არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მზად ხარ შენი მრწამსის დასაცავად?

მზად ხარ შენი მრწამსის დასაცავად?

მზად ხარ შენი მრწამსის დასაცავად?

ყოფილხარ ისეთ ვითარებაში, როცა შენი მრწამსის დაცვა მოგიწია? ერთხელ პარაგვაიში მცხოვრები 16 წლის ქრისტიანის, სუსანას კლასელმა ეთიკის გაკვეთილზე თქვა, რომ იეჰოვას მოწმეები არ აღიარებენ „ძველ აღთქმას“, იესო ქრისტესა და მარიამს. კლასში ისიც ითქვა, რომ ისინი ფანატიკოსები არიან, რადგან სამედიცინო მკურნალობას სიკვდილი ურჩევნიათ. სუსანას ადგილზე რომ ყოფილიყავი, როგორ მოიქცეოდი?

სანამ რამეს იტყოდა, სუსანამ ილოცა და შემდეგ ხელი აიწია. გაკვეთილი დასასრულს უახლოვდებოდა, ამიტომ მან მასწავლებელს სთხოვა, რომ სხვა დროს გამოვიდოდა კლასის წინაშე და თავისი მრწამსის შესახებ ილაპარაკებდა. მასწავლებელი დათანხმდა. მომდევნო ორ კვირაში სუსანამ ოცწუთიანი თემა მოამზადა ბროშურით „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“

დადგა ის დღე, როდესაც სუსანა კლასის წინაშე უნდა წარმდგარიყო. მან ახსნა, თუ საიდან იღებს სათავეს სახელწოდება „იეჰოვას მოწმეები“. აგრეთვე ილაპარაკა, მომავლის რა იმედი აქვთ იეჰოვას მოწმეებს და რატომ ამბობენ ისინი უარს სისხლის გადასხმაზე. შემდეგ კლასს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა კითხვები. ხელი თითქმის ყველამ აიწია. მასწავლებელი განცვიფრებული იყო გოგონას პასუხებით, რომლებიც ბიბლიიდან გასცა.

ერთმა მოსწავლემ თქვა: „ერთხელ მათ სამეფო დარბაზში ვიყავი და იქ ერთი ხატიც ვერ ვნახე“. მასწავლებელი დაინტერესდა, თუ რატომ არ ჰქონდათ სამეფო დარბაზში ხატები. სუსანამ ბიბლიიდან ამოიკითხა ფსალმუნის 115:4—8 და გამოსვლის 20:4. გაკვირვებულმა მასწავლებელმა იკითხა: „მაშ, რატომ არის ჩვენს ეკლესიებში ამდენი ხატი, თუკი ამას ბიბლია განსჯის?!“

კლასში დისკუსია 40 წუთს გაგრძელდა. სუსანამ კლასს შესთავაზა ვიდეოფილმის ჩვენება, სახელწოდებით „არავითარი სისხლი — მედიცინა გამოსავალს პოულობს“. მასწავლებელმა ფილმის ჩვენება მომდევნო დღისთვის დაგეგმა. ფილმის ყურების შემდეგ სუსანამ განმარტა, მკურნალობის რა ალტერნატიული საშუალებებია იეჰოვას მოწმეებისთვის მისაღები. ამაზე მასწავლებელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „არ მეგონა, მკურნალობის ამდენი ალტერნატიული საშუალება თუ არსებობდა, და არც ის ვიცოდი, რომ უსისხლო მკურნალობას ასეთი კარგი შედეგები მოჰქონდა“. შემდეგ სუსანას ჰკითხა: „ამ მეთოდებით მხოლოდ იეჰოვას მოწმეები მკურნალობენ?“ როდესაც მასწავლებელმა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეების გარდა ალტერნატიული მეთოდებით სხვებიც მკურნალობდნენ, თქვა: „სხვა დროს, როცა იეჰოვას მოწმეები ჩემთან მოვლენ, აუცილებლად მოვუსმენ“.

სუსანას ოცწუთიანი თემა სამ საათს გაგრძელდა. ერთი კვირის შემდეგ სხვა მოსწავლეებიც გამოვიდნენ კლასის წინაშე, რომ საკუთარი მრწამსის შესახებ ესაუბრათ. მსჯელობის დასასრულს მათ მრავალი კითხვა დაუსვეს, მაგრამ გამომსვლელებმა ვერ შეძლეს საკუთარი მრწამსის დაცვა. მასწავლებელმა ჰკითხა მათ: „რატომ ვერ იცავთ თქვენს მრწამსს, როგორც ეს სუსანამ გააკეთა?“

პასუხი ასეთი იყო: „ისინი ბიბლიას საფუძვლიანად სწავლობენ, ჩვენ კი — არა“.

მასწავლებელი მიუბრუნდა სუსანას და უთხრა: „გეტყობათ, რომ მართლა იკვლევთ ბიბლიას და იცავთ იმას, რაც იქ წერია. ნამდვილად იმსახურებთ ქებას!“

სუსანას თავიდანვე შეეძლო, არაფერი ეთქვა, მაგრამ მან დაიცვა თავისი მრწამსი კლასის წინაშე და ამგვარად მიჰბაძა სირიაში ტყვედ წაყვანილ ისრაელ გოგონას. იგი მსახურობდა სირიელი მხედართმთავრის ნაამანის სახლში, რომელსაც კეთრი ჰქონდა. ერთხელ გოგონამ თავის ქალბატონს უთხრა: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა ის კეთრისგან!“ როგორც ვხედავთ, გოგონა არ გაჩუმდა და თამამად ილაპარაკა ჭეშმარიტი ღვთის შესახებ. ამის შემდეგ მისი ბატონი, ნაამანი, იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა (2 მეფ. 5:3, 17).

ისრაელი გოგონას მსგავსად, სუსანამაც არ დამალა თავისი მრწამსი და იეჰოვასა და მისი ხალხის შესახებ ილაპარაკა. როდესაც კლასში მისი მრწამსის განსჯა დაიწყეს, მან დაიცვა თავისი მრწამსი. სუსანა შემდეგი ბიბლიური მითითების თანახმად მოიქცა: „წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში, როგორც უფალი, და ყოველთვის მზად იყავით, დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ“ (1 პეტ. 3:15). მზად ხარ შენი მრწამსის დასაცავად?

[სურათი 17 გვერდზე]

ეს ბროშურა და ვიდეოკასეტა დაგეხმარება შენი მრწამსის დაცვაში