არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხოველთა ენა მათი ურთიერთობის საიდუმლოება

ცხოველთა ენა მათი ურთიერთობის საიდუმლოება

ცხოველთა ენა მათი ურთიერთობის საიდუმლოება

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან კენიაში

უეჭველია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ადამიანს ებოძა, მეტყველების უნარია. ამ უნიკალური საშუალებით ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა შეგვიძლია, იქნება ეს სიტყვიერი სახით თუ ჟესტიკულაციითა და მიმიკით. სიტყვის თავისუფლება, მართლაცდა, ფრიად საკამათო საკითხად არის ქცეული მთელ დედამიწაზე. ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარება მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ.

გამოკვლევები კი ცხადყოფს, რომ ცხოველებიც ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთში; თანაც ისეთი რთული საშუალებებით, რომელთაც ხშირად ადამიანები განცვიფრებაში მოჰყავს. დიახ, ისინი „საუბრობენ“, მაგრამ სიტყვებით კი არა, სხვადასხვაგვარი სიგნალებით, მაგალითად, კუდის ქნევით, ყურების პარტყუნით ან ფრთების ფართხუნით. კომუნიკაციისთვის მათ შეიძლება ხმაც გამოიყენონ, მაგალითად, დაიყეფონ, დაიბღავლონ, დაიღრინონ ან ჩაიჭიკჭიკონ. ცხოველთა ზოგიერთ „ენას“ ადამიანები ადვილად აღიქვამენ, სხვა ენების აღმოსაჩენად კი უფრო მეტი მეცნიერული კვლევა-ძიებაა ჩასატარებელი.

მტაცებლები!

ივლისის შუა რიცხვებია. დიდ ფართობზე გადაჭიმულ სერენგეტის ეროვნულ პარკში (ტანზანია) ათასობით ანტილოპა გნუ უფრო ნოყიერი საძოვრების საძებნელად ჩრდილოეთით, კენიის მასაი მარას ნაკრძალებისკენ მიეშურება. ამ ყოველწლიური მიგრაციისას ტრამალებზე ცხოველთა სვლით გამოწვეული ხმაურის ექო შორს გაისმის. მიუხედავად ამისა, მთელი გზა ფარული ხიფათით არის სავსე. გზაში ისინი შეიძლება ისეთ მტაცებელ ცხოველებს გადაეყარონ, როგორიცაა ლომი, ავაზა, აფთარი და ლეოპარდი. მდინარე მარას გადაკვეთის დროსაც ანტილოპები საფრთხეში იგდებენ თავს, რადგან ეს მდინარე ნიანგებით არის სავსე. როგორ იგერიებენ ისინი მტერს?

მტერს რომ თავგზა აუბნიოს, ანტილოპა გნუ მოკლე მანძილზე ძალიან სწრაფად გარბის, შემდეგ უეცრად ბრუნდება, მტერს ჯიქურ ხვდება და თავს აქეთ-იქეთ გამწარებით აქნევს. უცნაურად იწყებს ხტუნვას და სასაცილო მოძრაობებს აკეთებს. ამის შემხედვარე ყველაზე გულქვა მხეციც კი გაოცებული ჩერდება და ამ უჩვეულო ცეკვას გაშტერებული შესცქერის. თუ მტერი თავს არ ანებებს, გნუ თავის წარმოდგენას კვლავ იმეორებს. თავდამსხმელს ისე ებნევა თავგზა, რომ ამ სანახაობის შემდეგ შეიძლება ნადირობა გადაიფიქროს კიდეც. ამ მოუხეშავმა ცეკვამ ანტილოპა გნუ ტრამალის ნამდვილ მასხარად აქცია.

გნუს პატარა „ბიძაშვილი“ ანტილოპა იმპალები იმით არიან ცნობილი, რომ ვეებერთელა ნახტომებს აკეთებენ. ბევრი ასეთ მაღალ ნახტომებში გრაციოზულობასა და სისწრაფეს ხედავს. თუმცა განსაცდელის დროს ეს ანტილოპა ასე მაღლა იმიტომ ხტება, რომ რომელიმე მტაცებელი ცხოველი ფეხში არ სწვდეს. ეს ცხრა მეტრიანი ნახტომები თავდამსხმელისთვის გამომწვევი სიტყვებივითაა: „აბა, დამეწიე, თუ შეგიძლია“. მტაცებელთაგან ცოტა თუ მოისურვებდა ამის გაკეთებას გაჯიუტებული იმპალას მოსანადირებლად!

