არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თაფლი ტკბილი მკურნალი

თაფლი ტკბილი მკურნალი

თაფლი ტკბილი მკურნალი

ზოგიერთი მედიკოსი აღფრთოვანებულია თაფლის ძლიერი ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. კანადაში გამომავალი გაზეთი „გლოუბ ენდ მეილი“ იუწყება, რომ „საკმაოდ ბევრი ძლიერი ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, რომელთა მიმართაც მიკრობები რეზისტენტულია, თაფლს ინფიცირებულ ჭრილობებზე, სულ მცირე, რამდენიმე მათგანის განადგურება მაინც შეუძლია“.

რა არის თაფლში ისეთი, რაც მას განკურნების უნარს ანიჭებს? ამ კითხვაზე პასუხი რომ გავცეთ, გავიხსენოთ მუშა ფუტკარი, რომელიც ყვავილების ნექტარს აგროვებს. ფუტკრის ნერწყვი შეიცავს გლუკოზო-ოქსიდაზას, იმ მნიშვნელოვან ფერმენტს, რომელიც ნექტარში გლუკოზას შლის. ამის შედეგად წარმოიქმნება წყალბადის ზეჟანგი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ჭრილობების დეზინფიცირებისთვის იყენებენ. ჩვეულებრივ, წყალბადის ზეჟანგის ჭრილობაზე მოქმედება ხანმოკლეა, თაფლში კი ის სხვაგვარად მოქმედებს. „ჭრილობაზე წასმული თაფლი გარკვეულწილად იხსნება სხეულის სითხეში, რაც ამცირებს თაფლის სიმჟავეს“, — ნათქვამია გაზეთ „გლოუბში“. ეს ფერმენტები მოქმედებას იწყებენ ამ ნაკლებად მჟავურ გარემოში. თაფლში შაქრის დაშლა ნელა და მუდმივად მიმდინარეობს. ეს პროცესი ნელ-ნელა წარმოქმნის წყალბადის ზეჟანგის საკმარის რაოდენობას, რომელსაც ჭრილობაში არსებული ბაქტერიების მოკვლა შეუძლია და ამავე დროს ჭრილობის გარშემო ჯანსაღ ქსოვილს არ აზიანებს.

გაზეთ „გლოუბის“ კომენტარის თანახმად თაფლს მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. „თაფლის თხელი ფენა კანს სინოტივეს უნარჩუნებს და ხელს უშლის ფუფხის წარმოქმნას. თაფლი სტიმულირებას აძლევს სისხლის ახალი კაპილარების ზრდა-განვითარებას და მოქმედებაში მოჰყავს უჯრედები, რომლებიც ახალი კანის ზრდას უწყობს ხელს“. გარდა ამისა, თაფლის ანტი-მჟანგველებს ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვთ, რაც „დაცხრობას, სისხლის უკეთესად ცირკულირებას და ჭრილობაზე სისველის მოშრობას უწყობს ხელს“.

„მაგრამ თაფლი ყველასთვის სასარგებლო როდია“, — გვაფრთხილებს გაზეთი. ვარაუდობენ, რომ თაფლი 5%-მდე ბოტულიზმის სპორებს შეიცავს. ისეთი სააგენტოები, როგორიცაა კანადის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და პედიატრთა საზოგადოებები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს თაფლი არ მისცენ, რადგან „ჩვილებს ჯერ კიდევ არა აქვთ ის ნაწლავური მიკროორგანიზმები, რომლებიც ბაქტერიებისგან დაიცავს მათ“.