არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის ჰიპნოზი?

მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის ჰიპნოზი?

ბიბლიის თვალსაზრისი

მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის ჰიპნოზი?

„ნუ იქნება შენს შორის . . . გრძნებით შემკვრელი“ (მეორე რჯული 18:10, 11, სსგ).

უკვე დიდი ხანია, რაც ჰიპნოზის გარშემო კამათი არ წყდება *. თავად ჰიპნოტიზიორებსა და მისით დაინტერესებულებსაც კი უჭირთ იმის ახსნა, თუ რა არის ეს. ჩვეულებრივ, ითვლება, რომ ჰიპნოზი არის ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, ანუ ერთგვარი ტრანსი. მაგრამ უმრავლესობას ის უფრო აინტერესებს, თუ რის გაკეთება შეიძლება ჰიპნოზის მეშვეობით, ვიდრე ის, თუ რა არის ეს.

ბოლო წლებში, ზოგ ქვეყანაში ექიმები პაციენტებს ჰიპნოზით მკურნალობას სთავაზობენ. მაგალითად, ჟურნალ „ფსაიქოლოჯი ტუდეიში“ ნათქვამია: „ჰიპნოზით მკურნალობა გაგიყუჩებთ თავის ტკივილებს, გაგიწევთ ანესთეზიის მაგივრობას, შეგიმსუბუქებთ მშობიარობის ტკივილებს, უარს გათქმევინებთ თამბაქოზე და გაგიუმჯობესებთ სწავლის უნარს — თანაც გვერდითი მოვლენების გარეშე“. სხვა მხრივ კი, არიან ისეთებიც, რომლებიც ჰიპნოზს სპირიტიზმსა და ოკულტიზმს უკავშირებენ.

როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისი? რასაკვირველია, ბიბლია სამედიცინო ცნობარი არ არის და ჰიპნოზის შესახებაც პირდაპირ არაფერს ამბობს, მაგრამ მასში მოცემული პრინციპები ღვთის თვალსაზრისის გაგებაში დაგვეხმარება.

ჰიპნოზი და ოკულტიზმი — არსებობს მათ შორის კავშირი?

ვინმეს ფანტაზიის შედეგად ხომ არ წარმოიშვა აზრი იმის თაობაზე, რომ ჰიპნოზი ოკულტიზმთანაა დაკავშირებული? მართალია, ამ წარმოდგენის გავრცელებას გარკვეულწილად შეუწყო ხელი ზღაპრებმა და ფანტასტიკური შინაარსის კინოფილმებმა, მაგრამ, რაც შეეხება განაცხადს ჰიპნოზსა და სპირიტიზმს შორის არსებულ კავშირზე, მას რეალური საფუძველი აქვს. ჰიპნოზის შესახებ „ოკულტიზმისა და პარაფსიქოლოგიის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ისტორიიდან ცნობილია, რომ ის მჭიდრო კავშირშია ოკულტიზმთან“. რელიგიური ტრანსი, რომელიც ისტორიის მანძილზე ყოველთვის ჯადოქრობასა და მაგიასთან იყო დაკავშირებული, როგორც წესი, ჰიპნოზის ერთ-ერთ გამოხატულებად ითვლება. ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში მცხოვრები მღვდლებიც ადამიანებს ერთგვარ ჰიპნოზურ მდგომარეობაში აგდებდნენ, როდესაც ცდილობდნენ თავიანთი ცრუ ღმერთების სახელით ისინი სხვადასხვა დაავადებისგან განეკურნათ.

ზემოხსენებულ ენციკლოპედიაში აღნიშნულია: «ჰიპნოზურ მოვლენათა უმეტესობა დღესაც კი „სპირიტუალისტურად“ ითვლება». თუმცა ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენადაა ჰიპნოზის სხვადასხვა ფორმა დაკავშირებული ოკულტიზმთან, ფაქტი ისაა, რომ ღმერთს სპირიტიზმის ნებისმიერი გამოხატულება აშკარად სძულს (მეორე რჯული 18:9—12; გამოცხადება 21:8). ამიტომაც ქრისტიანები ვერ დახუჭავენ თვალს ჰიპნოზის აშკარად არაბიბლიურ მხარეებზე.

