არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვიქცეთ? გადატვირთული მოძრაობა

როგორ მოვიქცეთ? გადატვირთული მოძრაობა

როგორ მოვიქცეთ? გადატვირთული მოძრაობა

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან

დავუშვათ, ექიმთან ხარ წასასვლელი. სახლიდან საკმაოდ ადრე გამოხვედი, რომ არ დაიგვიანო, მაგრამ მოულოდნელად საცობში ხვდები. დრო გადის, მანქანების რიგი მიიზლაზნება, შენ კი ნერვიულობ. ბოლოს ექიმთან ნახევარი საათით გაგვიანდება.

გადატვირთული მოძრაობა, განსაკუთრებით კი ავტოკოლონა, რომელიც საცობებს ქმნის და ჰაერს აბინძურებს, დიდი ქალაქების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. სამწუხაროდ, ქალაქში მცხოვრები მილიონობით ადამიანი ამ პრობლემიდან რეალურ გამოსავალს ვერ ხედავს.

ტეხასის სატრანსპორტო ინსტიტუტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში, „დიდ თუ პატარა ქალაქებში მოძრაობა სულ უფრო რთული ხდება“. იგივე ინსტიტუტი დასძენს, რომ ადგილობრივი მთავრობები ვერ ახერხებენ ადეკვატური ზომების მიღებას მძღოლების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მსგავსი მდგომარეობა მთელ მსოფლიოში შეინიშნება. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩინეთში ათასობით მძღოლი ასკილომეტრიან საცობში აღმოჩნდა. პოლიციას რამდენიმე დღე დასჭირდა გზის გასახსნელად. მეხიკოს ცენტრში ოცკილომეტრიანი მანძილის გასავლელად მძღოლს შეიძლება ოთხი საათი დასჭირდეს. ამავე მანძილის გავლა ქვეითად მოსიარულეს ნაკლებ დროში შეუძლია.

საცობების წარმოქმნის მიზეზის დადგენა რთული არ არის. ქალაქებში მცხოვრებთა რაოდენობა მუდმივად იზრდება; დღეს უკვე მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ცხოვრობს. ქალაქების მოსახლეობის მატებასთან ერთად იზრდება მანქანების რაოდენობაც. როგორც ერთი ჟურნალისტი ამბობს: „ქალაქებში მანქანების რიცხვი იზრდება, ქუჩების კი — არა“.

რატომ არის რთული ამ პრობლემის გადაჭრა?

ადამიანი დამოკიდებული გახდა მანქანაზე, რაც ქალაქებში პრობლემას ქმნის. ლოს-ანჯელესში (შეერთებული შტატები), სადაც დაახლოებით 4 მილიონი მცხოვრებია, მანქანა უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი. შეიძლება სხვა ქალაქებში ამდენი მანქანა არ იყოს, მაგრამ გადატვირთული მოძრაობა იქაც შეინიშნება. მადრიდის საქალაქო კომისიის პრეზიდენტმა კარლოს გუზმანმა განაცხადა: „დიდი ქალაქები სამანქანო მოძრაობისთვის გათვლილი არ იყო“. ყველაზე მეტად ეს პრობლემა ძველი ქალაქებისთვის არის დამახასიათებელი, სადაც ვიწრო ქუჩებია. მაგრამ ახალი ქალაქების განიერ ქუჩებშიც ბევრი საცობია, განსაკუთრებით „პიკის საათებში“. „დიდ ქალაქებში მოძრაობა დღის განმავლობაში გადატვირთულია და ეს პრობლემა სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენს“, აღნიშნავს დ-რ ჟან-პოლ როდრიგი თავის მოხსენებაში „სატრანსპორტო პრობლემები ქალაქებში“.

მანქანები ძალიან სწრაფად იყიდება, ამიტომ სახელმწიფო ვერ ასწრებს ახალი ავტომაგისტრალების დაგებას. ავტომობილები იმდენად ბევრია, რომ კეთილმოწყობილი გზებიც კი ვერ აუდის მათ. «ახალი გზების დაგებით ან უკვე არსებული გზების გაფართოებით „პიკის საათების“ დროს წარმოქმნილი საცობები არ შემცირდება» („Stuck in Traffic—Coping With Peak-Hour Traffic Congestion“).

