არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად შეგიძლიათ საიმედო რჩევების მიღება?

სად შეგიძლიათ საიმედო რჩევების მიღება?

სად შეგიძლიათ საიმედო რჩევების მიღება?

რჩევების მისაღებად დღეს მრავალი საშუალება არსებობს. მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იზრდება იმ ადამიანებისა თუ ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც პუბლიკაციებისა თუ ვიდეომასალის მეშვეობით ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა რჩევას გვთავაზობენ. ისეთ განსხვავებულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ლათინური ამერიკა, იაპონია და შეერთებული შტატები, ასეთი წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, ძალიან ხშირად იმართება სემინარები და ეწყობა სატელევიზიო გადაცემები, სადაც მოისმენთ მრავალ რჩევას, თუ როგორ შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას. ყოველივე ეს იმიტომ იზიდავს ხალხს, რომ მათ აღარ სურთ, მიმართონ ფსიქოლოგებსა და რელიგიურ მსახურებს, არამედ ურჩევნიათ წიგნებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში შემოთავაზებული რჩევების გათვალისწინებით დამოუკიდებლად მოაგვარონ პრობლემები.

ყველაზე ხშირად ასეთ სახელმძღვანელოებსა თუ გადაცემებში რჩევებს იმასთან დაკავშირებით იძლევიან, თუ როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს, როგორ აირჩიონ ქორწინების თანამგზავრი და როგორ აღზარდონ შვილები. ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, თუ როგორ შეიძლება დეპრესიის დაძლევა, მწუხარებასთან გამკლავება და ოჯახის შენარჩუნება. ბევრს აინტერესებს ისეთი რჩევების მოსმენა, რომლებიც დაეხმარებათ, თავი დაანებონ უზომო ჭამა-სმასა და თამბაქოს მოწევას. ზოგჯერ ასეთი რჩევები პრაქტიკულია, მაგრამ ყოველთვის ვერ ამართლებს. ამიტომ გონივრულია, ყურად ვიღოთ ბიბლიის შემდეგი გაფრთხილება: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

ზემოაღნიშნულ წიგნებს არ მიეკუთვნება ისეთი სახელმძღვანელოები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ენების, კომპიუტერის და საბუღალტრო აღრიცხვის სწავლა. ასეთი წიგნები იაფი და ეფექტური საშუალებაა ცოდნის შესაძენად. მაგრამ შეიძლება იმავეს თქმა ისეთ სახელმძღვანელოებზე, სადაც მოცემულია რჩევები ბიზნესზე, ოჯახზე, შვილების აღზრდასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? ისინი ძირითადად ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ან ვინმეს მოსაზრებაზეა დაფუძნებული. ამიტომ გონივრულია დავფიქრდეთ: ვინ გვაძლევს რჩევას და საიდან არის ის აღებული?

ფსიქოლოგთა მოსაზრებები შეიძლება ყოველთვის არ იყოს დაფუძნებული იმაზე, გაამართლა თუ არა ადრე ამ რჩევამ. ზოგი შეიძლება ყურისმაამებელ რჩევას იძლევა და ხალხი დიდ ფულს იხდის ამაში. მაგალითად, მხოლოდ ერთ ქვეყანაში ასეთ სახელმძღვანელოებსა და სატელევიზიო გადაცემებს ყოველ წელს რვა მილიარდზე მეტი დოლარის მოგება მოაქვს!

რამდენად ამართლებს ასეთი რჩევები?

ასეთი სახელმძღვანელოების კითხვის დროს თქვენ ბუნებრივია მოელით, რომ პრაქტიკულ რჩევებს მიიღებთ, მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ თეორიულ და ზედაპირულ რჩევებს ხვდებით. მაგალითად, ერთ-ერთი რჩევა ასეთია: „წარმატების მისაღწევად საკმარისია გქონდეთ დადებითი განწყობა. რაც არ უნდა გსურდეთ, იქნება ეს ფული, ჯანმრთელობა თუ სასიამოვნო ურთიერთობები, ყველაფერი გექნებათ, თუ დადებით განწყობას შეინარჩუნებთ“. პრაქტიკულია ასეთი რჩევა? დაგეხმარებათ ის ცხოვრებისეულ სირთულეებსა და გულგატეხილობასთან გამკლავებაში?

მაგალითად მოვიყვანოთ ისეთი პოპულარული სახელმძღვანელოები, რომლებიც ადამიანთა ურთიერთობებსა და ქორწინებას ეხება. დაგეხმარებათ ისინი ბედნიერი და სტაბილური ოჯახის შექმნაში? ყოველთვის ვერ დაგეხმარებათ. პრესის ერთმა მიმომხილველმა თქვა, რომ ლათინურ ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა წიგნი, რომელიც „მკითხველს რჩევებს სთავაზობდა კარგი ურთიერთობის განვითარებასა და ღირსების გრძნობის ამაღლებაზე“. ამ წიგნის ავტორი აცხადებს, რომ ისეთ ვინმესთან ურთიერთობის შენარჩუნება, ვისთანაც ეს ძალიან რთულია, საკუთარი თავის ღალატის ტოლფასია. ამ სიტყვებში მან ის იგულისხმა, რომ უფრო მნიშვნელოვანია, აკეთო ის, რაც შენ გსიამოვნებს, ვიდრე დაინახო, რა ქმნის პრობლემას ამ ურთიერთობაში და ეცადო მის გადაჭრას.

ცხადია, ასეთ წიგნებში ზოგი კარგი რჩევაც არის მოცემული. მაგრამ ისინი საზიანო რჩევებსაც შეიცავს. ფსიქოლოგის მიერ მოცემული რჩევები შეიძლება ერთ შემთხვევაში დამხმარე იყოს, სხვა შემთხვევაში კი გაამწვავოს სიტუაცია. მრავალი შემოთავაზებული რჩევიდან, რომლებიც ხშირად ურთიერთსაპირისპიროც კი არის, შეუძლებელია განსაზღვროთ, რომელი იქნება გამოსადეგი. მაშ, ვის რჩევას უნდა ვენდოთ? დაფიქრდით შემდეგზე: „ავტორი ამ რჩევას გულდასმით გამოკვლევის შემდეგ იძლევა თუ მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას ეყრდნობა? ხომ არ ცრუობს ის სახელის მოხვეჭის ან ფულის გამო?“.

დრომ აჩვენა, რომ ერთადერთი პრაქტიკული სახელმძღვანელო ბიბლიაა. მასში იმაზე მეტი გამოსადეგი რჩევაა მოცემული, ვიდრე ზემოხსენებულ სახელმძღვანელოებში. ბიბლიამ მილიონობით ადამიანი აღძრა, რომ შემდეგი რჩევის თანახმად მოქცეულიყვნენ: ‘განიახლეთ გონების აღმძვრელი ძალა და შეიმოსეთ ახალი პიროვნება’ (ეფესოელები 4:23, 24). ბიბლიიდან ვიგებთ, სინამდვილეში რა იწვევს პრობლემებს, და ვსწავლობთ, როგორ გავუმკლავდეთ მათ. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის საფუძვლიანად გვიხსნის, რატომ უნდა მოვიქცეთ სწორად. შემდეგ სტატიაში ამის შესახებ ვისაუბრებთ.