არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიცოცხლე ძვირფასია თუ არა?

სიცოცხლე ძვირფასია თუ არა?

სიცოცხლე ძვირფასია თუ არა?

„ვინაიდან ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, მისთვის სიცოცხლის წართმევა ცისქვეშეთში ყველაზე ძვირფასისა და წმინდის ხელყოფაა“

(The Plain Man’s Guide to Ethics, by William Barclay).

„ცისქვეშეთში ყველაზე ძვირფასი“. თქვენც ასეთი შეხედულება გაქვთ სიცოცხლეზე? მრავალი ადამიანის საქციელი ცხადყოფს, რომ ისინი არ იზიარებენ ზემოთ ციტირებული მწერლის აზრს. გულქვა ადამიანები, რომლებსაც ეგოისტური მიზნები ამოძრავებთ, არად აგდებენ სხვების კეთილდღეობას და დაუნდობლად ხოცავენ მილიონებს (ეკლესიასტე 8:9).

უფასური და ადვილად მოსაცილებელი

პირველი მსოფლიო ომი ზემოთქმულის კლასიკური მაგალითია. ისტორიკოსი ა. ტეილორი ამბობს, რომ იმ საშინელი კონფლიქტის დროს „ადამიანებს არაფრის გულისთვის ხოცავდნენ“. პრესტიჟსა და დიდებას გამოდევნებული სამხედრო ლიდერები ისე ეპყრობოდნენ ჯარისკაცებს, თითქოს მათ სიცოცხლეს არავითარი ფასი არ ჰქონდა და ერთჯერადი გამოყენების საგანივით ადვილად ისროდნენ „სანაგვეზე“. ვერდენის (საფრანგეთი) ომმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „არ იყო არაფერი [სტრატეგიულად მნიშვნელოვანი], რასაც ამ ომის შედეგად მოიგებდნენ ან წააგებდნენ, — წერს ტეილორი, — მხოლოდ ადამიანები უნდა დახოცილიყვნენ და დიდება მოეპოვებინათ“ (The First World War).

დღემდე ბევრი არად აგდებს სიცოცხლეს. მეცნიერმა კევინ ბეილზმა არც ისე დიდი ხნის წინ აღნიშნა: „მსოფლიო მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ შრომის ბირჟაზე მილიონობით ღარიბი და დაუცველი ადამიანის მოზღვავება გამოიწვია“. ამ ხალხს მთელი ცხოვრების განმავლობაში წვალება უწევს, რათა თავი გაიტანონ კომერციულ სამყაროში, სადაც მათ უფლებებს ლახავენ და „ცხოვრების ფასი ეცემა“. ბეილზის სიტყვების თანახმად, ექსპლუატატორები მათ მონებივით ეპყრობიან და „ფულის გასაკეთებელ ისეთ საშუალებად მიიჩნევენ, რომელსაც რა დროსაც უნდათ, იმ დროს მოიცილებენ“ (Disposable People).

ქარის დევნაა

არსებობს კიდევ სხვა მრავალი მიზეზი, რომელთა გამოც ადამიანები თავს სრულიად გამოუსადეგრად თვლიან და სასოწარკვეთილნი არიან; ისინი ფიქრობენ, რომ სინამდვილეში არავის ადარდებს, იცოცხლებენ თუ დღესვე მოკვდებიან. გარდა ამისა, ომებსა და უსამართლობას, გვალვასა და შიმშილს, ავადმყოფობასა და მძიმე დანაკლისს თუ მრავალ სხვა უბედურებას ხალხი იქამდე მიჰყავს, რომ ფიქრობენ: ღირს კი საერთოდ ცხოვრება?! (ეკლესიასტე 1:8, 14).

ცხადია, ყველას არ უწევს საშინელ პირობებში ცხოვრება. მაგრამ ისინიც კი, რომლებსაც ზემოხსენებულ პრობლემებთან არ უწევთ გამკლავება, ეთანხმებიან ძველი ისრაელის მეფე სოლომონის სიტყვებს: „რადგან რა რჩება ადამიანს მთელი მისი შრომისაგან თვისი გულისსწრაფვისაგან, მზის ქვეშ რომ შრომობს იგი?“ დაფიქრების შემდეგ მრავალი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბევრი რამ, რაც გაუკეთებიათ, „მხოლოდ ქარის დევნა“ იყო (ეკლესიასტე 2:22, 26).

„სულ ეს არის ცხოვრება?“ — მრავალი სვამს მსგავს კითხვას, როდესაც თავის ცხოვრებას თვალს გადაავლებს. მაგრამ რამდენი ადამიანი ასრულებს თავის ცხოვრებას — პატრიარქ აბრაამის მსგავსად — ნამდვილი კმაყოფილების გრძნობით? (დაბადება 25:8). უმრავლესობისთვის ცხოვრება ამაოა. მაგრამ ის ამაო არ უნდა ყოფილიყო. ღვთის თვალში თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია; მას სურს, რომ ყველას ცხოვრება ნამდვილი კმაყოფილებით იყოს აღსავსე. როგორ? ვნახოთ, თუ რას გვეტყვის ამის თაობაზე მომდევნო სტატია.