არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 14

ჩრდილოელის თავდასხმა

ჩრდილოელის თავდასხმა

„ურიცხვი ხალხი მოვიდა ჩემს მიწაზე“ (იოელ. 1:6).

სიმღერა 95 სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება

მოკლე შინაარსი *

1. როგორ იკვლევდნენ რასელი და მისი თანამოაზრეები წმინდა წერილებს და რატომ იყო კარგი მათ მიერ შერჩეული მეთოდი?

საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩარლზ ტეიზ რასელმა და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ ღვთის სიტყვის გამოსაკვლევად ერთად შეკრება დაიწყეს. მათი მიზანი იყო, გაეგოთ, რას ასწავლიდა ბიბლია სინამდვილეში იეჰოვა ღმერთის, იესო ქრისტეს, გამოსასყიდისა და მკვდრების მდგომარეობის შესახებ. მათ კვლევის მარტივი მეთოდი ჰქონდათ. მაგალითად, ერთ-ერთი წამოჭრიდა კითხვას, რის შემდეგაც იმ საკითხთან დაკავშირებულ ყველა ბიბლიურ მუხლს იკვლევდნენ და თავიანთი დასკვნების შესახებ ჩანაწერებს აკეთებდნენ. იეჰოვას წყალობით ამ გულწრფელმა ქრისტიანმა მამაკაცებმა ნათელი მოჰფინეს არაერთ ძირითად ბიბლიურ სწავლებას, რომლებსაც დღემდე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.

2. რამ შეიძლება მიგვიყვანოს მცდარ დასკვნამდე, როცა ბიბლიური წინასწარმეტყველების გაგებას ვცდილობთ?

2 ბიბლიის მკვლევრები მალევე მიხვდნენ, რომ წინასწარმეტყველების მნიშვნელობის სწორად ახსნა გაცილებით რთულია, ვიდრე ბიბლიის ძირითადი სწავლებების გაგება. რა არის ამის მიზეზი? ხშირ შემთხვევაში წინასწარმეტყველების მნიშვნელობას ბოლომდე მაშინ ვწვდებით, როცა ის უკვე შესრულდა ან შესრულების პროცესშია. თუმცა გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. წინასწარმეტყველების მნიშვნელობა ზუსტად რომ გავიგოთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ მისი კონტექსტი. თუ წინასწარმეტყველების მხოლოდ ერთ მხარეზე გავამახვილებთ ყურადღებას, შესაძლოა მცდარი დასკვნა გავაკეთოთ. როგორც ჩანს, სწორედ ასე მოხდა „იოელის“ წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შემთხვევაში. მოდი კიდევ ერთხელ გამოვიკვლიოთ ეს წინასწარმეტყველება და გავიგოთ, რატომ გახდა საჭირო მისი ახლებურად ახსნა.

3, 4. როგორ გვესმოდა დღემდე იოელის 2:7—9-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

3 წაიკითხეთ იოელის 2:7—9. იოელი წინასწარმეტყველებს, რომ ისრაელის მიწას კალიები შეესეოდნენ და გაანადგურებდნენ. კალიები, რომლებსაც კბილები და ყბები ლომისას მიუგავდათ, ყველაფერს გააჩანაგებდნენ, რაც გზად შეხვდებოდათ (იოელ. 1:4, 6). წლების განმავლობაში ამ წინასწარმეტყველებას იეჰოვას ხალხს ვუკავშირებდით და მივიჩნევდით, რომ კალიების გუნდის მსგავსად მათ სამქადაგებლო საქმიანობას ვერაფერი შეაჩერებდა. ვფიქრობდით, რომ ეს საქმიანობა საგონებელში აგდებდა „მიწას“ ანუ რელიგიური წინამძღოლების გავლენაში მოქცეულ საზოგადოებას. *

4 თუ მხოლოდ იოელის 2:7—9-ში ჩაწერილ სიტყვებს წავიკითხავთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამგვარი ახსნა სწორია. თუმცა, თუ კონტექსტსაც გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ ეს წინასწარმეტყველება სხვაგვარად უნდა აიხსნას. მოდი განვიხილოთ ამის ოთხი მიზეზი.

