არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხასმონელები (ხეშმონელები) და მათი მემკვიდრეობა

ხასმონელები (ხეშმონელები) და მათი მემკვიდრეობა

ხასმონელები (ხეშმონელები) და მათი მემკვიდრეობა

იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს იუდაიზმი დაქსაქსული იყო, ყველა ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რათა ხალხი თავიანთი გავლენის ქვეშ მოექციათ. ასეთ სურათს აღწერს სახარება და პირველი საუკუნის ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი.

ასპარეზზე გამოჩდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, როგორც გავლენიანი ძალები, რომელთაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ საზოგადოების აზროვნებაზე; იმაზეც კი, რომ უარეყოთ იესო, როგორც მესია (მათე 15:1, 2; 16:1; იოანე 11:47, 48; 12:42, 43). მაგრამ ებრაულ წერილებში ამ ორი გავლენიანი ჯგუფის შესახებ არაფერია ნათქვამი.

იოსებ ფლავიუსი პირველი მოიხსენიებს მწიგნობრებსა და ფარისევლებს ძვ. წ. II—I საუკუნეებში. ამ პერიოდში ბევრი იუდეველი მოხიბლა ელინიზმმა — ბერძნულმა კულტურამ და ფილოსოფიამ. ელინიზმსა და იუდაიზმს შორის დაძაბულობა მაშინ გამწვავდა, როდესაც სელევკიდთა მმართველებმა იერუსალიმის ტაძარი წაბილწეს და ზევსს მიუძღვნეს. იუდაელების ძლიერი წინამძღოლი იუდა მაკაბელი, რომლის ოჯახიც ხასმონელთა (ხეშმონელთა) სახელით იყო ცნობილი, წაუძღვა აჯანყებულებს და ბერძენთა ხელიდან გამოიხსნეს ტაძარი a.

ის წლები, რომლებიც მაკაბელების აჯანყებასა და გამარჯვებას მოჰყვა, ცნობილი გახდა ურთიერთგამომრიცხავ თეორიებზე დაფუძნებული სექტების ჩამოყალიბებით; თითოეული იუდეველთა ფართო საზოგადოებაზე გასამარჯვებლად იბრძოდა. მაგრამ რატომ განვითარდა ეს ტენდენცია? რატომ მოხდა იუდაიზმის ასეთი დაქსაქსვა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოდი გავეცნოთ ხასმონელთა ისტორიას.

უფრო მეტი დამოუკიდებლობა და დაქსაქსულობა

მას შემდეგ, რაც იეჰოვას ტაძარში თაყვანისმცემლობა აღადგინა, იუდა მაკაბელი პოლიტიკაში ჩაება. ამიტომ ბევრმა იუდეველმა მიატოვა ის. მიუხედავად ამისა, მან განაგრძო სელევკიდელი მმართველების წინააღმდეგ ბრძოლა, ხელშეკრულება დადო რომთან და იუდეველთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ცდილობდა. ბრძოლის ველზე იუდას დაცემის შემდეგ მისმა ძმებმა, იონათანმა და სიმონმა, განაგრძეს ბრძოლა. თავდაპირველად სელევკიდელთა მმართველებმა მაკაბელებს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ დროთა განმავლობაში დათმობებზე წავიდნენ და ხასმონელ ძმებს ავტონომიის ჩამოყალიბების ნება დართეს.

