არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | როგორ გავუმკლავდეთ საწუხარს

წუხილი ფულზე

წუხილი ფულზე

„მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფლაცია დაიწყო, პროდუქტები დეფიციტური და ძალიან ძვირი გახდა, — იხსენებს პოლი, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. — საკვების საყიდლად რიგში საათობით ვიდექით; ხშირად, სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, აღარაფერი რჩებოდა. ხალხი შიმშილისგან ძალიან გახდა, ზოგს ქუჩაში გულიც კი მისდიოდა. ძირითადი პროდუქტების ღირებულება მილიონებს და მილიარდებსაც კი აღწევდა. ბოლოს ეროვნული ვალუტა საერთოდ გაუფასურდა. დავკარგე ბანკში შენახული თანხა, დაზღვევა და პენსია“.

პოლი

პოლს ესმოდა, რომ ოჯახის გადასარჩენად ბრძნულად მოქმედება მართებდა (იგავები 3:21). ის გვიყვება: „მართალია, პროფესიით ელექტრიკოსი ვარ, მაგრამ მაშინ ყველა სამუშაოს ვთანხმდებოდი, თუნდაც ძალიან დაბალი ანაზღაურებით. ზოგი გასამრჯელოდ ფულის მაგივრად საჭმელს ან ოჯახისთვის საჭირო ნივთებს მაძლევდა. მაგალითად, თუ გასამრჯელოდ ოთხ საპონს ვიღებდი, ორი ოჯახში მიმქონდა, ორს კი ვყიდდი. ასეთი ანაზღაურებით 40 წიწილა მოვაგროვე. როცა გაიზარდნენ გავყიდე და 300 წიწილა ვიყიდე. მოგვიანებით 50 ქათამი 100 კილოგრამ სიმინდის ფქვილზე გადავცვალე. ეს ფქვილი ჩვენ და კიდევ რამდენიმე ოჯახს, რომელსაც ვეხმარებოდით, კარგა ხანს გვეყო“.

პოლს ისიც კარგად ესმოდა, რომ ყველაზე ბრძნული მოქმედება ღმერთზე მინდობა იყო. ღმერთი გვეხმარება, თუ იმას ვაკეთებთ, რასაც ის მოითხოვს ჩვენგან. ყოველდღიურ საზრუნავთან დაკავშირებით იესომ თქვა: „ნუღარ წუხხართ, რადგან . . . თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე“ (ლუკა 12:29—31).

სამწუხაროდ, ღვთის მტერმა სატანამ ადამიანთა უმრავლესობას მთელი ყურადღება მატერიალურ საზრუნავზე გადაატანინა. ადამიანები თავიანთი საჭიროებებისა თუ სურვილების დასაკმაყოფილებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ და არასაჭირო ნივთების შესაძენად ყველაფერს აკეთებენ. ბევრიც ვალებში ჩავარდა და მწარე გამოცდილებიდან ისწავლა, რომ „მოვალე მევალის მსახურია“ (იგავები 22:7).

ზოგმა არასწორი გადაწყვეტილების მიღებით საკუთარ თავს ავნო. პოლი ამბობს: „ბევრმა ჩემმა მეზობელმა დატოვა ოჯახი, მეგობრები და ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ წავიდა. თუმცა ზოგმა სამუშაო იქაც ვერ იშოვა, რადგან საბუთები წესრიგში არ ჰქონდა. ისინი პოლიციას ემალებოდნენ და ხშირად ქუჩაშიც კი ათევდნენ ღამეს. მათ ღმერთს არ მისცეს დახმარების საშუალება. ჩვენ კი გადაწყვეტილი გვქონდა, რომ მთელი ოჯახი ღვთის დახმარებით ერთად გავმკლავებოდით ფინანსურ პრობლემებს“.

იესოს რჩევის გათვალისწინება

პოლი განაგრძობს: «იესომ გვირჩია: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“. ამიტომ ღმერთს ლოცვაში მხოლოდ იმ დღის სამყოფ პურს ვთხოვდი, რომ როგორმე თავი გაგვეტანა. იესოს დაპირებისამებრ ის გვეხმარებოდა კიდეც. საჭმელად ყოველთვის ის არ გვქონდა, რაც გვინდოდა. მაგალითად, ერთხელ ისე ჩავდექი საჭმლის რიგში, რომ არ ვიცოდი, რა იყიდებოდა. როცა ჩემი რიგი მოვიდა, ვნახე, რომ იოგურტს ყიდდნენ. მართალია, იოგურტი არ მიყვარს, მაგრამ ის ერთადერთი საჭმელი იყო, ამიტომ იმ საღამოს მთელი ოჯახი იოგურტს გეახელით. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ იმ საშინელი პერიოდის განმავლობაში ჩემი ოჯახი არასოდეს დარჩენილა ლუკმა-პურის გარეშე». *

ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს იმ დღისთვის „სამყოფ პურს“ აძლევს (ებრაელები 13:5)

«დღეს ფინანსურად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა გამოცდილებიდან ვისწავლეთ, რომ საწუხართან გასამკლავებლად ყველაზე კარგი წამალი ღმერთზე მინდობაა. ვიცით, რომ იეჰოვა * ყოველთვის დაგვეხმარება, თუ მის ნებას შევასრულებთ. საკუთარ თავზე გამოვცადეთ ფსალმუნის 34:8-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას“. ასე რომ, თუ კიდევ აღმოვჩნდებით ეკონომიკური პრობლემის პირისპირ, მზად ვართ, გავუმკლავდეთ მას».

ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს იმ დღისთვის „სამყოფ პურს“ აძლევს

«დღეს კარგად გვესმის, რომ ადამიანს არსებობისთვის ფული და სამსახური კი არა, საკვები სჭირდება. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა შესრულდება ღვთის დანაპირები: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე“. მანამდე კი, „თუ გვაქვს საჭმელი და ტანსაცმელი“ ამით ვკმაყოფილდებით. ჩვენ გვაძლიერებს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. ეს გვამხნევებს და შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“». *

პოლისა და მისი ოჯახის მსგავსად ღმერთთან ერთად სიარული რომ შევძლოთ, ძლიერი რწმენაა საჭირო (დაბადება 6:9). არა აქვს მნიშვნელობა, დღეს ვებრძვით ფინანსურ პრობლემას, თუ მომავალში შევხვდებით მას, პოლის მიერ გამოვლენილი რწმენა და სიბრძნე მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის.

მაგრამ რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ საწუხარს ოჯახური პრობლემები გვიჩენს?

^ აბზ. 10 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.