ცვლილების ოთხი მიზეზი

5, 6. რა კითხვები შეიძლება დაგვებადოს ა) იოელის 2:20-თან დაკავშირებით? ბ) იოელის 2:25-თან დაკავშირებით?

5 თავდაპირველად ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იეჰოვა კალიების გუნდზე: „მოგაშორებთ ჩრდილოელს [კალიებს] და განვდევნი მას“ (იოელ. 2:20). თუ ეს კალიები იეჰოვას მოწმეებს განასახიერებენ, რომლებიც იესოს მითითების თანახმად ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს ასრულებენ, რატომღა იტყოდა იეჰოვა, რომ განდევნიდა მათ? (ეზეკ. 33:7—9; მათ. 28:19, 20). ცხადია, იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს კი არა, მათ მტრებს განდევნის.

6 მეორე მიზეზზე საუბარია იოელის 2:25-ში, სადაც იეჰოვას სიტყვებს ვკითხულობთ: „აგინაზღაურებთ იმ წლების დანაკარგს, როცა ჭამდნენ კალია, უფრთო კალია, ტარაკანი და მუხლუხი — ჩემი დიდი ჯარი, რომელიც გამოგიგზავნეთ“. როგორც ვხედავთ, იეჰოვა პირობას დებს, რომ კალიებისგან მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. თუ კალიები ღვთის ხალხს განასახიერებენ, რატომღა მოაქვს ზიანი მათ მიერ გაცხადებულ ცნობას? სინამდვილეში ბიბლიურ ცნობას შეუძლია ბოროტები მონანიებისკენ აღძრას და სიცოცხლე შეუნარჩუნოს (ეზეკ. 33:8, 19). აშკარაა, ამ ცნობას ზიანი კი არა, დიდი სიკეთე მოაქვს ხალხისთვის!

7. რის გაგებაში გვეხმარება იოელის 2:28, 29-ში მოხსენიებული ფრაზა „ამის შემდეგ“?

7 წაიკითხეთ იოელის 2:28, 29. განვიხილოთ მესამე მიზეზი. დაფიქრდით, რა თანმიმდევრობით არის აღწერილი მოვლენები წინასწარმეტყველებაში. დააკვირდით იეჰოვას სიტყვებს: „ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს“. ეს მას შემდეგ მოხდებოდა, რაც კალიები დავალებულ საქმეს შეასრულებდნენ. თუ ისინი ღვთის სამეფოს მაუწყებლებს წარმოადგენენ, რატომ გადმოღვრიდა იეჰოვა თავის სულს მათზე ქადაგების საქმის დასრულების შემდეგ? სინამდვილეში წმინდა სულის დახმარების გარეშე ღვთის ხალხი ათეულობით წლის მანძილზე ვერ შეძლებდა წინააღმდეგობისა და აკრძალვის მიუხედავად ქადაგების გაგრძელებას.

ჯოზეფ რუტერფორდი სხვა ხელმძღვანელ სულითცხებულ ძმებთან ერთად გაბედულად აცხადებდა ბოროტი ქვეყნიერებისთვის გამოტანილ ღვთის განაჩენს (იხილეთ აბზაცი 8)

8. ვის განასახიერებენ გამოცხადების 9:1—11-ში აღწერილი კალიები? (იხილეთ სურათი გარეკანზე)

8 წაიკითხეთ გამოცხადების 9:1—11. ახლა დავფიქრდეთ მეოთხე მიზეზზე. ადრე „იოელის“ წიგნში აღწერილ კალიების შემოსევას სამქადაგებლო საქმესთან ვაკავშირებდით, რადგან მსგავს წინასწარმეტყველებას წიგნ „გამოცხადებაშიც“ ვხვდებით. ამ წინასწარმეტყველებაში აღწერილია კალიები, რომლებსაც „სახეები ადამიანის სახეს მიუგავდათ“ და „თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ“ (გამოცხ. 9:7). მათ უნდა დაეტანჯათ ღვთის მტრები ანუ ის ადამიანები, „რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე“; ეს ტანჯვა ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდებოდა, რაც კალიის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა (გამოცხ. 9:4, 5). ეჭვგარეშეა, რომ ეს კალიები იეჰოვას ცხებულ მსახურებს განასახიერებენ. ისინი გაბედულად უცხადებენ ღვთის განაჩენს ბოროტ ქვეყნიერებას, რაც მისი მხარდამჭერებისთვის სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის.