როდესაც ჭამის დრო დგება

იმისათვის, რომ კარგი მონადირენი გახდნენ, ბევრი მტაცებელი ცხოველი სწავლობს ნადირობას. პატარებმა თავიანთ მშობლებს გამუდმებით უნდა მიაქციონ ყურადღება, როდესაც ისინი მათ ამას ასწავლიან. მაგალითად, აფრიკის ნაკრძალში მობინადრე ავაზა, სახელად ზაბა, საკუთარ ლეკვებს თავის გატანის მნიშვნელოვან გაკვეთილებს აძლევდა. ის ჯერ საათზე მეტხანს ეპარებოდა მობალახე ქურციკს, შემდეგ უზარმაზარი ნახტომი გააკეთა და საცოდავ ცხოველს დააცხრა, მაგრამ უცაბედად არ მოუკლავს. რამდენიმე წამის შემდეგ ზაბამ გაბრუებული ცხოველი თავისი ლეკვების წინ დააგდო, რომლებიც უხალისოდ შეესივნენ თავიანთ მსხვერპლს. პაწაწინა ავაზებს უკვე ესმოდათ, თუ რატომ მოუყვანა დედამ მათ ცოცხალი ცხოველი. დედას უნდოდა, შვილებისთვის ქურციკის მოკვლა ესწავლებინა. საცოდავი მსხვერპლი წამოდგომას და გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ნადირობის ხალისზე მოსული ლეკვები კვლავ აქცევდნენ. ბოლოს ქანცგაწყვეტილმა ქურციკმა სიცოცხლისთვის ბრძოლას თავი ანება და მტრებს დანებდა. დედა კი შორიდან უყურებდა თავის ლეკვებს და ტკბებოდა.

ზოგიერთი ცხოველი საკბილოს ძებნისას ძალიან დიდ ხმაურს ტეხს. მაგალითად, ხალებიანი აფთრები, როდესაც თავიანთ მსხვერპლს მისდევენ, ჩხავიან. როდესაც მსხვერპლს კლავენ, თავიანთი შემზარავი „სიცილით“ ნადიმზე სხვა აფთრებსაც იწვევენ. მაგრამ ისინი ყოველთვის არ ნადირობენ. უდაბურ ადგილებში აფთრები საჭმლის ყველაზე ვერაგი დამტაცებლები არიან. ისინი ყველანაირ მეთოდს იყენებენ იმისათვის, რომ სხვა მტაცებლებს მსხვერპლი გამოსტაცონ. აი, სწორედ ამიტომ გახდნენ ისინი ცნობილი, როგორც ლომებისთვის საჭმლის წამრთმევები! როგორ ახერხებენ ისინი ამას? ეს გაშმაგებული ცხოველები ლომებს ჭამის დროს თავს აბეზრებენ. თუ ლომები მათ ჩხავილს ყურს არ უგდებენ, აფთრები უფრო მეტად მომაბეზრებლები და თავხედები ხდებიან. ამ აურზაურს თავი რომ აარიდონ, ლომები ლეშს ტოვებენ და იქაურობას ეცლებიან.

ფუტკრებს შორისაც საკვების ძებნა მთელ რიგ რთულ რიტუალებთან არის დაკავშირებული. უამრავმა სამეცნიერო კვლევა-ძიებამ აჩვენა, რომ მეთაფლია ფუტკარი ცეკვით ატყობინებს თავისი სკის ფუტკრებს, სად შეიძლება საკვების პოვნა და, ამასთანავე, რა სახისა და ხარისხისაა ის. ამ ფუტკარს ნექტარი ან ყვავილის მტვერი სკაში მიაქვს, რომ ფუტკრებს გაასინჯოს. ცეკვისას ჰაერში რვიანის მაგვარი ფიგურის მოხატვით ფუტკარს მხოლოდ იმის მითითება კი არ შეუძლია სხვებისთვის, თუ სად არის საკვები, არამედ იმის მინიშნებასაც კი ახერხებს, რა მანძილია იქამდე გასავლელი. ასე რომ, ფრთხილად! ის ფუტკარი, რომელიც შენს გარშემო დაფრინავს, შეიძლება სახლში წასაღებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებს. თქვენი სუნამოს არომატმა კი შეიძლება მას საკვების ძებნაში ხელი შეუშალოს!

