არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ასწავლეთ შვილებს

გეხაზი სიხარბემ დაღუპა

გეხაზი სიხარბემ დაღუპა

გაგჩენია როდისმე რაიმეს მიღების ძლიერი სურვილი? ~ * თუ ასეა, გამონაკლისი არა ხარ. მაგრამ ტყუილი უნდა თქვა, საწადელს რომ მიაღწიო? — რასაკვირველია, არა. ის, ვინც ამას აკეთებს, ხარბია. მოდი ვნახოთ, როგორ დაღუპა ერთი მამაკაცი, სახელად გეხაზი, სიხარბემ. იგი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას წინასწარმეტყველ ელისეს, მსახური იყო.

ელისე და გეხაზი დიდი ხნით ადრე, ღვთის ძის, იესოს დაბადებამდე დაახლოებით ათასი წლით ადრე, ცხოვრობდნენ. იეჰოვამ ელისეს მეშვეობით ბევრი სასწაული მოახდინა. მაგალითად, ბიბლია მოგვითხრობს ერთ გავლენიან კაცზე, სირიის მეფის მხედართმთავარ ნაამანზე, რომელიც სერიოზული დაავადებისგან, კეთრისგან, განიკურნა. ელისეს გარდა ვერავინ შეძლო მისი განკურნება.

როდესაც ელისე ღვთის დახმარებით ხალხს კურნავდა, სანაცვლოდ გასამრჯელოს არ იღებდა. იცი, რატომ? ~ ელისემ იცოდა, რომ სასწაულებს საკუთარი კი არა, იეჰოვას ძალით ახდენდა. როცა ნაამანი განიკურნა, ისეთი გახარებული იყო, რომ უნდოდა, ელისესთვის საჩუქრად ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი სამოსი მიეცა. ელისემ ყველაფერზე უარი თქვა, მაგრამ გეხაზს ამ ნივთებზე თვალი დარჩა.

მას შემდეგ, რაც ნაამანმა იქაურობა დატოვა, გეხაზი ელისესგან უჩუმრად დაედევნა მას. როცა დაეწია, იცი, რა უთხრა? ~ ჩემმა ბატონმა გამომგზავნა და დამაბარა, ორი სტუმარი მეწვია და ორი ხელი ტანსაცმელი გამოგატანოს ჩემი სტუმრებისთვისო.

მაგრამ ეს ტყუილი იყო. გეხაზმა თავად მოიგონა ეს ყველაფერი. იგი ასე იმიტომ მოიქცა, რომ ის ტანსაცმელი მოისურვა, რომელიც ნაამანს ელისესთვის უნდა ეჩუქებინა. რა თქმა უნდა, ნაამანმა გეხაზის ჩანაფიქრის შესახებ არაფერი იცოდა და ამიტომ საჩუქრები დიდი სიხარულით გადასცა. მან იმაზე მეტიც კი მისცა, ვიდრე გეხაზმა სთხოვა. იცი, რა მოხდა შემდეგ? ~

როდესაც გეხაზი შინ დაბრუნდა, ელისემ ჰკითხა: გეხაზ, საიდან მოდიხარ?

გეხაზმა უთხრა, რომ არსად ყოფილა წასული. მაგრამ ელისემ ღვთისგან იცოდა, რა ჩაიდინა გეხაზმა. ამიტომ, უთხრა მას: ახლა იმის დრო არ არის, რომ აიღო ვერცხლი და ტანსაცმელი!

გეხაზმა მიისაკუთრა ფული და ტანსაცმელი. ამიტომ, ღმერთმა ნაამანის კეთრი გეხაზს შეჰყარა. რისი სწავლა შეგიძლია ამ შემთხვევიდან? ~ ჩვენ არ უნდა მოვიგონოთ და ვთქვათ ისეთი რამ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

რატომ მოიტყუა გეხაზმა? ~ ის ხარბი იყო. მან მოისურვა, მიესაკუთრებინა ის, რაც მას არ ეკუთვნოდა და საწადლის მისაღწევად ტყუილის თქმასაც არ მოერიდა. ეს კი ძვირად დაუჯდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება საშინელი დაავადებით იტანჯებოდა.

სინამდვილეში გეხაზმა კეთრზე გაცილებით საშინელი სასჯელი დაიტეხა თავს. იცი, რა დაკარგა მან? ~ ღვთის კეთილგანწყობა და სიყვარული. არასდროს გავაკეთოთ ისეთი რამ, რის გამოც ღმერთს ჩვენდამი სიყვარული გაუნელდება! პირიქით, სიკეთე გავუკეთოთ სხვებს და მზად ვიყოთ, გავუზიაროთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია.

წაიკითხე შენს ბიბლიაში

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.