არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვიქცე, თუ გოგოს მოვწონვარ?

როგორ მოვიქცე, თუ გოგოს მოვწონვარ?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, თუ გოგოს მოვწონვარ?

„სიუზანმა მითხრა, რომ მოვწონდი. მე საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. პირიქით, მესიამოვნა კიდეც“ (ჯეიმზი) *.

„როცა მამაკაცი ქალთან ურთიერთობაში გულწრფელი არ არის, ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს“ (რობერტო).

წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია: ნაცნობმა გოგომ გითხრა, რომ სურდა, შენთვის რაღაც ეკითხა. ბოლო დროს მას ხშირად ხედავდი მეგობრების წრეში. ის სასიამოვნო მოსაუბრეა და ბევრ რამეს ერთადაც კი აკეთებდით. მაგრამ მისმა ნათქვამმა უბრალოდ გაგაოცა: მან გითხრა, რომ მოსწონხარ და გკითხა, შენ თუ გაქვს მასთან რომანტიკული ურთიერთობის სურვილი.

თუ იმ აზრს იზიარებ, რომ ინიციატივა მამაკაცმა უნდა გამოავლინოს, გოგოს მხრიდან ასეთი მოქმედება შენთვის შეიძლება უჩვეულო იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მხედველობიდან ნუ გამოგრჩება, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმით მას ბიბლიური პრინციპები არ დაურღვევია *. ამის გათვალისწინება დაგეხმარება სათანადოდ რეაგირებაში.

ყველაფრის აწონ–დაწონვის შემდეგ შეიძლება გადაწყვიტო, რომ შენთვის ჯერ ადრეა პაემანზე სიარული ან უბრალოდ არ გსურს მასთან რომანტიკული ურთიერთობა. გარდა ამისა, შეიძლება საკუთარი თავი დაადანაშაულო იმაში, რომ მას არასწორი შთაბეჭდილება შეუქმენი. როგორ უნდა მოიქცე? უპირველესად, მხედველობაში უნდა მიიღო მისი გრძნობები.

გაითვალისწინე მისი გრძნობები

დაფიქრდი, თუ რას განიცდის გოგო ამ დროს. კარგი შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით ის შესაძლოა არაერთი დღის განმავლობაში ფიქრობდა, რას და როგორ გეტყოდა. ამის შემდეგ წინასწარ ებრძოდა იმ აზრს, რომ ვაითუ შენ უარს ეტყოდი. საბოლოოდ, გაბედულება მოიკრიბა, შინაგანი მღელვარება გადალახა და გითხრა, რაც გულში ჰქონდა.

რამ გადააწყვეტინა მას ამის გაკეთება? ალბათ იმან, რომ შეყვარებულია შენზე. შესაძლოა, ის შენში ხედავს დადებით თვისებებს, რომლებიც ბევრისთვის შეუმჩნეველი რჩება. მან, ალბათ, ისეთი კომპლიმენტებიც გითხრა, რომელთა მოსმენითაც ნამდვილად არ ხარ განებივრებული.

ამ აზრების მოხსენიების მიზანი შენს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა კი არაა, არამედ ის, რომ მასთან ურთიერთობისას ეს ყოველივე გაითვალისწინო. ახალგაზრდა, სახელად ჯული ამბობს: „თუნდაც გულგრილი იყოს მამაკაცი ქალის გრძნობებისადმი, ის კმაყოფილი უნდა დარჩეს იმით, რომ ვიღაცამ შეამჩნია. ამიტომ, უბრალოდ უარის თქმის ნაცვლად უნდა ეცადოს, ეს რბილად და ტაქტიანად გააკეთოს“. ახლა დავუშვათ, რომ სწორედ ასე აპირებ მოქმედებას — უარის თქმას რბილად და ტაქტიანად.

თუ ერთხელ უკვე აუხსენი შენი დამოკიდებულება, ამჯერად შეიძლება გსურდეს, „უფრო გასაგებად“, უკმეხად უთხრა უარი. მაგრამ ყოველმხრივ ეცადე, რომ ასე არ მოიქცე. იგავების 12:18–ში ნათქვამია: „ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენთა ენა კი კურნებაა“. როგორ შეგიძლია „ბრძენის ენით“ ლაპარაკი?

შეგიძლია მადლობა უთხრა, საკუთარი გრძნობები რომ გაგიმხილა და შენზე ასეთი კარგი წარმოდგენა აქვს. ბოდიში მოუხადე თუნდაც იმისათვის, რომ შენდა უნებურად შეიძლება მას არასწორი შთაბეჭდილება შეუქმენი. ნათლად, მაგრამ ტაქტიანად აუხსენი, რომ მისდამი არ გაქვს რომანტიკული ინტერესი. თუ მას უჭირს შენი დამოკიდებულების დანახვა, დაელაპარაკე უფრო მტკიცედ, თუმცა უხეშ ტონსა და მტკივნეულ სიტყვებს მოერიდე. საუბრისას გახსოვდეს მისი გრძნობები და იყავი მომთმენი. მის ადგილზე რომ ყოფილიყავი, განა მადლიერი არ იქნებოდი, თუ ყველაფერს რბილად აგიხსნიდა?

