არჩეულ მასალაზე გადასვლა

რით არის კარგი სამეფო დარბაზი საზოგადოებისთვის?

რით არის კარგი სამეფო დარბაზი საზოგადოებისთვის?

საუკუნეზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები აშენებენ შენობებს, სადაც თავიანთ შეხვედრებს ატარებენ. არის თქვენს ტერიტორიაზე ამგვარი თაყვანისმცემლობის ცენტრი, რომელსაც „სამეფო დარბაზი“ ჰქვია? რით არის კარგი სამეფო დარბაზი საზოგადოებისთვის?

ფლაუერი ბრენჩი, ჯორჯიის შტატი (აშშ)

„სასიამოვნო საჩუქარი ხალხისთვის“

სამეფო დარბაზების დიზაინი ისეა შედგენილი, რომ ირგვლივ არსებული გარემო კიდევ უფრო გაალამაზოს. „ჩვენი მიზანია, თითოეული სამეფო დარბაზი იყოს ლამაზი და ღირსეული“, — აღნიშნავს ჯეისონი, რომელიც შეერთებულ შტატებში სამეფო დარბაზების მშენებლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ერთი იეჰოვას მოწმე, პროფესიით არქიტექტორი, ასეთ რამეს ამბობს: „გვინდა, რომ ჩვენი შენობები სასიამოვნო საჩუქარი იყოს საზოგადოებისთვის და გაალამაზოს არსებული იერსახე“.

სამეფო დარბაზებს თავად იეჰოვას მოწმეები აშენებენ, რომლებიც ნებაყოფლობით, უშურველად ახმარენ თავიანთ უნარსა და დროს ამ საქმეს. ისინი მთელ სულსა და გულს დებენ ამაში, რადგან სურთ, რომ ხარისხიანი შენობები ააშენონ. მათი გულმოდგინე შრომა შეუმჩნეველი არ რჩება გარშემომყოფთათვის. მაგალითად, რიჩმონდში, ტეხასის შტატში, ახლახან დასრულებულ სამეფო დარბაზთან დაკავშირებით მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ასე ხარისხიანად გაკეთებული სახურავი არასოდეს ენახა. იამაიკის კუნძულზე ზემოთ აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა თავის ახალბედა თანამშრომლებს სამეფო დარბაზის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერებინა და უთხრა: „ეს ხალხი ყოველთვის ზედმიწევნით იცავს სამშენებლო წესებს და ზუსტად ეტევა ვადებში. ასე რომ, ესენი ზედმეტ საფიქრალს არასდროს გაგიჩენენ“. ფლორიდის ერთ-ერთ ქალაქში ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენელმა ასეთი რამ თქვა: „არაერთი საავადმყოფო და მთავრობის მიერ ორგანიზებული დიდი პროექტი მაქვს შემოწმებული, მაგრამ არსად მინახავს ისეთი ორგანიზებულობა, როგორიც თქვენთან. თქვენ საქმეს შესანიშნავად ასრულებთ!“

კონცესიონი, ზიმბაბვე

დადებითი გავლენა

სამეფო დარბაზში გამართული შეხვედრები დადებით გავლენას ახდენს იქ დამსწრეთა ცხოვრებაზე. ისინი უკეთესი მამები, დედები და შვილები ხდებიან. როდი, რომელიც სამეფო დარბაზების საპროექტო ჯგუფში მუშაობს, ამბობს: „თითოეული სამეფო დარბაზი წარმოადგენს საგანმანათლებლო ცენტრს, სადაც მაღალზნეობრივ ფასეულობებს გვინერგავენ; ამას მთლიანობაში საზოგადოებისთვის მოაქვს სიკეთე“. ის დასძენს. „ეს ის ადგილია, სადაც განსაცდელებთან ჭიდილის დროს შეგიძლიათ ნუგეში პოვოთ. იქ მუდამ თბილი და მეგობრული ატმოსფერო სუფევს. გულთბილად იღებენ ყველას, ვისაც ნუგეში და სულიერი მხარდაჭერა სჭირდება“.

მოწმეები, რომლებიც სამეფო დარბაზებში იკრიბებიან, ზრუნავენ თავიანთ მეზობლებზე. სტიქიური უბედურების დროს ისინი სწრაფად რეაგირებენ გარშემომყოფთა დასახმარებლად. მაგალითად, მას შემდეგ, რაც 2016 წელს ბაჰამის კუნძულებს ქარიშხალმა „მეთიუმ“ გადაუარა, იეჰოვას მოწმეებმა შეაკეთეს 254 სახლი. ერთმა 80 წლის ქალბატონმა, ვიოლეტამ, რომლის სახლიც დაიტბორა, იეჰოვას მოწმეების სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ბრიგადას მიაკითხა. მან მოწმეებს უთხრა, რომ თუ დაეხმარებოდნენ, ფულს გადაუხდიდა. მოწმეებმა უარი თქვეს ფულის აღებაზე, თუმცა შეუკეთეს სახურავი, რომ სახლში წყალი არ ჩასულიყო. მისაღები ოთახის ჭერზე კი თაბაშირ-მუყაოს ფილები გაუკრეს. გახარებული ვიოლეტა ძმებს გადაეხვია, რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა და უთხრა: „თქვენ მართლა ღვთის ხალხი ხართ!“

ბად-ეინჰაუზენი, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია, გერმანია

„გვიხარია, რომ ჩვენს დასახლებაში სამეფო დარბაზია“

სამეფო დარბაზები მუდმივად კარგ მდგომარეობაში რომ იყოს, იეჰოვას მოწმეებს დარბაზების მოვლა-პატრონობის სპეციალური პროგრამა აქვთ შემუშავებული. ამ პროგრამის მეშვეობით ისინი ასწავლიან ადგილობრივი კრების მაუწყებლებს, როგორ მოუარონ დარბაზებს. ასეთ მიდგომას კარგი შედეგები მოაქვს. მაგალითად, არიზონის შტატის პატარა დასახლებაში მცხოვრები ერთი ქალბატონი კრების შეხვედრაზე დაპატიჟეს. იგი აღაფრთოვანა მოვლილი დარბაზის ნახვამ. ის გაოცებას ვერ მალავდა, როცა მოისმინა, თუ რა კეთდებოდა იმისათვის, რომ ისედაც კარგ მდგომარეობაში მყოფი დარბაზისთვის კიდევ უფრო კარგად მოევლოთ. ეს ქალბატონი ჟურნალისტი იყო და ქალაქის ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთისთვის წერდა სტატიებს. მოგვიანებით ამ გაზეთში მან კარგად მოვლილი სამეფო დარბაზის შესახებაც დაწერა ერთი სტატია. სტატია ასე მთავრდებოდა: „გვიხარია, რომ ... ჩვენს დასახლებაში სამეფო დარბაზია“.

მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდეთ, თქვენ შეგიძლიათ ადვილად მოძებნოთ სამეფო დარბაზი თქვენს დასახლებაში. მოწმეები მთელი გულით გიწვევენ. დარწმუნებულნი იყავით, რომ იქ გულთბილად მიგიღებენ.