არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიას შეუძლია განამტკიცოს თქვენი ქორწინება

ბიბლიას შეუძლია განამტკიცოს თქვენი ქორწინება

ბიბლიას შეუძლია განამტკიცოს თქვენი ქორწინება

ქორწინება — ზოგიერთს ეს სიტყვა სასიამოვნო ფიქრებს აღუძრავს, სხვებში კი სულიერ ტკივილს იწვევს. „ასე მგონია, გაყრილები ვართ, თუმცა ჯერ ისევ ერთად ვართ, — გულისტკივილით ამბობს ერთი დაქორწინებული ქალი და დასძენს, — თავს ყოველთვის უარყოფილად და მარტოდ ვგრძნობ“.

რატომ ცივდება იმ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, რომლებიც ერთ დროს სიყვარულს ეფიცებოდნენ და თავს ევლებოდნენ ერთმანეთს? ხშირ შემთხვევაში, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ წყვილს საკმარისი ცოდნა არა აქვს იმის შესახებ, თუ რა ვალდებულება ეკისრება ქორწინებაში თითოეულს. „ჩვენ სრულიად მოუმზადებელნი ვქორწინდებით“, — ამბობს ერთი ჟურნალისტი მედიცინის დარგში.

იმ ფაქტს, რომ დღეს ერთეულებს აქვთ ასეთი ცოდნა, ადასტურებს ნიუ-ჯერზის (აშშ) რატგერსის უნივერსიტეტის მიერ ეროვნული პროგრამის ჩარჩოებში ჩატარებული გამოკვლევა ქორწინებასთან დაკავშირებით. «გამოკვლევაში მონაწილეთაგან ბევრი ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც მშობლები არ იყვნენ ბედნიერნი თავიანთი ქორწინებით ან საერთოდ განქორწინებულები იყვნენ, — წერენ ამ პროგრამის ხელმძღვანელები. — მათ ზუსტად იციან, რა არის წარუმატებელი ქორწინება, მაგრამ ბედნიერ ქორწინებაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ზოგიერთს ბედნიერი ქორწინების შესახებ მხოლოდ ამის თქმა შეუძლია: „ქორწინება, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება ჩემი მშობლების ქორწინებისგან“».

დაცულნი არიან ქრისტიანები ასეთი პრობლემებისგან? არა. პირველ საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანი საჭიროებდა რჩევას: „გაყრას ნუ ეძებ“ (1 კორინთელთა 7:27). ცხადია, რომ არასრულყოფილი ადამიანების ქორწინება დროდადრო გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ მათი გადაჭრა შესაძლებელია. ბიბლიური პრინციპების გამოყენებით ცოლ-ქმარს შეუძლია ურთიერთობის გაუმჯობესება.

მართალია, ბიბლია არ არის ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული რჩევების კრებული, მაგრამ მასში მოცემული პრინციპები წყვილებს ერთმანეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაეხმარება, რადგან ეს წიგნი ქორწინების დამფუძნებლის შთაგონებით არის დაწერილი. ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვა ღმერთმა განაცხადა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით — შენი სიმართლე“ (ესაია 48:17, 18, სსგ).

ხომ არ ქრება სიყვარული, რომელიც ერთ დროს თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის არსებობდა? ისეთი გრძნობა ხომ არა გაქვთ, რომ უსიყვარულო ქორწინების მახეში გაებით? ერთმა ქალმა, რომელიც 26 წელია, რაც გათხოვილია, თქვა: „ძნელია აღწერო ის ტკივილი, რომელსაც ასეთი ურთიერთობით განიცდი. ეს ტკივილი გამუდმებით გაწუხებს და გულს გიღრღნის“. ნაცვლად იმისა, რომ შეეგუოთ აზრს — „ოჯახის შექმნაში არ გამიმართლა“ — რატომ არ უნდა იღონოთ რამე ოჯახური ცხოვრების გასაუმჯობესებლად? მომდევნო სტატიაში ნაჩვენებია, როგორ დაეხმარება ცოლ-ქმარს ბიბლიური პრინციპები თავიანთი ვალდებულებების შესრულებაში, რაც მნიშვნელოვანია ოჯახურ ცხოვრებაში.