არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად მოხდება არმაგედონის ომი?

სად მოხდება არმაგედონის ომი?

მკითხველები გვეკითხებიან

სად მოხდება არმაგედონის ომი?

არმაგედონი არცერთ ბრძოლის ველზე არ მოხდება. ბრძოლის ველი მთელი დედამიწა იქნება. რატომ? მოწინააღმდეგეები იმდენად მრავალრიცხოვანნი არიან, რომ მათ ვერ დაიტევს ერთი განსაზღვრული ადგილი.

არმაგედონი აგრეთვე ცნობილია, როგორც ომი „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“. იეჰოვა თავის ძეს, ქრისტე იესოს, გზავნის ანგელოზებისგან შემდგარი ლაშქრის შესაკრებად, რათა შეებრძოლონ დედამიწის ყველა ბოროტ მმართველ ძალას (გამოცხადება 16:14; 19:11—16).

ბოროტი ძალები ერებს თავიანთ მხარეს იბირებენ, რათა ომში მოკავშირეებად ჰყავდეთ. ბიბლია ლაპარაკობს „დემონების მიერ შთაგონებულ სიტყვებზე“, რომლებიც „მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი . . . ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გამოცხადება 16:14—16).

ბიბლიის სხვა წიგნების მსგავსად, „გამოცხადება“ მრავალ მკითხველს აღძრავს, წარმოიდგინოს მასში აღწერილი მოვლენები. მრავალ ადამიანს, რომელიც ამ წიგნს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს, შერჩეული აქვს ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც მათი აზრით, არმაგედონის ომი დაიწყება, და დიდი გულისყურით ადევნებს თვალყურს იქ განვითარებულ მოვლენებს. თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ არმაგედონი კონკრეტულ ადგილზე მიუთითებს, შეიძლება ვნახოთ „გამოცხადების“ პირველ ბერძნულ კომენტარში, რომელიც ახ. წ. VI საუკუნეში ოეკუმენიუსმა გააკეთა.

ფუნდამენტალისტ მღვდელთა შორის პოპულარულ თვალსაზრისს იზიარებს ჯონ უოლვორდი, დალასის თეოლოგიური სემინარიის ყოფილი პრეზიდენტი, და ამბობს, რომ არმაგედონი არის „სასოწარკვეთილი მსოფლიოს ბოლო ომი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოხდება“. უოლვორდის სიტყვების თანახმად, ეს მნიშვნელოვანი ომი მოხდება ჩრდილოეთ პალესტინაში დიდი ველის ბოლოში მდებარე „მეგიდოს მთაზე“.

მაგრამ წიგნი „გამოცხადება“ არ არის საგზაო რუკა, რომელიც არმაგედონად წოდებული ადგილისკენ „ნიშნებით“ მიმავალ გზას გვიჩვენებს. მის დასაწყისში ნათქვამია, რომ მასში „არის აღწერილი მოვლენები“ (გამოცხადება 1:1). იეჰოვას მოწმეებმა დიდი ხნის წინ თავიანთ გამოცემულ წიგნში „საღვთო წერილის გამოკვლევა“ (ტომი IV) აღნიშნეს: „ჩვენ არ უნდა მოველოდეთ ხალხთა შეკრებას პირდაპირი გაგებით მეგიდოს მთაზე“.

ისტორიული მეგიდო ღვთის მტრების გამოუვალ მდგომარეობაზე, ანუ ისეთ მდგომარეობაზე მიუთითებს, საიდანაც მათთვის გამოსავალი არ არსებობს. ამგვარად, არმაგედონში ღმერთი დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მოსპობს ყოველგვარ გახრწნილებასა და ბოროტებას (გამოცხადება 21:8).

მათ, ვისაც უყვართ იეჰოვა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, არ უნდა ეშინოდეთ არმაგედონის. ღვთის ომში მხოლოდ ის ადამიანები განადგურდებიან, რომლებიც გამოუსწორებელი ბოროტმოქმედები არიან. ამ დროს განადგურება განურჩევლად არ მოხდება. „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“, — ნათქვამია ბიბლიაში (2 პეტრე 2:9). ფსალმუნის 37:34-ში ჩაწერილია გამამხნევებელი დაპირება: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“.