არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეგშურებია ოდესმე ვინმესი? იოსების ძმებს შურდათ

შეგშურებია ოდესმე ვინმესი? იოსების ძმებს შურდათ

ასწავლეთ შვილებს

შეგშურებია ოდესმე ვინმესი? იოსების ძმებს შურდათ

რა არის შური? ცუდად მოქმედებს შენზე, როდესაც სხვას აქებენ და ამბობენ, რომ ის ძალიან კარგია, ლამაზია ან ჭკვიანია? *  — თუ ასეა, გამოდის, რომ გშურს მისი.

ბავშვს შეიძლება შური განუვითარდეს, თუ ხედავს, რომ მის დას ან ძმას მშობლები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. ბიბლია მოგვითხრობს ერთ ოჯახზე, რომელშიც შურმა დიდი უბედურება დაატრიალა. ვნახოთ, რა იყო ამ უბედურების მიზეზი და რის სწავლა შეგვიძლია აქედან.

იოსები იაკობის მეთერთმეტე ვაჟი იყო. მის ნახევარძმებს შურდათ მისი. იცი, რატომ? — მიზეზი ის იყო, რომ მამას იოსები მათზე მეტად უყვარდა. იაკობმა მისთვის ლამაზი, ზოლებიანი ტანსაცმელი დაამზადებინა. მამას იოსები გამორჩეულად იმიტომ უყვარდა, რომ „მისი სიბერის შვილი“ და საყვარელი ცოლისგან, რახელისგან, შეძენილი პირველი შვილი იყო.

ბიბლია ამბობს: „როცა დაინახეს მისმა ძმებმა, რომ მამას მათზე მეტად უყვარდა ის [იოსები], შეიძულეს იგი“. ერთხელ იოსებმა ოჯახის წევრებს სიზმარი მოუყვა და უთხრა, რომ მას ყველამ, მამის ჩათვლით, მდაბლად თაყვანი სცა. „შურით აღივსნენ მისი ძმები“. ამ სიზმრის მოყოლისთვის იოსები მამამაც კი დატუქსა (დაბადება 37:1—11).

გავიდა ხანი. იოსების ძმები სახლიდან ძალიან შორს, მამის ფარას მწყემსავდნენ. ამ დროს იოსები 17 წლის იყო. იაკობმა იოსები ძმების ამბის გასაგებად გაგზავნა. როცა მათკენ მიმავალი იოსები დაინახეს, იცი, რა მოინდომა ყველამ, რეუბენისა და იუდას გარდა? — მისი მოკვლა!

როდესაც მათ ახლოს ეგვიპტეში მიმავალმა ვაჭრებმა ჩაიარეს, იუდამ თქვა: „მოდი მივყიდოთ ისმაელელებს“, და ასეც მოიქცნენ. შემდეგ დაკლეს თხა, იოსების ტანსაცმელი მის სისხლში ამოსვარეს და მამას მიუტანეს. გამწარდა იაკობი და ატირდა: „ნადირს შეუჭამია, დაუგლეჯია იოსები!“ (დაბადება 37:12—36).

დროთა განმავლობაში იოსებმა კეთილგანწყობა პოვა ფარაონის, ეგვიპტის მმართველის, თვალში; და ეს მაშინ მოხდა, როცა ღვთის დახმარებით ფარაონს სიზმრების მნიშვნელობა აუხსნა. პირველ სიზმარში შვიდ ხორცსავსე ძროხას შვიდი გამხდარი ძროხა მოჰყვებოდა; მეორე სიზმარში ჯერ შვიდი საღი თავთავი ამოვიდა, მერე კი შვიდი დახრუკული თავთავი. იოსებმა ფარაონს უთხრა, რომ ორივე სიზმარი შვიდი უხვმოსავლიანი წლის მომასწავებელი იყო, რომელსაც შვიდი უნაყოფო წელი მოჰყვებოდა. ფარაონმა იოსებს დაავალა, შეენახა შვიდი ნაყოფიერი წლის განმავლობაში აღებული მოსავალი, რათა ადვილად გადაეტანათ შიმშილობის პერიოდი.

როცა შიმშილობა ჩამოვარდა და იოსების ოჯახსაც გაუჭირდა, იაკობმა ათი შვილი ეგვიპტეში გაგზავნა საკვების საყიდლად. ძმები იოსების წინაშე წარდგნენ, მაგრამ ვერ იცნეს საკუთარი ძმა. იოსებმაც არ გაამხილა თავისი ვინაობა და ძმების გამოცდა გადაწყვიტა, რათა გაეგო, ნანობდნენ თუ არა იმას, ერთდროს იოსებს რომ უბოროტეს. ბოლოს იოსებმა უთხრა ძმებს, ვინც იყო. ეს რომ გაიგეს, ძმებმა დიდად გაიხარეს და იოსებს გადაეხვივნენ (დაბადება, თავები 40—45).

რა გასწავლა ამ პატარა ბიბლიურმა ისტორიამ? — შურს დიდი ტკივილის მიყენება შეუძლია, მან შეიძლება საკუთარი დედმამიშვილიც კი გაგამეტებინოს. წაიკითხე საქმეების 5:17, 18 და 7:54—59 და ნახე, როგორ მოექცა შურიანი ხალხი იესოს მოწაფეებს. — დაფიქრდი იმაზე, თუ რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არავისი არაფერი შეგვშურდეს. —

იოსებმა 110 წელი იცოცხლა. მოესწრო შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს. უდავოა, იოსები ასწავლიდა მათ, ჰყვარებოდათ ერთმანეთი და არავისი არაფერი შეშურებოდათ (დაბადება 50:22, 23, 26).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 თუ ამ სტატიას ბავშვთან ერთად კითხულობთ, ტირესთან პაუზა გააკეთეთ და აღძარით ბავშვი, თავისი აზრი გამოთქვას.

კითხვები:

○ რა არის შური?

○ რა გააკეთებინა შურმა იოსების ძმებს?

○ რატომ აპატია იოსებმა ძმებს?

○ რის სწავლა შეიძლება ამ ბიბლიური ისტორიიდან?