9. რა მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს იოელისა და იოანეს წინასწარმეტყველებებს შორის?

9 მართალია, წიგნ „გამოცხადებასა“ და წიგნ „იოელში“ ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს შორის გარკვეული მსგავსება არსებობს, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არის. მაგალითად, იოელის წინასწარმეტყველებაში კალიები მცენარეებს ანადგურებენ, ხოლო იოანეს ხილვაში კალიებს „მითითება მიეცათ, რომ არ ევნოთ . . . დედამიწის ბალახეულისთვის“ (იოელ. 1:4, 6, 7; გამოცხ. 9:4). წიგნ „იოელში“ ნათქვამია, რომ კალიების თავდასხმა ჩრდილოეთიდან იქნებოდა, იოანე კი ხილვაში ხედავს, რომ კალიები უფსკრულიდან ამოდიან (იოელ. 2:20; გამოცხ. 9:2, 3). იოელი ამბობს, რომ კალიები განიდევნებოდნენ, ხოლო „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ კალიები კი არ განიდევნენ, არამედ თავიანთი საქმის დასრულების ნება მიეცათ. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვა მათით უკმაყოფილო იყო (იხილეთ ჩარჩო  „წინასწარმეტყველებები კალიების შესახებ — მნიშვნელოვანი განსხვავებები“).

10. რომელი ბიბლიური მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იოელისა და იოანეს მიერ აღწერილი კალიები სხვადასხვა რამეს განასახიერებენ?

10 თუ დავფიქრდებით, რა მნიშვნელოვანი განსხვავებაა ამ ორ წინასწარმეტყველებას შორის, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ მათ ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. შესაძლებელია, რომ წიგნ „იოელში“ და წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული კალიები სხვადასხვა რამეს განასახიერებდნენ? დიახ. ზოგჯერ ბიბლიაში ერთი და იგივე სიმბოლო სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვა მნიშვნელობით არის გამოყენებული. მაგალითად, გამოცხადების 5:5-ში იესოს ეწოდება „ლომი იუდას ტომიდან“, ხოლო 1 პეტრეს 5:8-ში ეშმაკი „მბრდღვინავ ლომთან“ არის შედარებული. ზემოთ განხილული ოთხი მიზეზიდან გამომდინარე, იოელის წინასწარმეტყველებას სხვა ახსნა უნდა ჰქონდეს. მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას ეს წინასწარმეტყველება?

რას განასახიერებენ იოელის მიერ აღწერილი კალიები?

11. როგორ გვეხმარება იოელის 1:6 და 2:1, 8, 11 მუხლები, გავიგოთ, ვის განასახიერებენ კალიები?

11 კალიების შესახებ წინასწარმეტყველების კონტექსტიდან ჩანს, რომ იოელი სამხედრო თავდასხმაზე საუბრობს (იოელ. 1:6; 2:1, 8, 11). იეჰოვამ თქვა, რომ ურჩი ისრაელების დასასჯელად „დიდ ჯარს“ ანუ ბაბილონელ ჯარისკაცებს გამოიყენებდა (იოელ. 2:25). ამ ჯარს მართებულად შეიძლება ეწოდოს „ჩრდილოელი“, რადგან ბაბილონელები სწორედ ჩრდილოეთიდან დაესხმებოდნენ თავს ისრაელს (იოელ. 2:20). ბაბილონელების ჯარი კარგად ორგანიზებულ კალიების გუნდს არის შედარებული. მათზე იოელი ამბობს: „[მეომრებივით] აგრძელებენ სვლას . . . ქალაქში იჭრებიან, გალავანზე არბიან, სახლებზე ადიან, ქურდებივით სარკმლებიდან მიძვრებიან“ (იოელ. 2:8, 9). გონებაში გააცოცხლეთ ეს სურათი. წარმოიდგინეთ, რომ ყველგან ბაბილონელთა ჯარისკაცები არიან, რომელთაც ვერავინ დაემალება; მათ მახვილს თავს ვერავინ დააღწევს!

