არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასიხარულო ცნობა ღარიბებისთვის

სასიხარულო ცნობა ღარიბებისთვის

სასიხარულო ცნობა ღარიბებისთვის

ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „ყოველთვის არ იქნება საწყალი დავიწყებული“ (ფსალმუნი 9:18). ბიბლიაში ჩვენს შემოქმედზე შემდეგ სიტყვებსაც ვკითხულობთ: „შლი შენს ხელს და აკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმუნი 145:16). ღვთის სიტყვაში აღწერილი ეს იმედი მხოლოდ ოცნება როდია. ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია, რომ სიღარიბე აღმოფხვრას. რა სჭირდებათ ღარიბებს?

ერთმა აფრიკელმა ეკონომისტმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ღარიბ ქვეყნებს „დიდსულოვანი მმართველი“ სჭირდებათ. ამაში ის იგულისხმება, რომ სიღარიბის დასამარცხებლად საჭიროა ძლიერი და მზრუნველი პიროვნება. მმართველი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოუღებს ბოლოს სიღარიბეს, აუცილებლად მსოფლიოს მმართველი უნდა იყოს, რადგან სიღატაკეს საერთაშორისო უთანასწორობა იწვევს. მას აგრეთვე უნდა შეეძლოს მოსპოს სიღარიბის თავი და თავი — ეგოიზმი. სად შეიძლება ასეთი იდეალური მმართველის პოვნა?

ღმერთმა გამოგზავნა იესო ქრისტე, რათა ღარიბებისთვის სასიხარულო ცნობა ემცნო. როცა იესო წამოდგა და ხალხს წაუკითხა, რა ჰქონდა ღვთისგან დავალებული, თქვა: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო“ (ლუკა 4:16—18).

რა არის სასიხარულო ცნობა?

ღმერთმა იესო მეფედ დანიშნა. ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ის შესანიშნავი მმართველია რადგან 1) მას მიცემული აქვს ძალაუფლება, რომ კაცობრიობას უხელმძღვანელოს; 2) ის თანაგრძნობით ეპყრობა ღარიბებს და თავის მიმდევრებს მათზე ზრუნვას ასწავლის; 3) მას შეუძლია სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზის, ეგოიზმის აღმოფხვრა. მოდი, სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბროთ.

1. იესოს მიცემული აქვს ძალაუფლება ერებზე. ღვთის სიტყვაში იესოზე ნათქვამია: „მას მიეცა მმართველობა . . . რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“ (დანიელი 7:14). დაფიქრებულხართ, რა შესანიშნავი იქნება, როცა მსოფლიოს მხოლოდ ერთი მმართველი ეყოლება? დედამიწის რესურსების გამო ადამიანები აღარ დაუპირისპირდებიან და აღარ დახოცავენ ერთმანეთს. ყველა თანაბარი უფლებით ისარგებლებს. იესომ თავად დაგვარწმუნა, რომ იქნებოდა ისეთი მმართველი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. მან თქვა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათე 28:18).

2. იესო თანაგრძნობით ეპყრობა ღარიბებს. დედამიწაზე მსახურებისას, იესო თანაგრძნობით ეპყრობოდა ღარიბებს. მაგალითად, ერთხელ ქალი, რომელმაც მთელი თავისი ქონება ექიმებში დახარჯა, იესოს ტანსაცმელზე შეეხო იმ იმედით, რომ განიკურნებოდა. ის 12 წელი სისხლდენით იტანჯებოდა და უეჭველია, მწვავე ანემია ექნებოდა. კანონის თანახმად, ყველა ვისაც ის შეეხებოდა უწმინდური ხდებოდა. მაგრამ იესომ მას თბილად მიმართა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“ (მარკოზი 5:25—34).

იესოს სწავლებების შედეგად ადამიანები იცვლებოდნენ და უფრო თანამგრძნობი ხდებოდნენ. მაგალითად დაფიქრდით, რა უთხრა იესომ კაცს, რომელსაც აინტერესებდა, რა უნდა გაეკეთებინა, რომ ღვთისთვის ესიამოვნებინა. კაცმა იცოდა, რომ ღმერთი მისგან მოყვასის სიყვარულს მოითხოვდა, მაგრამ იესოს ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“.

