არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთ-ერთი პირველი გამომცემელი ხელს უწყობს ბიბლიის გავრცელებას

ერთ-ერთი პირველი გამომცემელი ხელს უწყობს ბიბლიის გავრცელებას

ერთ-ერთი პირველი გამომცემელი ხელს უწყობს ბიბლიის გავრცელებას

ხელნაწერი წიგნებისა და გრაგნილების ისტორია ათასწლეულებს ითვლის, წიგნების ბეჭდვას კი არცთუ ისე დიდი ისტორია აქვს. რამდენადაც ცნობილია, წიგნები პირველად დაიბეჭდა ჩინეთში ახ. წ. 868 წელს ხის დაფების გამოყენებით, რომლებზეც ტექსტი ხელით იყო ამოკვეთილი. დაახლოებით 1455 წელს გერმანიაში იოჰან გუტენბერგმა გამოიგონა ლითონის საბეჭდი დაზგა და გამოსცა პირველი დაბეჭდილი ბიბლია, რომელიც ლათინურ ენაზე იყო.

მას შემდეგ, რაც საგამომცემლო ინდუსტრიას საფუძველი ჩაეყარა, წლები გავიდა, რომ ბევრისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ბიბლიები და სხვა წიგნები. ნიურნბერგი გერმანიის საგამომცემლო ინდუსტრიის ცენტრი გახდა. შესაძლოა, სწორედ ამ ქალაქის მკვიდრი ანტონ კობერგერი იყო პირველი საერთაშორისო მბეჭდავი და გამომცემელი, რომელმაც დიდი რაოდენობით ბიბლიები გამოსცა.

კაცობრიობა ვალშია ბიბლიის პირველი გამომცემლების წინაშე, მათ შორის ანტონ კობერგერის წინაშეც. მოდი, უფრო ახლოს გავეცნოთ კობერგერსა და მის მოღვაწეობას.

უდიდეს ყურადღებას უთმობდა ერთ წიგნს — ბიბლიას“

1470 წელს კოპერგერმა გახსნა პირველი სტამბა ნიურნბერგში. მას, თავისი მოღვაწეობის ზენიტში ბაზელში, სტრასბურგში, ლიონსა და ევროპის სხვა ქალაქებში ერთდროულად 24 დაზგაზე დასაქმებული ჰყავდა 100 ადამიანი — მბეჭდავი, ხელოსანი და სხვა მუშა. კობერგერმა გამოსცა იმ დროინდელი მეცნიერული ნაშრომები და შუა საუკუნეების ლათინური ნაწარმოებები. თავისი მოღვაწეობის პერიოდში, მან სულ 236 სხვადასხვა ნაშრომი გამოსცა. ამ ნაშრომებიდან ზოგიერთი ასობით გვერდს შეიცავდა, და ეს მაშინ, როცა თითოეული გვერდის დაბეჭვდა ცალ-ცალკე ხდებოდა ხელით.

კობერგერის მაღალი ხარისხის შრიფტის გარნიტურმა მის წიგნებს სახელი გაუთქვა, რადგან შრიფტი ლამაზი და ადვილად წასაკითხი იყო. „კობერგერი დაჟინებით ითხოვდა, რომ ყოველთვის ახალი ლიტერები გამოეყენებინათ, — წერს ისტორიკოსი ალფრედ ბერკელი. — გაცვეთილი ასოების გამოყენება არ იყო ნებადართული“. გარდა ამისა, კობერგერის არაერთი წიგნი და ბიბლია შეიცავდა ხეზე ამოკვეთილ დეტალურ ილუსტრაციებს.

მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში კობერგერი „უდიდეს ყურადღებას უთმობდა ერთ წიგნს — ბიბლიას“, — დაწერა მისმა ბიოგრაფმა, ოსკარ ჰაზემ. კობერგერი და მისი თანამშრომლები დიდ ძალისხმევას ახმარდნენ იმას, რომ იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ზუსტი ბიბლიური ტექსტები მოეძებნათ. ეს არ იყო ადვილი, რადგან პერგამენტების უმეტესობა მონასტრებში ინახებოდა და სხვებს საკმაოდ იშვიათად თუ მიუწვდებოდა მათზე ხელი, და თუ მიუწვდებოდათ, ისიც მცირე ხნით, რათა გადაეწერათ.

