არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ხდება ამდენი უბედურება?

რატომ ხდება ამდენი უბედურება?

სამღვდელოების წარმომადგენლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იციან ამ კითხვაზე პასუხი, ხშირად ასწავლიან, რომ ადამიანთა ტანჯვა ღვთის სასჯელია. მაგალითად, ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრიდან რამდენიმე დღეში დედაქალაქში ერთმა მღვდელმა თავის მრევლს უთხრა, რომ ეს უბედურება ღვთის გაფრთხილება იყო. სხვები ნაკლებად დოგმატურები იყვნენ. ამერიკელი რელიგიის პროფესორის დამხმარე ამბობს, თუ რა შეხედულება აქვს ბევრს ამაზე: „ის, თუ რატომ იწვევს ღმერთი ასეთ უბედურებებს, გასაიდუმლოებულია და ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ მხოლოდ ის გვევალება, რომ რწმენა გვქონდეს“.

ნამდვილად ღმერთი „იწვევს“ უბედურებებს? ბიბლია ხაზგასმით ამბობს, რომ ამაში იეჰოვა ღმერთს არ მიუძღვის ბრალი. მას განზრახული არ ჰქონდა, რომ ადამიანებს ეტანჯათ. მაგრამ პირველი წყვილი ღვთის მმართველობის წინააღმდეგ წავიდა და არჩია, თავად გადაეწყვიტა, რა იყო კარგი და რა — ცუდი. ისინი ჩამოშორდნენ იეჰოვას და თავს დაიტეხეს უამრავი პრობლემა. დღეს მათი არასწორი გადაწყვეტილების შედეგებს ჩვენც ვიწვნევთ. მაგრამ ღმერთი ნამდვილად არ არის ამაში დამნაშავე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). უბედურება შეიძლება იმასაც დაატყდეს თავს, ვინც ღვთის მოწონებას იმსახურებს. დავფიქრდეთ რამდენიმე მაგალითზე:

  • წინასწარმეტყველ ელისეს სასიკვდილო დაავადება სჭირდა (2 მეფეები 13:14).

  • მოციქული პავლე წერდა, რომ ის მშიერ-მწყურვალი იყო, ღარიბულად ეცვა, ნაცემი და უსახლკარო იყო (1 კორინთელები 4:11).

  • ქრისტიანი ეპაფროდიტე ავად იყო და წუხდა (ფილიპელები 2:25, 26).

ბიბლიაში არსად წერია, რომ ამ სამ მამაკაცს ცოდვების გამო სჯიდა ღმერთი. ბიბლია მხოლოდ იმას არ გვეუბნება, თუ ვის არ მიუძღვის ბრალი ადამიანთა ტანჯვაში. ის უფრო ბევრ რამეს ჰფენს ნათელს. ბიბლია სამ ძირითად მიზეზს ასახელებს, რაც ხშირად ადამიანთა ტანჯვას იწვევს:

პირადი არჩევანი

„კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7). უდავოა, რომ ვინც სიგარეტს ეწევა, მანქანას დაუდევრად ატარებს და შემოსავალს ფლანგავს, თავად აგებს პასუხს იმ არასასურველ შედეგებზე, რომელიც მისმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

ჩვენი ტანჯვის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვის მიერ მიღებული ეგოისტური გადაწყვეტილებაც. სინამდვილეში ადამიანები ყველაზე შემაძრწუნებელ ბოროტებას სჩადიან — შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ნაცისტების მიერ გამოვლენილი სისასტიკე და ძალადობა ბავშვებზე. ზოგი თავისუფალ ნებას ბოროტად იყენებს და ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რაც სხვებს დიდ ტკივილს აყენებს.

უბედური შემთხვევები

ახ. წ. პირველ საუკუნეში 18 ადამიანს იერუსალიმში კოშკი დაეცა, რის შედეგადაც დაიხოცნენ. დაღუპულებზე იესომ თქვა: „რა გგონიათ . . . [ისინი] უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანები, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობენ? არა!“ (ლუკა 13:4, 5, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). იესომ იცოდა, რომ ეს ხალხი ღმერთს არ დაუსჯია. მისთვის ცნობილი იყო, რას ამბობდა დიდი ხნით ადრე ღვთის სიტყვა: „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). ბევრი უბედური შემთხვევის მსხვერპლი შეიძლება იმიტომ გახდეს, რომ ცუდ ადგილას და ცუდ დროს აღმოჩნდეს ან შეიძლება მათი უბედურების მიზეზი ადამიანთა წინდაუხედაობა იყოს. მაგალითად, მოწოდებული ცნობებიდან ჩანს, რომ როცა ხალხი არ ითვალისწინებს გაფრთხილებებს და ისეთ შენობებს აგებს, რომელიც ვერ უძლებს მიწისძვრებსა თუ სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს, უფრო მეტი უბედურება ატყდებათ თავს.

„ქვეყნიერების მმართველი“

ბიბლიაში ნათქვამია: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (იოანე 12:31; 1 იოანე 5:19). ეს ბოროტი არის სატანა ეშმაკი, ძლევამოსილი სულიერი ქმნილება, რომელსაც ეწოდება „ჰაერის ძალაუფლების მთავარი“. სატანა აღვივებს სულს, „რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს“ (ეფესოელები 2:2). ისეთი დამნაშავეობები, როგორიცაა გენოციდი და ბავშვებზე ძალადობა, იმდენად შემზარავია, რომ ბევრს უჭირს ეს ყველაფერი ადამიანებს მიაწეროს.

თუმცა, ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი გულგრილად უყურებს ჩვენს ტანჯვას? შეუძლია ღმერთს ან იღონებს რამეს, რომ ტანჯვას ბოლო მოუღოს?