არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორი თვალსაზრისი აქვთ ღმერთსა და ქრისტეს?

როგორი თვალსაზრისი აქვთ ღმერთსა და ქრისტეს?

როგორი თვალსაზრისი აქვთ ღმერთსა და ქრისტეს?

როგორ გავიგოთ, რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვა ღმერთს მანდილოსნებზე? ამისათვის საჭიროა, ვიცოდეთ, როგორ ეპყრობოდა მათ იესო ქრისტე, რომელიც „უხილავი ღვთის ანარეკლია“ და რომელიც სრულყოფილად ირეკლავს ღვთის თვალსაზრისს (კოლოსელები 1:15). იესოს დამოკიდებულებიდან ჩანდა, რომ იეჰოვა პატივს სცემს ქალებს და არ იწონებს მათდამი უსამართლო მოპყრობას, რასაც ქალები დღეს ხშირად ხვდებიან მრავალ ქვეყანაში.

გავიხსენოთ ის შემთხვევა, როცა იესო სამარიელ ქალს ჭასთან ესაუბრა. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: «ერთი სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად მივიდა. იესომ უთხრა მას: „წყალი დამალევინე“». იესო არ მოერიდა სამარიელ ქალთან საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ იუდეველების უმეტესობას სამარიელებთან საერთოდ არ ჰქონდათ ურთიერთობა. „ბიბლიის საერთაშორისო სტანდარტულ ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია, რომ „ებრაელები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქალთან საუბარს სამარცხვინოდ მიიჩნევდნენ“. მათგან განსხვავებით, იესო ქალებს პატივს სცემდა და ყურადღებას იჩენდა მათ მიმართ; ის არ განასხვავებდა ადამიანებს რასისა და სქესის მიხედვით. სწორედ სამარიელ ქალს გაუმხილა პირველად იესომ, რომ მესია იყო (იოანე 4:7—9, 25, 26).

განვიხილოთ მეორე შემთხვევა. ერთხელ იესოს მიუახლოვდა ქალი, რომელიც 12 წელი სისხლდენით იტანჯებოდა. ეს ისეთი დაავადება იყო, რის გამოც ქალი თავს უხერხულად იგრძნობდა. როგორც კი ქალი იესოს შეეხო, მაშინვე განიკურნა. «იესო მიბრუნდა, დაინახა ის და უთხრა: „გამაგრდი, შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“» (მათე 9:22). მოსეს კანონის მიხედვით, სისხლდენით დაავადებულ ქალს ხალხში გამოჩენის უფლება არ ჰქონდა, რომ აღარაფერი ვთქვათ შეხებაზე. მაგრამ იესოს არ უსაყვედურია მისთვის, პირიქით თანაუგრძნო, ანუგეშა და „შვილოთი“ მიმართა. რა სიმშვიდეს იგრძნობდა ეს ქალი და როგორ გაუხარდებოდა იესოს მისი გამოჯანმრთელება!

აღდგომის შემდეგ იესო პირველად მაგდალელ მარიამს და, როგორც ბიბლია მოიხსენიებს, „მეორე მარიამს“ ეჩვენა. იესოს შეეძლო პეტრეს, იოანეს ან სხვა რომელიმე მოწაფეს გამოსცხადებოდა, მაგრამ პირველად სწორედ ქალებს ეჩვენა, რითაც დააფასა ისინი. ანგელოზმა უთხრა მათ, რომ ამ დიდებული მოვლენის შესახებ მამაკაცებისთვის, იესოს მოწაფეებისთვის შეეტყობინებინათ. გზაში იესო ქალებს შეხვდა და უთხრა: „წადით და უთხარით ჩემს ძმებს“ (მათე 28:1, 5—10). იესოზე გავლენა არ მოუხდენია ისრაელში საყოველთაოდ გავრცელებულ თვალსაზრისს, რომ ქალებს არ ჰქონდათ მოწმედ ყოფნის უფლება.

როგორც დავინახეთ, იესოს არ ჰქონია ქალებზე წინასწარშექმნილი არასწორი აზრი და არც მეორეხარისხოვან ადამიანებად მიიჩნევდა, პირიქით, ის პატივს სცემდა და აფასებდა მათ. ქალებზე ძალადობა ეწინააღმდეგება იესოს მოძღვრებას; იესოს ზუსტად ისეთი თვალსაზრისი ჰქონდა, როგორიც მამამისს, იეჰოვას.

