არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იმარჯვებს ბოროტება?

იმარჯვებს ბოროტება?

იმარჯვებს ბოროტება?

სამყაროში სიკეთისა და ბოროტების ძალთა ბრძოლის შესახებ წარმოდგენებმა ისტორიის განმავლობაში მრავალ მწერალსა და ფილოსოფოსს უამრავი ვარაუდი გამოათქმევინა. მაგრამ არსებობს წიგნი, რომელშიც ღმერთსა და ეშმაკს შორის ბრძოლის ზუსტი ისტორიაა აღწერილი. ეს წიგნი არის ბიბლია. ის ნათელს ჰფენს ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ საკითხებს და იმის განსაზღვრაში გვეხმარება, თუ ვინ იმარჯვებს სინამდვილეში.

პირველი მამაკაცისა და ქალის შექმნიდან მალევე, უხილავმა სულიერმა ქმნილებამ, სატანა ეშმაკმა, ეჭვქვეშ დააყენა ღვთის მმართველობის უფლება. როგორ? მან მზაკვრულად წამოაყენა აზრი, რომ ღმერთი რაღაც კარგს უმალავდა თავის ქმნილებებს და ადამიანები მისგან დამოუკიდებლად უკეთესად შეძლებდნენ ცხოვრებას (დაბადება 3:1—5; გამოცხადება 12:9).

მოგვიანებით, პატრიარქი იობის დროს, სატანამ კიდევ ერთი საკითხი წამოჭრა. ღვთისადმი იობის ერთგულების შელახვის მიზნით, სატანამ განაცხადა: „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობი 2:4). რა მრავლისმომცველი იყო ეს განაცხადი! მან იობის სახელი კი არ მოიხსენია, არამედ ზოგადი სიტყვა „კაცი“ გამოიყენა, რითაც სატანამ ყოველი ადამიანის უმწიკვლობა დააყენა ეჭვქვეშ. ფაქტობრივად, მისი სიტყვები ნიშნავდა: ადამიანი ყველაფერს გააკეთებს სიცოცხლის გადასარჩენად და თუ საშუალებას მომცემთ, ღმერთისთვის ზურგს ნებისმიერს შევაქცევინებ.

ღმერთსა და ეშმაკს შორის ბრძოლაში გამარჯვებას ორ კითხვაზე პასუხი გადაწყვეტდა: შეუძლია ადამიანს წარმატებით მართოს საკუთარი თავი? და შეუძლია ეშმაკს, რომ ყველა ჩამოაშოროს ჭეშმარიტ ღმერთს?

შეუძლიათ ადამიანებს წარმატებით მართონ საკუთარი თავი?

ათასწლეულების განმავლობაში ადამიანებმა მმართველობის მრავალი ფორმა მოსინჯეს. არსებობდა მმართველობის ისეთი ფორმები, როგორიცაა მონარქია, არისტოკრატია, დემოკრატია, ავტოკრატია, ფაშიზმი და კომუნისტური წყობა. განა ამ მმართველობების მუდმივი ცვლაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არასრულფასოვანია?

„რომაელები მოულოდნელად ჩაებნენ უდიდეს მმართველობით ექსპერიმენტში“, — წერდა ჰ. ჯ. უელსი 1922 წელს გამოქვეყნებულ „მსოფლიო ისტორიაში“. ის დასძენს: „მათი მმართველობის ფორმა მუდმივად ცვალებადი იყო, არამდგრადი. ერთი მხრივ, ამ ექსპერიმენტმა მარცხი განიცადა. მეორე მხრივ, ეს ექსპერიმენტი კვლავაც გრძელდება; ევროპა და ამერიკა დღესდღეობით სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით ისეთივე პრობლემების გადაჭრას ცდილობენ, რომლებსაც პირველად რომაელები წააწყდნენ“.

მმართველობასთან დაკავშირებული ეს ექსპერიმენტი მე–20 საუკუნეშიც გრძელდებოდა. ამ საუკუნის მიწურულს დემოკრატიამ ფართო აღიარება ჰპოვა. თეორიულად დემოკრატიის დროს ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის. მაგრამ დაამტკიცა თუ არა დემოკრატიამ, რომ ადამიანებს ღმერთის გარეშე წარმატებით შეუძლიათ მართვა? ჯავაჰარლალ ნერუმ, ინდოეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, დემოკრატია დადებითად შეაფასა, მაგრამ ამავე დროს დასძინა: „ამას იმიტომ ვამბობ, რომ სხვა პოლიტიკური წყობილებები უარესია“. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალერი ჟისკარ დ’ესტენმა, განაცხადა: „ჩვენ . . . დემოკრატიის კრიზისს ვხედავთ“.

