არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

რა დაეხმარა ყოფილ ბანდის წევრს, რომ თავი დაენებებინა მარიხუანის მოწევისთვის? რატომ შეიჭრა გრძელი თმა ტრეშ როკ-ჯგუფის წევრმა და რატომ დაანება თავი საყვარელ მუსიკას? რამ აღძრა კაცი, რომელიც არ აღიარებდა არც ერთ რელიგიურ თუ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ღვთის მსახური გამხდარიყო? ვნახოთ, რას ამბობენ თავად ისინი.

„მარიხუანის მოწევას დავანებე თავი“ — პიტერ კაუსანგა

ასაკი: 32

ქვეყანა: ნამიბია

წარსულში: ბანდის წევრი და ნარკომანი

მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე კეჰემუში, ქალაქ რუნდუს ოთხი დიდი დასახლებიდან ერთ-ერთში. ჩვენთან ხალხი თავს ფეტვის, ხისა და ნახშირის გაყიდვით ირჩენდა.

ორი წლის ვიყავი, როცა დედა დამეღუპა, ამიტომ ბებია მზრდიდა. ჩვენ ხელმოკლედ ვცხოვრობდით. ბუნებით მეამბოხე არ ვყოფილვარ, მაგრამ თანატოლებს ავყევი და უსიამოვნებებშიც გავეხვიე. სკოლაში სწავლის დროს ერთ-ერთი ბანდის წევრი გავხდი. ჩვენ ქუჩაში ვჩხუბობდით, ხალხს ვაშინებდით, ვქურდობდით, კონტრაბანდული გზით გადაგვქონდა ალმასები, ვსვამდით და არც ნარკოტიკებზე ვამბობდით უარს. ქურდობისა და თაღლითობის გამო ორჯერ დამაპატიმრეს.

მეათე კლასში სწავლას თავი დავანებე. მოგვიანებით მშობლიური ქალაქიდან საცხოვრებლად სხვაგან გადავედი და ბანდასაც ჩამოვშორდი. მინდოდა, ყველაფერი თავიდან დამეწყო, მაგრამ მარიხუანას ვერაფრით დავანებე თავი. ზოგჯერ მის საშოვრად კილომეტრებსაც კი გავდიოდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: 1999 წელს შევხვდი იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც გამვლელებს ლიტერატურას სთავაზობდნენ. ისინი თავაზიანად და პატივისცემით მესაუბრნენ, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როცა მათი ლიტერატურა წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე. მონდომებით დავიწყე ბიბლიის შესწავლა და მალევე მივხვდი, რომ იეჰოვა ღმერთს ვერ ვასიამოვნებდი, თუ ცხოვრების წესს არ შევიცვლიდი.

დავთქვი დღე, როცა მოწევას თავს დავანებებდი და გადავყარე ყველაფერი, რაც მოწევას მომანდომებდა. მეგობრები გავაფრთხილე, ჩემთვის არც სიგარეტი შემოეთავაზებინათ და არც ჩემთან მოეწიათ. მაგრამ ყველაფერი ისე არ გამომივიდა, როგორც მინდოდა. ორჯერ წამიცდა ხელი სიგარეტსა და მარიხუანაზე. გული მაინც არ გავიტეხე. ყოველთვის მახსოვდა იგავების 24:16-ში ჩაწერილი პრინციპი: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“. ბოლოს, როგორც იქნა, თავს მოვერიე და მოწევა მივატოვე.

რაც უფრო მეტს ვიგებდი იეჰოვაზე, უფრო მეტად მინდებოდა მასთან დამეგობრება. ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა ფსალმუნის 27:10-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“. რაც უფრო ღრმად ვიკვლევდი ბიბლიას, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. იეჰოვა ჩემთვის ნამდვილი, მზრუნველი მამა გახდა.

იეჰოვას მოწმეებთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა. ვხედავდი, რომ მათ შორის ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული არსებობდა, რაც მანამდე არასდროს მიგრძვნია.

კურთხევები: იეჰოვასა და მოწმეების დახმარებით გარეგნობა, ჩაცმულობა, ქცევა და საუბრის მანერა შევიცვალე. როგორც მახინჯი მუხლუხი იქცევა ხოლმე ლამაზ პეპლად, ისე შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც. ჩემს ნათესავებს უხარიათ, რომ ძველებურად აღარ ვცხოვრობ. ამის გამო მათი ნდობა დავიმსახურე. მყავს ცოლ-შვილი და ვცდილობ, რომ მოსიყვარულე ქმარი და მზრუნველი მამა ვიყო.

