არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიირთვით ნოყიერი საკვები

მიირთვით ნოყიერი საკვები

მიირთვით ნოყიერი საკვები

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან მექსიკაში

ანჰელიკა და ათი წევრისგან შემდგარი მისი ოჯახი მექსიკის ოახაკას შტატის პატარა დასახლებაში ცხოვრობდა. სიღარიბის გამო მხოლოდ სიმინდის ფქვილისგან დამზადებულ კვერ „ტორტილიაზე“, პარკოსნებზე, მწარე წიწაკისგან გაკეთებულ საწებლებზე, ბრინჯზე, მოტკბო პურსა და ჩაიზე მიუწვდებოდათ ხელი. „სიმაღლეში ვერ ვიმატებდით, — ამბობს ანჰელიკა, — პატარები და გამხდრები ვიყავით. ხშირად ვავადმყოფობდით — გვაწუხებდა კუჭი, გვიჩნდებოდა პარაზიტები, ადვილად ვცივდებოდით“.

ანჰელიკამ და მისი ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ საცხოვრებლად მეხიკოში გადასულიყვნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ იპოვიდნენ სამუშაოს, რომელიც მათ ეკონომიურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა. ანჰელიკას თქმით, მათი სუფრა ამჟამად გაცილებით მრავალფეროვანია, ვინაიდან მათ საკვებში შედის რძე, კვერცხი, ხორცი, ნაღები, რამდენიმე სახის ბოსტნეული და სხვადასხვაგვარი ნახევარფაბრიკატები. მაგრამ გახდა კი მათი საკვები უფრო ნოყიერი?

არასწორი კვება — რამდენად გავრცელებულია ეს პრობლემა?

არასრულფასოვანი კვების გამო მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი სიკვდილის საფრთხის წინაშეა. 1998 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის 50 პროცენტი კვების ნაკლებობით იყო განპირობებული. მათაც კი, ვინც სიკვდილს გადაურჩა, სუსტი ჯანმრთელობა აქვთ.

მეორე უკიდურესობა კი ის არის, რომ დაახლოებით 800 მილიონი ადამიანია სიკვდილის საფრთხის წინაშე ზედმეტი ჭამის გამო. გაუწონასწორებელი კვება შეიძლება ისეთი ქრონიკული დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს, როგორებიცაა სიმსუქნე, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, დიაბეტი, ციროზი და სხვადასხვა სახის სიმსივნე. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს: „არასწორი კვება უამრავ დაავადებებს იწვევს ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების ძნელად შეთვისების, განსაზღვრული საკვები ნივთიერებების ნაკლებობისა და გადაჭარბებული კვების ჩათვლით; არასწორი კვება კლავს და ასახიჩრებს ადამიანს, აბრმავებს და ზრდის პროცესს უნელებს; ის კაცობრიობის განვითარებასაც საგრძნობლად აფერხებს“.

ერთსა და იმავე ქვეყანაში შეიძლება კვების ნაკლებობისა და ჭარბი წონის პრობლემებს წააწყდეთ. ერთსა და იმავე ოჯახში შეიძლება საკვებ ნივთიერებებს მოკლებულ პატარებსა და ქრონიკული სიმსუქნით შეწუხებულ უფროსებს შეხვდეთ. ზოგჯერ ისეთ ადამიანსაც კი ნახავთ, რომელსაც ბავშვობაში კვების ნაკლებობის პრობლემა ჰქონდა, ამჟამად კი სიმსუქნისგან არის შეწუხებული — ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია მათ შორის, ვინც სოფლიდან ქალაქში გადადის საცხოვრებლად.

ბევრს არ ესმის, რომ მათ ჯანმრთელობასა და საკვების მიღებას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. შესაძლოა, ეს იმის ბრალია, რომ არასრულფასოვანი კვების შედეგები თავს მაშინვე არ იჩენს. მაგრამ ჯანსაღ კვებას ბევრი დაავადების თავიდან აცილება შეუძლია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ კვების ჩვევების გაუმჯობესებითა და ვარჯიშით კიბოთი დაავადების შემთხვევათა 40-მდე პროცენტის თავიდან არიდებაა შესაძლებელი. მაგრამ როგორ შეგვიძლია ჩვენი საკვების გამრავალფეროვნება?

როგორ გავხადოთ ჩვენი სუფრა უფრო მრავალფეროვანი

ზოგი საკვებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფს. პირველ ჯგუფში შედის მარცვლეული: ხორბალი, ბრინჯი, შვრია, ჭვავი, ქერი და ფეტვი; აგრეთვე გორგლიანები: კარტოფილი და ბატატი (ტკბილი კარტოფილი). ამ ჯგუფის პროდუქტებში შემავალი ნახშირწყლები გვმატებს ენერგიას. მეორე ჯგუფში შედიან პარკოსნები: ლობიო, სოია, ოსპი, მუხუდო და ცერცვი; და ცხოველური წარმოშობის ზოგი პროდუქტი: ხორცი, თევზეული, კვერცხი, რძე და რძის ნაწარმი. მათი მეშვეობით ვიღებთ ცილებს, რკინასა და თუთიას, აგრეთვე სხვადასხვაგვარ ვიტამინებს. მესამე ჯგუფში შედის ხილ-ბოსტნეული, რომელიც აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველგვყოფს, გვაწვდის უჯრედისს და ენერგიას გვმატებს. ის, ამასთანავე, C ვიტამინის ბუნებრივ წყაროსაც წარმოადგენს.