თუმცა ხასმონელების წინაპრები სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ, თავად არასდროს უმსახურიათ მღვდელმთავრებად. ბევრი იუდეველის აზრით, მღვდელმთავარი უნდა ყოფილიყო ცადოკის საგვარეულო ხაზიდან, რომელიც სოლომონმა დააყენა მღვდელმთავრად (მესამე მეფეთა 2:35; ეზეკიელი 43:19). იონათანმა ომსა და დიპლომატიას მიმართა, რათა დაერწმუნებინა სელევკიდები, რომ მღვდელმთავრად დაენიშნათ. მაგრამ იონათანის სიკვდილის შემდეგ მისმა ძმამ, სიმონმა, უფრო მეტს მიაღწია. ძვ. წ. 140 წლის სექტემბერში იერუსალიმში ბრინჯაოს ფილაზე ბერძნულად დაწერილი მნიშვნელოვანი ბრძანება გამოვიდა: „მეფე დემეტრიოსმა [სელევკიდების ბერძენი მმართველი] ამის გამო მღვდელმთავრის ხარისხში აღაზევა იგი [სიმონი], თავის მეგობრად გაიხადა და დიდი დიდებით განადიდა, . . იუდაელებს და მღვდლებს სურთ, სიმონი ჰყავდეთ წინამძღვრად და მღვდელმთავრად სამუდამოდ, ვიდრე სარწმუნო წინასწარმეტყველი აღდგებოდეს“ (1 მაკაბელთა 14:38—41).

სიმონის, როგორც მმართველისა და მღვდელმთავრის, პოზიცია — მისთვის და მისი შთამომავლებისთვის — ეთანხმებოდა არა მარტო უცხოელი სელევკიდების მმართველობას, არამედ თავისი ხალხის „დიდებულ საზოგადოებასაც“. ეს მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მომენტი იყო. როგორც ისტორიკოსმა ემილ შუერერმა დაწერა, ოდესღაც არსებული პოლიტიკური დინასტია ჩამოაყალიბეს ხასმონელებმა, „მათი ძირითადი სურვილი თორის [იუდეველთა] რჯულის შესრულება კი აღარ იყო, არამედ თავინთი პოლიტიკური ძალის დაცვა და გავლენის გაფართოება“. მაგრამ სიმონი ფრთხილობდა, რომ არ გაენაწყენებინა ებრაელები და ამიტომ „მეფის“ ტიტულის ნაცვლად იყენებდა „ეთნარქს“, ანუ „ხალხის წინამძღვარს“.

ყველა არ იყო კმაყოფილი ხასმონელების მიერ რელიგიური და პოლიტიკური კონტროლის უზურპაციის გამო. ბევრი ისტორიკოსის აზრით, სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა კუმრანის თემი. ცადოკის ერთ-ერთმა შთამომავალმა მღვდელმა, რომელზეც ფიქრობენ, რომ კუმრანის ნაწერებში მას ეხება სიტყვები „სიმართლის მასწავლებელი“, დატოვა იერუსალიმი და მოწინააღმდეგე ჯგუფს წაუძღვა მკვდარ ზღვასთან მდებარე იუდეის უდაბნოში. მკვდარი ზღვის ხელნაწერებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი „აბაკუმის წიგნის კომენტარი“, ამხელს „ბოროტ მღვდელს, რომელსაც ადრე სამართლიანს უწოდებდნენ, მაგრამ, როდესაც ის ისრაელის მმართველი გახდა, მის გულში ამპარტავნობამ დაისადგურა“. ბევრი სწავლულის აზრით, „ბოროტი მღვდლის“ მიერ სექტის მართვის აღწერილობა იონათანის ან სიმონის მმართველობას უნდა შეესაბამებოდეს.

სიმონი თავის სამფლობელოს გასაფართოებლად ლაშქრობებს განაგრძობდა. მაგრამ მის მმართველობას მოულოდნელად წერტილი დაესვა, როდესაც მისმა სიძემ, პტოლემემ, იერიხონში წვეულების დროს ის თავის ორ ვაჟთან ერთად მოკლა. პტოლემეს მცდელობა მმართველობის ხელში ჩასაგდებად მარცხით დამთავრდა. იოანე ჰირკანი, სიმონის გადარჩენილი შვილი, გააფრთხილეს, რომ მასაც მოკვლას უპირებდნენ; მან დაატყვევა თავისი პოტენციური მკვლელი, და თავისი მამის ნაცვლად თვითონ გახდა მმართველი და მღვდელმთავარი.

