არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასიამოვნო და ნაყოფიერი პირადი შესწავლა

სასიამოვნო და ნაყოფიერი პირადი შესწავლა

სასიამოვნო და ნაყოფიერი პირადი შესწავლა

როგორ შეგვიძლია მეტი სიამოვნების მიღება ბიბლიის შესწავლის დროს? როგორ გავხადოთ შესწავლა უფრო ნაყოფიერი? მოკლედ განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც დაგვეხმარება მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ ბიბლიის პირადი შესწავლიდან.

1 ლოცვა. პირველი ნაბიჯი არის ლოცვა (ფსალმ. 42:8). რატომ არის ლოცვა მნიშვნელოვანი? ღვთის სიტყვის შესწავლას ჩვენი თაყვანისცემის ნაწილად უნდა მივიჩნევდეთ. ამიტომ საჭიროა იეჰოვას ვთხოვოთ, დაგვეხმაროს გულისა და გონების მომზადებაში და ასევე ვთხოვოთ წმინდა სული (ლუკ. 11:13). დიდი ხნის მისიონერი ბარბარა ამბობს: „ბიბლიის წაკითხვის ან შესწავლის წინ ყოველთვის ვლოცულობ. ლოცვის შემდეგ ვგრძნობ, რომ იეჰოვა ჩემთან არის და მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ“. შესწავლამდე ლოცვა გვეხმარება გონებისა და გულის მომზადებაში, რომ მივიღოთ უხვი სულიერი საზრდო.

2 ფიქრი. დროის სიმცირის გამო, ზოგი ღვთის სიტყვის მხოლოდ ზედაპირული კითხვით შემოიფარგლება. მაგრამ ისინი ბიბლიის შესწავლიდან სრულ სარგებლობას ვერ იღებენ. კარლოსი, რომელიც 50 წელზე მეტია ემსახურება იეჰოვას, დარწმუნდა, რომ ნაყოფიერი შესწავლისთვის მნიშვნელოვანია ფიქრისთვის დროის გამოყოფა. ის ამბობს: „ახლა ბიბლიიდან შედარებით ცოტას ვკითხულობ — დღეში დაახლოებით ორ გვერდს. შემდეგ მეტ დროს ვუთმობ ფიქრს, რომ დავინახო რის სწავლა შემიძლია წაკითხულიდან“ (ფსალმ. 77:12). ფიქრის წყალობით გვიღრმავდება ცოდნა და უკეთ ვწვდებით ღვთის ნებას (კოლ. 1:9—11).

3 გამოყენება. ესა თუ ის საქმე მეტ სარგებლობას მოგვიტანს, თუ ვხედავთ მის პრაქტიკულ ღირებულებას. იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიის შესწავლასთან დაკავშირებითაც. გაბრიელი, ახალგაზრდა ძმა, რომელიც რეგულარულად სწავლობს ბიბლიას, ამბობს: „შესწავლა მეხმარება დავძლიო ყოველდღიური პრობლემები და ასევე სხვებსაც დავეხმარო. ვცდილობ, ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენო“ (კან. 11:18; იეს. 1:8). ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ და გამოვიყენოთ ღვთის შესახებ შემეცნება (იგავ. 2:1—5).

მოდი შევაჯამოთ. მართლაც დიდი პატივია, გავიღრმავოთ ცოდნა, რომელიც სიბრძნის წყაროსგან, იეჰოვასგან მომდინარეობს (რომ. 11:33). ამიტომ, შესწავლის დაწყებამდე ილოცეთ, სთხოვეთ იეჰოვას დაგეხმაროთ გულისა და გონების მომზადებაში და მოგცეთ წმინდა სული. შესწავლისას დროდადრო შეჩერდით და იფიქრეთ წაკითხულზე. შემდეგ ნასწავლი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენეთ. თუ ყოველივე ამას გაითვალისწინებთ, თქვენი შესწავლა უფრო სასიამოვნო და ნაყოფიერი გახდება.