არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჯოზეფს პოლიციის ესკორტი დაჰყვებოდა

ჯოზეფს პოლიციის ესკორტი დაჰყვებოდა

 წარმოიდგინეთ, რომ კარდაკარ ქადაგების დროს პოლიციის ესკორტი დაგყვებათ და გიცავთ. შეიძლება ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სწორედ ასეთი რამ მოხდა 2017 წელს მიკრონეზიაში. ეს ამბავი შეემთხვა ჯოზეფს. სამ თანაქრისტიანთან ერთად ის სპეციალური კამპანიის დროს შორეულ კუნძულზე ჩავიდა საქადაგებლად.

 ყველაფერი ასე დაიწყო: შუადღისას ოთხი იეჰოვას მოწმე ერთ პატარა მარჯნის კუნძულს მიადგა, სადაც 600 ადამიანი ცხოვრობს. ჩასვლისთანავე მათ კუნძულის გამგებელი შეეგება. ჯოზეფი იხსენებს, რა მოხდა შემდეგ: „გამგებელმა პოლიციის მანქანა გამოყო ჩვენთვის, რომელსაც უნდა მივეყვანეთ ყველა კართან. გაოცებულებმა თავაზიანად ვუთხარით უარი. გვინდოდა, ჩვენთვის ჩვეული მეთოდით გვექადაგა კარდაკარ“.

 ასე გაუყვნენ მოწმეები ფეხით გზას და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გამოლაპარაკებოდნენ. ისინი იხსენებენ: „ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე აღმოჩნდა, თანაც დიდი ინტერესით ისმენდნენ სასიხარულო ცნობას. ისე გამოვიდა, რომ თითოეულ მობინადრესთან გაცილებით მეტ დროს ვანდომებდით საუბარს, ვიდრე გათვლილი გვქონდა“.

 ქადაგების დროს ჯოზეფს პოლიციის მანქანამ ორჯერ ჩაუარა, მესამე ჯერზე კი მანქანა გაჩერდა და პოლიციამ ჯოზეფს კვლავ შესთავაზა დახმარება. „ისევ უარი ვუთხარი, — ამბობს ჯოზეფი, — მაგრამ ამჯერად აღარ მოგვეშვნენ; ცოტა დრო გაქვთ დარჩენილი და ყველა კართან უნდა მიგიყვანოთო, გვითხრეს მათ. მეც აღარ გამოვიდე თავი და დავთანხმდი, იმიტომ რომ მართლა ბევრი სახლი გვქონდა დარჩენილი. გზადაგზა პოლიციელები გვეუბნებოდნენ, ვინ სად ცხოვრობდა; ცოტა უცნაური დახმარებაც შემოგვთავაზეს: გვითხრეს, თუ მასპინძელს ვერ გააგონებთ, ჩვენ დავუძახებთ რუპორით და გამოვიყვანთო.

 ყველგან მოვასწარით მისვლა; არც ერთი სახლი არ გამოგვიტოვებია. ბევრი ლიტერატურა გავავრცელეთ და ბევრი განმეორებითი მონახულებაც დავგეგმეთ“.

 დღის ბოლოს პოლიციელებმა ჯოზეფს უთხრეს, რომ ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ სასიხარულო ცნობის ქადაგებით. როცა მოწმეები ტოვებდნენ კუნძულს, პოლიციელები ჩამავალი მზის ფონზე ლიტერატურით ხელში მომღიმარი სახეებით აცილებდნენ სტუმრებს.