შემდგომი გაფართოება და ჩაგვრა

თავდაპირველად იოანე ჰირკანი სირიელებისგან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა, მაგრამ ძვ. წ. 129 წელს სელევკიდების დინასტიამ პართელებთან გადამწყვეტი ბრძოლა წააგო. იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოუტანა ამ ბრძოლამ სელევკიდებს, ებრაელი ისტორიკოსი მენეკემ სტერნმა დაწერა: „მთელი სამეფო სტრუქტურა, ფაქტობრივად, დაინგრა“. ამიტომ ჰირკანს „შეეძლო დაებრუნებინა მთელი იუდეის პოლიტიკური დამოუკიდებლობა და გაეფართოებინა ქვეყნის საზღვრები“. და მან ეს გააკეთა კიდეც.

ახლა სირიელების მუქარისგან თავისუფალმა ჰირკანმა იუდეის მეზობელი ტერიტორიების დაპყრობა დაიწყო. ამ ტერიტორიებზე მცხოვრებნი იუდაიზმზე უნდა მოქცეულიყვნენ, თუ არა და მათი ქალაქები განადგურდებოდა. მან ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობა ედომელების წინააღმდეგაც მოაწყო. ამის შესახებ სტერნმა აღნიშნა: „ედომელების მოქცევა პირველი შემთხვევა იყო მათ მოდგმაში, რადგან მთელი ტომი მოექცა მათ სარწმუნოებაზე და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილი“. დაპყრობილ მხარეებს შორის იყო სამარიაც, სადაც ჰირკანმა გერიზიმის მთაზე აღმართული სამარიელთა ტაძარი დაანგრია. ხასმონელთა დინასტიის მიერ იძულებით რწმენის შეცვლის ამ პოლიტიკის შესახებ ისტორიკოსი სოლომონ გრეიზელი ირონიულად წერს: „მატათიას შვილიშვილმა [იუდა მაკაბელის მამამ] დაარღვია სწორედ ეს პრინციპი — რელიგიური თავისუფლება, რომელიც წინა თაობამ დიდსულოვნად დაიცვა“.

ფარისევლებისა და სადუკეველების გამოჩენა

როდესაც იოსებ ფლავიუსი ჰირკანის მეფობის დროის შესახებ წერდა, მოიხსენია ფარისევლებისა და სადუკეველების მზარდი გავლენა (იოსებ ფლავიუსმა იონათანის მეფობის დროს მცხოვრები ფარისევლები მოიხსენია). მაგრამ ის არაფერს ამბობს მათი წარმოშობის შესახებ. ზოგი ისტორიკოსი ამ ფარისევლებს მიიჩნევს ხასიდების შთამომავლებად, ღვთისმოშიშ სექტად, რომელმაც იუდა მაკაბელს რელიგიურ მიზნებში მხარი დაუჭირა, მაგრამ ზურგი აქციეს, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდების ამბიციას აჰყვა.

წოდება „ფარისეველი“, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ებრაული სიტყვის „განცალკევებულნი“ თავდაპირველ მნიშვნელობასთან, თუმცა ზოგის აზრით ეს სიტყვა „განმმარტებლებს“ უკავშირდება. ფარისევლები იყვნენ საშუალო ფენის სწავლულები, რომლებსაც განსაკუთრებული წარმოშობა არ ჰქონდათ. ისინი გამოეყვნენ რიტუალურ უწმინდურებას; მიჰყვნენ განსაკუთრებული ღვთისმოშიშების ფილოსოფიას და მღვდელთა სიწმინდესთან დაკავშირებული ტაძრის კანონები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგეს. ფარისევლებმა განავითარეს საღვთო წერილის ახსნის ახალი ფორმა და ეს იდეა მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც ზეპირი რჯული. სიმონის მმართველობის დროს ისინი უფრო დიდი გავლენით სარგებლობდნენ, როდესაც ზოგი დანიშნეს იეროსეაში (უხუცესთა საბჭო), რომელიც მოგვიანებით სინედრიონის სახელით გახდა ცნობილი.

იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს, რომ იოანე ჰირკანი ფარისევლების პირველი მოწაფე და მხარდამჭერი იყო. მაგრამ, გარკვეულწილად, ფარისევლები მას კიცხავდნენ იმის გამო, რომ თავს არ ანებებდა მღვდელმთავრობას. ამან მათ შორის განხეთქილება წარმოშვა. ჰირკანმა არაკანონიერად გამოაცხადა ფარისევლების რელიგიური წეს-ჩვეულებები. მან იმით დასაჯა ფარისევლები, რომ მათ რელიგიურ მტრებს, სადუკეველებს მიემხრო.

ადვილად სარწმუნოა, რომ წოდება „სადუკეველები“, დაკავშირებულია მღვდელმთავარ ცადოკთან, რომლის შთამომავლებიც, სოლომონის დროიდან მოყოლებული, სამღვდელოების წოდებას ატარებდნენ. მაგრამ ყველა სადუკეველი არ იყო ცადოკის ხაზიდან. იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, სადუკეველები იყვნენ არისტოკრატები და მდიდრები. მათ მოსახლეობა მხარს არ უჭერდა. პროფესორი შიფმენი აღნიშნავს: „მათგან უმეტესობა. . . როგორც ჩანს, იყო მღვდლი ან ის, ვინც მღვდელმთავრების ოჯახებს დაუნათესავდა“. ამგვარად, ისინი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მათთან, რომელნიც ძალაუფლებას ფლობდნენ. ამიტომ საზოგადოებაზე ფარისევლების გავლენის ზრდა და სამღვდელოების სიწმინდესთან დაკავშირებით მათი შეხედულების გავრცელება აშკარად აღიქმებოდა, როგორც მუქარა, რომელსაც სადუკეველების უფლებამოსილების დასუსტება შეეძლო. ახლა კი, ჰირკანის მეფობის ბოლო წლებში, სადუკევლებმა ძალაუფლება დაიბრუნეს.

მეტი პოლიტიკა და ნაკლები ერთგულება სარწმუნოებისადმი

ჰირკანის უფროსმა ვაჟმა, არისტობულოსმა, სიკვდილამდე, ერთი წელი იმეფა. მან განაგრძო თავის რჯულზე სხვების მოქცევის პოლიტიკა ითურეანში და ხასმონელებს ჩაუგდო ხელში ზემო გალილეა. მაგრამ მისი ძმის, ალექსანდრე იენეას, მეფობის დროს (ძვ. წ. 103—76) ხასმონელების დინასტიამ თავის ძალაუფლების განმტკიცების კულმინაციას მიაღწია.

ალექსანდრე იენეასმა. . . უარყო წინანდელი პოლიტიკა და თავისუფლად გამოაცხადა თავი მღვდელმთავრად და მეფედ. ხასმონელებსა და ფარისევლებს შორის კონფლიქტი გამწვავდა და სამოქალაქო ომშიც კი გადაიზარდა, რომელმაც 50 000 იუდეველი შეიწირა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ წარმართი მეფეების მიბაძვით, იენეასმა 800 მეამბოხე გააკრა ძელზე. მომაკვდავებს თვალწინ უხოცავდნენ ცოლ-შვილს; იენეასს კი თავის ხარჭებთან ერთად ნადიმი ჰქონდა გამართული b.

ფარისევლებთან მტრობის მიუხედავად, იენეასი პრაქტიკოსი პოლიტიკოსი იყო. ის ხედავდა, რომ ფარისევლები ხალხში სულ უფრო ცნობილი ხდებოდნენ, ამიტომ მან თავის ცოლს, სალომე ალექსანდრას, მომაკვდავმა უთხრა, რომ მათთვისაც მიეცა ძალაუფლება. იენეასმა თავის მემკვიდრედ ვაჟების მაგივრად მეუღლე აირჩია. ის მართლაც გონიერი მმართველი აღმოჩნდა. მისი მეფობის პერიოდი ერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი იყო ხასმონელების მმარველობის განმავლობაში (ძვ. წ. 76—67). ფარისევლებს დაუბრუნდა ძალაუფლება და მათი რელიგიური წეს-ჩვეულებების ამკრძალავი კანონებიც გაუქმდა.

