არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ტუნისში არსებული ერთ-ერთი ორგანიზაციის მონაცემებით, რომელიც არაბეთის გზებზე უსაფრთხო მოძრაობას უწყობს ხელს, ყოველ წელს არაბეთში 500 000-ზე მეტი საგზაო შემთხვევა ხდება, რასაც 36 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება (REUTERS NEWS SERVICE, ტუნისი).

„ერთი გამოკვლევის თანახმად, ჩინელ თინეიჯერებს, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით ექმნებათ წარმოდგენა სექსზე, რადგან სექსუალური ურთიერთობის შესახებ საკმარის განათლებას არ იღებენ სკოლასა თუ სახლში“ (CHINA DAILY, ჩინეთი).

სათვალთვალო ვებ-კამერები

ერთი გაზეთის თანახმად, ახლახან გერმანიის პოლიციამ დააკავა ერთი მამაკაცი, რომელსაც ბრალი ედებოდა იმაში, რომ არაერთი გოგონას ოთახს მათივე ვებ-კამერებით უთვალთვალებდა. როგორც პოლიცია იტყობინება, ამ ჰაკერმა გატეხა ერთ-ერთი მომხმარებლის პაროლი, რომელიც ადვილი გამოსაცნობი იყო, და მისი საშუალებით მოიპოვა საკონტაქტო ინფორმაცია სხვა ადამიანების შესახებ. პოლიცია ეჭვობს, რომ ჰაკერმა ამ მომხმარებლის სახელით გაუგზავნა მისივე მეგობარ გოგონებს ვირუსი, რომელიც „სქრინსეივერით“ იყო შენიღბული. ჰაკერს ნებისმიერ დროს თავისი კომპიუტერიდან შეეძლო ამ მომხმარებლის მეგობრების კომპიუტერების მართვა და მათი ვებ-კამერების გამოყენება. როდესაც მისი სახლი გაჩხრიკეს, მას აღმოაჩნდა სამი მილიონი სურათი; ამავდროულად, „ის კომპიუტერის ვებ-კამერით უთვალთვალებდა 80 გოგონას, რომლებმაც ამის შესახებ არაფერი იცოდნენ“ (Aachener Zeitung).

მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ახალი ენები

ლინგვისტები შეუდგნენ ისეთ ნაკლებად ცნობილი ენების შესწავლას, როგორიცაა აკა და მიჯი. ამ ენებზე ლაპარაკობენ ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატში, არუნაჩალ-პრადეში, რომელიც ესაზღვრება ბუტანსა და ჩინეთს. ამასობაში, მათ აღმოაჩინეს მესამე, კოროს სახელით ცნობილი ადგილობრივი ენა. მეცნიერის გრეგორ ანდერსონის თქმით, რომელიც, ამავე დროს, ერთ-ერთი ინსტიტუტის (Living Tongues Institute for Endangered Languages) დირექტორია, „კორო ენა არის სრულიად უცნობი და არც ერთ მეცნიერულ ნაშრომში არ არის მოხსენიებული“. კორო ენის შესახებ იმიტომ არ იცოდნენ არაფერი, რომ ამ ენაზე მხოლოდ 800-მდე ადამიანი ლაპარაკობს, რომლებიც ძნელად მისადგომ მხარეში ცხოვრობენ. 2009 წელს 24 ახალი ენა აღმოაჩინეს ჩინეთის ტერიტორიაზე, სადაც მანამდე მეცნიერების ვარაუდით, მხოლოდ ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ.

„რადიოაქტიური ტახები“

ერთი ელექტრონული გაზეთის თანახმად, «2007 წლიდან თანხა, რომელსაც [გერმანიაში] მთავრობა კომპენსაციის სახით უხდის მათ, ვინც შემოსავალი იმის გამო დაკარგა, რომ „რადიოაქტიურ ტახებზე“ ვეღარ ნადირობს, გაოთხმაგდა». ბევრი მონადირე გარეული ტახის ხორცს იმიტომ ყიდის, რომ მასზე მოთხოვნილებაა, მაგრამ მთავრობამ აკრძალა ისეთი ხორცის გაყიდვა, რომელიც დიდი რაოდენობით რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცეზიუმ-137-ს შეიცავს; ეს ნივთიერება 25 წლის წინ ჩერნობილში მომხდარი აფეთქების შედეგად გამოიყო. ასეთი მავნე ნივთიერება ადვილად შეიძლება მოხვდეს გარეული ტახის ორგანიზმში, რადგან ის შეექცევა „თირკმელა სოკოებს, რომლებიც განსაკუთრებით შთანთქავენ რადიოაქტიურ ნივთიერებებს, — ნათქვამია ამავე გაზეთში. — რასაკვირველია, მთავრობის მიერ დაწესებული ფულადი კომპენსაციის გაოთხმაგება იმით კი არ არის განპირობებული, რომ გერმანიაში რადიოაქტიური ნარჩენებით გარემოს დაბინძურება უფრო მეტად შეიმჩნევა, არამედ იმით, რომ ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა გარეული ტახების რიცხვი“. ექსპერტების თქმით, რადიოაქტიური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრობლება, როგორც ჩანს, კიდევ 50 წელი იარსებებს (Spiegel Online).