დემოკრატიული მმართველობის სისუსტეები ჯერ კიდევ ძვ. წ. მე–5 საუკუნეში გამოააშკარავა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა. როგორც აღნიშნულია წიგნ „პოლიტიკური თეორიის ისტორიაში“, მან გაილაშქრა „პოლიტიკოსთა უმეცრებისა და არაკომპეტენტურობის წინააღმდეგ, რაც ძირითადად დემოკრატიული ქვეყნების ხვედრია“. დღესდღეობით მრავალი პოლიტიკოსი ჩივის, რომ რთულია ისეთი ნიჭიერი ხალხის პოვნა, რომლებიც სამთავრობო წრეებში შეძლებდნენ მოღვაწეობას. ადამიანები „უკმაყოფილონი არიან ლიდერებით, რომლებიც დიდი პრობლემების წინაშე ძალიან უმწეოები ჩანან ხოლმე“, — აღნიშნიული იყო ამერიკულ გაზეთ „უოლ–სტრიტ ჯორნელში“. გაზეთი დასძენდა: „ხელმძღვანელობის ძიებისას ხალხში ზიზღს იწვევს ის ფაქტი, რომ მერყეობასა და კორუფციას ხედავენ“.

ახლა კი განვიხილოთ, როგორ მმართველობდა ძველი ისრაელის მეფე სოლომონი. იეჰოვა ღმერთმა სოლომონს გასაოცარი სიბრძნე უბოძა (მესამე მეფეთა 4:29—34). როგორ ცხოვრობდა ისრაელი ერი სოლომონის 40–წლიანი მმართველობის დროს? „ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი“, — გვპასუხობს ბიბლია. მასში აგრეთვე ნათქვამია: „უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავისი ვაზის ძირას და თავისი ლეღვის ძირას, დანიდან ვიდრე ბეერშებაყამდე“ (მესამე მეფეთა 4:20, 25). ბრძენი მეფის მმართველობის დროს, რომელიც უხილავი უზენაესი მმართველის, იეჰოვა ღმერთის, ხილული წარმომადგენელი იყო, ერს ქვეყანაში სტაბილურობა, ეკონომიკური აყვავება და სიხარული ჰქონდა.

რამდენად განსხვავდება ადამიანებისა და ღვთის მმართველობა! შეუძლია ვინმეს დარწმუნებით თქვას, რომ მმართველობის საკითხში სატანამ გაიმარჯვა? არა, რადგან წინასწარმეტყველმა იერემიამ სწორად შენიშნა: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).

შეუძლია სატანას ყველა ჩამოაშოროს ღმერთს?

შეძლო სატანამ თავისი სიტყვების დამტკიცება, რომ ყველას ჩამოაშორებდა ღმერთს? ბიბლიის წიგნ „ებრაელთა“ მე–11 თავში მოციქულმა პავლემ ქრისტიანობამდე მცხოვრები ერთგული მამაკაცები და ქალები მოიხსენია. შემდეგ კი დასძინა: „დრო არ მეყოფა, რომ ვილაპარაკო გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იეფთაეზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე“ (ებრაელთა 11:32). პავლემ ღვთის ეს ერთგული მსახურები „მოწმეთა ღრუბლად“ მოიხსენია (ებრაელთა 12:1). აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა, რომელიც „ღრუბლად“ არის ნათარგმნი, გამოყოფილ, მკვეთრი კონტურების მქონე, გარკვეული ზომისა და ფორმის ღრუბელზე კი არ მიუთითებს, არამედ უზარმაზარ, უფორმო ღრუბლის მასაზე. ეს შედარება მართლაც სათანადოა, რადგან წარსულში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ უზარმაზარი ღრუბლის მასასთან შეიძლება მათი შედარება. დიახ, საუკუნეების განმავლობაში, უამრავმა ადამიანმა ნებაყოფლობით ირჩია იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულება (იესო ნავეს ძე 24:15).

რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? იეჰოვას მოწმეთა რიცხვმა მთელ მსოფლიოში ექვს მილიონს გადააჭარბა იმ სასტიკი დევნისა და შევიწროების მიუხედავად, რომელსაც ისინი XX საუკუნეში განიცდიდნენ. გარდა ამისა, მათთან ურთიერთობა აქვს ცხრა მილიონამდე ადამიანს, რომელთაგანაც მრავალი გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად.

სატანის მტკიცებაზე, რომ ადამიანებს ჩამოაშორებდა იეჰოვას, საუკეთესო პასუხი ღვთის ძემ, იესო ქრისტემ, გასცა. წამების ძელზე აუტანელმა ტკივილმაც კი ვერ შეარყია მისი ერთგულება. ბოლო ამოსუნთქვისას იესომ წამოიძახა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული“ (ლუკა 23:46).