12. როგორ შესრულდა კალიების შესახებ იოელის წინასწარმეტყველება?

12 კალიების მსგავსად ბაბილონელები (ქალდეველები) ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმში შეიჭრნენ. ბიბლია გვატყობინებს, რომ ქალდეველთა მეფემ „მახვილით დაუხოცა მათ ჭაბუკები . . . არ შეჰბრალებია მას არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც მოხუცებული და არც ღრმად მოხუცებული. ღმერთმა ყველაფერი ხელში ჩაუგდო მას. გადაწვა ჭეშმარიტი ღვთის სახლი და დაანგრია იერუსალიმის გალავანი; ცეცხლს მისცა მისი საცხოვრებელი კოშკები და ყოველივე, რაც ძვირფასი იყო მასში, რათა ბოლომდე გაენადგურებინა ყველაფერი“ (2 მატ. 36:17, 19). ბაბილონელების მიერ აოხრებულ მიწაზე ხალხი იტყოდა: „აი გაპარტახებული მიწა, სადაც არც კაცი და არც პირუტყვი არ ჭაჭანებს, ქალდეველებს ჩაუვარდაო ის ხელში“ (იერ. 32:43).

13. როგორ შეიძლება აიხსნას იერემიას 16:16, 18?

13 იოელის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველებიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ იეჰოვამ იერემიას მეშვეობით ამ თავდასხმაზე სხვა დეტალებიც გაგვიმჟღავნა. მან თქვა, რომ ბაბილონელები მთელ მიწაზე მოძებნიდნენ და ხელში ჩაიგდებდნენ იმ ისრაელებს, რომლებიც ბოროტებას სჩადიოდნენ. „მოვაყვანინებ ბევრ მეთევზეს, — ამბობს იეჰოვა, — და ითევზავებენ მათზე; მერე მოვაყვანინებ ბევრ მონადირეს და ინადირებენ მათზე ყველა მთაზე, გორაზე და კლდის ნაპრალებში . . . მათი დანაშაულისა და ცოდვის გამო მივუზღავ მათ სრულად“ (იერ. 16:16, 18). მოუნანიებელი ისრაელები ვერსად გაექცეოდნენ ბაბილონელთა ჯარისკაცებს. ისინი ვერც ოკეანეში დაიმალებოდნენ მათ და ვერც ტყეს შეაფარებდნენ თავს!

ცნობა აღდგენის შესახებ

14. როდის შესრულდა იოელის 2:28, 29-ში ჩაწერილი სიტყვები?

14 შემდეგ იოელმა სასიხარულო ცნობა იწინასწარმეტყველა. მან თქვა, რომ გაპარტახებული მიწა კვლავ მოსავლიანი გახდებოდა (იოელ. 2:23—26). მომავალში ეს წინასწარმეტყველება იმ გაგებით შესრულდებოდა, რომ უხვად იქნებოდა სულიერი საზრდო და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. „ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე“, — ამბობს იეჰოვა. — „მსახურებზეც და მოახლეებზეც გადმოვღვრი იმ დროს ჩემს სულს“ (იოელ. 2:28, 29). ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებზე მაშინვე არ გადმოსულა ღვთის სული. ეს წინასწარმეტყველება 600 წლის შემდეგ, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შესრულდა. საიდან ვიცით ეს?

15. საქმეების 2:16, 17-ის თანახმად, როგორ შეცვალა პეტრემ იოელის 2:28-ში ჩაწერილი სიტყვები, და რაზე მიანიშნებს ეს?

