არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება

ესაუბრებით ღმერთს?

ესაუბრებით ღმერთს?

როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ახლო მეგობრები ერთმანეთს ესაუბრებიან პირისპირ, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, წერილებით ან ვიდეო კომუნიკაციის მეშვეობით. ღმერთთან დასაახლოებლადაც რეგულარული საუბარია საჭირო. მაინც, როგორ შეიძლება ღმერთთან საუბარი?

ჩვენ შეგვიძლია იეჰოვას ლოცვის მეშვეობით ვესაუბროთ. თუმცა, ღმერთთან საუბარი განსხვავდება თანატოლებთან ჩვეულებრივი საუბრისგან. ლოცვის დროს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს შემოქმედს, სამყაროში უზენაეს პიროვნებას მივმართავთ. ამიტომ მოკრძალებითა და ღრმა პატივისცემით უნდა ვილოცოთ. ამასთანავე, ჩვენი ლოცვები მისაღები რომ იყოს ღვთისთვის, გარკვეულ მოთხოვნებს უნდა ვითვალისწინებდეთ. განვიხილოთ სამი მოთხოვნა.

პირველი, ლოცვით უშუალოდ იეჰოვა ღმერთს უნდა მივმართოთ და არა იესოს, წმინდანებს ან ხატებს (გამოსვლა 20:4, 5). ბიბლია ნათლად ამბობს: „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6). მეორე, ლოცვები უნდა წარმოვთქვათ ღვთის ძის, იესო ქრისტეს, სახელით. იესო თავად ამბობს: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). მესამე, ჩვენი ლოცვები ღვთის ნებას უნდა შეესაბამებოდეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ * (1 იოანე 5:14).

ახლო მეგობრებს შორის კომუნიკაცია ორმხრივი და ხშირი უნდა იყოს

უდავოა, რომ ახლო ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს, თუ მეგობრებს შორის საუბარი ყოველთვის ცალმხრივია. ისევე როგორც მეგობრებს შორის საუბარია ორმხრივი, ღმერთსაც უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გვესაუბროს და როცა ამას აკეთებს, უნდა მოვუსმინოთ. იცით, როგორ გვესაუბრება ღმერთი?

დღეს, იეჰოვა ღმერთი თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით „გველაპარაკება“ (2 ტიმოთე 3:16, 17). რის საფუძველზე ვამბობთ ამას? მაგალითად: დავუშვათ ახლო მეგობრისგან წერილი მიიღეთ. წაკითხვის შემდეგ აღტაცებით ეუბნებით სხვებს: „ახლახან ჩემი მეგობარი შემეხმიანა!“. მართალია საუბარი პირისპირ არ შემდგარა, მაგრამ ეს მოხდა წერილობითი სახით. მსგავსადვე, ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვესაუბრება და თუ ბიბლიას ვკითხულობთ, გამოდის რომ, ღმერთს ვუსმენთ. პირველ სტატიაში მოხსენიებული ჯინა აღნიშნავს: «ღმერთმა რომ თავის მეგობრად ჩამთვალოს, ყურადღებით უნდა წავიკითხო მისი „წერილი“, ბიბლია. ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ღმერთთან მაახლოებს». კითხულობთ ღვთის სიტყვას, ბიბლიას, ყოველდღე და აძლევთ იეჰოვას თქვენთან საუბრის შესაძლებლობას? ასე მოქცევით, ღმერთთან უფრო ახლოს იგრძნობთ თავს.

^ აბზ. 5 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს ლოცვების მეშვეობით, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 17. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.