საცობების მიზეზია ასევე მანქანის გასაჩერებელი ადგილების სიმცირე. დღის გარკვეულ საათებში ბევრი მანქანა მხოლოდ გასაჩერებელი ადგილის ძიებაში წრეებს არტყამს ქალაქის ქუჩებს. სავარაუდოდ, ქალაქებში გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი ყოველ წელს დაახლოებით 400 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზია. ერთი ცნობის თანახმად, მილანში (იტალია) ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ ქალაქის ქუჩებში ერთი დღის გატარება 15 ღერი სიგარეტის მოწევის ტოლფასია.

საცობებს ასევე ეწირება მძღოლების დრო და ნერვები. ცხადია, ემოციური ზარალის დადგენა შეუძლებელია. მაგრამ შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ქვეყნის 75 უდიდეს ქალაქში საცობებით გამოწვეულმა ზარალმა წელიწადში სამოცდაათ მილიარდ დოლარს მიაღწია. რა შეიძლება გაკეთდეს მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

რა გაკეთდა?

ზოგ ქალაქში უკვე მიიღეს სერიოზული ზომები. ერთ-ერთი ქალაქი, სადაც უამრავი სატრანსპორტო საშუალებაა თავმოყრილი, სინგაპურია; იქ მანქანის შეძენაზე შეზღუდვაა დაწესებული. იტალიის ზოგიერთ ისტორიულ ქალაქში, მანქანით მოძრაობა ქალაქის ცენტრში თითქმის მთელი დღის განმავლობაში აკრძალულია.

ზოგიერთ სხვა ქალაქში მძღოლებს ქალაქის ცენტრში შესასვლელად გადასახადს აკისრებენ. ასეთმა ღონისძიებამ ლონდონში საცობების რაოდენობა 30 პროცენტით შეამცირა. როგორც ჩანს, მსგავს ზომებს ბევრი სხვა ქალაქიც მიიღებს. მეხიკოს (მექსიკა) ცენტრში მანქანების მოძრაობა მხოლოდ გარკვეულ დღეებშია ნებადართული, ისიც მანქანის სარეგისტრაციო ნომრების მიხედვით.

ქალაქების ხელმძღვანელობამ დიდი თანხა ჩადო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე, ავტომაგისტრალების შეკეთებასა და წრიული გზების დაგებაზე. კომპიუტერული სისტემის გამოყენებით შესაძლებელი გახდა შუქნიშნების დარეგულირება, ასევე პოლიციის მობილიზება იმ ადგილას, სადაც საცობი უბედური შემთხვევის გამო შეიქმნა. მოძრაობას აადვილებს ავტობუსებისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილი და, საჭიროების შემთხვევაში, მოძრაობის მიმართულების ცვლა. საბოლოოდ, ბევრი რამ მაინც მძღოლზეა დამოკიდებული.

რის გაკეთება შეგიძლია პირადად შენ?

იესო ქრისტემ თქვა: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ამ ბრძნული რჩევის გამოყენება დაგეხმარება სხვადასხვა ავტოსაგზაო სირთულესთან გასამკლავებლად. სხვა მხრივ, თუ ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებს, საუკეთესოდ შედგენილი სისტემაც კი ვერ გადაჭრის ამ პრობლემას. ქვემოთ მოცემული რჩევები საცობში მოხვედრის დროს დაგეხმარება.

თუ შორს არ მიდიხარ, შეგიძლია ფეხით ან ველოსიპედით წახვიდე. ხშირად ეს გადაადგილების სწრაფი და ადვილი საშუალებაა, თანაც ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. შორ მანძილზე წასასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეიძლება საუკეთესო გამოსავალი იყოს. მრავალ ქალაქში მთავრობა ავტობუსების, მეტროსა და რკინიგზის მომსახურების გაუმჯობესებას ცდილობს, რათა ხალხმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს. ამ ტრანსპორტით მგზავრობა შეიძლება უფრო იაფი დაგიჯდეს. შეგიძლია გარკვეული მანძილი მანქანით გაიარო, მაგრამ ქალაქის ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიხვიდე.

