არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 96

ახალგაზრდა მდიდარი მმართველის კითხვას პასუხი ეცემა

ახალგაზრდა მდიდარი მმართველის კითხვას პასუხი ეცემა

მათე 19:16—30; მარკოზი 10:17—31; ლუკა 18:18—30

  • ახალგაზრდა მმართველი იესოს ეკითხება, როგორ შეუძლია მარადიული სიცოცხლის მიღება

იესო კვლავ პერეას გავლით აგრძელებს გზას იერუსალიმისკენ. მასთან ერთი მდიდარი ახალგაზრდა კაცი მიდის და მის ფეხებთან ეცემა. ეს კაცი ერთ-ერთი მმართველია, რომელიც, როგორც ჩანს, სინაგოგის წინამძღოლი ან სინედრიონის წევრია. „კარგო მოძღვარო, — ეკითხება ის იესოს. — რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ (ლუკა 8:41; 18:18; 24:20).

„რატომ მიწოდებ კარგს? — პასუხობს იესო. — არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“. როგორც ჩანს, ეს ახალგაზრდა მამაკაცი სიტყვა „კარგს“ წოდებასავით იყენებს, როგორც ეს რაბინებს შორის იყო მიღებული. მართალია, იესო კარგი მასწავლებელია, მაგრამ მას არ სურს, რომ ამ ახალგაზრდამ მას „კარგი“ უწოდოს, რადგან მხოლოდ ღმერთს შეიძლება ეწოდოს „კარგი“.

„თუ სიცოცხლის მიღება გინდა, მცნებები დაიცავი“, — ურჩევს მას იესო. ამაზე ახალგაზრდა კაცი ეკითხება: „რომელი მცნებები?“. იესო ათი მცნებიდან ხუთს მოიხსენიებს, რომელიც მკვლელობას, მრუშობას, ქურდობას, ცრუმოწმეობას და მშობლებისადმი პატივისცემას ეხება. ბოლოს კი უფრო მნიშვნელოვან მცნებას უსვამს ხაზს: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 19:17—19).

„ამ ყველაფერს ვიცავ, — პასუხობს კაცი. — რაღა მაკლია?“ (მათე 19:20). ის შესაძლოა ფიქრობს, რომ რაღაც განსაკუთრებული, საგმირო საქმე უნდა ჩაიდინოს, მარადიული სიცოცხლის მიღების ღირსი რომ გახდეს. მისი გულწრფელად დასმული კითხვის მოსმენის შემდეგ იესო სიყვარულით აღიძვრება მისდამი (მარკოზი 10:21). მაგრამ არსებობს რაღაც, რაც ამ ახალგაზრდას აბრკოლებს.

მას არ ეთმობა თავისი ქონება, ამიტომ იესო ეუბნება: „ერთი რამ გაკლია: წადი, გაყიდე რაც გაქვს, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“. დიახ, ამ კაცს შეუძლია თავისი ფული ღარიბებს დაურიგოს, რომლებიც ვერაფერს გაუკეთებენ სანაცვლოდ, და იესოს მოწაფე გახდეს. იესოს, ალბათ, სიბრალულის გრძნობა უჩნდება, როცა ხედავს, რომ კაცი დგება და დამწუხრებული ტოვებს იქაურობას. ამ ახალგაზრდა მმართველს არ ეთმობა თავისი „დიდძალი ქონება“ და ის იმდენად უბრმავებს თვალს, რომ ნამდვილ განძს ვერ ამჩნევს (მარკოზი 10:21, 22). იესო ამბობს: „რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვისაც ფული აქვს!“ (ლუკა 18:24).

მოწაფეები გაკვირვებას ვერ მალავენ ამ სიტყვების მოსმენაზე და არანაკლებ აკვირვებთ ისიც, რასაც იესო ამის შემდეგ ამბობს: „აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“. ამაზე მოწაფეები კითხულობენ: „ვინღა გადარჩება?“. ნუთუ იმდენად ძნელია გადარჩენა, რომ ამას ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს?! იესო მზერას აპყრობს მათ და პასუხობს: „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“ (ლუკა 18:25—27).

ამ დროს პეტრე იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ამ ახალგაზრდა მმართველისგან სრულიად განსხვავებული არჩევანი გააკეთეს: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. ამისთვის რა გვექნება?“. იესო ხაზს უსვამს იმას, თუ საბოლოოდ რას მიიღებენ სწორი არჩევანის სანაცვლოდ: „ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ“ (მათე 19:27, 28).

იესო საუბრობს მომავალზე, როცა „ხელახლა შექმნისას“ დედამიწაზე კვლავ აღდგება ისეთივე პირობები, როგორიც ედემის ბაღში იყო. პეტრე და სხვა მოწაფეები დაჯილდოვდებიან და იესოსთან ერთად ზეციდან იმმართველებენ ადამიანებზე, რომლებიც დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ. რა თქმა უნდა, ასეთი ჯილდოსთვის ნებისმიერი მსხვერპლის გაღება ღირს!

თუმცა იესოს მიმდევრებს მხოლოდ მომავალში როდი ელით ჯილდო. ისინი ახლაც არიან დაჯილდოებულნი. იესო ეუბნება მათ: „არავინ არის ისეთი, რომ ღვთის სამეფოს გულისთვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან ძმები, ან მშობლები, ან შვილები და ბევრად მეტი არ მიიღოს ახლა, მომავალში კი — მარადიული სიცოცხლე“ (ლუკა 18:29, 30).

დიახ, სადაც არ უნდა წავიდნენ იესოს მიმდევრები, მათ ყველგან ეგულებათ თანამორწმუნეებისგან შემდგარი მოსიყვარულე საძმო. და-ძმებთან მათ შეუძლიათ უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ, რაც შესაძლოა ბევრად ღირებულია მათთვის, ვიდრე ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, ეს მდიდარი ახალგაზრდა მმართველი, როგორც ჩანს, ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, ჰყავდეს ასეთი საძმო და მიიღოს ზეციური ჯილდო.

იესო დასძენს: „ბევრი, ვინც პირველია, ბოლო იქნება, ხოლო ბოლო — პირველი“ (მათე 19:30). რას გულისხმობს იგი?

ეს ახალგაზრდა მდიდარი მმართველი, ერთ-ერთი „პირველია“, რადგან იგი იუდეველი სასულიერო პირია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს კაცი ღვთის მცნებებს იცავს, მისგან მეტი მოითხოვება. მაგრამ მის ცხოვრებაში ქონებასა და სიმდიდრეს უმთავრესი ადგილი უკავია. მისგან განსხვავებით, იუდას მიწაზე მცხოვრები უბრალო ხალხი ხედავს, რომ იესო ჭეშმარიტებას ასწავლის და სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე აყენებს მათ. ისინი, ერთ დროს, ასე ვთქვათ, ბოლოები იყვნენ, მაგრამ ახლა პირველებს შორის იმკვიდრებენ ადგილს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ზეცაში იესოსთან ერთად ტახტებზე დასხდნენ და იმეფონ მაშინ, როცა დედამიწაზე სამოთხე იქნება.