არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველას სათანადო პატივი ეცით!

ყველას სათანადო პატივი ეცით!

„ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა, პატივი, დიდება და ძლევამოსილება მარადიულად!“ (გამოცხ. 5:13).

სიმღერები: 9, 108

1. რატომ იმსახურებს ზოგი პატივისცემას და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

ვინმესთვის პატივის მიგება ნიშნავს მისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და პატივისცემის გამოვლენას. გონივრულია, მოველოდეთ, რომ ამ ადამიანმა გააკეთა რამე ასეთი ყურადღებისა და პატივისცემის დასამსახურებლად ან მას გარკვეული მდგომარეობის გამო ეკუთვნის ის. ასე რომ, იბადება კითხვები: ვის უნდა ვცეთ პატივი და რატომ იმსახურებენ ისინი პატივისცემას?

2, 3. ა) რატომ იმსახურებს იეჰოვა განსაკუთრებულ პატივს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) ვინ არის გამოცხადების 5:13-ში მოხსენიებული კრავი და რატომ იმსახურებს ის პატივისცემას?

2 გამოცხადების 5:13-დან ჩანს, რომ პატივისცემას იმსახურებენ „ტახტზე მჯდომი და კრავი“. ბიბლიის ამავე წიგნის მე-4 თავიდან ვიგებთ მიზეზს, თუ რატომ იმსახურებს იეჰოვა პატივისცემას. ზეციერი ქმნილებები ხმამაღლა განადიდებენ იეჰოვას, „მას, ვინც მარადიულად ცოცხლობს“. ისინი ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხ. 4:9, 11).

3 კრავი არის იესო ქრისტე. ის არის „ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი“ (იოან. 1:29). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის ყველა იმ მეფეზე აღმატებულია, რომელიც იყო და არის. მასში ნათქვამია, რომ იესო არის „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი. მხოლოდ ის არის უკვდავი, მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში, კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“ (1 ტიმ. 6:14—16). რომელი მეფე გაიღებდა ნებაყოფლობით თავის სიცოცხლეს ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად? ალბათ, გსურთ, შეუერთდეთ უთვალავ ზეციერ ქმნილებას, რომლებიც აცხადებენ: „კრავი, რომელიც დაიკლა, ღირსია, მიიღოს ძლიერება, სიმდიდრე, სიბრძნე, ძალა, პატივი, დიდება და კურთხევა“ (გამოცხ. 5:12).

4. რატომ ვართ ვალდებულნი, პატივი ვცეთ იეჰოვასა და იესო ქრისტეს?

4 ჩვენ ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ იეჰოვასა და იესო ქრისტეს, რადგან ჩვენი მარადიული სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული. ეს კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან, რომლებიც ჩაწერილია იოანეს 5:22, 23-ში: „მამა არავის ასამართლებს, არამედ მთელი სასამართლო ძეს გადასცა, რათა ყველამ პატივი სცეს ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, არც მამას სცემს პატივს, რომელმაც ის გამოგზავნა“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 2:11, 12).

5. რატომ იმსახურებს ყველა ადამიანი გარკვეულ პატივისცემას?

5 ადამიანები „ღვთის ანარეკლად“ არიან შექმნილნი (დაბ. 1:27). ამიტომ უმეტესობა მეტ-ნაკლებად ავლენს ღვთის თვისებებს. მათ შეუძლიათ ერთმანეთის მიმართ სიყვარულის, სიკეთისა და თანაგრძნობის გამოვლენა. ვინაიდან ღმერთმა სინდისი მისცა ადამიანებს, ისინი გრძნობენ, რა არის სწორი და რა არასწორი, პატიოსანი და უპატიოსნო, მისაღები და მიუღებელი (რომ. 2:14, 15). თუმცა ზოგჯერ მათი სინდისი სათანადოდ ვერ რეაგირებს ან დამახინჯებულია. ადამიანებს იზიდავს სიწმინდე და სილამაზე და მათ უმეტესობას სურს, რომ მშვიდობიანად იცხოვროს სხვებთან ერთად. მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ თუ არა, ისინი გარკვეულწილად ირეკლავენ იეჰოვას დიდებას, რისთვისაც პატივისცემას იმსახურებენ (ფსალმ. 8:5).

იყავით გაწონასწორებულები

6, 7. ადამიანთა უმეტესობისგან განსხვავებით როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები სხვების პატივისცემას?

