არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იწონებს ღმერთი ომს?

იწონებს ღმერთი ომს?

ბიბლიის თვალსაზრისი

იწონებს ღმერთი ომს?

საკმაოდ ხშირად გენერლები, სახელმწიფოს მმართველები და სამღვდელოების წარმომადგენლებიც კი ომს ღვთის სახელით აცხადებდნენ! 1095 წელს რომის პაპის ურბან II ლოცვა-კურთხევით ქრისტიანულმა სამყარომ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო „წმინდა ქალაქის“, იერუსალიმის, ვითომცდა გასათავისუფლებლად. მაგრამ, სანამ ისინი თავიანთ მიზანს მიაღწევდენ, მათი ერთ-ერთი ჯგუფი გაანადგურეს თურქსელჩუკებმა, რომლებსაც ასევე ძლიერ სწამდათ თავიანთი ალაჰი.

პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წლის აგვისტოში კი, ერთი ახალგაზრდა გერმანელი ბრძოლის ველიდან წერდა: „თუ სამართალი არსებობს და ღმერთი ხელმძღვანელობს ადამიანებს — რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ — გამარჯვება ჩვენი იქნება“. იმავე თვეში ნიკოლოზ II გერმანიის წინააღმდეგ რუსეთის არმია გამოიყვანა და თანაც განაცხადა: „მხურვალე სალამს ვუთვლი ჩემს მამაც ჯარსა და სახელგანთქმულ მოკავშირეებს. ჩვენთან არს ღმერთი!“.

ამიტომ, მილიონობით ჯარისკაცი მიდიოდა ბრძოლის ველზე სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ ღმერთი მათ მხარეზე იყო. ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთი ასეთ ომებს თავისუფლების მოსაპოვებლად უშვებს და ამ აზრის მხარდასაჭერად მათ ებრაულ წერილებში (ძველ აღთქმაში) მოხსენიებული ომები მოჰყავთ მიზეზად. არის თუ არა ბიბლიის ასეთი ინტერპრეტაცია სწორი?

ძველი ისრაელის ომები

იეჰოვა ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ისრაელებს ბრძოლით აეღოთ აღთქმული მიწა, სადაც გარყვნილებაში ჩაფლული ქანაანელები ცხოვრობდნენ (ლევიანნი 18:1, 24—28; მეორე რჯული 20:16—18). როგორც ნოეს დროს გაანადგურა იეჰოვამ ბოროტები წარღვნით და სოდომისა და გომორის მკვიდრნი ცეცხლით, ასეთივე დამსჯელ საშუალებად გამოიყენა ამ შემთხვევაში ღმერთმა ისრაელი ერი (დაბადება 6:12, 17; 19:13, 24, 25).

როგორც ბიბლიიდან ვგებულობთ, ისრაელი ერი ღვთის ხელმძღვანელობით სხვა ომებსაც აწარმოებდა, ჩვეულებრივ, როდესაც უმიზეზოდ ესხმოდნენ თავს. როდესაც ერი იეჰოვას ემორჩილებოდა, ბრძოლა მათი გამარჯვებით მთავრდებოდა (გამოსვლა 34:24; მეორე მეფეთა 5:17—25). მაგრამ ისრაელს მაშინვე უბედურება ატყდებოდა თავს, თუ ღვთის რჩევის საწინააღმდეგოდ აწარმოებდა ომებს. განვიხილოთ მეფე იერობოამის მაგალითი. იერობოამმა წინასწარმეტყველური გაფრთხილება უგულებელყო და იუდას წინააღმდეგ თავისი უზარმაზარი ჯარი გამოიყვანა. ამ შეტაკებისას მეფის 500 000 მეომარი დაეცა ბრძოლის ველზე (მეორე ნეშტთა 13:12—18). ერთხელ ერთგული მეფე იოშიაც (იოშიაჰუ) კი ჩაება სხვის ბრძოლაში. წინდაუხედავი გადაწყვეტილება კი სიცოცხლის ფასად დაუჯდა (მეორე ნეშტთა 35:20—24).