ადამიანები რომ მართოს, სატანა ყველა შესაძლებლობას მიმართავს, იქნება ეს ცდუნება თუ აშკარა დევნა. ადამიანთა საცდუნებლად ის „ხორციელ გულისთქმას, თვალთა გულისთქმასა და ცხოვრების სიამაყეს“ იყენებს, რომ იეჰოვას ჩამოაშოროს ისინი ან ხელი შეუშალოს მასთან დაახლოებაში (1 იოანე 2:16). სატანამ აგრეთვე ‘გონება დაუბრმავა ურწმუნოებს, რათა მათთვის არ ებრწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა’ (2 კორინთელთა 4:4). თავისი მიზნის მისაღწევად სატანა არც მუქარასა და დაშინებას ერიდება (საქმეები 5:40).

ღვთის მხარეზე მყოფთ ეშმაკი ვერ სძლევს. მათ გაიცნეს იეჰოვა ღმერთი და ‘შეიყვარეს მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი გონებით’ (მათე 22:37, აქ). დიახ, იესო ქრისტესა და უამრავი ადამიანის მიერ გამოვლენილი ურყევი ერთგულება ლახვარს სცემს სატანა ეშმაკს.

რა იქნება მომავალში?

მარადიულად გაგრძელდება მმართველობასთან დაკავშირებული ადამიანთა ექსპერიმენტები? წინასწარმეტყველმა დანიელმა იწინასწარმეტყველა: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44). ღვთის მიერ ზეცაში დამყარებული სამეფო არის მთავრობა, რომელსაც იესო ქრისტე ხელმძღვანელობს. ზუსტად ამ სამეფოს შესახებ ლოცვას ასწავლიდა იესო თავის მიმდევრებს (მათე 6:9, 10, აქ). ეს სამეფო ბოლოს მოუღებს ყველა ადამიანურ მთავრობას „ყოვლისმპყრობელი ღვთის [მომავალი] დიდი დღისათვის“ და დიდ ცვლილებებს მოახდენს მთელ დედამიწაზე (გამოცხადება 16:14, 16).

რა დაემართება სატანას? ბიბლიაში მისი მომავალი ასეა აღწერილი: „[იეჰოვას ანგელოზმა] შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით. ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება“ (გამოცხადება 20:1—3). მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობა, რაც სატანა უმოქმედობის უფსკრულში იქნება ჩაგდებული.

რა სასიამოვნო იქნება მაშინ დედამიწაზე ცხოვრება! აღარ იარსებებს ბოროტება და ყველა, ვინც მას სჩადის. ბიბლია გვპირდება: „ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან . . . თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:9—11). მათ მშვიდობას ვერაფერი შეუქმნის საფრთხეს, ვერც ადამიანები და ვერც ცხოველები (ესაია 11:6—9). ის მილიონებიც კი, რომლებმაც უმეცრების ან იმის გამო, რომ იეჰოვას გაცნობის საშუალება არ მიეცათ და წარსულში ეშმაკის კვალს ადგნენ, სიცოცხლეს დაუბრუნდებიან და ღვთისგან განისწავლებიან (საქმეები 24:15).

ათასწლიანი მეფობის ბოლოს დედამიწა სამოთხედ იქნება გადაქცეული, კაცობრიობა კი გასრულყოფილებული. შემდეგ სატანა გათავისუფლდება „მცირე ხნით“, რათა ღვთის მმართველობის ყველა მოწინააღმდეგესთან ერთად მარადიულად განადგურდეს (გამოცხადება 20:3, 7—10).

ვის მხარეს დაიკავებთ?

XX საუკუნეში სატანამ დიდი უბედურებები დაატეხა დედამიწას. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მან გაიმარჯვა. დედამიწაზე არსებული პირობები ნიშანია იმისა, რომ ამ ბოროტი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ (მათე 24:3—14; გამოცხადება 6:1—8). არც ბოროტების სიმძლავრე დედამიწაზე და არც უმეტესობის აზრი წყვეტს იმას, თუ ვინ გაიმარჯვა. გადამწყვეტ როლს ის თამაშობს, თუ ვისი მმართველობაა საუკეთესო და ემსახურება თუ არა ვინმე ღმერთს სიყვარულით. ორივე შემთხვევაში გამარჯვება იეჰოვას ეკუთვნის.

თუ დრომ უკვე აჩვენა, რომ სატანა მტყუანია, მაშ, რატომღა უშვებს ღმერთი ბოროტების არსებობას? იეჰოვა ითმენს, რადგან „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). ღმერთს ნებავს, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). ვიმედოვნებთ, რომ ამ დარჩენილ დროს ბიბლიის შესასწავლად და „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა, და მის მიერ მოვლენილი იესო ქრისტეს“ გასაცნობად გამოიყენებთ (იოანე 17:3). იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ასეთი ცოდნის მიღებაში, რათა თქვენც შეუერთდეთ იმ მილიონებს, რომლებმაც მტკიცედ დაიკავეს გამარჯვებულის მხარე.

[სურათები 5 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ სატანის მარცხს.

[სურათი 7 გვერდზე]

იეჰოვას მხარეზე მისი ერთგული მრავალი ადამიანი დგას.