არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა მოვალეობებს ასრულებენ ხელმძღვანელი საბჭოს წევრები

რა მოვალეობებს ასრულებენ ხელმძღვანელი საბჭოს წევრები

რა მოვალეობებს ასრულებენ ხელმძღვანელი საბჭოს წევრები

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო შედგება მონათლული ძმებისგან, ღვთის სულითცხებული მსახურებისგან. ისინი წარმომადგენლები არიან ერთგული და გონიერი მონისა, რომელსაც სულიერი საზრდოს მომზადება ევალება. ისინი აგრეთვე ხელმძღვანელობენ სამქადაგებლო საქმეს მთელ მსოფლიოში (მათ. 24:14, 45—47).

ხელმძღვანელი საბჭოს წევრები კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, შეხვედრას მართავენ. ეს შეხვედრა ხელს უწყობს მათ შორის თანამშრომლობასა და ერთსულოვნებას (ფსალმ. 133:1). ხელმძღვანელი საბჭოს წევრები სხვადასხვა კომიტეტშიც მსახურობენ. სამეფოს ინტერესების დაცვის მიზნით ყოველ კომიტეტს თავისი პასუხისმგებლობა აკისრია. ქვემოთ მოკლედ არის ახსნილი, რა შედის თითოეული კომიტეტის მოვალეობაში.

▪ კოორდინატორთა კომიტეტი: ამ კომიტეტში შედიან ხელმძღვანელი საბჭოს თითოეული კომიტეტის კოორდინატორები და მდივანი, რომელიც აგრეთვე ხელმძღვანელი საბჭოს წევრია. ეს კომიტეტი ყველა კომიტეტის შეუფერხებელ და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. მის მოვალეობაში შედის ყველა იმ საკითხის მოგვარება, რომელიც მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ეხება, იქნება ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, დევნა, სტიქიური უბედურებები თუ სხვა გადაუდებელი საკითხები.

▪ კადრების კომიტეტი: ამ კომიტეტში მსახურობენ ის ძმები, რომლებიც მთელ მსოფლიოში არსებული ბეთელის ოჯახების თითოეული წევრის პირად და სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. მათ მოვალეობაში შედის ბეთელის ოჯახის ახალი წევრების შერჩევა, მოწვევა და ბეთელში მათ მსახურებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

▪ საგამომცემლო კომიტეტი: ეს კომიტეტი ხელმძღვანელობას უწევს ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვას, გამოცემასა და განაწილებას მსოფლიო მასშტაბით. მის მოვალეობაში შედის იმ სტამბებსა და ქონებაზე ზრუნვა, რომელიც იეჰოვას მოწმეთა სხვადასხვა კორპორაციას ეკუთვნის. ამავე კომიტეტს ევალება მსოფლიო სამქადაგებლო საქმისთვის შეწირული თანხის გონივრულად განაწილება.

▪ სამსახურებრივი კომიტეტი: ეს კომიტეტი ზედამხედველობას უწევს სამქადაგებლო საქმიანობას და კრებებთან, პიონერებთან, უხუცესებთან და მიმომსვლელ ზედამხედველებთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებს. აგრეთვე ხელმძღვანელობას უწევს „ჩვენი სამეფო მსახურების“ გამოცემას, იწვევს და-ძმებს სკოლა „გალაადსა“ და მსახურებაში დახელოვნების სკოლაში სასწავლებლად და შემდეგ კურსდამთავრებულებს თავ-თავიანთი დანიშნულების ადგილებზე გზავნის.

▪ სასწავლო კომიტეტი: ეს კომიტეტი პასუხისმგებელია კონგრესებისა და კრების შეხვედრების პროგრამის შედგენაზე. აგრეთვე ადგენს ბეთელის ოჯახისთვის სულიერ პროგრამას და ზედამხედველობს სხვადასხვა სკოლას, მაგალითად „გალაადისა“ და პიონერული მსახურების სკოლებს. მის მოვალეობაში აგრეთვე შედის აუდიო-ვიდეოპროგრამების მომზადება.

▪ სამწერლო კომიტეტი: ეს კომიტეტი ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი და-ძმებისთვის თუ ფართო მკითხველისთვის სულიერი საზრდო პუბლიკაციების სახით მომზადდეს. ამ კომიტეტს ევალება ბიბლიურ შეკითხვებზე პასუხების გაცემა და სხვადასხვა მასალის, მაგალითად, დრამებისა და მოხსენებათა გეგმების საბოლოო გადახედვა. ის აგრეთვე მეთვალყურეობს მთარგმნელობით საქმიანობას მთელ მსოფლიოში.

პავლე მოციქულმა ცხებულებისგან შემდგარი კრება სხეულს შეადარა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ კრების ყველა წევრი მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს. ურთიერთთანამშრომლობა და სიყვარული მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ღვთისგან დავალებული საქმის შესრულებას (რომ. 12:4, 5; 1 კორ. 12:12—31). კრების თავი, იესო ქრისტე, ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობისა და სულიერი საზრდოს მომზადებისთვის (ეფეს. 4:15, 16; კოლ. 2:19). ამგვარად, ხელმძღვანელი საბჭოს მიზანია, ღვთის ხალხს ხელმძღვანელობა გაუწიოს. მათ საქმიანობას იეჰოვა წარმართავს თავისი სულით.