6 გაწონასწორებულობაა საჭირო, რომ განსაზღვროთ, როგორ გამოავლინოთ პატივისცემა სხვების მიმართ. სატანის ქვეყნიერების სული დიდ გავლენას ახდენს არასრულყოფილი ადამიანების უმეტესობაზე. ამიტომ ისინი მიდრეკილნი არიან, უბრალო პატივისცემის ნაცვლად გააკერპონ ზოგიერთი ადამიანი. ისინი უზომოდ განადიდებენ რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს, სპორტსმენებს, შოუბიზნესის წარმომადგენლებსა თუ სხვა ეგრეთ წოდებულ ვარსკვლავებს და ხშირ შემთხვევაში აღმერთებენ მათ. შედეგად, ახალგაზრდები თუ უფროსი ასაკის ადამიანები ასეთებს მისაბაძ მაგალითებად მიიჩნევენ და შესაძლოა მათ მანერებში, ჩაცმულობასა და ქცევაში ჰბაძავენ.

7 ჭეშმარიტ ქრისტიანებს არა აქვთ სხვების პატივისცემისადმი ასეთი დამახინჯებული შეხედულება. იესო ქრისტე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც სრულყოფილ მისაბაძ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ (1 პეტ. 2:21). ღვთის მოწონებას ვერ დავიმსახურებთ, თუ ადამიანებს იმაზე მეტ პატივს მივაგებთ, ვიდრე ეკუთვნით. არ უნდა დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომ. 3:23). აშკარაა, არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს გაკერპებამდე პატივისცემას.

8, 9. ა) რა დამოკიდებულება აქვთ იეჰოვას მოწმეებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ? ბ) რა ითვლება საჯარო მოხელეების სათანადო მხარდაჭერად?

8 ზოგ ადამიანს გარკვეული უფლებამოსილება აკისრია. მთავრობის წარმომადგენლებისგან მოითხოვება კანონისა და წესრიგის დაცვა და საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა. ამას ყველასთვის მოაქვს სიკეთე. ამიტომ პავლე მოციქულმა ურჩია ქრისტიანებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები „უმაღლეს ხელისუფლად“ მიეჩნიათ და მათ დამორჩილებოდნენ. ის წერდა: „ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი. . . ვისაც პატივი — პატივი“ (რომ. 13:1, 7).

9 ამიტომ მართებულია, რომ იეჰოვას მოწმეები თავიანთ ქვეყანაში მიღებული წესისამებრ ავლენენ პატივისცემას საჯარო მოხელეების მიმართ და ამას ნაძალადევად და უხალისოდ არ აკეთებენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან, როცა ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ. ცხადია, პატივისცემა და მხარდაჭერა არც გონიერების ფარგლებს უნდა სცდებოდეს და არც ბიბლიურ პრინციპებს უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ამან იქამდე არ უნდა მიგვიყვანოს, რომ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოვავლინოთ და ქრისტიანული ნეიტრალიტეტი დავარღვიოთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:13—17).

10. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ძველად მცხოვრებ იეჰოვას მსახურებს ხელისუფლებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ?

10 ძველად მცხოვრებმა იეჰოვას მსახურებმა ხელისუფლებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ დამოკიდებულების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს. იოსები და მარიამი დაემორჩილნენ რომის იმპერიაში გაცემულ განკარგულებას, რომელიც მოსახლეობის აღწერას ეხებოდა. თუმცა მარიამს მალე უნდა ემშობიარა, ისინი ბეთლემში მაინც წავიდნენ (ლუკ. 2:1—5). მოგვიანებით არასწორ ქმედებაში ბრალდებულმა პავლემ სათანადო პატივისცემა გამოავლინა მეფე ჰეროდე აგრიპასა და იუდეის გამგებელ ფესტუსის მიმართ, როცა მათ წინაშე თავს იცავდა (საქ. 25:1—12; 26:1—3).

11, 12. ა) რატომ არ ვავლენთ ერთნაირად პატივისცემას ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რელიგიური წინამძღოლების მიმართ? ბ) რა მოჰყვა შედეგად ავსტრიელ პოლიტიკოსთან პატივისცემით საუბარს?

11 მაგრამ იეჰოვას მოწმეები არ მიიჩნევენ რელიგიურ წინამძღოლებს განსაკუთრებული პატივისცემის ღირსად მაშინაც კი, როცა ისინი ამას მოითხოვენ. ცრუ რელიგია ღვთის შესახებ სიცრუეს ასწავლის და ბიბლიურ სწავლებებს ამახინჯებს. ჩვენ მოყვასივით ვეპყრობით რელიგიურ წინამძღოლებს, მაგრამ განსაკუთრებულ პატივისცემას არ ვავლენთ მათ მიმართ. როგორც ვიცით, იესომ გაკიცხა პირველი საუკუნის რელიგიური წინამძღოლები და მათ თვალთმაქცები და ბრმა მეგზურები უწოდა (მათ. 23:23, 24). თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სათანადო პატივისცემის გამოვლენას ზოგჯერ შეიძლება ძალიან კარგი შედეგები მოჰყვეს.

