არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვხვდებით ბიბლიაში სწავლებას რეინკარნაციის შესახებ?

ვხვდებით ბიბლიაში სწავლებას რეინკარნაციის შესახებ?

ბიბლია გვპასუხობს

 არა. ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული სიტყვა „რეინკარნაცია“ და მის შესახებაც არაფერია ნათქვამი. რეინკარნაციის მოძღვრება ეფუძნება სწავლებას სულის უკვდავებაზე. a თუმცა ბიბლია გვასწავლის, რომ თავად ადამიანია სული, ამიტომ შეუძლებელია ის უკვდავი იყოს (დაბადება 2:7, იხ. სქოლიო; ეზეკიელი 18:4). სიკვდილის შემდეგ ადამიანი წყვეტს არსებობას (დაბადება 3:19; ეკლესიასტე 9:5, 6).

რა განსხვავებაა რეინკარნაციასა და მკვდრეთით აღდგომას შორის?

 ბიბლიური სწავლება მკვდრეთით აღდგომაზე არ ეფუძნება მოძღვრებას სულის უკვდავების შესახებ. მკვდრეთით აღდგომის დროს გარდაცვლილებს ღმერთი თავისი ძალით სიცოცხლეს დაუბრუნებს (მათე 22:23, 29; საქმეები 24:15). მკვდრეთით აღდგომა ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მარადიულად იცხოვროს სამოთხეში დედამიწაზე (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4).

ბიბლიური მონაკვეთები, რომლებსაც არასწორად იყენებენ რეინკარნაციის მხარდასაჭერად

 მცდარი შეხედულება: ბიბლია ამბობს, რომ წინასწარმეტყველმა ელიამ რეინკარნაცია განიცადა და იოანე ნათლისმცემლის სახით მოვიდა.

 სინამდვილე: ღმერთმა იწინასწარმეტყველა: „გიგზავნით ელია წინასწარმეტყველს“. იესომ თქვა, რომ ეს სიტყვები იოანე ნათლისმცემელზე შესრულდა (მალაქია 4:5, 6; მათე 11:13, 14). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელიამ რეინკარნაცია განიცადა და იოანე ნათლისმცემლის სახით მოვიდა. იოანე ნათლისმცემელმა თავად აღნიშნა, რომ ის არ იყო ელია (იოანე 1:21). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იოანე ნათლისმცემელი ისეთივე დავალებას ასრულებდა, როგორსაც ელია — ადამიანებს ღვთის ცნობას უცხადებდა, რათა მოენანიებინათ (1 მეფეები 18:36, 37; მათე 3:1). გარდა ამისა, იოანემ თავისი ცხოვრებით აჩვენა, რომ ის ელიასავით ძლიერი და მტკიცე იყო (ლუკა 1:13—17).

 მცდარი შეხედულება: ბიბლიაში მოხსენიებულ „ხელახლა დაბადებაში“ რეინკარნაცია იგულისხმება.

 სინამდვილე: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანი სულიერად იბადება ხელახლა და ეს მის სიცოცხლეშივე ხდება (იოანე 1:12, 13). ადამიანის „ხელახლა დაბადებას“ მისი წარსული არ განსაზღვრავს; ეს ღვთის კურთხევაა. როდესაც ადამიანი „ხელახლა იბადება“, მას მომავლის დიდებული იმედი ეძლევა (იოანე 3:3; 1 პეტრე 1:3, 4).

a სწავლებები სულის უკვდავებასა და რეინკარნაციაზე დასაბამს ძველი ბაბილონიდან იღებს. მოგვიანებით ინდოელმა ფილოსოფოსებმა ჩამოაყალიბეს მოძღვრება კარმის შესახებ. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ კარმა არის „ნაცვალგების კანონი“, რომლის თანახმადაც ადამიანის წინა ცხოვრება განსაზღვრავს მის შემდეგ ცხოვრებას (Britannica Encyclopedia of World Religions, გვ. 913).