15 იოელის 2:28, 29-ში ჩაწერილი სიტყვები მოციქულმა პეტრემ ღვთის შთაგონებით ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარ საოცარ მოვლენას დაუკავშირა. დაახლოებით დილის 9 საათზე წმინდა სული სასწაულებრივად გადმოვიდა ქრისტიანებზე და ისინი „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ (საქ. 2:11). ღვთივშთაგონებით პეტრემ იოელის წინასწარმეტყველება ოდნავ შეცვლილი სახით წარმოთქვა. შენიშნეთ ეს ცვლილება საქმეების 2:16, 17-ში? (წაიკითხეთ). იოელის წინასწარმეტყველური სიტყვების ციტირება პეტრემ განსხვავებულად დაიწყო. მან ფრაზა „ამის შემდეგ“ ჩაანაცვლა სიტყვებით „ბოლო დღეებში“, რომელიც კონტექსტის მიხედვით მიუთითებდა იმ დროის მოახლოებაზე, როცა იერუსალიმი და მისი ტაძარი სრულად განადგურდებოდა. სწორედ მაშინ გადმოვიდოდა ღვთის სული „ყველანაირ ხორციელზე“. აქედან გამომდინარე, იოელის წინასწარმეტყველების ამ ნაწილის შესრულებამდე საკმაოდ დიდი დრო უნდა გასულიყო.

16. როგორ წაიწია წინ სამქადაგებლო საქმემ წმინდა სულის გადმოსვლის შემდეგ და რისი თქმა შეიძლება ჩვენს დროზე?

16 პირველ საუკუნეში ქრისტიანებზე წმინდა სულის გადმოსვლის შემდეგ სამქადაგებლო საქმემ დიდ მასშტაბებს მიაღწია. სწორედ იმ პერიოდში, ახ. წ. 61 წელს მისწერა მოციქულმა პავლემ კოლოსელებს წერილი. მას სრული საფუძველი ჰქონდა, ეთქვა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგა „ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23). „ყველა ქმნილებაში“ პავლე გულისხმობდა მაშინდელი მსოფლიოს იმ ნაწილს, სადაც მან და სხვა ქრისტიანებმა იმოგზაურეს. იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით დღეს სამქადაგებლო საქმე „დედამიწის კიდით-კიდემდე“ მიმდინარეობს და არნახულ მასშტაბებს აღწევს (საქ. 13:47); (იხილეთ ჩარჩო  „გადმოვღვრი ჩემს სულს“).

რა შეიცვალა?

17. როგორ შეიცვალა კალიებთან დაკავშირებით იოელის წინასწარმეტყველების ახსნა?

17 რა შეიცვალა? ახლა უფრო სწორად გვესმის იოელის 2:7—9-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება. ნათელი გახდა, რომ ეს მუხლები ძვ. წ. 607 წელს ბაბილონის ჯარის იერუსალიმში შეჭრას უკავშირდება და არა სამქადაგებლო საქმის გულმოდგინედ შესრულებას.

18. რა დარჩა უცვლელი იეჰოვას ხალხისთვის?

18 რა დარჩა უცვლელი? იეჰოვას ხალხი კვლავინდებურად აგრძელებს სასიხარულო ცნობის ქადაგებას ყველგან და ამისთვის არაერთ საშუალებას იყენებს (მათ. 24:14). მთავრობის მხრიდან აკრძალვა ხელს ვერ შეგვიშლის ქადაგების საქმეში. იეჰოვას დახმარებით დღეს უფრო აქტიურად ვქადაგებთ და გაბედულად ვაცხადებთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. თუ კვლავაც თავმდაბლად მივყვებით იეჰოვას ხელმძღვანელობას, გვჯერა, რომ ის დაგვეხმარება ბიბლიური წინასწარმეტყველების გაგებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა თავის დროზე წაგვიძღვება „ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ (იოან. 16:13).

სიმღერა 97 ღვთის სიტყვას სიცოცხლე მოაქვს

^ აბზ. 5 ათეულობით წლის განმავლობაში მივიჩნევდით, რომ იოელის პირველ და მეორე თავებში ჩაწერილი წინასწარმეტყველება თანამედროვე დროის სამქადაგებლო საქმიანობას უკავშირდებოდა. თუმცა არსებობს ოთხი საფუძვლიანი მიზეზი, რომელთა გამოც იოელის წინასწარმეტყველების ეს მონაკვეთი სხვაგვარად უნდა გავიგოთ. რომელ მიზეზებზეა საუბარი?

^ აბზ. 3 იხილეთ 2009 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „იეჰოვას სიბრძნე ქმნილებებში ვლინდება“, აბზაცები 14—16.