არჩეულ მასალაზე გადასვლა

საიდან იღებს სათავეს ჰელოუინი?

საიდან იღებს სათავეს ჰელოუინი?

ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლიაში არსადაა მოხსენიებული ჰელოუინი. ამ საკმაოდ პოპულარულ დღესასწაულს ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღნიშნავენ. თუმცა, მისი წარმოშობის უძველესი ისტორია თუ თანამედროვე წეს-ჩვეულებები მოწმობს, რომ ის არაბიბლიური დღესასწაულია.

ამ სტატიაშია:

 ჰელოუინის წარმოშობის ისტორია და წეს-ჩვეულებები

  •   სამჰეინი. ჰელოუინი, როგორც ჩანს, სათავეს იღებს «უძველესი კერპთაყვანისმცემლური დღესასწაულიდან, რომელსაც 2 000 წელზე მეტი ხნის წინ კელტები აღნიშნავდნენ. კელტებს სწამდათ, რომ იმ დროს, როცა სამჰეინს აღნიშნავდნენ, მკვდრების სულები ადამიანებს შორის დაეხეტებოდნენ. მათი რწმენის თანახმად, სამჰეინის დღესასწაულზე ცოცხლები მკვდრებს „ხვდებოდნენ“» (ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“). იხილეთ „ რატომ ეწოდება ამ დღესასწაულს ჰელოუინი?“.

  •   ჰელოუინის კოსტიუმები, ტკბილეული და ცნობილი რიტუალი „ფული ან სული!“. ერთი წიგნის თანახმად, სამჰეინის დღესასწაულზე ზოგი კელტი ისეთ მოსასხამში ეხვეოდა, რომ მოჩვენებას ემსგავსებოდა, რათა მიცვალებულთა სულებს ისიც მკვდარი ჰგონებოდათ და არაფერი დაეშავებინათ. სხვები კი ტკბილეულით ცდილობდნენ მიცვალებულთა გულის მოგებას. a

     შუა საუკუნეების ევროპაში კათოლიკე მღვდლებმა გადმოიღეს თავიანთ ტერიტორიაზე გავრცელებული წარმართული წეს-ჩვეულებები და მრევლს მოუწოდებდნენ, სპეციალურ კოსტიუმებში გამოწყობილებს კარდაკარ ევლოთ და მოწყალება ეთხოვათ.

  •   მოჩვენებები, ვამპირები, მგელკაცები, ჯადოქრები და ზომბები. ყველაფერი ეს, უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ბოროტ სულთა სამყაროს უკავშირდება. „ეს მონსტრები დაკავშირებული არიან სიკვდილთან, მკვდრებთან და სიკვდილის შიშთან“ (Halloween Trivia).

  •   ჰელოუინის გოგრა ანუ „ჯეკის ფარანი“. შუა საუკუნეების ბრიტანეთში „კარდაკარ მოსიარულენი მასპინძლებს ჰპირდებოდნენ, რომ მოწყალების სანაცვლოდ მათი მკვდრებისთვის ილოცებდნენ. მათ თან დაჰქონდათ გამოღრუტნული თალგამი, რომელშიც სანთელი ენთო, რასაც განსაწმენდელში მყოფი სულის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ“ (Halloween —From Pagan Ritual to Party Night). სხვათა აზრით კი, ამით ბოროტ სულებს აფრთხობდნენ. XIX საუკუნეში, ჩრდილოეთ ამერიკაში, თალგამი გოგრამ ჩაანაცვლა, რადგან გოგრა უხვად მოჰყავდათ და თანაც, მისი ამოჭრა და გამოღრუტნა ადვილი იყო.

 აქვს მნიშვნელობა ამ დღესასწაულის წარმოშობას?

 დიახ. ბევრისთვის ეს უწყინარი გართობაა, თუმცა ამ დღესასწაულთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ბიბლიურ მოძღვრებებს. ეს დღესასწაული მიცვალებულებთან ან დემონებთან დაკავშირებული არაერთი ცრურწმენიდან იღებს დასაბამს.

 ქვემოთ განხილულია რამდენიმე ბიბლიური მუხლი, რომლებიც გვანახვებს ღვთის თვალსაზრისს ჰელოუინთან დაკავშირებით:

  •   „ნუ იქნება შენს შორის … მესულთანე,.. მკვდართა გამომკითხველი“ (კანონი 18:10—12; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

     რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღვთისთვის მიუღებელია მკვდრებთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა.

  •   „მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).

     რას ნიშნავს ეს სიტყვები: მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან. შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ ცოცხლებთან დაკავშირება.

  •   „[არ] ეზიარებოდეთ დემონებს. არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა“ (1 კორინთელები 10:20, 21; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

     რას ნიშნავს ეს სიტყვები: ვისაც სურს, რომ ღვთის კეთილგანწყობა დაიმსახუროს, უნდა მოერიდოს ყველანაირ კავშირს დემონებთან.

  •   „წინ [აღვუდგეთ] ეშმაკის ხრიკებს, რადგან ... ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ [ვიბრძვით]“ (ეფესოელები 6:11, 12).

     რას ნიშნავს ეს სიტყვები: ქრისტიანებმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაამყარონ ბოროტ სულებთან კავშირი, მათ შორის დღესასწაულების დროს.

a იხილეთ წიგნი „Halloween: An American Holiday, an American History“, გვ. 4.