გავლენა ქცევაზე

ახდენს ჰიპნოზი გავლენას ადამიანის გონებასა და ქცევაზე? ხომ არ იმალება მასში რაიმე საფრთხე? ერთ-ერთი დამაფიქრებელი მომენტი ისაა, რომ ჰიპნოზის დროს ადამიანი თითქმის ვერ აკონტროლებს თავის საქციელს. ამ მდგომარეობას იყენებენ ჰიპნოტიზიორები, რომლებიც სცენაზე ჩატარებული სეანსების დროს მოხალისეებს ისეთ რამეს აკეთებინებენ, რასაც ისინი ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ გააკეთებდნენ — ჰიპნოზის დროს ისინი მთვრალებივით იქცევიან.

ჰიპნოზის ამ საჯარო სეანსების შესახებ ენციკლოპედია „ამერიკანაში“ ნათქვამია: „ჰიპნოტიზებული ადამიანი [ჰიპნოტიზიორის] არაპირდაპირ შთაგონებასაც კი შეიძლება ადვილად დაემორჩილოს. ის შეიძლება ადვილად აჰყვეს ყველაზე ფარულ ქვეცნობიერ სურვილებს, და იგრძნოს, რომ მისი ქცევის შემზღუდველი ფაქტორები — სოციალური თუ პიროვნული — მოხსნილია“. „კოლირის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ჰიპნოტიზებულ ადამიანს ყურადღება იმდენად დაძაბული აქვს, რომ ჰიპნოტიზიორის მიერ შთაგონებული ბრძანებების მიმართ მეტისმეტად დამყოლი ხდება და თითოეულ მის განკარგულებას ასრულებს“.

როგორ ფიქრობთ, უწყინარია ეს ყოველივე? მისაღები იქნებოდა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ის, რომ ჰიპნოზური შთაგონების მეშვეობით სხვისთვის თავისი გონებით მანიპულირების საშუალება მიეცა? ასეთი მოქმედება არ იქნებოდა თანხმობაში მოციქულ პავლეს რჩევასთან: «შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად — თქვენი სულიერი [„გააზრებული“, აქ] მსახურება. და ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი» (რომაელთა 12:1, 2).

ექნება ქრისტიანს „სუფთა სინდისი“, თუკი ის თავს ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდებს, რომელშიაც სრულად ვერ გააკონტროლებს თავის აზრებსა თუ სურვილებს, ან მოქმედებებსაც კი? (1 პეტრე 3:16, აქ). ბიბლია გვარიგებს: „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით“ (1 თესალონიკელთა 4:4). ცხადია, ჰიპნოზურ მდგომარეობაში ადამიანი ვერ მიჰყვება ასეთ რჩევას.

გვაქვს სრულყოფილი ჯანმრთელობის იმედი

ზემოხსენებული ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე, იეჰოვას მოწმეები ერიდებიან ისეთ მეთოდებს, რომლებშიც სხვებზე ან საკუთარ თავზე ჰიპნოზური ზემოქმედებაა ჩართული. ისინი მთელი გულისყურით ეკიდებიან მეორე რჯულის 18:10, 11-ში (სსგ) ჩაწერილ შეგონებას: „ნუ იქნება შენს შორის . . . გრძნებით შემკვრელი“. ხოლო მათ, ვისაც ჯანმრთელობა აწუხებს, შეუძლიათ მკურნალობის ბევრ ისეთ მეთოდს მიმართონ, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს არც ოკულტიზმთან და არც იმასთან, რომ სხვამ მათ გონებაზე ზემოქმედება მოახდინოს.

ქრისტიანები შორს იჭერენ თავს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ბიბლიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამიტომაც აქვთ იმედი, რომ მარადიულად იცხოვრებენ ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში. იმ დროს კაცობრიობა გაიხარებს სრულყოფილი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობით, რაც ჰიპნოზის გარეშე იქნება მიღწეული (გამოცხადება 21:3, 4).

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ჰიპნოზი განისაზღვრება, როგორც ძილის მსგავსი მდგომარეობა, რომელიც, ჩვეულებრივ, სხვა ადამიანის შთაგონებით არის გამოწვეული და რომლის დროსაც ჰიპნოტიზებულს შეიძლება მეხსიერებაში ბევრი ისეთი რამ წამოუტივტივდეს, რაც უკვე დავიწყებული ჰქონდა ან რის გახსენებაც არ სურდა; შეიძლება დაეწყოს ჰალუცინაციები და გაეზარდოს შთაგონებადობის დონე.