არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეგვიპტის საგანძურებზე ძვირფასი

ეგვიპტის საგანძურებზე ძვირფასი

ეგვიპტის საგანძურებზე ძვირფასი

მოსე ერთ–ერთი გამოჩენილი ისტორიული პიროვნებაა. ბიბლიის ოთხი წიგნი — „გამოსვლით“ დაწყებული და „მეორე რჯულით“ დამთავრებული — ძირითადად, მოგვითხრობს ღვთის ურთიერთობაზე ისრაელ ერთან, რომელსაც მოსე ხელმძღვანელობდა. ის ისრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლას უწევდა ორგანიზებას, რჯულის შეთანხმების გადაცემისას შუამავლობდა და ისრაელიანები აღთქმული მიწის საზღვრამდე მიიყვანა. მართალია, მოსე ფარაონის სამეფო კარზე იყო გაზრდილი, მაგრამ მოგვიანებით ღვთის ხალხის უფლებამოსილი ხელმძღვანელი გახდა; ის აგრეთვე წინასწარმეტყველის, მსაჯულის, ღვთივშთაგონებული მწერლის მოვალეობას ასრულებდა და, ამავადროულად, „უთვინიერესი კაცი იყო“ (რიცხვნი 12:3).

ბიბლია, ძირითადად, მოსეს ცხოვრების ბოლო 40 წლის შესახებ მოგვითხრობს. ეს იყო ისრაელიანთა მონობიდან გათავისუფლების შემდგომი და 120 წლის ასაკში მოსეს სიკვდილამდე პერიოდი. 40–დან 80 წლის ასაკამდე ის მწყემსი იყო მიდიანის ქვეყანაში. მაგრამ ერთ–ერთ წყაროში ნათქვამია, რომ მოსეს ცხოვრების პირველი 40 წელი, დაბადებიდან ეგვიპტიდან გაქცევამდე, „შესაძლოა მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და ბურუსით მოცული პერიოდი იყო“. რა ცნობები მოგვეპოვება მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ? როგორ იმოქმედა მოსეს პიროვნების ჩამოყალიბებაზე აღზრდამ? რა ზეგავლენას განიცდიდა ის? რა სირთულეებს აწყდებოდა? და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისი ბიოგრაფიიდან?

ეგვიპტის მონობაში

წიგნში „გამოსვლა“ მოთხრობილია, თუ როგორ შეაშინა ფარაონი ეგვიპტეში მცხოვრები ისრაელების სწრაფმა რიცხობრივმა ზრდამ. მან გადაწყვიტა ‘ჭკუით ეჯობნა’ ისრაელებისთვის და შეეჩერებინა მათი ზრდა. ამისათვის კი ისინი მონური სამუშაოებისთვის განაწესა. მათრახმომარჯვებული ზედამხედველების მეთვალყურეობის ქვეშ მათ ტვირთის ზიდვა, თიხის ზელა და აგურების ყოველდღიური ნორმის კეთება ევალებოდათ (გამოსვლა 1:8—14; 5:6—18).

ეს აღწერილობა ზუსტად შეესაბამება მოსეს დროინდელი ეგვიპტის შესახებ არსებულ ისტორიულ ფაქტებს. ძველი პაპირუსი და, სულ მცირე, ერთ საფლავზე აღბეჭდილი გამოსახულება აღგვიწერს, თუ როგორ ამზადებდნენ მონები თიხის აგურებს ძვ. წ. მეორე ათასწლეულში ან უფრო ადრე. სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც აგურებით ქვეყნის მომარაგება ევალებოდათ, ასობით მონას ყოფდნენ 6 ან 18–კაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ზედამხედველს უნიშნავდნენ. ჯერ საჭირო იყო თიხის ამოთხრა, შემდეგ კი აგურების დასამზადებელ ადგილამდე მიტანა. მუშები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ, წყალს ეზიდებოდნენ, თიხას ასხამდნენ, შემდეგ ჩალას ამატებდნენ და თოხით ერთმანეთში ურევდნენ. მიღებულ მასას რიგებად ჩამწკრივებულ მართკუთხა ფორმის ყალიბებში ასხამდნენ. შემდეგ კი მზეზე გამომწვარი აგურებით დატვირული მუშები სამშენებლო ადგილისკენ მიემართებოდნენ; ხშირად, მათ აღმართებზე უწევდათ სიარული. მათრახმომარჯვებული ეგვიპტელი ზედამხედველები კი გვერდით მიჰყვებოდნენ მუშებს და ფხიზლად ადევნებდნენ თვალს სამუშაოს.