პასუხად იესომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი მაგალითი მოუყვანა კაცზე, რომელიც იერუსალიმიდან იერიხონში მიდიოდა. ის გაძარცვეს, სცემეს და „ცოცხალმკვდარი დატოვეს“. გზაზე მღვდელმა ჩაიარა, დაინახა ის და გზის მეორე მხარეს გადავიდა. ლევიანიც მსგავსად მოიქცა. „მაგრამ გზად მიმავალმა ერთმა სამარიელმა დაინახა იგი და გული დაეწვა“. მან კაცს ჭრილობები მობანა, სასტუმროში წაიყვანა და სასტუმროს პატრონს ფული გადაუხადა, რომ მასზე ეზრუნა. „რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“, — ჰკითხა მას იესომ. „ის, ვინც გულმოწყალება გამოავლინა მის მიმართ“, — უპასუხა მან. შემდეგ იესომ უთხრა: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“ (ლუკა 10:25—37).

იეჰოვას მოწმეები სწავლობენ იესოს ამგვარ მოძღვრებებს და გაჭირვებულებისადმი თანაგრძნობას ავლენენ. ერთი ლატვიელი მწერალი თავის წიგნში „ქალები საბჭოთა ციხეებში“, მოგვითხრობს, რომ 60-იან წლებში პოტმის ბანაკში იხდიდა სასჯელს და იქ დაავადდა. „ჩემი ავადმყოფობის პერიოდში [მოწმეები] უანგაროდ ზრუნავდნენ ჩემზე. უკეთეს მოვლას ვერც კი ვინატრებდი. იეჰოვას მოწმეები თავს ვალდებულად თვლიან, დაეხმარონ ნებისმიერი ეროვნებისა თუ რწმენის ადამიანს“.

ფინანსური კრიზისის დროს ანკონში (ეკვადორი) ზოგიერთი მოწმე სამუშაოსა და შემოსავლის გარეშე დარჩა. თანამორწმუნეებმა გადაწყვიტეს, მათ რამენაირად დახმარებოდნენ ფინანსურად. ისინი ამზადებდნენ საჭმელს და ყიდდნენ მეთევზეებზე, რომლებიც ღამით ბრუნდებოდნენ თევზაობიდან (ნაჩვენებია მარჯვნივ). ამ საქმეში კრების ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ბავშვებიც. ისინი მუშაობას იწყებდნენ ღამის პირველ საათზე, რათა დილის ოთხი საათისთვის საჭმელი მზად ჰქონოდათ. აღებულ ფულს მოწმეები საჭიროებისამებრ ანაწილებდნენ.

ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ იესოს სწავლებების შედეგად ადამიანებს აზროვნება ეცვლებათ და იმის სურვილი უჩნდებათ, რომ გაჭირვებულებს დახმარების ხელი გაუწოდონ.

3. იესოს შეუძლია ადამიანის ბუნების შეცვლა. ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანები ეგოიზმისკენ ვართ მიდრეკილნი. ბიბლია ამას ცოდვას უწოდებს. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ამრიგად, ასეთ კანონს ვპოულობ ჩემში: მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“. შემდეგ დასძინა: „ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომაელები 7:21—25). მოციქულმა პავლემ ამ სიტყვებით კარგად აღნიშნა, რომ ღმერთს იესოს მეშვეობით შეუძლია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ცოდვილი მდგომარეობისგან გათავისუფლება, მათ შორის ეგოიზმისგან, რომელიც სიღარიბის მთავარი გამომწვევი მიზეზია. როგორ გააკეთებს ის ამას?

იესოს მონათვლის შემდეგ იოანე ნათლისმცემელმა ირგვლივ მყოფ ხალხს იესოზე შემდეგი სიტყვები უთხრა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (იოანე 1:29). მალე დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები თავისუფლები იქნებიან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან, მათ შორის ეგოიზმისგან (ესაია 11:9). იესო ძირფესვიანად აღმოფხვრის სიღარიბის მიზეზს.

რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ მალე ყველას მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება! ბიბლიაში ვკითხულობთ: „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს“ (მიქა 4:4). ეს სიტყვები მხატვრულად აღწერს იმ დროს, როცა ყველას ექნება დამაკმაყოფილებელი სამუშაო და უსაფრთხოდ იცხოვრებს, აღარავინ იქნება ღარიბი და ყველა განადიდებს იეჰოვა ღმერთს.