არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო — საიდან იყო?

იესო — საიდან იყო?

«[პილატე] ისევ სასახლეში შევიდა და ჰკითხა იესოს: „საიდანა ხარ?“ მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა» (იოანე 19:9).

რომაელმა მმართველმა, პონტიუს პილატემ, იესოს ეს კითხვა მაშინ დაუსვა, როცა მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. * პილატემ იცოდა, ისრაელის რომელი მხარიდან იყო იესო (ლუკა 23:6, 7). მან ისიც კარგად იცოდა, რომ იესო ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. მაშ, რა აინტერესებდა პილატეს: იესოს წინა ცხოვრება თუ ჭეშმარიტების გაგება და მის თანახმად ცხოვრება? რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, იესომ პილატეს პასუხი არ გასცა. მალევე გამოჩნდა, რომ პილატე საკუთარ მდგომარეობაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე ჭეშმარიტებასა და სამართლიანობაზე (მათე 27:11—26).

საბედნიეროდ, გულწრფელად დაინტერესებულთ ადვილად შეუძლიათ იმის გაგება, თუ საიდან იყო იესო. ამ საკითხს ყველაზე უკეთ ბიბლია ჰფენს ნათელს.

სად დაიბადა.

გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ იესო ძვ. წ. 2 წლის ადრეულ შემოდგომაზე, იუდეის სოფელ ბეთლემში დაიბადა. აღწერის შესახებ კეისარ ავგუსტუსის მიერ გამოცემული ბრძანებულების გამო, იოსები და ორსული მარიამი იძულებულნი გახდნენ, ბეთლემში გამგზავრებულიყვნენ, საიდანაც იოსები იყო წარმოშობით. იმის გამო, რომ სასტუმროში ადგილი არ იყო, ღამის გათევა ბოსელში მოუწიათ. სწორედ იქ დაიბადა იესო, რომელიც ბაგაში ჩააწვინეს (ლუკა 2:1—7).

საუკუნეებით ადრე ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა იწინასწარმეტყველა, თუ სად დაიბადებოდა იესო: „შენ კი, ეფრათას ბეთლემო, ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას ათასთა შორის იყო, მაგრამ შენგან გამომივა მმართველი ისრაელში“ (მიქა 5:2). * როგორც ჩანს, ბეთლემი ძალიან პატარა იყო საიმისოდ, რომ იუდას ქალაქთა სიაში მოხვედრილიყო. მაგრამ ამ პატარა სოფელს უდიდესი პატივი ხვდა წილად, რადგან აღთქმული მესია ანუ ქრისტე იქ უნდა დაბადებულიყო (მათე 2:3—6; იოანე 7:40—42).

სად გაიზარდა.

იესოს ოჯახი ცოტა ხანს ეგვიპტეში ცხოვრობდა, შემდეგ კი ისინი საცხოვრებლად გალილეის ქალაქ ნაზარეთში გადავიდნენ, რომელიც იერუსალიმის ჩრდილოეთით 96 კილომეტრში მდებარეობდა. იმ დროს იესო სამი წლისაც არ იქნებოდა. ამ თვალწარმტაც მხარეში, სადაც ფერმერები, მწყემსები და მეთევზეები თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებული, იესო დიდ და ღარიბ ოჯახში იზრდებოდა (მათე 13:55, 56).

საუკუნეებით ადრე ბიბლია წინასწარმეტყველებდა, რომ მესია „ნაზარეთიდან“ იქნებოდა. სახარების ერთ-ერთი დამწერი მათე აღნიშნავს, რომ იესოს ოჯახი «მივიდა და დასახლდა ქალაქ ნაზარეთში, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველთა ნათქვამი: „მას ნაზარეთელი დაერქმევა“» (მათე 2:19—23). როგორც ჩანს, სიტყვა ნაზარეთელი იმ ებრაული სიტყვის მონათესავეა, რომელიც „ყლორტად“ არის ნათარგმნი. ალბათ მათეს მხედველობაში ჰქონდა ესაიას წინასწარმეტყველება, სადაც მესიას იესეს ყლორტი ეწოდება. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მესია იესეს, მეფე დავითის მამის, შთამომავალი იქნებოდა (ესაია 11:1). იესო, მართლაც, იესესა და დავითის შთამომავალი იყო (მათე 1:6, 16; ლუკა 3:23, 31, 32).

საიდან იყო.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესო მანამდე უკვე დიდი ხნით ადრე არსებობდა, სანამ ბეთლემში დაიბადებოდა. ზემოთ მოხსენიებული მიქას წინასწარმეტყველება ასეთი სიტყვებით გრძელდება: „ძველი დროიდანაა მისი წარმოშობა, უხსოვარი დროიდან“ (მიქა 5:2). დედამიწაზე დაბადებამდე იესო ზეცაში სულიერი ქმნილება და ღვთის მხოლოდშობილი ძე იყო. მან თვითონ თქვა, რომ ზეციდან იყო ჩამოსული (იოანე 6:38; 8:23). როგორ ჩამოვიდა იესო ზეციდან დედამიწაზე?

წმინდა სულის მეშვეობით იეჰოვა ღმერთმა თავისი ზეციერი ძის სიცოცხლე იუდეველი ქალწული მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. სწორედ ამიტომ დაიბადა იესო სრულყოფილი. * ყოვლისშემძლე ღვთისთვის ასეთი სასწაულის მოხდენა რთული არ ყოფილა. ანგელოზმაც უთხრა მარიამს, რომ „შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ შესრულდეს“ (ლუკა 1:30—35, 37).

ბიბლია იესოს წარმოშობაზე გაცილებით მეტს გვეუბნება. მისი ცხოვრების შესახებ მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებიდან უფრო მეტს ვიგებთ.

^ აბზ. 3 იესოს დაპატიმრებისა და გასამართლების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამავე ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში „ყველაზე სამარცხვინო სასამართლო პროცესი“, გვერდები 18—22.

^ აბზ. 6 როგორც ჩანს, ძველად ბეთლემს ეფრათა ერქვა (დაბადება 35:19).

^ აბზ. 10 ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის სახელია.