მაგრამ მან შეიძლება დაჟინებით გიმტკიცოს, რომ შეგნებულად არასწორი შთაბეჭდილება შეუქმენი და აგრძნობინე, რომ მისდამი რომანტიკული ინტერესი გქონდა. შესაძლოა, მან გაიხსენოს კონკრეტული შემთხვევები და გითხრას: „ყვავილები რომ მაჩუქე მაშინ?“; „აღარ გახსოვს, რა მითხარი ერთი თვის წინ, ერთად რომ ვსეირნობდით?“ ახლა ეცადე, გულწრფელად შეაფასო შენი მოქმედებები.

სიმართლეს თვალებში შეხედე

წარსულში ახალი მიწების მაძიებელ მოგზაურთა მიზანი დაპყრობა და ექსპლუატაცია იყო. დღეს ზოგ მამაკაცს მსგავსი დამოკიდებულება აქვს ქალებისადმი. მათ სიამოვნებთ რომანტიკული ურთიერთობა, მაგრამ ქორწინების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ სურთ. ისინი ცდილობენ ქალების მოხიბლვას და თამაშობენ მათ გრძნობებზე, მაშინ როცა დაქორწინებაზე სულაც არ ფიქრობენ. ასეთი მამაკაცი მოტყუებით ცდილობს ქალის გულის მოგებას. ერთი ქრისტიანი უხუცესი ამბობს: „ზოგი ახალგაზრდა ხან ერთ გოგოსთან არის, ხან მეორესთან. გოგოების გრძნობებზე თამაშს გამართლება არა აქვს“. რა მოჰყვება ასეთ ეგოისტურ მოქმედებას?

«როგორც თავის მომგიჟიანებელი, რომელიც ისვრის ნაპერწკლებს, ისრებს და სიკვდილს, ისეა კაცი, რომელიც ატყუებს თვის მოყვასს და ამბობს: „მე ხომ ვხუმრობ“» (იგავები 26:18, 19). როცა მამაკაცს ქალთან ურთიერთობისას ეგოისტური მიზნები ამოძრავებს, საბოლოოდ მისი მოტივები გამოაშკარავდება. ეს კი ქალისთვის დიდი ემოციური დარტყმა იქნება, როგორც ქვემოთ მოყვანილი შემთხვევიდანაც ჩანს.

ერთ მამაკაცს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ქალთან, მაგრამ მასზე დაქორწინებას არ ფიქრობდა. მას კარგ რესტორნებში დაჰყავდა ის და წვეულებებზეც ერთად დადიოდნენ. მათ სიამოვნებდათ ერთმანეთთან ურთიერთობა. ქალი ფიქრობდა, რომ მამაკაცის მხრიდან ასეთი ყურადღების მიზეზი დაქორწინების სურვილი იყო. მან უდიდესი ტკივილი განიცადა, როცა გაიგო, რომ ამ მამაკაცს მხოლოდ სასიამოვნო ურთიერთობა სურდა.

რისი გაკეთება შეგიძლია, თუ გოგოს, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადმოდგა შენთან სასაუბროდ, თუნდაც უნებურად, არასწორი შთაბეჭდილება შეუქმენი? თუ თავის გამართლებას შეეცდები, ეს მისთვის ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება. დაფიქრდი ბიბლიის შემდეგ რჩევაზე: „თავის დანაშაულთა დამფარველს წარმატება არ ექნება, ხოლო მათი მაღიარებელი და დამტოვებელი შეწყნარებული იქნება“ (იგავები 28:13). ასე რომ, იყავი გულწრფელი. თუ რაიმე გაუგებრობას ხელი შეუწყე შენი მოქმედებით, აღიარე ეს. და თუ შეგნებულად თამაშობდი მის გრძნობებზე, აღიარე, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვი. გულწრფელად მოიხადე ბოდიში.

მაგრამ ნუ გექნება იმის მოლოდინი, რომ ბოდიშის მოხდით ყველაფერი დამთავრდება. გარკვეული ხნის განმავლობაში ის შენზე შეიძლება გაბრაზებული იყოს. შეიძლება ღირდეს, შენს მოქმედებაზე მის მშობლებსაც დაელაპარაკო. ამასთან ერთად, თვალი უნდა გაუსწორო სხვა შედეგებსაც. გალატელების 6:7–ში ნათქვამია: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“. ბოდიშის მოხდით და შეძლებისდაგვარად მდგომარეობის გამოსწორების მცდელობით მას დაეხმარები, გადაიტანოს ცხოვრების ეს მძიმე პერიოდი. ამ შემთხვევამ უნდა გასწავლოს, რომ ‘შეიკავო შენი ბაგეები ცბიერი სიტყვებისგან’ ცხოვრების ყველა მხარეში, მათ შორის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას (ფსალმუნები 33:14).

