არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძალმომრეობითი დანაშაული რატომ მწვავდება სიტუაცია?

ძალმომრეობითი დანაშაული რატომ მწვავდება სიტუაცია?

ძალმომრეობითი დანაშაული რატომ მწვავდება სიტუაცია?

ორეგონის შტატში (აშშ) მცხოვრები ფრენკი და გაბრიელა ზღვის სანაპიროზე სეირნობდნენ დილით და მზის ამოსვლას უყურებდნენ. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რა მოხდებოდა მალე. რამდენიმე წუთში ორივე მკვდარი იყო — მკვლელმა ორივეს ახლო მანძილიდან თავში დაახალა ტყვია. რა იყო ეს: შურისძიება თუ ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული? არც ერთი და არც მეორე. უცნობმა, რომელმაც ისინი მოკლა, ნატვრა აისრულა — მას აინტერესებდა, რას იგრძნობდა, თუ ვინმეს მოკლავდა.

„კვირა დღეს, 1996 წლის 28 აპრილს, მარტინ ბრაიენტმა უსაზღვრო თავნებობითა და სისასტიკით მთელი დასავლეთის ყურადღება მიიპყრო. იგი პორტ-არტურის (ტასმანია) ქუჩებში დადიოდა და ნებისმიერ შემხვედრს ესროდა ცეცხლსასროლი იარაღით. ეს მას გამარჯვებისა და ძალაუფლების ენით აუწერელ განცდას ანიჭებდა“ („ადამიანთა ზნეობრივი დეგრადაციის ანალიზი“, ავტორი ფილიპ ატკინსონი). ბრაიენტმა 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა!

65 წლის კანადელი პენსიონერი მამაკაცი, ჩვეულებისამებრ, ველოსიპედით სეირნობდა დილით. მოულოდნელად მას მანქანა დაეჯახა უკნიდან. მოხუცი ადგილზევე გარდაიცვალა, მძღოლი კი სასწრაფოდ მიიმალა. მისი ველოსიპედი თითქმის 700 მეტრზე იყო ნათრევი. თავდაპირველად იფიქრეს, რომ ეს მორიგი უბედური შემთხვევა იყო და შეშინებული მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაგრამ გამოძიებამ აჩვენა, რომ საჭესთან იჯდა ადამიანი, რომელმაც მანქანა გართობის მიზნით გაიტაცა და ველოსიპედისტის გატანა, როგორც ჩანს, ამ „გართობის“ ნაწილი იყო.

სხვა სახის დანაშაული?

უკვე საუკუნეებია, რაც ადამიანები სხვადასხვა სახის დანაშაულს სჩადიან, მაგრამ ისეთი შემთხვევები, როგორიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ხალხს საგონებელში აგდებს. მათ ებადებათ კითხვა: რატომ ხდება ასეთი რამ? როგორ შეიძლება, მსგავსი რამ, საერთოდ, აზრად მოსვლოდა ვინმეს? დამნაშავეობის ფართოდ გავრცელებული ისეთი ფორმები, როგორიცაა ქურდობა და თაღლითობა, შეიძლება აღარავის აკვირვებს, მაგრამ ბოლო წლებში ძალიან გახშირდა ბოროტმოქმედების ისეთი შემთხვევები, რომლებიც მასმედიის ყურადღებას იპყრობს და ხალხს აღაშფოთებს. ბევრი ფიქრობს: ეს ხომ უაზრობაა! რა ემართება მსოფლიოს?

დანაშაულთა ეს კატეგორია სრულიად განსხვავებულია. ისინი თავზარდამცემია და განსაკუთრებული სისასტიკითა და ბოროტებით გამოირჩევა. როგორც ზემოხსენებული შემთხვევებიდანაც ჩანს, მსხვერპლი, ჩვეულებრივ, ხდება უდანაშაულო ადამიანი, რომელიც არც კი იცნობდა თავდამსხმელს. გარდა ამისა, დამნაშავის მოტივები ხშირად გაურკვეველია. აზრს მოკლებულ დანაშაულთა სიას განუწყვეტლივ ემატება ახალ-ახალი შემთხვევები.

1999 წლის აპრილში, კოლორადოს შტატის (აშშ) ერთ სკოლაში, ორმა ახალგაზრდამ 12 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა, რის შემდეგაც მათ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. 1982 წელს კალიფორნიაში ერთი მამაკაცი აფთიაქში ნაყიდი წამლის დალევის შემდეგ გარდაიცვალა — პრეპარატისთვის ვიღაცას სტრიქნინი დაემატებინა. 1993 წელს ქალაქ ბუტლში (მერზისაიდის საგრაფო, ინგლისი) ორი წლის ჯეიმს ბალგერი მაღაზიაში წაიყვანა დედამისმა, რომელსაც ხორცი უნდა ეყიდა. ორმა ათი წლის ბიჭმა ჯეიმსი იმ ადგილას გაიტყუა, სადაც რკინიგზა გადიოდა და ჯოხით იქამდე ურტყეს, სანამ სული არ ამოხადეს.

ზოგიერთი ქმედება — როგორიცაა, მაგალითად, 1995 წელს ტოკიოს მეტროში მომხდარი შემთხვევა — შეიძლება ტერორიზმად შეფასდეს. იაპონიის მოსახლეობას თავზარი დასცა იმის გაგებამ, რომ რელიგიური სექტის წევრებმა მომწამლავი გაზი გაუშვეს ტოკიოს მეტროში, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ბევრს, ალბათ, არასოდეს დაავიწყდება ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და ვაშინგტონში პენტაგონის შენობაზე განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც დაახლოებით 3 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა; ასევე გასულ წელს ბალში (ინდონეზია) მომხდარი აფეთქებები, რასაც თითქმის 200 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

ნათელია, რომ ძალმომრეობითმა დანაშაულმა ფართოდ გაიდგა ფესვები. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს მრავალ ქვეყანასა და საზოგადოების სხვადასხვა ფენაზე.

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბოროტმოქმედებს შეჯიბრი გაუმართავთ და ერთმანეთს ეცილებიან ყველაზე შემზარავი დანაშაულის ჩადენაში. გარდა ამისა, სულ უფრო და უფრო მატულობს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი. სიძულვილით აღვსილი ექსტრემისტები სადისტურად უსწორდებიან იმ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ სხვა რასას, რელიგიას თუ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნიან. სწორედ მსგავსი სისასტიკე ჩაიდინეს რუანდაში, სადაც 1994 წელს 800 000 ადამიანი მოკლეს ტუტსის ტომიდან.

ამის შემხედვარე მრავალ ადამიანს მოსვენებას არ აძლევს მსგავსი კითხვები: რა ხდება მსოფლიოში? ადრეც ასე იყო თუ არა? რა უწყობს ხელს ასეთი საშინელი დანაშაულების გახშირებას? შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი შემცირდება ან მთლიანად აღმოიფხვრება? შემდეგი სტატიები ამ და სხვა კითხვებზე გაგვცემს პასუხს.

[ჩანართი 4 გვერდზე]

ძალმომრეობითი დანაშაულის მსხვერპლი, ხშირად, ალალბედზე შერჩეული ადამიანი ხდება, ხოლო ბოროტმოქმედის მოტივები ხშირ შემთხვევაში გაუგებარია.