12 ავსტრიელი იეჰოვას მოწმე ლეოპოლდ ენგლაიტნერი, რომელიც გულანთებული მქადაგებელი იყო, ნაცისტებმა დააპატიმრეს და მატარებლით ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. იმავე მატარებელში პატიმართა შორის იყო ყოფილი ავსტრიელი პოლიტიკოსი, ჰაინრიხ გლაისნერი, რომელიც ნაცისტებს თვალში არ მოსდიოდათ. გზად ძმა ენგლაიტნერი პატივისცემით ესაუბრა თავის რწმენაზე ჰაინრიხ გლაისნერს, რომელმაც ყურადღებით მოუსმინა მას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლაისნერმა არაერთხელ გამოიყენა თავისი გავლენა ავსტრიაში იეჰოვას მოწმეების დასახმარებლად. ალბათ, შეგიძლიათ გაიხსენოთ სხვა შემთხვევები, როცა იეჰოვას მოწმეებმა გაითვალისწინეს ბიბლიური მითითებები და საჯარო მოხელეების მიმართ სათანადო პატივისცემა გამოავლინეს, რასაც კარგი შედეგები მოჰყვა.

კიდევ ვინ იმსახურებს პატივისცემას?

13. განსაკუთრებით ვინ იმსახურებს პატივისცემას და რატომ?

13 ჩვენს პატივისცემას ნამდვილად იმსახურებენ რწმენით ჩვენიანები, განსაკუთრებით უხუცესები, რომელთაც ხელმძღვანელობა აკისრიათ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:17). ამ ძმებს პატივს ვცემთ მათი ეროვნების, განათლების, სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. ბიბლიაში ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომლებიც ღვთის ხალხის საჭიროებებზე ზრუნავენ (ეფეს. 4:8). დაფიქრდით, რამდენს შრომობენ კრების უხუცესები, სარაიონო ზედამხედველები, ფილიალის კომიტეტისა თუ ხელმძღვანელი საბჭოს წევრები! პირველ საუკუნეში ჩვენი და-ძმები დიდ პატივს სცემდნენ ხელმძღვანელ ძმებს და ჩვენც მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ არ ვაკერპებთ მათ და არც ისე ვეპყრობით, თითქოს ანგელოზები იყვნენ. ნაცვლად ამისა, ჩვენ პატივს ვცემთ ასეთ ძმებს მათი შრომისა და თავმდაბლობისთვის (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:24; გამოცხადების 19:10).

14, 15. როგორ განსხვავდებიან ქრისტიანი უხუცესები ეგრეთ წოდებული მწყემსებისგან?

14 ეს უხუცესები თავმდაბალი სულიერი მწყემსები არიან. მათ თავმდაბლობაზე მოწმობს ის, რომ არავის რთავენ ნებას, მათ ისე მოექცნენ, როგორც ქვეყნიერებაში ექცევიან ცნობილ ადამიანებს. ისინი განსხვავდებიან ბევრი თანამედროვე თუ პირველი საუკუნის რელიგიური წინამძღოლისგან, რომელთა შესახებაც იესომ თქვა: „უყვართ საპატიო ადგილები ვახშმებზე და წინა ადგილები სინაგოგებში, მოედნებზე რომ ესალმებიან“ (მათ. 23:6, 7).

15 ქრისტიანი უხუცესები თავმდაბლად ითვალისწინებენ იესოს მითითებას: „ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ; არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ — ზეციერი; ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე. თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს; ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“ (მათ. 23:8—12). ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უხუცესები თანამორწმუნეების სიყვარულსა და პატივისცემას.

თავმდაბალი უხუცესები თანამორწმუნეების სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ (იხილეთ აბზაცები 13—15)

16. რატომ უნდა შეეცადოთ, უკეთ გაიგოთ და გაითვალისწინოთ ბიბლიის თვალსაზრისი პატივისცემასთან დაკავშირებით?

16 ცხადია, გარკვეული დრო დაგვჭირდება, რომ გაწონასწორებულები გავხდეთ და ვისწავლოთ, ვის როგორ ვცეთ პატივი. ეს პირველი საუკუნის ქრისტიანების შემთხვევაშიც ასე იყო (საქ. 10:22—26; 3 იოან. 9, 10). თუმცა ნამდვილად ღირს ძალისხმევად პატივისცემასთან დაკავშირებით ბიბლიური მითითებების გათვალისწინება. ამ საკითხისადმი გაწონასწორებულ დამოკიდებულებას კარგი შედეგები მოაქვს.

რა მოჰყვება პატივისცემის სათანადოდ გამოვლენას?