მექსიკაში არსებული სალვადორ ზუბირანის სახელობის სამედიცინო მეცნიერებათა და კვების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, დ-რ ჰექტორ ბურგესის, თქმით, საკვები ჯანსაღია, თუკი მის შემადგენლობაში სამივე ჯგუფის პროდუქტები შედის, თუკი ის საკმარისი რაოდენობითაა და საკვებ ნივთიერებებსაც პროპორციულად შეიცავს. ის გვირჩევს, რომ „ყველა კერძში ყოველი ჯგუფის სულ მცირე თითო პროდუქტი მაინც ჩავრთოთ და რამდენადაც შესაძლებელია, სამივე ჯგუფში მოცემული პროდუქტები შევანაცვლოთ ხოლმე ერთმანეთს, თან, თუკი ამის საშუალება გვექნება, ამ პროდუქტებით საჭმელი სხვადასხვანაირად დავამზადოთ ხოლმე“.

ვნახოთ, რა სიტუაცია აქვს მარიას. თავის ოჯახთან ერთად ის ცხოვრობდა ატოპიქსკოში, მექსიკის შტატ იდალგოს მცირე დასახლებაში. უკიდურესი სიღარიბის გამო ისინი ძირითადად „ტორტილიებით“, ლობიოთი, მაკარონებით, ბრინჯითა და მწარე წიწაკით იკვებებოდნენ. დასაწყისში მოხსენიებული ანჰელიკას ოჯახისგან განსხვავებით, მათ რაციონში შედიოდა მცირე ზომის ყაბაყები, ჩაიოტი (მსხლის ფორმის მქონე ბოსტნეული გოგრისებრთა ოჯახიდან) და სოკო, ხოლო მწვანილეულიდან — დანდური, ნაცარქათამა და ჯიჯლაყა, რომელთა უმეტესობაც მათ ახლომახლო იზრდებოდა. შიგადაშიგ ისინი ცდილობდნენ, რომ ახლად შემოსული ხილი ეჭამათ. ასეთნაირად ისინი ჯანმრთელობას ინარჩუნებდნენ.

სალვადორ ზუბირანის სახელობის სამედიცინო მეცნიერებათა და კვების ეროვნული ინსტიტუტის ერთ-ერთი განყოფილების გამგე, დ-რ ადოლფო ჩავესი, გვირჩევს, რომ საკვებში აქცენტი ცხოველურ ნაწარმზე მაინცდამაინც არ გადავიტანოთ. მაგალითად, შეგვიძლია მოვამზადოთ კერძი, რომელშიც ძირითად მასალად გამოვიყენებთ კარტოფილს, ბოსტნეულს ან პარკოსნებს, და ამას სულ რამდენიმე კვერცხს დავუმატებთ. „ასეთნაირად ხდება რაციონის გაზრდა“, — ამბობს დ-რ ჩავესი. მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: საგულდაგულოდ უნდა გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით კი ისეთი, რომელსაც უმად მივირთმევთ.

მნიშვნელოვანია, რომ ის საკვები, რომელსაც ადამიანი იღებს, მისთვის შესაფერისი იყოს, ამიტომაც გასათვალისწინებელია მისი ასაკი, სქესი და ცხოვრების წესი. მოზრდილებს ურჩევენ, რომ ყოველ ჭამაზე ხილის და/ან ბოსტნეულის ორი პორცია მიირთვან, აგრეთვე უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ დაღერღილ მარცვლეულებსა და პარკოსნებს. ზოგი სპეციალისტი გვირჩევს, რომ ხორცის ნაწარმი მარტოოდენ მცირე რაოდენობით მივიღოთ, თანაც უპირატესობა მივანიჭოთ თევზეულს, კანგაცლილ ქათამს და მჭლე ხორცს, ამასთანავე შევზღუდოთ ცხიმისა და შაქრის მოხმარება.

მათაც კი, ვინც განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს და დიდი შემოსავლითაც ვერ დაიკვეხნის, ზოგჯერ შეუძლიათ თავიანთი რაციონის გამრავალფეროვნება. როგორ? ამ მიზნის მიღწევა ძნელი არ იქნება, თუკი საჭმლის მოსამზადებლად ნოყიერ პროდუქტებს შეარჩევთ და მათი ერთმანეთში არევით ნაირ-ნაირ კერძებს გააკეთებთ, მაგალითად, მარცვლეულისა და პარკოსნებისგან შეგიძლიათ მოამზადოთ რამე. საჭმლის გასანოყიერებლად კი ცოტაოდენი ხორცი ან კვერცხი გამოიყენეთ. უპირატესობა მიანიჭეთ მწვანილეულსა და ახლად შემოსულ ხილს.

ჩვენი შემოქმედის ძალით ‘მიწა პურს’ იძლევა ადამიანების გულის გასახარად (ფსალმუნი 103:14). ბიბლიაში, ეკლესიასტეს 9:7-ში ნათქვამია: „წადი, მხიარულად ჭამე შენი პური“. ეჭვგარეშეა, რომ თუ გაწონასწორებულობასა და ზომიერებას გამოვავლენთ, შემოქმედის მიერ მოწოდებული უგემრიელესი ნოყიერი საკვები მაქსიმალურ სარგებლობას მოგვიტანს.

[სურათი 26 გვერდზე]

პირველი ჯგუფი: მარცვლეული და გორგლიანები.

[სურათი 26 გვერდზე]

მეორე ჯგუფი: პარკოსნები, ხორცი, თევზეული, კვერცხი, რძე და რძის ნაწარმი.

[სურათი 26 გვერდზე]

მესამე ჯგუფი: ხილ-ბოსტნეული.