„ცხოვრების აზრი ვიპოვე“ — მარკოს პაულუ დე სოუზა

ასაკი: 29

ქვეყანა: ბრაზილია

წარსულში: ტრეშ როკ-ჯგუფის წევრი

მოკლე ბიოგრაფია: ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა სან-პაულუს ქალაქ ჟაგუარიუნაში. ჩემი მშობლები თავგამოდებული კათოლიკეები იყვნენ. ბავშვობაში მღვდელსაც კი ვეხმარებოდი ლიტურგიის დროს. ამის გამო კლასელებმა „მამაო“ შემარქვეს. 15 წლის ვიყავი, როცა ჰევი-მეტალმა გამიტაცა. დავუახლოვდი როკ-მომღერლებს და თმა გავიზარდე. 1996 წელს მამამ დასარტყამი ინსტრუმენტების მთელი კომპლექტი მიყიდა.

1998 წელს ტრეშ როკ-ჯგუფს შევუერთდი. სატანურ მუსიკას ვუკრავდით და ძალადობასა და უზნეობას ვუმღეროდით. მუსიკა გავლენას ახდენდა ჩემს აზროვნებაზე, საქციელსა და განწყობაზე. ყველაფრით უკმაყოფილო და აგრესიული გავხდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: იეჰოვას მოწმეებს პირველად 1999 წელს შევხვდი. მათ ბიბლიის შესწავლა შემომთავაზეს, რაზეც დავთანხმდი, თუმცა დიდად არ მაინტერესებდა. მაგრამ ბიბლიიდან ნასწავლმა ცხოვრებაზე შეხედულება შემიცვალა.

ზოგი „გრძელთმიან ბიჭს“ მეძახდა, ზოგი „როკ-ვარსკვლავს“, ზოგი კი „დრამერს“ (დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელი). მაგრამ მივხვდი, რომ როკ-ჯგუფში ყოფნამ ეგოიზმი და მეტოქეობის სული განმივითარა. უკვე აღარ მომწონდა, რომ ასეთი რეპუტაციით ვსარგებლობდი. ის მომღერლები, რომლებსაც ვაღმერთებდი, უაზროდ ცხოვრობდნენ. თანდათან გავაანალიზე, რომ იეჰოვა ღმერთს ვერ ვასიამოვნებდი, თუ არ მივატოვებდი ჰევი-მეტალს, უზნეობასა და კერპთაყვანისმცემლობას.

ჩემი მუსიკისა და გრძელი თმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ძალიან ფიცხი ვიყავი და ვხვდებოდი, რომ თავის ხელში აყვანა უნდა მესწავლა. ბიბლიის შესწავლამ იეჰოვა შემაყვარა. ღვთის სიყვარულმა, მოთმინებამ და გულმოწყალებამ მისკენ უფრო მიმიზიდა. იეჰოვას ვთხოვდი, ცხოვრების შეცვლაში დამხმარებოდა და ისიც დამეხმარა. საკუთარ თავზე გამოვცადე ებრაელების 4:12-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“.

იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობისას დავინახე, რომ ისინი განსხვავებულები იყვნენ. ცხოვრებაში პირველად ვნახე ადამიანები, რომლებიც სიყვარულს საქმით ამტკიცებდნენ. ეს სიყვარული განსაკუთრებით კარგად ჩანდა დიდ შეკრებებზე, რომლებსაც მოწმეები მართავდნენ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მოხალისეების გულმოდგინებამ, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შეხვედრაზე დასწრება ყველასთვის სასიამოვნო ყოფილიყო.

კურთხევები: იეჰოვას დახმარებით ახლა უკვე შემიძლია თავის ხელში აყვანა. ვგრძნობ, რომ ჩემში აღარ არის ძველებური ეგოიზმი და სიამაყე.

სიმართლე გითხრათ, იყო დრო, როცა ჩემი ძველი ცხოვრების წესი მენატრებოდა. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, რადგან ცხოვრების აზრი ვიპოვე. მიხარია, რომ სხვებით დაინტერესება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ვისწავლე.

„მიხარია, რომ სხვებზე ვზრუნავ“ — ჯეფრი ნობლი

ასაკი: 59

ქვეყანა: შეერთებული შტატები

წარსულში: არ აღიარებდა არც ერთ რელიგიურ თუ პოლიტიკურ ძალაუფლებას

მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე ზღვისპირა ქალაქ იპსუიჩში, მასაჩუსეტსის შტატში, სადაც ძირითადად უბრალო, მუშა ხალხი ცხოვრობდა. როცა წამოვიზარდე, საცხოვრებლად შორეულ ვერმონტში გადავედი. ჩრდილო ამერიკელებთან შედარებით მე და ჩემი შეყვარებული ველურებივით ვცხოვრობდით. არ გვქონდა ელექტროენერგია, ამიტომ სახლის გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად შეშას ვიყენებდით, რომელსაც ტყეში თვითონ ვაგროვებდით. საპირფარეშო გარეთ გვქონდა და სახლში წყალი თითქმის არ მოდიოდა. ჩვენ ყველანაირი კავშირი გავწყვიტეთ საზოგადოებასთან, რაც ჩვენს გარეგნობასაც დაეტყო. მეამაყებოდა კიდეც, რომ მთელი ექვსი თვე დაუვარცხნელი დავდიოდი.

