არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქალის ხვედრი

ქალის ხვედრი

„როდესაც ვხედავ, როგორ ეპყრობიან ქალებს, ნამდვილად არ მსურს, ერთ დღეს მეც გავხდე ქალი და ასე უდიერად მომექცნენ“,  15 წლის ზაჰრა (GEO, საფრანგეთში გამომავალი ჟურნალი).

ამ ახალგაზრდის სიტყვები მწარე რეალობას ასახავს — დღეს მთელ მსოფლიოში უცხო არ არის გოგონებსა თუ ქალებზე ძალადობა და სუსტი სქესის დისკრიმინაცია, რაც მთელ მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. მოვიყვანოთ ფაქტები:

  • გენდერული დისკრიმინაცია. აზიაში მშობლების უმეტესობას ურჩევნია ბიჭი ჰყავდეს, ვიდრე გოგო. 2011 წლის გაეროს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ამ ნაწილში თითქმის 134 მილიონი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი დაიღუპა. მათგან ზოგი აბორტის მსხვერპლი გახდა, ზოგი დაბადებისთანავე გამიზნულად მოკლეს, ზოგი კი უყურადღებობას შეეწირა.

  • განათლების უფლება. მთელ მსოფლიოში გოგონებისა და ქალების მხოლოდ ორ მესამედს აქვს დაწყებითი განათლება მიღებული.

  • სქესობრივი ძალადობა. 2,6 მილიარდზე მეტი ქალი ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც ოჯახში სქესობრივი ძალადობა დანაშაულად არ მიიჩნევა.

  • ჯანმრთელობაზე ზრუნვა. განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით ყოველ ორ წუთში ორსულობისა თუ მშობიარობის შედეგად გამოწვეული გართულებების გამო ერთი ქალი კვდება; მიზეზი ისაა, რომ მათ არ აღმოუჩინეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება.

  • საკუთრების უფლება. მართალია, მთელი მსოფლიოს მარცვლეულის ნახევარზე მეტი ქალებს მოჰყავთ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში მათ არა აქვთ არც საკუთრების და არც მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლება.

რატომ არა აქვთ ქალებს ელემენტარული უფლებები, რომლებიც, წესით, ყველას უნდა ჰქონდეს? ზოგ კულტურაში არსებობს ისეთი რელიგიური წეს-ჩვეულებები, რომელთა თანახმადაც ქალთა ჩაგვრა თუ მათზე ძალადობა ჩვეულებრივი რამაა და ასეთი ქმედება გამართლებულია კიდეც. საფრანგეთში ყოველდღიურად გამომავალ ერთ გაზეთში მოყვანილი იყო ერთი ინდოელი იურისტი ქალის, ჩანდრა რამი ჩოპრას, სიტყვები: „ყველა რელიგიას ერთი რამ აქვს საერთო. ყველა მათგანი ხელს უწყობს ქალთა დისკრიმინაციას“.

თქვენც იზიარებთ ამ თვალსაზრისს? ფიქრობთ, რომ ბიბლიაც, ბევრი სხვა რელიგიური წიგნის მსგავსად, აკნინებს ქალის როლს? ზოგს ბიბლიის რამდენიმე მონაკვეთი სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას უტოვებს ამ წიგნზე. მაგრამ სინამდვილეში როგორ უყურებს ბიბლიის ავტორი, ღმერთი, ქალებს? მართალია, ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, მაგრამ ბიბლიის საფუძვლიანად და ობიექტურად გამოკვლევა დაგვანახვებს, სინამდვილეში რას ამბობს ეს წიგნი ამ საკითხზე.