ერთი უძველესი ისტორიული ჩანაწერი გვატყობინებს, თუ როგორ დაამზადა 602 მუშამ 39118 აგური. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულს ერთ ცვლაში 65 აგური უნდა დაემზადებინა. ძვ. წ. XIII საუკუნით დათარიღებული ცნობა იუწყება, რომ „მუშები... ყოველდღიურად ამზადებენ აგურების მათთვის დადგენილ ნორმას“. ყოველივე ეს ძალიან გვაგონებს სამუშაოს, რომლის შესრულებაც, წიგნ „გამოსვლის“ აღწერილობის თანახმად, ისრაელებს მოეთხოვებოდათ.

ჩაგვრამ ებრაელთა რიცხობრივ ზრდას ვერაფერი დააკლო. პირიქით, „რაც უფრო ჩაგრავდნენ [ეგვიპტელები], მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა... ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე“ (გამოსვლა 1:10, 12). მაშინ ფარაონმა ჯერ ებრაელ ბებიაქალებს, შემდეგ კი თავის ხალხს უბრძანა ყველა ახალშობილი ებრაელი ვაჟის მოკვლა. ამ საშინელ პერიოდში, ყამრამსა და იოქებედს მშვენიერი ბიჭუნა, მოსე, შეეძინათ (გამოსვლა 1:15—22; 6:20; საქმეები 7:20).

დამალული, ნაპოვნი და ნაშვილები

მოსეს მშობლები არ დაემორჩილნენ ფარაონის სასტიკ ბრძანებას და თავიანთი პატარა გადამალეს. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, უწევდათ თუ არა მათ ბავშვის დამალვა იმ უამრავი ჯაშუშისგან, რომლებიც გამუდმებით დაძრწოდნენ ახალშობილთა საძებნელად. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსეს მშობლებმა სამ თვეზე მეტხანს ვეღარ შეძლეს მისი დამალვა. იმედგადაწურულმა დედამისმა ლერწმის კალათი დაწნა, წყალგაუმტარობისთვის შეფისა და ბავშვი შიგ ჩააწვინა. იოქებედი, ასე ვთქვათ, ფორმალურად დაემორჩილა ფარაონის ბრძანებას, რომ ებრაელთა ყოველი ახალშობილი ვაჟი ნილოსში გადაეგდოთ. მოსეს და, მირიამი, კი შორიახლოს მიჰყვებოდა, რათა ბავშვისთვის თვალყური ედევნებინა (გამოსვლა 1:22—2:4).

ჩვენთვის უცნობია, იმედოვნებდა თუ არა იოქებედი, რომ მდინარეში საბანაოდ მოსული ფარაონის ასული იპოვიდა მოსეს, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. ფარაონის ასული მიხვდა, რომ ბავშვი ებრაელი იყო. როგორ მოიქცა ის? მამამისის ბრძანების თანახმად, მოაკვლევინა ბავშვი? არა, ის ისე მოიქცა, როგორც ჩვეულებრივ ქალების უმეტესობა იმოქმედებდა. მან თანაგრძნობა გამოავლინა.