იმ დროს შეერთებული შტატები ვიეტნამის ომში იყო ჩაბმული. ამან ძალიან იმოქმედა ხელისუფლებისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე. თვალთმაქცობას პოლიტიკაშიც ვხედავდი და რელიგიაშიც. ვფიქრობდი, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ აძლევდა ადამიანს სწორ მიმართულებას, ამიტომ ყველას თავად უნდა გადაეწყვიტა, მისთვის რა იქნებოდა სწორი და რა — არა. აქედან გამომდინარე ცუდს ვერაფერს ვხედავდი იმაში, თუ ჩემი საჭიროებისთვის რამეს მოვიპარავდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: მე და ჩემმა შეყვარებულმა ბიბლიის კითხვა დავიწყეთ, მაგრამ ვერაფერი გავიგეთ. მე ნარკოტიკებს ვიღებდი, თუმცა მათთვის თავის დანებებას ვცდილობდი. ჩემს შეყვარებულს უნდოდა, რომ დავქორწინებულიყავით და შვილები გვყოლოდა. ამ პერიოდში ერთმა იეჰოვას მოწმემ მოგვაკითხა და ჩვენთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

ცუდი ჩვევები მალევე მოვიშორე, მაგრამ ყველაზე მეტად ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების შეცვლა გამიჭირდა. ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი. თავისუფალ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული, ამიტომ ვინმეს მიერ დადგენილი წესების მორჩილება ჩემთვის რთული მისაღები იყო.

ღვთის არსებობის ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ მასზე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. ბიბლიის შესწავლის დროს უკეთესად დავინახე, ვინ იყო იეჰოვა ღმერთი. ისიც გავიგე, კონკრეტულად რას მოითხოვდა ჩემგან. მისი მოთხოვნები უკვე ბუნდოვანი აღარ იყო ჩემთვის. ბიბლიიდან დავინახე, რომ ღმერთს დედამიწის სამოთხედ გადაქცევა აქვს განზრახული (2 პეტრე 3:13). ჭეშმარიტების გაგების შემდეგ სურვილი გამიჩნდა, ისე შემეცვალა ცხოვრება, რომ ღვთის მსახურების ღირსი გავმხდარიყავი.

ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ იეჰოვას მოწმეები უარს ამბობდნენ ომში მონაწილეობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებულ ბიბლიის თვალსაზრისს ჩემთვის ცნობილი არც ერთი სხვა რელიგია არ ითვალისწინებდა.

ვიცოდი, რომ თუ თავს არ მოვიწესრიგებდი, იეჰოვას მსახურებას ვერ შევძლებდი. თავიდან გამიჭირდა ისე ჩამეცვა, როგორც იეჰოვას მოწმეები იცვამენ. არც მე და არც ჩემს მეგობრებს არ გვქონდა წესიერი პიჯაკი, შარვალი და ფეხსაცმელი. ჰალსტუხზე ხომ საუბარი ზედმეტია! მაგრამ თმა მაინც შევიჭერი და მოვწესრიგდი. მახსოვს, როცა პირველად წავედი კარდაკარ მსახურებაში ფანჯარაში ჩემი ანარეკლი დავინახე და გავიფიქრე, ეს რას დავემსგავსე-მეთქი. მაგრამ დროთა განმავლობაში შევეგუე და ჩემი ახალი გარეგნობა დისკომფორტს აღარ მიქმნიდა.

კურთხევები: მე და ჩემი შეყვარებული დავქორწინდით და დღემდე ბედნიერი ოჯახი გვაქვს. გავზარდეთ სამი შვილი, რომელთაც იეჰოვა და მისი მსახურება შევაყვარეთ. მსიამოვნებს, რომ შემიძლია, სხვებსაც ვასწავლო ის ჭეშმარიტება, რომელიც ცხოვრების შეცვლაში დამეხმარა.

ადრე იმით ვამაყობდი, რომ არ მაინტერესებდა, სხვა რას ფიქრობდა. დღეს კი პირიქით, მიხარია, რომ სხვებზე ვზრუნავ და თავის მხრივ ისინიც ზრუნავენ ჩემზე.

[ჩანართი 26 გვერდზე]

„ზოგჯერ მარიხუანის საშოვრად კილომეტრებსაც კი გავდიოდი“

[ჩანართი 28 გვერდზე]

„ბიბლიიდან ნასწავლმა ცხოვრებაზე შეხედულება შემიცვალა“

[ჩანართი 29 გვერდზე]

„თავიდან გამიჭირდა ისე ჩამეცვა, როგორც იეჰოვას მოწმეები იცვამენ“