რას გვასწავლიან ეს შემთხვევები? ძველად ღმერთი წყვეტდა იმას, იომებდა თუ არა ისრაელი (მეორე რჯული 32:35, 43). ის თავის ხალხს განსაკუთრებული მიზნისთვის გზავნიდა საომრად. მაგრამ ეს მიზანი უკვე დიდი ხანია, მიღწეულია. უფრო მეტიც, იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ისინი, ვინც „უკანასკნელ დღეებში“ იქნებოდნენ მისი მსახურები, „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავდნენ“ და „აღარავინ ისწავლიდა ომს“ (ესაია 2:2—4). ის ფაქტი, რომ ბიბლიურ დროში ომები იყო, არ ამართლებს დღევანდელ კონფლიქტებს და არც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ღვთის ხელმძღვანელობით ან დავალებით ხდება.

ქრისტეს სწავლების შედეგები

დედამიწაზე ყოფნისას იესომ ნათლად აჩვენა, როგორ უნდა შეეცვალათ ადამიანებს სიძულვილი სიყვარულით: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (იოანე 15:12). ის მსმენელებს აგრეთვე ასწავლიდა: „ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი“ (მათე 5:9). ამ მუხლში „მშვიდობის მყოფელად“ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ სიმშვიდესა და სიწყნარეს. ის სინამდვილეში მშვიდობის შესანარჩუნებლად აქტიურ მუშაობას მოსდევს.

როდესაც იესო დააპატიმრეს მოციქულმა პეტრემ ცივი იარაღით სცადა მისი დაცვა. მაგრამ ღვთის ძემ უსაყვედურა: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52). როგორ იყენებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ამ სიტყვებს? ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ მოყვანილ ციტატებს.

„ხელთარსებული ინფორმაციის გულდასმით გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ მარკუს ავრელიუსამდე (ახ. წ. 121—180 წლები) არც ერთი ქრისტიანი არ გამხდარა ჯარისკაცი და არც ერთი ჯარისკაცი, რომელიც ქრისტიანი გახდა, არ დაჰბრუნებია სამხედრო სამსახურს“, — ნათქვამია წიგნში „ქრისტიანობის დასაწყისი“.

„პირველი ქრისტიანები რომაელებისგან განსხვავებულად მოქმედებდნენ. . . რადგან ქრისტე მშვიდობას ქადაგებდა, მისი მიმდევრები კი ჯარისკაცებად გახდომაზე უარს აცხადებდნენ“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში (Our World Through the Ages).

რადგან ქრისტეს მოწაფეები იმპერატორის ჯარში მსახურებაზე უარს ამბობდნენ, რომაელებმა მრავალი მათგანი დახოცეს. რატომ ინარჩუნებდნენ ქრისტიანები ასეთ არაპოპულარულ პოზიციას? იმიტომ რომ ისესო ასწავლიდა, რომ მშვიდობის მყოფელნი გამხდარიყვნენ.

დღევანდელი ომები

წარმოიდგინეთ, რა საზარელი სანახავი იქნებოდა ქრისტეს მიმდევრებს ერთმანეთის მოწინააღმდეგე ჯარებში რომ ეომათ და ერთმანეთი დაეხოცათ. ეს ქრისტიანული პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედება იქნებოდა. სინამდვილეში, ისინი, ვინც ბიბლიის ღმერთს ემორჩილებიან, არათუ ერთმანეთს, არამედ თავიანთ მტრებსაც კი არ ვნებენ * (მათე 5:43—45).

მაშ, ნათელია, რომ ღმერთი დღეს ადამიანთა ომებს არ აკურთხებს. მშვიდობის მყოფელი ქრისტიანები მხარს უჭერენ მშვიდობას, რომელსაც ღვთის სამეფო დაამყარებს მთელ დედამიწაზე.

[სქოლიო]

^ აბზ. 17 ბიბლია მოიხსენიებს „არმაგედონს“, რომელსაც აგრეთვე ჰქვია „ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღე“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ადამიანთა კი არა, ღვთის ომია, რომელშიც ბოროტებს გაანადგურებს. აქედან გამომდინარე, „არმაგედონს“ ვერ გამოვიყენებთ დღევანდელი კონფლიქტების გასამართლებლად და ვერც ვივარაუდებთ, რომ ღმერთი იწონებს მათ (გამოცხადება 16:14, 16; 21:8).

[სურათი 10 გვერდზე]

ესპანელი გენერალი ფრანსისკო ფრანკო კათოლიკე მღვდლებთან ერთად.

[საავტორო უფლება]

U.S. National Archives photo

[სურათი 11 გვერდზე]

კოსოვოში გამგზავრების წინ, 1999 წლის 11 ივნისს, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები ჯარისკაცებს ლოცავენ.

[საავტორო უფლება]

AP Photo/Giorgos Nissiotis