სალომეს სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟებმა ჰირკან II-მ, რომელიც მღვდელმთავრად მსახურობდა, და არისტობულოს II-მ ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს. ორივე მათგანს აკლდა თავიანთი წინაპრების პოლიტიკური და სამხედრო გამჭრიახობა და, როგორც ჩანს, ვერც ერთი ვერ ჩასწვდა მათ მხარეში რომაელების მომრავლების სრულ მნიშვნელობას სელევკიდების სამეფოს სრულიად განადგურების შემდეგ. ძვ. წ. 63 წელს, როდესაც რომის მმართველი პომპეუსი დამასკოში იყო, ორივე ძმამ მას მიმართა შუამდგომლობისთვის. იმავე წელს პომპეუსი და მისი ჯარი იერუსალიმში შევიდა და ძალაუფლება ხელში აიღო. ასე უახლოვდებოდა ხასმონელთა დინასტია აღსასრულს. ძვ. წ. 37 წელს იერუსალიმი ხელში ჩაიგდო ედომური წარმოშობის მეფე ჰეროდემ, რომელიც რომის სენატმა მოიწონა, როგორც „იუდეის მეფე“, „რომაელების მოკავშირე და მეგობარი“. ხასმონელების დინასტია აღარ არსებობდა.

ხასმონელთა მემკვიდრეობა

ხასმონელთა მმართველობის პერიოდში, იუდა მაკაბელიდან არისტობულოს II-მდე, გაჩნდა რელიგიური დაქსაქსულობა, რომელიც იესოს დედამიწაზე ყოფნის დროსაც არსებობდა. ხასმონელებმა ღვთისთვის მსახურება ერთგულად დაიწყეს, მაგრამ ერთგულება ამბიციებმა გაანადგურა. მათმა მღვდლებმა, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ გაეერთიანებინათ ხალხი ღვთის რჯულის დაცვით, ერი პოლიტიკურ ბრძოლაში ჩააბეს. ასეთ გარემოში დამყოფი რელიგიური თვალსაზრისი მტკიცედ იყო ფეხმოკიდებული. ხასმონელები აღარ არსებობდნენ, მაგრამ რელიგიური გავლენისთვის ბრძოლას, რომელიც ამ ერს ახასიათებდა, სადუკეველებს, ფარისევლებსა და სხვებს შორის ახლა ჰეროდე და რომი აკონტროლებდნენ.

[სქოლიოები]

a იხილეთ სტატია „ვინ იყვნენ მაკაბელები“, 1998 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“.

b მკვდარი ზღვის ხელნაწერი, „ნაუმის კომენტარი“, მოიხსენიებს „მბრდღვინავ ლომს“, რომელმაც „ცოცხლად გააკრა ადამიანები ძელზე“; შესაძლოა, ზემოთ მოხსენიებული შემთხვევაც მას ეხებოდეს.

[ცხრილი 30 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ხასმონელთა დინასტია

იუდა მაკაბელი იონათან მაკაბელი სიმონ მაკაბელი

იოანე ჰირკანი

↓ ↓

სალომე ალექსანდრა — გათხოვდა — ალექსანდრე იენეასზე არისტობულოსი

↓ ↓

ჰირკანი II არისტობულოს II

[სურათი 27 გვერდზე]

იუდა მაკაბელი იუდას დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

[საავტორო უფლება]

The Doré Bible Illustrations/Dover Publications, Inc.

[სურათი 29 გვერდზე]

ხასმონელები იბრძოდნენ არაიუდეველთა ქალაქებზე გავლენის ხელში ჩასაგდებად.

[საავტორო უფლება]

The Doré Bible Illustrations/Dover Publications, Inc.