არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ავუხსნა სხვებს, რატომ მწამს შემოქმედების?

როგორ ავუხსნა სხვებს, რატომ მწამს შემოქმედების?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ავუხსნა სხვებს, რატომ მწამს შემოქმედების?

„კლასში ევოლუციაზე დაიწყეს მსჯელობა. გამოთქმული აზრები სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმას, რაც ნასწავლი მქონდა. ისე დაბეჯითებით ლაპარაკობდნენ, რომ, ცოტა არ იყოს, ავღელდი“ (რაინი, 18 წლის).

„როცა 12 წლის ვიყავი, ჩემი მასწავლებელი თავგამოდებული ევოლუციონისტი იყო. მას მანქანაზე ევოლუციის სიმბოლოც კი ჰქონდა. ამის გამო გაბედულად ვერ ვლაპარაკობდი, რომ შემოქმედების მჯეროდა“ (ტაილერი, 19 წლის).

„შიშის გრძნობა დამეუფლა, როდესაც სოციოლოგიის მასწავლებელმა გვითხრა, რომ შემდეგ გაკვეთილზე ევოლუციაზე ვისაუბრებდით. ვიცოდი, რომ კლასის წინაშე მომიწევდა ჩემი პოზიციის დაცვა“ (რაკელი, 14 წლის).

შეიძლება რაინის, ტაილერისა და რაკელის მსგავსად, შენც ღელავ, როდესაც კლასში ევოლუციაზე მსჯელობენ. შენ გწამს, რომ ღმერთმა „შექმნა ყველაფერი“ (გამოცხადება 4:11). შენ ხედავ იმის დამადასტურებელ ფაქტებს, რომ გარშემო ყველაფერი შემოქმედების ნაყოფია. მაგრამ სახელმძღვანელოში წერია და მასწავლებელიც ამბობს, რომ ევოლუციის შედეგად განვვითარდით. შეიძლება ფიქრობ: «როგორ უნდა ვეკამათო „სპეციალისტებს“?» „რას იტყვიან კლასელები, თუ ღვთის შესახებ დავიწყებ საუბარს?“

თუ მსგავსი კითხვები გაწუხებს, ნამდვილად არ გაქვს აღელვების მიზეზი! შენ არა ხარ ერთადერთი, ვისაც შემოქმედების სწამს. ფაქტია, რომ მრავალი მასწავლებელი და მეცნიერი არ აღიარებს ევოლუციურ მოძღვრებას. სახელმძღვანელოებში დაბეჭდილი მასალის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი 5–დან 4 მოსწავლეს სწამს, რომ შემოქმედი არსებობს.

და მაინც, შეიძლება იფიქრო: „რას ვიტყვი, თუ ჩემი შეხედულების დაცვა მომიწევს?“ დარწმუნებული იყავი, რომ შეძლებ საკუთარი პოზიციის დაცვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებით გაბედული არა ხარ. თუმცა საჭიროა წინასწარ მომზადება.

დარწმუნდი შენი რწმენის საფუძვლიანობაში!

ქრისტიანულ ოჯახში თუ აღიზარდე, შემოქმედების შეიძლება იმიტომ გწამს, რომ ბავშვობიდან ასე გასწავლიდნენ. მაგრამ წლების მატებასთან ერთად, ღმერთს თაყვანი „გააზრებულად“ უნდა სცე, ანუ კარგად უნდა გესმოდეს, რაზეა დაფუძნებული შენი რწმენა (რომაელები 12:1). პირველ საუკუნეში პავლე მოციქული მოუწოდებდა ქრისტიანებს, რომ ‘ყველაფერი შეემოწმებინათ’ (1 თესალონიკელები 5:21). როგორ შეგიძლია დარწმუნდე შემოქმედებასთან დაკავშირებით შენი რწმენის საფუძვლიანობაში?