ღმერთი ზრუნავდა ქალებზე

ერთი ბიბლიური ლექსიკონი ძველ დროში მცხოვრები ქალების მდგომარეობას შემდეგნაირად აღწერს: „ძველად, არც ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში და არც ახლო აღმოსავლეთში ქალებს არ ჰქონდათ ისეთი თავისუფლება, როგორიც დღეს დასავლეთში აქვთ. როგორც წესი, ქალები ემორჩილებოდნენ ქმრებს, როგორც მონები ბატონებს, ახალგაზრდები ხანდაზმულებს . . . ბიჭებს გოგონებზე მეტად აფასებდნენ; ზოგჯერ ახალდაბადებულ გოგონებს ბედის ანაბარა ტოვებდნენ“. უმეტეს შემთხვევაში მათ მონებივით ექცეოდნენ.

ბიბლია იმ დროს დაიწერა, როცა ასეთი დამოკიდებულება ღრმად იყო ფესვგადგმული. მაგრამ მრავალ ძველ კულტურაში გავრცელებული თვალსაზრისისგან განსხვავებით, ღვთის კანონის მიხედვით ქალები ღირსეულ მოპყრობას იმსახურებდნენ.

იეჰოვა ქალებზე რომ ზრუნავს, კარგად ჩანს რამდენიმე შემთხვევიდან. მაგალითად, მან ორჯერ გადაარჩინა აბრაამის მშვენიერი ცოლი სარა გაუპატიურებას (დაბადება 12:14—20; 20:1—7). ღმერთმა კეთილგანწყობით შეხედა ლეას, რომელიც იაკობს რახელზე ნაკლებად უყვარდა, მას ‘საშვილოსნო გაუხსნა’ და ვაჟი შეეძინა (დაბადება 29:31, 32). ეგვიპტეში ებრაელი ახალშობილების გადასარჩენად ორმა ღვთისმოშიშმა ქალმა სიცოცხლე ჩაიგდო საფრთხეში, რის გამოც იეჰოვამ აკურთხა ისინი და „ოჯახები უბოძა“ (გამოსვლა 1:17, 20, 21). ღმერთმა ხანას გულწრფელი ლოცვაც შეისმინა (1 სამუელი 1:10, 20). იეჰოვას არ მიუტოვებია ერთი წინასწარმეტყველის ქვრივი, რომლის შვილებსაც მევალე მონებად წაყვანას უპირებდა. ღმერთმა იზრუნა, რომ ქვრივს წინასწარმეტყველ ელისეს მეშვეობით ზეთი არ გამოლეოდა. ის ვალების გადახდასაც შეძლებდა და თავისი სამყოფი ზეთიც მორჩებოდა. როგორც ვხედავთ, იეჰოვამ იზრუნა ქვრივის ოჯახზე და ღირსება შეუნარჩუნა (გამოსვლა 22:22, 23; 2 მეფეები 4:1—7).

წინასწარმეტყველები ყოველთვის განსჯიდნენ ქალების ექსპლუატაციასა და მათზე ძალადობას. ღვთის კარნახით წინასწარმეტყველმა იერემიამ ისრაელებს უთხრა: „ქმენით სამართალი და სიმართლე, გამომძალველის ხელიდან იხსენით გაძარცული; ცუდად ნუ მოექცევით ხიზანს, უმამო ბავშვსა და ქვრივს; ნუ ავნებთ მათ და ნუ დაღვრით ამ ადგილზე უდანაშაულო სისხლს“ (იერემია 22:2, 3). ღმერთმა დაგმო მდიდარი და გავლენიანი ისრაელები, რომლებიც სახლიდან აძევებდნენ ქალებს, მათ შვილებს კი უსამართლოდ ექცეოდნენ (მიქა 2:9). ღმერთი სამართლიანია და ქალებისა და ბავშვების მიმართ ასეთ მოპყრობას ბოროტებად მიიჩნევს.

„მარჯვე ცოლი“

„მარჯვე ცოლის“ შესახებ წარმოდგენას გვიქმნის ბიბლიის წიგნის, „იგავების“ დამწერი. ის აღწერს ცოლის როლსა და მდგომარეობას; ვინაიდან ამის შესახებ ბიბლიაშია საუბარი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი იწონებს მარჯვე ქალს, რომელიც ჩაგვრასა და დამცირებას კი არა, დაფასებას, ნდობასა და პატივისცემას იმსახურებს.

