გაუჩნდეს, ვინც კმაყოფილია ცხოვრებით. თუმცა ასეთ ადამიანს ესმის, რა არის ცხოვრებაში უმთავრესი და გადამეტებულად არ წუხს მატერიალურზე. მაგალითად, კმაყოფილი ადამიანი ქონების დაკარგვას ტრაგედიად არ აღიქვამს და ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით პავლე მოციქულის თვალსაზრისი გაიზიაროს, რომელმაც დაწერა: „ხელმოკლეობაში ცხოვრებაც ვიცი და სიუხვეში ცხოვრებაც. ყველაფერში და ყველა ვითარებაში ვისწავლე, რა არის სიმაძღრე და შიმშილი, რა არის სიუხვე და სიდუხჭირე“ (ფილიპელები 4:12).

ბიბლია ამბობს: „თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა“ (იგავები 11:28).

კვლევებმა ცხადყო, რომ ოჯახების ნგრევის ძირითადი მიზეზი ფულია. ფინანსური პრობლემები მრავალი ადამიანის თვითმკვლელობის მიზეზიც ხდება. ზოგისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქორწინო აღთქმა და სიცოცხლეც კი. ხოლო, ვისაც გაწონასწორებული შეხედულება აქვს ფულზე, იმედს მასზე არ ამყარებს. ნაცვლად ამისა, მას ესმის, რამდენად გონივრულია იესოს შემდეგი სიტყვები: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

როგორი შეხედულება გაქვთ ფულზე?

თვითშემოწმებამ შესაძლოა დაგანახვოთ, რომ ფულთან დაკავშირებით გაწონასწორებული შეხედულების განვითარება გჭირდებათ. მაგალითად, ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • მხიბლავს სწრაფად გამდიდრების იდეა?

  • მიჭირს ხელგაშლილობის გამოვლენა?

  • ვცდილობ, იმ ადამიანებს დავუმეგობრდე, რომლებიც სულ ფულსა და თავიანთ ნივთებზე საუბრობენ?

  • ფულის საშოვნელად ტყუილზე ან სხვა უპატიოსნო საქმეზე ხომ არ ვარ წამსვლელი?

  • ფული თავს განსაკუთრებულ ადამიანად ხომ არ მაგრძნობინებს?

  • გამუდმებით ფულზე ხომ არ ვფიქრობ?

  • ფულისადმი ჩემი დამოკიდებულებით ზიანს ხომ არ ვაყენებ ჩემს ჯანმრთელობასა და ოჯახს?

    გულუხვობას გაცემით ისწავლით

თუ რომელიმე კითხვას დადებითად უპასუხეთ, ყველანაირად ეცადეთ, რომ თავიდან მოიშოროთ მატერიალიზმისკენ სწრაფვა და მსგავსი ფიქრები. მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც ფულსა და ქონებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ნაცვლად ამისა, იმეგობრეთ მათთან, რომლებიც ფულზე მეტად მაღალზნეობრივ ნორმებს აფასებენ.

არასოდეს დაუშვათ, რომ ფულის სიყვარულმა ფესვი გაიდგას თქვენს გულში! დრო და ენერგია ფულის შოვნის ნაცვლად მეგობრებსა და ოჯახს მოახმარეთ და იფიქრეთ თქვენს ემოციურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამგვარად ცხადყოფთ, რომ ფულზე გაწონასწორებული შეხედულება გაქვთ.

^ აბზ. 7 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.