ლათინური და გერმანული ბიბლიები

კობერგერს ეკუთვნის „ბიბლია ლათინას“ (ლათინური ბიბლია) 15 გამოცემა, რომელთაგანაც პირველი 1475 წელს დაიბეჭდა. ზოგიერთი გამოცემა შეიცავდა ნოეს კიდობნის, ათი მცნებისა და სოლომონის ტაძრის ილუსტრაციებს. 1483 წელს კობერგერმა გამოსცა „ბიბლია გერმანიკას“ (გერმანული ბიბლია) 1 500 ეგზემპლარი, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი ტირაჟი იყო. მკითხველის დასაინტერესებლად ამ ბიბლიას დართული ჰქონდა 100-ზე მეტი ხეზე ამოკვეთილი ილუსტრაცია (გრავიურა). ამ ილუსტრაციების მიზანი იყო, აღეძრა მკითხველთა ინტერესი და უფრო გასაგები გაეხადა ტექსტი. ისინი საინტერესო აღმოჩნდა მათთვისაც კი, ვინც კითხვა არ იცოდა. ეს ილუსტრაციები მათ ახსენებდა მათთვის ნაცნობ ბიბლიურ სიუჟეტებს. მოგვიანებით სწორედ ეს სურათები გახდა შთაგონების წყარო ბიბლიის დამსურათებელთათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც გერმანული ბიბლიებისთვის ქმნიდა ილუსტრაციებს.

1483 წელს კობერგერის მიერ გამოცემული ბიბლია საკმაოდ პოპულარული გახდა, თუმცა, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, ის იყო ერთადერთი გერმანული ბიბლია, რომელიც მან გამოსცა. თუმცა მისი გამომცემლები ყველანაირად ეცადნენ, რომ ეს თარგმანი მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო ეკლესიის მიერ მოწონებულ ლათინურ „ვულგატასთან“, კობერგერმა ეს გამოცემა მე-14 საუკუნეში გამოცემულ ვალდენსურ თარგმანზე დააფუძნა, რომელიც აკრძალული იყო. * მომდევნო წელს პაპმა ინოკენტ VIII ვალდენსების დასახლებები გაანადგურა. ეკლესია სულ უფრო და უფრო ეწინააღმდეგებოდა ბიბლიის ხალხისთვის გასაგებ ენაზე გამოცემას. 1485 წლის 22 მარტს მაინცის (გერმანია) არქიეპისკოპოსმა ბერთოლტმა გამოსცა ვერდიქტი და დაგმო გერმანულ ენაზე ბიბლიის თარგმნა. მომდევნო წლის 4 იანვარს ბერთოლტმა კიდევ ერთხელ განამტკიცა წინა წელს გამოცემული ვერდიქტი. ასეთ დაძაბულ ვითარებაში კობერგერმა ვეღარ გაბედა ბიბლიის გერმანულ ენაზე დაბეჭდვა.

მიუხედავად ამისა, ანტონ კობერგერის შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ის სათავეში ჩაუდგა ახლად დანერგილ ბეჭდვით საქმიანობას, რათა გამოეცა სხვადასხვა სახის წიგნები, რომლებიც ევროპის ქვეყნებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. კობერგერის დაუღალავი შრომის წყალობით შესაძლებელი გახდა, ბიბლია უბრალო ადამიანებსაც ჰქონოდათ.

[სქოლიო]

^ აბზ. 11 იხილეთ სტატია „ვალდენსები — ერეტიკოსობიდან პროტესტანტობამდე“, 2002 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“.

[სურათები 26 გვერდზე]

მარცხნიდან მარჯვნივ: დანიელს ლომების ხაროში აგდებენ (ხეზე გაკეთებული გრავიურა); მოოქროვილი პირველი ასო; შრიფტის მკაფიო გარნიტური

[სურათი 26 გვერდზე]

კობერგერი

[სურათები 26 გვერდზე]

კობერგერის მიერ გამოცემული ლათინური და გერმანული ბიბლიების ნაწყვეტები, რომლებზეც ნაჩვენებია ფერადი ორნამენტები და დაბადების 1:1-ის კომენტარი

[სურათის საავტორო უფლებები 26 გვერდზე]

All Bible photos: Courtesy American Bible Society Library; Koberger: Mit freundlicher Genehmigung der Linotype GmbH