არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ჩვენი ცხოვრების უბედნიერესი დღე“

„ჩვენი ცხოვრების უბედნიერესი დღე“

„ჩვენი ცხოვრების უბედნიერესი დღე“

ორწინება ძალიან სასიხარულო მოვლენაა. ბევრი დაქორწინებული წყვილი ამბობს: „ქორწილის დღე ჩვენს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო“. მაგრამ ის, ამასთანავე, ისეთი დღეცაა, რომლისთვისაც ბევრი რამ უნდა გაიღო. ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სამზადისის გამო ნეფე-დედოფალმა და მათი ოჯახის წევრებმა შესაძლოა დიდი დაძაბულობა და დაღლილობა განიცადონ, თანაც ნეფე-დედოფალი იმ დღეს ხომ უამრავ ადამიანს უნდა შეხვდეს!

წყვილისთვის ქორწინება ახალი, ერთობლივი ცხოვრების დასაწყისია. მაგრამ ეს მოვლენა მხოლოდ მათ არ ეხებათ. როდესაც ქალიშვილი, ვაჟი, ძმა ან და ქორწინდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ცალკე, დამოუკიდებელ ოჯახს ქმნიან; ამ დროს მათი ოჯახის წევრებს ხშირად შერეული გრძნობები ეუფლებათ.

სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული საქორწინო წეს-ჩვეულებები ერთიმეორისგან განსხვავდება, ამიტომაც ამ სტატიებში ყოველი მათგანის მიმოხილვა, უბრალოდ, შეუძლებელია. აქ, ძირითადად, ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ ტრადიციულად რა კეთდება დასავლეთისა და დასავლური ორიენტაციის მქონე სხვა ქვეყნებში. ქორწილის გადახდა იქ შეიძლება ძალიან ძვირი ჯდებოდეს. ქორწილის დღისთვის ზოგი დიდ თანხებს ხარჯავს; ამ ხარჯებში დარბაზის ან რესტორნის დაქირავებისა და საჭმელ-სასმელით მომარაგებისთვის აუცილებელი თანხებიც შედის. ვარაუდობენ, რომ ქორწილის გადახდა იტალიაში საშუალოდ 10 000 აშშ დოლარზე მეტი ჯდება. იაპონიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში კი ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია. ჩვეულებრივ, ნეფე-დედოფალს არ უწევთ ამ ხარჯების დაფარვა — ამას მათი მშობლები აკეთებენ.

ბევრი ფირმისთვის ქორწილები სარფიან ბიზნესს წარმოადგენს. ბევრი მათგანი კლიენტებს წარმოდგენაში ისეთ „იდეალურ“ ქორწილს უხატავს, რომელშიც ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს. ისინი გადაკვრით მოუწოდებენ წყვილს: „ეს ხომ თქვენი ცხოვრების უბედნიერესი დღეა?!“. ამგვარად, ისინი უამრავი პროდუქციის გასაღებას ცდილობენ და გთავაზობენ მომსახურებას, რომელიც ვითომდა „უმნიშვნელოვანესია“ იმისათვის, რომ ამ ღირსშესანიშნავმა დღემ „იდეალურად“ ჩაიაროს. შესაძლოა, ბევრი რამ შემოგთავაზონ, მათ შორის: მოსაწვევები, თქვენი „საოცნებო“ საპატარძლო კაბა, ამ დღისთვის შესაფერისი გამოსასვლელი კაბები პატარძლის ხელისმომკიდეებისთვის, სმოკინგები ან კოსტიუმები სასიძოს მეგობრებისთვის. ამ სიას მოჰყვება ყვავილები, ლიმუზინები, შესაძლოა რესტორანიც, სადაც წვეულება გაიმართება, ფოტოგრაფი, მუსიკოსები და სხვა მრავალი რამ. იმ ყოველივეს ჩამონათვალი, რაც სიძე-პატარძალმა შესაძლოა ისურვოს და, ამასთანავე, ამ „სურვილების“ განსახორციელებელი თანხების სიაც ბევრ მშობელს საგონებელში აგდებს.

ზოგ საზოგადოებაში დიდი ყურადღება ექცევა ტრადიციად ქცეული ჩვეულებების დაცვას და ნეფე-დედოფლისგანაც მოელიან იმას, რომ ისინიც მიჰყვებიან ამ ადათ-წესებს და მათ დაუწერელ კანონს დაემორჩილებიან. დიახ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ძალიან შეზღუდულ დროში.

სასიამოვნოდ გესახებათ ყოველივე ეს თუ გაფიქრებთ? რა პასუხიც უნდა გასცეთ ამ კითხვას, ქორწილის სამზადისზე ფიქრისას რამდენიმე კითხვა მაინც წამოიჭრება: რა მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს დროში დაქორწინებას? არის კი ყოველივე ზემოჩამოთვლილიდან აუცილებელი, რათა „საკადრისი“ ქორწილი გადაიხადოთ? როგორ შეიძლება სხვადასხვა სირთულის დაძლევა, მათ შორის ემოციურის?

ქორწინების სამზადისთან დაკავშირებული სტრესისა და დაძაბულობის მიუხედავად, ბევრმა შესანიშნავად გაართვა თავი ყველაფერს და ამ ბედნიერი დღიდან სრული სიამოვნება მიიღო. ამ ადამიანების გამოცდილება შეიძლება მათთვისაც დამხმარე აღმოჩნდეს, ვინც ამ მოვლენის აღსანიშნავად ემზადება. ბიბლიაშიც არის მოცემული ის პრინციპები, რომლებიც საქორწინო სამზადისით დაკავებულებს დიდ დახმარებას გაუწევს, რის წყალობითაც ეს დღე ყველასათვის სასიამოვნო, ბედნიერი და დაუვიწყარი გახდება.