ამის შემხედვარე მირიამი მაშინვე ფარაონის ასულთან გაჩნდა. „ხომ არ წავიდე და ებრაელი ქალი მოვიყვანო ძიძად?“ — ჰკითხა მან. ზოგიერთს ეს შემთხვევა ირონიულადაც შეიძლება მოეჩვენოს. მოსეს და აქ ფარაონთან არის დაპირისპირებული, რომელმაც თავის მრჩევლებთან ერთად გადაწყვიტა ‘ჭკუით ეჯობნა’ ებრაელებისთვის. რა თქმა უნდა, მოსეს უსაფრთხოება ფარაონის ასულის პასუხზე იყო დამოკიდებული. „წადი“, — უთხრა ფარაონის ასულმა მირიამს და მანაც მაშინვე მოიყვანა დედამისი. კარგი გასამრჯელოს ფასად იოქებედს თავისივე შვილი უნდა აღეზარდა მეფის მფარველობით (გამოსვლა 2:5—9).

ფარაონის ასულის მიერ გამოვლენილი თანაგრძნობა მკვეთრად განსხვავდება მამამისის სისასტიკისაგან. მისთვის ბავშვის წარმოშობაც ცნობილი იყო და არც თავი მოუტყუებია. გულწრფელმა სიბრალულმა გადააწყვეტინა მისი შვილება, ხოლო იმ ფაქტით, რომ ებრაელი ქალის ძიძად აყვანაზე დასთანხმდა, დადასტურდა, რომ ის მამამისივით მიკერძოებული არ ყოფილა.

აღზრდა და განათლება

იოქებედმა „წაიყვანა... ბავშვი და აწოვებდა ძუძუს. წამოიზარდა ბავშვი და მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა“ (გამოსვლა 2:9, 10). ბიბლია არ გვატყობინებს, თუ რამდენი ხანი იყო მოსე თავის მშობლებთან. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ორი ან სამი წელი, სანამ ძუძუს არ მოსწყვიტეს, თუმცა შეიძლება ეს უფრო მეტ დროსაც მოიცავდა. „გამოსვლაში“ უბრალოდ ნათქვამია, რომ ბავშვი თავის მშობლებთან „წამოიზარდა“, რაც კონკრეტულ ასაკზე არ მიუთითებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყამრამმა და იოქებედმა, უეჭველია, ეს დრო იმისათვის გამოიყენეს, რომ თავიანთი ვაჟისთვის მისი ებრაული წარმოშობისა და იეჰოვას შესახებ მოეთხროთ. დრო აჩვენებდა, თუ რამდენად შეძლეს მშობლებმა მოსეს გულში რწმენისა და სამართლიანობისადმი სიყვარულის ჩანერგვა.

მას შემდეგ, რაც მოსე ფარაონის ასულს მიუყვანეს, ის „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა“ (საქმეები 7:22). ამ სწავლების მიზანი ის იყო, რომ მოსე სამეფო კარზე სამსახურისთვის გაეწვრთნათ. მაშინდელი ეგვიპტური განათლება მოიცავდა მათემატიკის, გეომეტრიის, არქიტექტურის, მშენებლობის, აგრეთვე სხვა დარგებისა და მეცნიერების სხვა სფეროების შესწავლას. ალბათ, მეფის ოჯახს ისიც სურდა, რომ მოსე ეგვიპტურ რელიგიაშიც ყოფილიყო გათვიცნობიერებული.

მოსემ შეიძლება ეს განსაკუთრებული განათლება სხვა წარჩინებულთა შვილებთან ერთად მიიღო. ასეთ ელიტარულ განათლებას „ეგვიპტეში გაგზავნილი ან მძევლებად წამოყვანილი უცხო ქვეყნების მმართველთა შვილებიც იღებდნენ, რომ, ასე ვთქვათ, მათი დონე აემაღლებინათ და შემდეგ [ფარაონის ერთგულ] ვასლებად გაეგზავნათ თავიანთ ქვეყნებში“ („თუტმოს IV მმართველობა“, ბეტსი ბრაიანი). სასახლეში არსებულ ამ სკოლებში, როგორც ჩანს, ახალგაზრდებს სამეფო კარზე სამსახურისთვის ამზადებდნენ *. ეგვიპტის შუა და ახალი სამეფოს პერიოდით დათარიღებული ძველი წარწერებიდან ჩანს, რომ ფარაონის ზოგიერთ თანმხლებსა და სასახლის კარის დიდებულს სრულწლოვნების ასაკშიც კი ამ სკოლის კურსდამთავრებულის საპატიო სახელით მოიხსენიებდნენ.