თავდაპირველად, განვიხილოთ, რა დაწერა პავლე მოციქულმა ღვთის შესახებ: „მისი უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20). ამ სიტყვების გათვალისწინებით, დაფიქრდი ადამიანის სხეულზე, დედამიწაზე, უკიდეგანო სამყაროსა და ოკეანეებზე; ასევე მწერებზე, მცენარეებზე, ცხოველებზე — ერთი სიტყვით, იმაზე, რაც შენ უფრო მეტად გაინტერესებს. შემდეგ კი საკუთარ თავს ჰკითხე: რატომ მჯერა, რომ შემოქმედი არსებობს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 14 წლის სემს მაგალითად მოჰყავს ადამიანის სხეული და ამბობს: „ის საოცრად რთულია. მისი ყველა ნაწილი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. შეუძლებელია, რომ ადამიანის სხეული ევოლუციის შედეგად განვითარებულიყო!“ 16 წლის ჰოლიც მსგავს აზრს გამოთქვამს: „მას შემდეგ, რაც დიაბეტის დიაგნოზი დამისვეს, ბევრი რამ გავიგე იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ორგანიზმი. მაგალითად, გასაოცარია, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს პანკრეასი, პატარა კუჭქვეშა ჯირკვალი, სისხლისა და სხვა ორგანოების ფუნქციონირებაში“.

ზოგი ახალგაზრდა ამ საკითხს სხვა კუთხით განიხილავს. 19 წლის ჯერედი ამბობს: „პირადად მე შემოქმედის არსებობაში ყველაზე მეტად ის მარწმუნებს, რომ ჩვენ გვაქვს სულიერი მოთხოვნილება, სილამაზის აღქმის უნარი და სწავლის სურვილი. ევოლუციის თანახმად, წესით ეს ყოველივე გადარჩენისთვის აუცილებელი უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენს არსებობას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა: დედამიწაზე დაგვასახლა მან, ვისაც სურდა, სიცოცხლით დავმტკბარიყავით“. დასაწყისში მოხსენიებული ტაილერი მსგავს დასკვნას აკეთებს: „როცა ვფიქრობ მცენარეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლზე და მათ საოცრად რთულ აგებულებაზე, ვრწმუნდები, რომ შემოქმედი არსებობს“.

შემოქმედების შესახებ უფრო თავისუფლად ისაუბრებ, თუ გულდასმით გამოიკვლევ ამ საკითხს და ნამდვილად იქნები მასში დარწმუნებული. ამიტომ სემის, ჰოლის, ჯერედისა და ტაილერის მსგავსად, დრო გამოყავი ღვთის შემოქმედებაზე დასაფიქრებლად. შემდეგ „ყური დაუგდე“, რას „გეუბნება“ მისი საოცარი საქმეები. უეჭველია, პავლე მოციქულის მსგავსად, შენც მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ „შექმნილის მეშვეობით“ მხოლოდ ის კი არ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღმერთი არსებობს, არამედ მისი თვისებებიც *.

გამოიკვლიე, რას ამბობს ბიბლია სინამდვილეში

ღვთის შემოქმედებაზე დაფიქრების გარდა, აუცილებელია იცოდე, სინამდვილეში რას ასწავლის ბიბლია შემოქმედების შესახებ. არ ღირს ისეთ საკითხებზე კამათი, რაზეც ბიბლია პირდაპირ არაფერს ამბობს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ჩემს სახელმძღვანელოში წერია, რომ დედამიწა და მზის სისტემა მილიარდობით წელია, რაც არსებობს. ბიბლია არაფერს ამბობს დედამიწისა და მზის სისტემის ასაკზე. სინამდვილეში, ბიბლია არ გამორიცხავს იმ აზრს, რომ სამყარო, მათ შორის ჩვენი პლანეტა, პირველი შემოქმედებითი „დღის“ დაწყებამდე მილიარდობით წლის მანძილზე არსებობდა (დაბადება 1:1, 2).

ჩემი მასწავლებელი ამბობს, რომ დედამიწა ექვს დღეში ვერ შეიქმნებოდა. ბიბლია არ ამბობს, რომ თითოეული შემოქმედებითი „დღე“ პირდაპირი გაგებით 24–საათიან პერიოდს მოიცავდა. მეტი ინფორმაციისთვის იხილე ამ ჟურნალის მე-18—20 გვერდები.