„მარჯვე ცოლი“, რომელიც იგავების 31-ე თავში მოიხსენიება, ენერგიული და შრომისმოყვარეა, ყველა საქმეს „სიხარულით კიდებს ხელს“, ვაჭრობს და საქმიან გარიგებებს აწარმოებს; მიდის მინდვრის სანახავად და ყიდულობს მას; ამზადებს ტანსაცმელს და ყიდის; ქამრებს ვაჭრებს აძლევს. ის საქმეს გულმოდგინედ აკეთებს. ამასთანავე, ბრძენი და კეთილია. ყოველივე ამის გამო მას აფასებენ მისი ქმარი, ვაჟები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იეჰოვა.

ქალები არ უნდა ხდებოდნენ კაცების მხრიდან ჩაგვრის, ცუდად მოპყრობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნი. გათხოვილი ქალი ბედნიერი უნდა იყოს და უნდა გრძნობდეს, რომ „შემავსებლის“ როლს კარგად ასრულებს (დაბადება 2:18).

პატივი მიაგეთ

ღვთის შთაგონებით პეტრე მოციქულმა ქრისტიან ქმრებს მისწერა, როგორ უნდა მოპყრობოდნენ ცოლებს, და მოუწოდა მათ, რომ ისეთივე თვალსაზრისი ჰქონოდათ, როგორიც იეჰოვასა და იესო ქრისტეს აქვთ. მან დაწერა: „თქვენც, ქმრებო . . . პატივი მიაგეთ მათ“ (1 პეტრე 3:7). პატივის მიგებაში იგულისხმება დაფასება და ღრმა პატივისცემა. აქედან გამომდინარე, კაცი, რომელიც პატივს მიაგებს ცოლს, არ დაამცირებს და უხეშად არ მოექცევა მას. პირიქით, თავისი სიტყვებითა და საქმით აჩვენებს, რომ აფასებს და უყვარს თავისი მეუღლე. ის ასე უნდა იქცეოდეს ყველგან, ხალხშიც და სახლშიც.

ცოლის პატივისცემა ოჯახის ბედნიერებას უწყობს ხელს. მაგალითად, ბრაზილიელი ცოლ-ქმარი კარლოსი და სესილია ხშირად კამათობდნენ და ვერ თანხმდებოდნენ. ზოგჯერ ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდნენ. მათ არ იცოდნენ, როგორ მოეგვარებინათ პრობლემები. კარლოსი აგრესიული, სესილია კი მომთხოვნი და ამაყი იყო. მაგრამ, როცა მათ ბიბლიის შესწავლა და ნასწავლის პრაქტიკულად გამოყენება დაიწყეს, უთანხმოებების მოგვარება შეძლეს. სესილია აღნიშნავს: „იესოს სწავლებებმა და მისმა მაგალითმა მე და ჩემი მეუღლე ახალ პიროვნებებად ჩამოგვაყალიბა. იესოს მაგალითი დამეხმარა, რომ უფრო თავმდაბალი და გამგები ადამიანი გავმხდარიყავი. ვისწავლე, რომ იეჰოვასთვის მეთხოვა დახმარება, როგორც ამას იესო აკეთებდა. კარლოსმა კი მოთმინება და თავშეკავება ისწავლა, რომ ჩემთვის პატივი ეცა ისე, როგორც ამას იეჰოვა ითხოვს“.

რასაკვირველია, კარლოსსა და სესილიას სრულყოფილი ოჯახი არა აქვთ, მაგრამ მათი ოჯახური კვანძები მტკიცეა. რამდენიმე წლის წინ ისინი სერიოზულ სირთულეებს შეხვდნენ. კარლოსმა სამსახური დაკარგა; შემდეგ სიმსივნე აღმოაჩნდა და ოპერაცია გაიკეთა. მაგრამ პრობლემების მიუხედავად, მათი ოჯახური კვანძები არ დარღვეულა, პირიქით, განმტკიცდა.

არასრულყოფილების გამო ბევრ ქვეყანაში ქალებს უპატივცემულოდ ექცევიან. ისინი ხშირად ფიზიკური და სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლნი ხდებიან და ემოციურ ზეწოლასაც განიცდიან. მაგრამ ღმერთს არ სურდა, რომ მათ ასე მოპყრობოდნენ. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ რომელ კულტურასაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ, ყველა ქალი იმსახურებს პატივისცემასა და დაფასებას, და ეს უფლება მათ ღმერთმა მიანიჭა.

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

სამარიელი ქალი

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

დაავადებული ქალი

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

მაგდალელი მარიამი

[სურათი 6 გვერდზე]

იეჰოვამ სარა ორჯერ დაიცვა

[სურათი 7 გვერდზე]

კარლოსისა და სესილიას ოჯახი დანგრევის პირას იყო

[სურათი 7 გვერდზე]

კარლოსი და სესილია დღეს