სამეფო კარის ცხოვრება ნამდვილი გამოცდა უნდა ყოფილიყო მოსესთვის. ეს სიმდიდრეს, ფუფუნებასა და ძალაუფლებას სთავაზობდა მას. არსებობდა ზნეობრივად გახრწნის საშიშროებაც. როგორ მოიქცეოდა მოსე? ვის უერთგულებდა? სინამდვილეში, ის იეჰოვას თაყვანისმცემელი და ჩაგრულ ებრაელთა ძმა იყო თუ წარმართული ეგვიპტის ყოველგვარ სიკეთეს დაწაფებული ადამიანი?

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

40 წლის ასაკში, როდესაც მოსე უკვე ნამდვილი ეგვიპტელი შეიძლებოდა გამხდარიყო, „მივიდა თვისტომებთან და ნახა მათი მძიმე შრომა“. მისმა შემდგომმა ქმედებამ ცხადყო, რომ ის მხოლოდ ცნობისმოყვარეობით არ ყოფილა აღძრული. მას დახმარების აღმოჩენა სურდა. როდესაც დაინახა, როგორ სცემდა ეგვიპტელი ერთ ებრაელს, მიეშველა და მჩაგვრელი მოკლა. ამ ქმედებამ ნათელი გახადა, რომ მოსე გულით თავის ხალხთან იყო. მოკლული, როგორც ჩანს, სახელმწიფო მოხელე იყო, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა. ეგვიპტელთა აზრით, მოსე ფარაონის ერთგული უნდა ყოფილიყო. მაგრამ მოსეს, როგორც დავინახავთ, სამართლიანობის სიყვარულიც ამოძრავებდა, რაც მეორე დღეს მომხდარმა ამბავმაც ცხადყო. ის ებრაელს გამოექომაგა, რომელსაც თავისივე მოძმე უსამართლოდ სცემდა. მოსეს სურდა მონობის მძიმე უღლიდან გაეთავისუფლებინა ებრაელები, მაგრამ, როდესაც ფარაონის ყურს მისწვდა მისი ღალატის ამბავი, იძულებული გახდა, სიკვდილისგან თავი მიდიანში გაქცევით ეხსნა (გამოსვლა 2:11—15; საქმეები 7:23—29) *.

იეჰოვას იმ დროს არ ჰქონდა განზრახული ღვთის ხალხის გათავისუფლება, როდესაც მოსემ მოისურვა ეს. მიუხედავად ამისა, მოსეს მოქმედებები მის რწმენაზე მეტყველებდა. ებრაელთა 11:24—26–ში (სსგ) ნათქვამია: „რწმენით მოსემ, როდესაც წამოიზარდა, აღარ ინება ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. და ამჯობინა ღმრთის ხალხთან ერთად ტანჯვა, ვიდრე ჰქონოდა მცირე ხნით ცოდვილი განცხრომა“. რატომ? „ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ შერაცხა თავისთვის, ვიდრე ეგვიპტის მთელი საუნჯე, რადგანაც ხედავდა ნაცვლისგებას“. აქ სიტყვა „ქრისტე“, რაც ცხებულს ნიშნავს, გამონაკლისის სახით არის გამოყენებული და მოსესთან მიმართებაში იმ გაგებით არის მართებული მისი გამოყენება, რომ მან მოგვიანებით უშუალოდ იეჰოვასგან მიიღო განსაკუთრებული დავალება.

წარმოიდგინეთ! მოსემ ისეთი აღზრდა მიიღო, როგორიც მხოლოდ ეგვიპტელი არისტოკრატისთვის იყო ხელმისაწვდომი. მას ბრწყინვალე კარიერის შექმნისა და ყველანაირი განცხრომის მიღების შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა. მან კი ყველაფერი უარყო. მისთვის შეუთავსებადი იყო მჩაგვრელის, ანუ ფარაონის, სამეფო კარზე ცხოვრება და იეჰოვასა და სამართლიანობის სიყვარული. მან ღვთისმოსაწონი ცხოვრება ირჩია, რადგან იცოდა და ფიქრობდა მისი წინაპრებისათვის — აბრაამის, ისააკისა და იაკობისთვის — მიცემულ ღვთის დანაპირებზე. შედეგად, იეჰოვამ თავისი განზრახვის შესასრულებლად მოსესთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის დაკისრება შეძლო.