17. რა შეიძლება მოჰყვეს უფლებამოსილი პირებისადმი პატივისცემის გამოვლენას?

17 თუ უფლებამოსილი პირებისადმი პატივისცემას გამოვავლენთ, დიდი ალბათობაა, რომ ისინი დაიცავენ ჩვენს უფლებას, დაუბრკოლებლად ვიქადაგოთ. შედეგად, ჩვენს საქმიანობას ისინი დადებით შუქში წარადგენენ. რამდენიმე წლის წინ გერმანიაში ერთი პიონერი და ბირგიტი თავისი ქალიშვილის სკოლის გამოშვებას დაესწრო. მასწავლებლებმა უთხრეს ბირგიტს, რომ მათ ძალიან მოსწონდათ იეჰოვას მოწმეების შვილებთან მუშაობა. მათი აზრით, ცუდი იქნებოდა, თუ სკოლაში იეჰოვას მოწმე ბავშვები არ ეყოლებოდათ. „ჩვენ შვილებს ღვთის ნორმების დაცვას ვასწავლით, რაშიც მასწავლებლების პატივისცემაც შედის“, — აუხსნა ბირგიტმა მათ. ერთმა მასწავლებელმა უთხრა მას: „თუ დანარჩენი ბავშვებიც თქვენი შვილებივით იქნებიან, მასწავლებლობა ერთი სიამოვნება იქნება“. რამდენიმე კვირის შემდეგ ამ მასწავლებლებიდან ერთ-ერთი ლაიფციგში ჩატარებულ კონგრესს დაესწრო.

18, 19. რატომ არის მნიშვნელოვანი უხუცესების მიმართ სათანადო პატივისცემის გამოვლენა?

18 როცა საქმე კრების უხუცესებისადმი სათანადო პატივისცემას ეხება, ღვთის სიტყვაში ჩაწერილი სრულყოფილი და ბრძნული პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ (წაიკითხეთ ებრაელების 13:7, 17). ჩვენ უნდა შევაქოთ ისინი თავიანთი შრომისთვის და ვეცადოთ, მივყვეთ მათ მითითებებს. ამან შეიძლება გაუადვილოს მათ თავიანთი პასუხისმგებლობების სიხარულით შესრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მივბაძოთ რომელიმე „გამოჩენილი“ უხუცესის ჩაცმულობასა თუ ვარცხნილობას, სწავლების მანერას ან თუნდაც საუბრის სტილს. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვებს არასწორ შთაბეჭდილებას შევუქმნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისიც არასრულყოფილი ადამიანია. ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი ქრისტე უნდა იყოს.

19 ჩვენ ვეხმარებით უხუცესებს, როცა მათ მიმართ სათანადო პატივისცემას ვიჩენთ და არ ვექცევით ისე, როგორც ქვეყნიერებაში ექცევიან ცნობილ ადამიანებს. ამგვარად, ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ, რომ სიამაყის მახეში არ გაებან, საკუთარი თავი სხვებზე აღმატებულად არ მიიჩნიონ ან თვითკმაყოფილები არ გახდნენ.

20. როგორ დაგვეხმარება სხვების პატივისცემა პირადად ჩვენ?

20 მათ მიმართ პატივისცემის გამოვლენა, ვინც ამას იმსახურებს, ჩვენზეც სასიკეთოდ მოქმედებს, რადგან ეგოიზმისგან გვიცავს. ის გვეხმარება, დიდი წარმოდგენა არ გვქონდეს საკუთარ თავზე მაშინაც კი, როცა რაღაცისთვის გვაქებენ. ამასთან, ის გვეხმარება ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს, როგორიც იეჰოვას ორგანიზაციას აქვს, რომელიც არც ერთ ადამიანს სხვაზე მაღლა არ აყენებს. უფრო მეტიც, ასეთი დამოკიდებულება დაგვიცავს, არ დავბრკოლდეთ, თუ ვინმე, ვისაც პატივს ვცემთ, იმედს გაგვიცრუებს.

21. რომელია სათანადო პატივისცემის გამოვლენის უმთავრესი მიზეზი?

21 სათანადო პატივისცემის გამოვლენის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ამით ღმერთს ვუხარებთ გულს. ჩვენ მისი ნების თანახმად ვიქცევით და ერთგულებას ვუმტკიცებთ მას. ამით ვეხმარებით, რომ პასუხი გასცეს ყველა დამცინავს (იგავ. 27:11). დღეს უამრავ ადამიანს არასწორი შეხედულება აქვს პატივისცემაზე. ჩვენ გვიხარია, რომ ვიცით, როგორ უნდა გამოვავლინოთ იეჰოვას მოსაწონი პატივისცემა.