ურთიერთობის შენარჩუნება

იშვიათი ხმა თუ არის ისევე შთამბეჭდავი, როგორც წყნარ ღამეში ლომის ღრიალი. ასეთი ურთიერთობისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ხვადი ლომის მძვინვარე ღრიალი ყველას აფრთხილებს, რომ ის სადღაც ახლო-მახლო იმყოფება და ჯობია ერიდონ მას. მაგრამ, რადგან ლომები ჯგუფებად ცხოვრობენ, იმისთვისაც ღრიალებენ, რომ თავიანთი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ჰქონდეთ. ამ დროს ისინი უფრო დაბალ ხმაზე ღრიალებენ და მათ ხმაშიც ნაკლები მბრძანებლობა გამოსჭვივის. ერთ ღამეს ლომი ყოველი 15 წუთის განმავლობაში მანამ ღრიალებდა, სანამ ახლობელი ლომი არ შეეხმიანა შორი მანძილიდან. ასე განაგრძობდნენ „საუბარს“ მთელი 15 წუთის განმავლობაში, სანამ ერთმანეთს არ შეხვდნენ. შემდეგ კი ღრიალი თანდათან მიწყდა.

ცხოველების ასეთი კონტაქტი არა მარტო კარგ ურთიერთობას უწყობს ხელს, არამედ ისინი საშიშროების, მაგალითად, ცუდი ამინდის მოახლოების შესახებაც აფრთხილებენ ერთმანეთს. კრუხი მრავალნაირად კრიახებს, რითაც თავის წიწილებს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის. მაგრამ ყველაზე განსხვავებული კი მაინც საღამოობით დაბალ ხმაზე ხანგრძლივი კრიახია, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ საბუდარს დაუბრუნდა. აქა-იქ გაფანტული წიწილები როგორც კი დედის ძახილს იგებენ, მის ფრთებქვეშ ეფარებიან და მთელ ღამეს იქ ატარებენ (მათე 23:37).

დაწყვილება

მიგიყურადებიათ როდისმე ფრინველთა გალობისთვის? არ მოხიბლულხართ მათი მელოდიური გალობით? მაგრამ იცოდით, რომ ისინი ამას თქვენს გასართობად არ აკეთებენ? ისინი გალობით ერთმანეთს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. თუმცა ფრინველები გალობით ტერიტორიებსაც ინაწილებენ, ძირითადად, ამას პარტნიორის საპოვნელად აკეთებენ. როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, მამალი და დედალი ფრინველის მიერ ერთმანეთის პოვნაში სწორედ „გალობას მიუძღვის 90 პროცენტი წვლილი“ (The New Book of Knowledge).

ზოგჯერ მიჯნურის გულის მოსანადირებლად მხოლოდ სიმღერა არ კმარა. ზოგიერთი დედალი ფრინველი მოითხოვს კიდეც, რომ „ურვადი“ იქნეს გადახდილი, სანამ მამალი ფრინველი მის გულს დაიპყრობს. ამიტომ, მაგალითად, მამალმა ფეიქარამ ჯერ ბუდის შენების ოსტატობა უნდა აჩვენოს მას. სხვა ჯიშის მამალმა ფრინველმა კი დედალ ფრინველს ოჯახის რჩენისა და ცხოვრების თანამგზავრის დაპურების ოსტატობა უნდა დაანახვოს.

ცხოველებს შორის არსებული რთული კომუნიკაცია არა მარტო მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, არამედ ველურ ბუნებაში კონფლიქტებს ამცირებს და მშვიდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ცხოველების ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაგები. თუმცა, შეიძლება ამ „ველურ ენას“ ბოლომდე ვერ ჩავწვდეთ — მას მაინც მოაქვს მისი შემოქმედისთვის, იეჰოვა ღმერთისთვის, დიდება.

[ჩარჩო⁄სურათები 18, 19 გვერდებზე]

სპილოს „მდუმარე ხმა“

მშვენიერი ცხელი ამინდი დგას შუადღისას კენიის „ამბოსელის“ ეროვნულ პარკში; როგორც ჩანს, სპილოების დიდი ჯგუფის სიმშვიდეს არავინ და არაფერი არღვევს. თუმცა კი ირგვლივ „სპილოების ცხოველი საუბარი“ ისმის; ისინი ხან დაბალ ხმაზე ბუბუნებენ, ხან კი ბუკივით გაჰყვირიან. ზოგიერთი გამოძახილი კი ისეთი დაბალია, რომ ადამიანს არც კი ესმის, მაგრამ ისეთი მძლავრი სიხშირისაა, რომ შეიძლება რამდენიმე კილომეტრით დაშორებულმა სპილომ გაიგონოს.