ყოველ ჩვენგანს გვიწევს არჩევნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. შესაძლოა, მოსეს მსგავსად, თქვენც რთული გადაწყვეტილებების მიღება გიწევთ. უნდა თქვათ უარი გარკვეულ ჩვეულებებზე ან მოსალოდნელ წარმატებაზე, მიუხედავად იმისა, რა ძვირადაც უნდა დაგიჯდეთ ეს? თუ ასეთი გადაწყვეტილების წინაშე დგახართ, გახსოვდეთ, რომ მოსემ ეგვიპტის მთელ საგანძურზე მეტად იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობა დააფასა და არც უნანია.

[სქოლიოები]

^ აბზ. 17 შესაძლოა, ასეთივე სახის განათლება მიიღეს დანიელმა და მისმა მეგობრებმა, რათა ბაბილონში სახელმწიფო მოხელეებად ემსახურათ (დანიელი 1:3—7). შეადარეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, მე–3 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 20 სამართლიანობისადმი სიყვარული მოსემ კიდევ ერთხელ მაშინ გამოავლინა, როდესაც მწყემს გოგონებს გამოესარჩლა მიდიანში, სადაც გაქცეული იყო (გამოსვლა 2:16, 17).

[ჩარჩო 11 გვერდზე]

ძიძასთან დადებული ხელშეკრულება

ჩვეულებრივ, ბავშვებს დედები აწოვებდნენ ძუძუს. მაგრამ მეცნიერი ბრევარდ ჩილდსი „ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალში“ ამბობს, რომ „გარკვეულ შემთხვევებში [ახლო აღმოსავლეთში] არისტოკრატთა ოჯახები ძიძებს ქირაობდნენ. იმავეს აკეთებდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ დედას არ შეეძლო ბავშვის გამოკვება ან დედის ვინაობა უცნობი იყო. ძიძას ევალებოდა შეთანხმების შესაბამისად განსაზღვრული დროის მანძილზე ეზარდა და ძუძუ ეწოვებინა ბავშვისთვის“. ჩვენამდე მოაღწია ახლო აღმოსავლეთში ნაპოვნმა რამდენიმე უძველესმა პაპირუსმა, რომლებზეც ძიძასთან გაფორმებული ხელშეკრულება იყო შემორჩენილი. ეს მასალები ადასტურებს, რომ ასეთი ხელშეკრულებების დადება ჩვეულებრივი რამ იყო შუმერების დროიდან მოყოლებული ეგვიპტეში ელინისტურ პერიოდამდე. ამ დოკუმენტებში აღნიშნულია, თუ ვის შორის იდებოდა ეს ხელშეკრულება, რამდენი ხნით, მუშაობის პირობები, კონკრეტული მოვალეობები, ჯარიმა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, რა სახით მოხდებოდა ანაზღაურება და რამდენი იქნებოდა ის. ჩვეულებრივ, „ბავშვები ორი ან სამი წელი ჰყავდათ გაძიძავებული“, — განმარტავს ჩილდსი. „ძიძას ბავშვი თავისთან მიჰყავდა გასაზრდელად, მაგრამ დროდადრო შესამოწმებლად ბავშვის მშობლებთან მიყვანა მოითხოვებოდა“.

[სურათები 9 გვერდზე]

აგური დღესაც თითქმის ისევე მზადდება ეგვიპტეში, როგორც მოსეს დღეებში მისი დამზადების ამსახველ უძველეს სურათზეა ნაჩვენები.

[საავტორო უფლება]

Above: Pictorial Archive (Near Eastern History) Est.; below: Erich Lessing/Art Resource, NY