კლასში განიხილეს იმის რამდენიმე მაგალითი, თუ თანდათანობით როგორ განვითარდნენ ცხოველები და ადამიანები. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ცოცხალი არსებები შექმნა „მათი გვარისდა მიხედვით“ (დაბადება 1:20, 21). ის არ უჭერს მხარს იმ მოსაზრებას, რომ სიცოცხლე უსიცოცხლო მატერიისგან წარმოიშვა ან ღმერთმა ევოლუციის პროცესი ერთი უჯრედიდან დაიწყო. თითოეულ „გვარს“ აქვს ნაირსახეობის პოტენციალი. ასე რომ, ბიბლია არ გამორიცხავს თითოეული „გვარის“ შიგნით ცვლილებების მოხდენის შესაძლებლობას.

დარწმუნებული იყავი შენს მრწამსში!

არანაირი მიზეზი არა გაქვს, შეგრცხვეს იმის, რომ შემოქმედების გწამს. თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს, გონივრულია — და მეცნიერულადაც გამართლებულია — გვჯეროდეს, რომ ჩვენ ვართ შემოქმედების ნაყოფი. სინამდვილეში, იმის დაჯერებას უფრო დიდი რწმენა სჭირდება, რომ ევოლუციის შედეგად განვვითარდით და სასწაულები სასწაულთმოქმედის გარეშე მოხდა. „გამოიღვიძეთ!“–ის ამ ნომერში დაბეჭდილი სტატიების წაკითხვა უეჭველად დაგარწმუნებს შემოქმედების რწმენის საფუძვლიანობაში. თუ თავად გამოიკვლევ გულდასმით ამ საკითხს, უფრო გაბედულად შეძლებ შენი შეხედულებების დაცვას კლასის წინაშე.

სწორედ ამაში დარწმუნდა რაკელი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. ის ამბობს: «რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ არ უნდა გავჩუმებულიყავი და ჩემი მრწამსი უნდა დამეცვა. ჩემს მასწავლებელს მივეცი წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ მასში მოვნიშნე ადგილები, რომლებზეც მისი ყურადღების გამახვილება მინდოდა. მოგვიანებით მან მითხრა, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ ახლებურად შეხედა ევოლუციის თეორიას და მომავალში გაკვეთილების დროს მხედველობაში მიიღებდა წაკითხულ მასალას».

სხვა სტატიების ნახვა რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ შეგიძლია შემდეგ ვებ–გვერდზე: www.watchtower.org/ype

დაფიქრდი:

▪ როგორ შეგიძლია ახსნა სკოლაში, რატომ გწამს შემოქმედების?

▪ როგორ შეგიძლია მადლიერება გამოხატო ყოველივეს შემოქმედის მიმართ? (საქმეები 17:26, 27).

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 მრავალ ახალგაზრდას დაეხმარა ისეთი წიგნების წაკითხვა, როგორიცაა „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ (რუს.) და „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ (ორივე პუბლიკაცია გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[ჩარჩო 27 გვერდზე]

„ფაქტები მრავლად გვაქვს“

„რას ეტყოდით ახალგაზრდას, რომელიც შემოქმედის რწმენით აღიზარდა, მაგრამ სკოლაში ევოლუციის თეორიას ასწავლიან“? ეს კითხვა დაუსვეს ერთ მიკრობიოლოგს, რომელიც იეჰოვას მოწმეა. აი მისი პასუხი: «გამოიყენე ეს შესაძლებლობა იმაში დასარწმუნებლად, რომ ღმერთი არსებობს — არა იმიტომ, რომ მშობლებმა გასწავლეს ასე, არამედ თავად იკვლევ და მიდიხარ ამ დასკვნამდე. ზოგჯერ, როდესაც მასწავლებლებს სთხოვენ, „დაამტკიცონ“ ევოლუციის თეორია, ისინი ვერ ახერხებენ ამას და ხედავენ, რომ ამ თეორიის მხოლოდ იმიტომ სჯერათ, რომ ასე ასწავლეს. მსგავს სიტუაციაში შენც შეიძლება აღმოჩნდე. ამიტომ ღირს, პირადად დარწმუნდე, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს. შემოქმედების დამადასტურებელი ფაქტები მრავლად გვაქვს. მათი მოძებნა რთული არ არის».

[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]

შენ რატომ გწამს?

ჩამოწერე სამი არგუმენტი, რაც პირადად შენ გარწმუნებს იმაში, რომ შემოქმედი არსებობს:

1. ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

2. ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

3. ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․