მკვლევარები, რომლებიც ცხოველთა ქცევებს იკვლევენ, კვლავ საგონებელში არიან ჩავარდნილი სპილოების მიერ ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემის ხერხებით. ჯოის პული 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდა, თუ როგორ ამყარებენ აფრიკული სპილოები ერთმანეთში კომუნიკაციას. მან დაასკვნა, რომ ამ უზარმაზარ ქმნილებებს, რომლებიც ერთობ სასურველი ეშვებით არიან ცნობილი, გრძნობების გამოხატვა შეუძლიათ, რაც ცხოველებში იშვიათია. როდესაც სპილოს საოცარ მოქმედებებს უყურებთ, როცა ისინი თავისი ოჯახისა თუ ჯგუფის წევრებს ესალმებიან, [ან] როდესაც ოჯახის ახალი წევრი ებადებათ. . . ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ძლიერი გრძნობები აქვთ მათ, რომლებიც საუკეთესოდ აღიწერებოდა ისეთი სიტყვებით, როგორიცაა სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, მეგობრობა, გულუხვობა, მხიარულება, სიამოვნება, თანაგრძნობა, შვება და პატივისცემა“, — ამბობს პული.

დიდი ხნის განშორების შემდეგ ისინი ერთმანეთს დიდი ამბით ხვდებიან — თავებს მაღლა სწევენ და ყურებს აფართხუნებენ. ზოგჯერ შეიძლება ერთმა სპილომ მეორეს პირში ხორთუმიც კი ჩაუდოს. ასეთი შეხვედრისას სპილოები ისეთ ძლიერ სიხარულს გამოხატავენ, თითქოს ერთმანეთს ამ შეძახილით ხვდებიან: „ო, როგორ მიხარია შენი ნახვა!“. ასეთი ახლო ურთიერთობები მათი არსებობისთვის დიდად მნიშვნელოვანია.

სპილოებს იუმორის გრძნობაც კი აქვთ. პული თავის დაკვირვებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სპილოები იღიმებიან — ამ დროს თავებს ისე აქნევენ, თითქოს რაღაც ძალიან უხარიათ. პულმა ერთ დროს ისეთი თამაში წამოიწყო, რომელშიც ცხოველები მონაწილეობდნენ და მთელი 15 წუთის განმავლობაში სრულიად უაზროდ მოქმედებდნენ. ორი წლის შემდეგ, ზოგიერთი მონაწილე კვლავ „უღიმოდა“ მას, ალბათ, ახსოვდათ თამაშში მისი მონაწილეობა. სპილოები მარტო ერთმანეთს კი არ ამხიარულებენ, არამედ სხვადასხვა ხმებსაც ჰბაძავენ. ერთ-ერთი გამოკვლევის დროს პულმა მათგან სრულიად განსხვავებული ხმა გაიგონა. გაანალიზების შემდეგ დაასკვნეს, რომ სპილოები სატვირთო მანქანის ხმას ჰბაძავდნენ. ჩანს, რომ ისინი ამით ერთობოდნენ! თითქოს სპილოები ნებისმიერ საშუალებას ეძებენ, რომ სიამოვნება მიიღონ.

ბევრია იმის შესახებ ნათქვამი, თუ როგორ გლოვობენ სპილოები თავიანთი ოჯახის წევრებს. ერთხელ, პული აკვირდებოდა, თუ როგორ დარაჯობდა დედა ახალდაბადებულ პატარას სამი დღის მანძილზე. ის ამბობს, რომ ამ დედა სპილოს მწუხარება „სახეზე ეწერა, მწუხარებისგან დატანჯული ადამიანივით გამოიყურებოდა; თავი ჩაექინდრა, ყურები ჩამოეყარა და აღარ იღიმებოდა“.

ისინი, ვინც სპილოს ძვლის გულისთვის კლავენ ამ ცხოველებს, არასდროს ფიქრობენ იმ „ემოციურ ტკივილზე“, რომელსაც საკუთარი დედის სიკვდილის შემსწრე დაობლებულ სპილოს აყენებენ. ეს პატარა სპილოები პირველი დღეების განმავლობაში „ობოლთა თავშესაფარს“ აფარებენ თავს და ცდილობენ, „დარდი“ განიქარვონ. მათ, ვინც მათ თვალყურს ადევნებს, დილით ობლების „ყვირილი“ ესმით. ამ საცოდავმა ობლებმა შეიძლება წლების მანძილზე ვერ დაივიწყონ ნანახი. პულის აზრით, სპილოებს ესმით, რომ მათ მწუხარებაში ბრალი ადამიანს მიუძღვის. ჩვენ მოუთმენლად მოველით იმ დროს, როდესაც ადამიანები და ცხოველები მშვიდობიანად იცხოვრებენ ერთად (ესაია 11:6—9).

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ჩვამები ერთმანეთს ესალმებიან.

[სურათი 17 გვერდზე]

ანტილოპა გნუ თავისი ექსცენტრული ცეკვით მტერს თავგზას უბნევს.

[სურათი 17 გვერდზე]

აფთრის შემზარავი „სიცილი“.

[საავტორო უფლება]

© Joe McDonald

[სურათი 18 გვერდზე]

მეთაფლია ფუტკრის ცეკვა.