თუ მანქანით ხარ, შეგიძლია სხვასაც შესთავაზო შენთან ერთად მგზავრობა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ „პიკის საათებში“ საცობი არ შეიქმნას. შეერთებულ შტატებში ქალაქგარეთ მცხოვრებთა 88 პროცენტი, რომლებიც ქალაქში მუშაობენ, მანქანით მგზავრობენ; ამათგან ორი მესამედი მარტო მგზავრობს. ზემოთ მოხსენიებულ წიგნში აღნიშნული იყო, რომ, თუ მოსახლეობის დიდ ნაწილს დაარწმუნებდნენ, ერთად ემგზავრათ, «ეს დიდად შეამცირებდა დაგვიანებისა და საცობების პრობლემას „პიკის საათებში“» („Stuck in Traffic—Coping With Peak-Hour Traffic Congestion“). გარდა ამისა, ბევრ ქალაქში სპეციალური სავალი ნაწილია გათვალისწინებული იმ მანქანებისთვის, რომლებშიც ორი ან მეტი მგზავრია. მძღოლებს, რომელთაც მგზავრები არა ჰყავთ, უფლება არა აქვთ, ამ გზებით ისარგებლონ.

თუ დრო საშუალებას გაძლევს, მოერიდე „პიკის საათებში“ მგზავრობას. ეს გაგიადვილებს გადაადგილებას როგორც შენ, ისე სხვებს. მანქანა სწორად დააყენე, რომ ხელი არ შეუშალოს სხვა მანქანებს თავისუფლად მოძრაობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დაგეგმო, გარანტია არა გაქვს, რომ საცობში არ მოხვდები. თუ ასეთ დროს სწორ განწყობას შეინარჩუნებ, გზაზე შექმნილი სირთულეების დაძლევა გაგიადვილდება (იხილე თანდართული ჩარჩო).

ცხადია, დიდ ქალაქში მცხოვრებთათვის საცობებში მოხვედრა გარდაუვალია. მიუხედავად ამისა, თუ გარკვეულ ზომებს მიიღებ, თავაზიანი და მომთმენი იქნები სხვა მძღოლების მიმართ, შეძლებ გზებზე შექმნილ სირთულეებთან გამკლავებას.

[ჩარჩო/სურათი 23 გვერდზე]

შეინარჩუნე სიმშვიდე გადატვირთულ გზებზე

ოცდაათ წელზე მეტია, რაც ჰაიმე ტაქსის მძღოლად მუშაობს მადრიდის (ესპანეთი) გადატვირთულ გზებზე. ის გვიზიარებს, თუ რა ეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში:

▪ ყოველთვის თან მაქვს საკითხავი მასალა. ამიტომ ნაკლებად ვღიზიანდები, თუ მოძრაობა ჩერდება.

▪ როცა მოძრაობა შენელებულია, ვუსმენ ახალ ამბებს ან ბიბლიის აუდიოჩანაწერებს. ეს მეხმარება, საცობზე არ ვიფიქრო.

▪ ჩვეულებრივ, არასოდეს ვასიგნალებ, რადგან ეს მხოლოდ აღიზიანებს სხვებს. მძღოლებს თავაზიანად ვექცევი, რაც სტრესული სიტუაციების არიდებაში მეხმარება. თანაც ჩემი საქციელით სხვებს მაგალითს ვაძლევ.

▪ ვცდილობ სიმშვიდე არ დავკარგო, როცა აგრესიულ მძღოლებს ვხვდები; ყველანაირად ვერიდები მათ. მოთმინებას არაფერი შეედრება.

▪ თუ შესაძლებელია, ვცდილობ სხვა გზით წავიდე. ვაფრთხილებ მგზავრებს, რომ გადატვირთული მოძრაობის გამო ადგილზე შეიძლება დროულად ვერ მივიყვანო. ადვილი არ არის, ქალაქში მოძრაობის დროს პუნქტუალური იყო.