კარგად დაფიქრდი პასუხის გაცემამდე

დავუშვათ, შენც გსურს გოგოსთან უკეთესად გაცნობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა გახსოვდეს, რომ პაემნების მიზანი უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარება არაა. ძლიერი გრძნობები, რომლებიც ამ დროს ვითარდება ქალსა და მამაკაცს შორის, მომავალი ქორწინების საფუძველი უნდა იყოს. დაქორწინების შემდეგ მათ ეს გრძნობები დაეხმარება ცოლქმრულ ურთიერთობაში. რა გავლენა უნდა მოახდინოს შენზე ამის ცოდნამ?

თქვენი საუბრის შემდეგ ფიქრობ და უკეთესად ხედავ მის დადებით მხარეებს. და მან გაგიღო კარი, რომლის დახურვაც შენ არ გსურს. მაგრამ ნუ იჩქარებ რომანტიკული ურთიერთობის განვითარებას. ნაცვლად ამისა, გადადგი ნაბიჯები, რომლებიც მოგვიანებით ორივეს დაგიცავთ მტკივნეული შედეგებისგან.

კარგი იქნება, რჩევისთვის მიმართო მოწიფულ ქრისტიანებს, რომლებიც მას იცნობენ. მასაც ურჩიე მსგავსად მოქმედება. მოწიფულ ქრისტიანებს ორივემ უნდა ჰკითხოთ ერთმანეთის როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებზე. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ქრისტიან უხუცესებს. საჭიროა გაიგო, აქვს თუ არა მას კარგი რეპუტაცია ქრისტიანულ კრებაში.

შეიძლება იფიქრო: „რატომ უნდა ჩავრიო სხვა ადამიანები ჩემს პირად ცხოვრებაში?“ ადამიანი გონიერებას ავლენს, როცა ცდილობს სხვების აზრი გაიგოს თუნდაც ისეთ პირადულ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც რომანტიკული ურთიერთობაა. ბიბლიაც ამისკენ მოგვიწოდებს. იგავების 15:22–ში ნათქვამია: „რჩევის გარეშე ჩაიშლება განზრახვანი, ბევრი მრჩევლისას კი შესრულდება“. მოწიფული ადამიანები, რომლებსაც გაესაუბრები, შენს მაგივრად გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. მაგრამ მათგან მოსმენილმა „გულითადმა რჩევებმა“ შეიძლება თვალი აგიხილოს სხვადასხვა საკითხზე როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვასთან დაკავშირებით (იგავები 27:9).

ჯეიმზი, რომლის სიტყვებიც დასაწყისშია მოყვანილი, სწორედ ასე მოიქცა. მას ნაჩქარევად არ გადაუდგია ნაბიჯები და სიუზანის შესახებ თავის მშობლებს დაელაპარაკა, თუმცა ის უკვე მათგან დამოუკიდებლად ცხოვრობდა. შემდეგ ჯეიმზი და სიუზანი შეთანხმდნენ, მიემართათ სხვა მოწიფული ქრისტიანებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ მათი აზრით, რამდენად შეეფერებოდნენ ერთმანეთს. დადებითი შეფასებების მოსმენის შემდეგ მათ ერთმანეთთან შეხვედრა დაიწყეს, რათა დაენახათ, რამდენად რეალური იყო დაქორწინებაზე ფიქრი. თუ მსგავსად იმოქმედებ მანამ, სანამ ძალიან გართულდება გრძნობებთან ბრძოლა, გაცილებით ბედნიერი იქნები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

რაც მთავარია, მიმართე იეჰოვას ლოცვით. ვინმესთან შეხვედრის დაწყება ქორწინებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ამიტომ სთხოვე ღმერთს დაგანახვოს, მიგიყვანს თუ არა ეს რომანტიკული ურთიერთობა სასურველ მიზნამდე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სთხოვო ღმერთს, რომ ორივეს დაგეხმაროთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც უფრო მეტად დაგაახლოებთ მასთან. სწორედ ესაა თქვენი ბედნიერების საწინდარი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 6 2004 წლის 8 ნოემბრის და 2005 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“ში, რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ განხილულია, როგორ შეუძლია ქალს მამაკაცისთვის გრძნობების გამხელა.

[სურათები 19 გვერდზე]

თუ სერიოზულად არ ხარ მასთან ურთიერთობით დაინტერესებული, ფრთხილად იყავი, რომ სიტყვით ან მოქმედებით არასწორი შთაბეჭდილება არ შეუქმნა.