არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიიღეთ ზომები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

მიიღეთ ზომები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

მიიღეთ ზომები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

გახსოვთ ამ სტატიათა სერიის დასაწყისში მოხსენიებული რამი? სხვების მსგავსად, არც მან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია რაციონალური კვება და სხვა სასარგებლო ჩვევების გამომუშავება. აი, რას ამბობს რამი: «2002 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული სტატია „მიირთვით ნოყიერი საკვები“ დამეხმარა იმის დანახვაში, თუ რატომ უნდა მიმექცია ყურადღება კვებისთვის.

მთელი ოჯახი ვცდილობდით, გამოგვეყენებინა სტატიაში მოცემული რჩევები, რის შედეგადაც იმუნიტეტი გაგვიძლიერდა. ვიდრე ამ საკითხს სერიოზულად მოვეკიდებოდით, ხშირად ვცივდებოდით, მაგრამ ახლა იშვიათად ვცივდებით. „გამოიღვიძეთ!“-ის ერთ-ერთი სტატიის წყალობით, „ექვსი საშუალება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“ (2003 წლის 8 ოქტომბერი), ჩვენ ვისწავლეთ სუფთა სასმელი წყლის იაფად და ადვილად შოვნა.

„გამოიღვიძეთ!“-ში ჩვენთვის კიდევ ერთი საინტერესო სტატია იყო, კერძოდ, „საპონი — ყველასთვის ხელმისაწვდომი ვაქცინა“ (2003 წლის 8 დეკემბერი). მასში მოცემული რჩევების გათვალისწინება წაკითხვისთანავე დავიწყეთ. მას შემდეგ თვალის ინფექცია აღარ გვაწუხებს.

ჩვენს სამეზობლოში ყურადღებას არავინ აქცევს იმას, რომ იქაურობა ბუზებითა და კოღოებით არის სავსე. მაგრამ ფილმიდან, „ბიბლია — წიგნი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია“ *, მთელმა ოჯახმა ვისწავლეთ, რომ თავი უნდა დავიცვათ ამ მწერებისგან. ამის ცოდნა კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება».

ხელს ნუ ჩაიქნევთ! თუ ცვლილების მოხდენას საჭიროებთ, გიჯობთ, დაისახოთ რეალური მიზნები და თანდათანობით განახორციელოთ. მაგალითად, ერთბაშად კი ნუ ამოიღებთ ნაკლებად სასარგებლო საკვებს თქვენი რაციონიდან, არამედ თანდათანობით შეამცირეთ მისი რაოდენობა. შეეცადეთ, დღის განმავლობაში ცოტა წაივარჯიშოთ და შედარებით ადრე დაწვეთ დასაძინებლად. სულ არაფერს ჯობია, ცოტა მაინც გაიქნიოთ ხელ-ფეხი. კარგი ჩვევის გამომუშავებას ზოგჯერ კვირები ან თვეები სჭირდება. თუ ამ დროის განმავლობაში დიდ ცვლილებებს ვერ შენიშნავთ, გულს ნუ გაიტეხთ. ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს და შედეგიც სახეზე იქნება.

დღევანდელ არასრულფასოვან გარემოში არარეალურია იმის მოლოდინი, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობა გვექნება. ხშირად ჩვენი ავადმყოფობის მიზეზი თანდაყოლილი არასრულყოფილებაა და არა ის, რომ დაუდევრად ვეკიდებით საკუთარ ჯანმრთელობას. ამიტომ, მეტისმეტად ნუ დაიმძიმებთ გულს ჯანმრთელობაზე ან სხვა რამეზე ფიქრით. „რომელ თქვენგანს შეუძლია, რომ წუხილით ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე?“, — თქვა იესომ (ლუკა 12:25). ნაცვლად ამისა, ეცადეთ, არაჯანსაღი ჩვევებით არ დაიმახინჯოთ ცხოვრება და უაზროდ არ მოისწრაფოთ სიცოცხლე. ამგვარად, თქვენ შეძლებისდაგვარად შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას, სანამ არ დადგება ღვთის ახალი ქვეყნიერება, სადაც „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 მომზადებულია იეჰოვას მოწმეების მიერ.